რუსეთი გერმანიისა და საფრანგეთის მოთხოვნას უკრაინელი მეზღვაურების გათავისუფლებაზე მიუღებელს უწოდებს

რუსეთი გერმანიისა და საფრანგეთის მოთხოვნას უკრაინელი მეზღვაურების გათავისუფლებაზე მიუღებელს უწოდებს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მიუღებლად მიიჩნევს გერმანიისა და საფრანგეთის მოთხოვნას დაკავებული უკრაინელი მეზღვაურების გათავისუფლების თაობაზე. ამის შესახებ რუსული მედია წერს.

ეს რეაქცია მოჰყვა გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელისა და საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის ერთობლივ განცხადებას, რომელიც ყირიმის ნახევარკუნძულთან დაკავებულ 24 უკრაინელ მეზღვაურს ეხება.

მოსკოვი ირწმუნება, რომ უკრაინის სამი ხომალდი, რომელზეც მეზღვაურები იმყოფებოდნენ, უკანონოდ შევიდა რუსეთის ტერიტორიულ წყლებში ყირიმთან. რუსეთმა 2014 წელს მოახდინა ყირიმის ანექსია და ამ ნახევარკუნძულს თავის ტერიტორიად მიიჩნევს, რასაც არ აღიარებენ უკრაინა და გაეროს წევრი დანარჩენი ქვეყნების უმრავლესობა.

ერთობლივ განცხადებაში მაკრონი და მერკელი შეშფოთებას გამოთქვამენ ყირიმთან გემების მიმოსვლის გადამეტებული შემოწმების გამო. ისინი მოითხოვენ, რომ ქერჩის სრუტეში ყველა გემს მიეცეს უსაფრთხოდ, თავისუფლად და შეუფერხებლად გადაადგილების შესაძლებლობა და უპირობოდ გათავისუფლდნენ უკრაინელი მეზღვაურები.

25 ნოემბერს რუსებმა ქერჩის სრუტეში 3 უკრაინული გემი და 24 უკრაინელი მეზღვაური დააპატიმრეს, რასაც უკრაინის ლიდერმა აგრესიის აქტი უწოდა და რუსეთის მოსაზღვრე რაიონებში საომარი ვითარება გამოაცხადა.

ოფიციალური კიევი მოსკოვისგან დაკავებული გემებისა და მეზღვაურების გათავისუფლებას ითხოვს, რაზეც კრემლის ლიდერი უარს ამბობს და პოროშენკოს სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.

26 ნოემბერს უკრაინის რადამ რუსეთთან მოსაზღვრე რეგიონებში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.