„ციანიდის საქმის შემდეგ ნათლად ვგრძნობ, რას ეყრდნობოდა ჩვენი ეკლესიის უმაღლესი ავტორიტეტი, ეს ავტორიტეტი ეყრდნობოდა ერთ ადამიანს-ილია მეორეს“

„ციანიდის საქმის შემდეგ ნათლად ვგრძნობ, რას ეყრდნობოდა ჩვენი ეკლესიის უმაღლესი ავტორიტეტი, ეს ავტორიტეტი ეყრდნობოდა ერთ ადამიანს-ილია მეორეს“

მეუფე პეტრე მიიჩნევს, რომ წმინდა სინოდს უნდა დაეგმო ის უსამართლობა, რაც ხელისუფლებამ ჩაიდინა ე.წ. ციანიდის საქმესთან დაკავშირებით. მისი აზრით, ამ საქმესთან მიმართებით მართლმსაჯულება არ აღსრულებულა, ეს იყო ცინიზმი საქართველოს პროკურატურისა და სასამართლოს მხრიდან. ამიტომ სასამართლოს სამივე ინსტანციის შემდეგ, ციანიდის საქმესთან დაკავშირებით, სასულიერო პირების მიერ უსამართლობის მხილება უნდა მომხდარიყო.

მეუფე პეტრე გიორგი მარგველაშვილითაც უკმაყოფილოა. ის აცხადებს, რომ ყოფილი პრეზიდენტი უპრინციპო და უსინდისო ადამიანია, რადგან არსებობდა მოლოდინი, რომ მარგველაშვილი გიორგი მამალაძეს შეიწყალებდა, რაც არ მოხდა.

ე.წ. ციანიდის საქმესთან დაკავშირებით ქართველ ანალიტიკოსთა პოზიცია შესაძლოა, მეუფე პეტრეს პოზიციას არ ემთხვეოდეს, მაგრამ ანალიტიკოსები ერთ რამეში თანხმდებიან, რომ ამ საქმემ კითხვები უფრო მეტად გააჩინა, ვიდრე პასუხები.

ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ პირადად მასაც ე.წ. ციანიდის საქმესთან დაკავშირებით უამრავი შეკითხვა გაუჩნდა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მეუფე პეტრე მართალია.

„რასაკვირველია, ეს იყო დანაშაული და ეს ცალსახაა, მაგრამ რა იყო ამ დანაშაულის შინაარსი და ფაბულა, გამოძიებამ ბოლომდე ამას ვერ უპასუხა. მე არ ვფიქრობ, რომ გიორგი მამალაძე ანგელოზია და ის ტყუილად ზის ციხეში, მაგრამ ამასთან დაკავშირებით ხომ უნდა ყოფილიყო კონკრეტული პასუხები?!“-მიიჩნევს დავით ზარდიაშვილი.

პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ფსიქოლოგიურად, მენტალურად ძალიან ძნელია ამ საკითხის შეფასება, რადგან პირადად იგი საკუთარ თავს იმის უფლებას ვერ მისცემს, სინოდი გააკრიტიკოს. უბრალოდ, როგორც მრევლის ერთი რიგითი წევრი ამბობს, რომ ციანიდის საქმემ არა მხოლოდ ქართული სასამართლოს ღირსება, არამედ უფრო მეტად ქართული ეკლესიის რეპუტაცია დააზიანა. ქართული სასამართლო უკვე შეგუებულია იმას, რომ მისი რეპუტაცია უარყოფითია, მაგრამ ეკლესიის მიმართ დამოკიდებულება ცალკეულ ადამიანებში შეიცვალა. ეს მაშინ, როცა ეკლესია იყო ჩვენი ხალხის უკანასკნელი იმედი, უკანასკნელი ხელშეუხებელი სიწმინდე და, როგორც კეისრის მეუღლე არ შეიძლებოდა ეჭვის საგნად ქცეულიყო, ჩვენი ეკლესიაც კეისრის მეუღლესავით იყო.

„ციანიდის საქმის შემდეგ ნათლად ვგრძნობ, თუ რას ეყრდნობოდა ჩვენი ეკლესიის უმაღლესი ავტორიტეტი. ეს ავტორიტეტი ეყრდნობოდა ერთ ადამიანს - ილია მეორეს, ღმერთმა დიდხანს აცოცხლოს იგი. გარდა ამისა, ეკლესიის ავტორიტეტი ეფუძნებოდა იმასაც, რომ ხალხი არ იცნობდა სინოდის ცალკეულ წევრებს. სინოდის რომელიმე წევრი აქამდე ჩანდა? ან განცხადებებს აკეთებდნენ, ან ტელევიზიებში გამოდიოდნენ? ისინი საერთოდ არ ჩანდნენ. ახლა კი ხალხმა ნახა ეს სინოდი და მორწმუნე მრევლი შეძრწუნდა, ესენი განსხვავდებიან 37-იანი წლების რეპრესირებული მღვდლებისგან. მე თვითონ კალისტრატე ცინცაძის შთამომავალი გახლავართ, მთელი ცინცაძეები მღვდლები იყვნენ, ჩემს წინაპართა შორის, ალბათ, ასი მღვდელი მაინც იყო, იქიდან ბევრი დაიჭირეს, ბევრი დახვრიტეს. რაც შეეხება დღევანდელი სინოდის წევრებს, უკვე გაირკვა, რომ ესენიც ჩვეულებრივი ადამიანები არიან. ისინი არაფრით განსხვავდებიან რიგითი „ობივატელებისგან“ - ისეთივე ქვენაგრძნობები, ერთმანეთისადმი კრიტიკა, ერთმანეთის სიძულვილი, ხმამაღალი განცხადებები, არ ჩანს სათნოება, რასაც ჩვენ მიგვაჩვია ჩვენმა პატრიარქმა ამ 40 წლის განმავლობაში. ფაქტობრივად, მე და პატრიარქი ერთად დავბერდით, სულ მას ვხედავდი, სულ ვუყურებდი, მილიონჯერ შევხვედრივარ, ჩემთვის ის ყოველთვის იყო სათნოების, მიმტევებლობის, დიდსულოვნების ეტალონი“, - აცხადებს სოსო ცინცაძე და აქცენტს შავჯიპიან მღვდლებზე აკეთებს, რომლებიც ანაფორას აიკეცავენ და გარბიან მანქანებისკენ, რათა ჟურნალისტებს დაემალონ.

მისივე მოსაზრებით, არიან წმინდა მამებიც და არიან ნაკლებად წმინდა მამებიც, რომელთა ინტერესის სფეროც არ არის მხოლოდ სულიერი ცხოვრება, სასუფეველი, მიმტევებლობა, „გიყვარდეს მტერი შენი“, ეს საერთოდ დავიწყებული აქვთ. ამ ყველაფერს ეკლესიის რეიტინგის ვარდნა მოჰყვა.