ქუთაისის პარლამენტს „ნაციონალების“ ცრემლების არ სჯერა

ქუთაისის პარლამენტს „ნაციონალების“ ცრემლების არ სჯერა

ამ მოწვევის დეპუტატები ძალიანაც შეეთვისნენ ქუთაისს, შეუყვარდათ ეს ქალაქი, მაგრამ განშორების დრო მოახლოვდა და მათაც თბილისს მიაშურეს. 2019 წლის 1-ლი იანვრიდან პარლამენტი სრული დატვირთვით თბილისში იმუშავებს.

პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის თქმით, ქუთაისში ბოლო სამუშაო დღე ჰქონდათ, რაც სამწუხარო ფაქტია, რადგან გულდასაწყვეტია, რომ დეპუტატები ტოვებენ სამუშაო პროცესს ქუთაისში.

სერგო რატიანს უმრავლესობის არ სჯერა.

„თქვენს მიერ პარლამენტის ქუთაისიდან თბილისში გადატანა არის ბერია-სტალინის არქიტექტურაში დაბრუნება, წარსულისკენ გადადგმული ნაბიჯი. 6 წლის განმავლობაში ვიცავდით პრინციპს, რომ ქუთაისი ყოფილიყო საპარლამენტო დედაქალაქი“, -აცხადებს სერგო რატიანი, რომლის აზრითაც, თბილისში დაბრუნება სხვა არაფერია, თუ არა ელიტის ცხოვრება ერთ ქალაქში, რათა თბილისშივე „მოაყომარონ“ მთელი ქვეყნის ბედი.

ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ თვითონ სერგო რატიანი წარმოადგენდა ტროცკისტულ პოლიტიკურ ძალას და ტროცკისტული პოლიტიკური მმართველობის სისტემაში ამყოფებდა ჩვენს ერს, რადგან მიხეილ სააკაშვილის ავტორიტარული რეჟიმი ზუსტად ნეოტროცკიზმის გამოვლენა იყო. ამდენად, თუკი რატიანი თვლის, რომ პარლამენტის თბილისში გადმოტანა არის ბერია-სტალინის არქიტექტურაში დაბრუნება, მაშინ არც ის უნდა უკვირდეს, თუკი მას ტროცკის მიმდევრად და ნეოტროცკისტად მოვიხსენიებთ.

„სერგო რატიანისგან ასეთი განცხადებები კურიოზულია. აქ რეზო მიშველაძის იუმორისტულ-სატირისტული ხელწერა გვაკლია, რომ მან დაწეროს კიდევ ერთი შესანიშნავი იუმორისტული ნოველა ან იუმორესკა. რაც შეეხება პარლამენტის გადმოტანას თბილისში, ეს აუცილებელია, რადგან საქართველო პატარა ქვეყანაა. ჩვენ არ ვართ იმხელა ქვეყანა, რომ ორი პოლიტიკური დედაქალაქი გვქონდეს. გაერთიანებულმა გერმანიამაც კი ვერ გაბედა, ჰქონოდა ორი დედაქალაქის ფუფუნება - ბონსა და ბერლინში. არადა, მაშინ, როცა გერმანია გაერთიანდა, იყო ასეთი მოსაზრება, რომ ბონში უნდა დარჩენილიყო აღმასრულებელი ხელისუფლება, ბერლინში უნდა გადასულიყო საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების შტოები“, - აცხადებს ვახტანგ მაისაია და შეგვახსენებს, რომ ჩვენ ტერიტორიების 20% დაკარგული გვაქვს. ამდენად, ორი დედაქალაქის, ანუ ორი პოლიტიკური ცენტრის გაჩენა რამდენად ლოგიკურია, ამას ახსნაც არ სჭირდება.

მით უმეტეს, ამ პარლამენტარების მომსახურებაში უფრო მეტი თანხა იხარჯება, ვიდრე თბილისში დაიხარჯებოდა. უბრალოდ, სააკაშვილმა ქუთაისი აირჩია, რადგან მისი სკამი ძლიერად ირყეოდა, მაშინდელი გაერთიანებული ოპოზიცია მედგრად უტევდა სააკაშვილს და სააკაშვილსაც სურდა, საპარლამენტო ქალაქ ქუთაისში ნაკლებად ჩასულიყვნენ ოპოზიციონრები. ეს გაკეთდა წმინდა პოლიტიკური კონიუნქტურული გადაწყვეტილების საფუძველზე, თორემ სააკაშვილს ნამდვილად არ ჰქონდა იმის ილუზია, რომ ქუთაისი გადაექცია ტურისტულ მექად და აეყვავებინა ეს ქალაქი.

ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ, რასაც სერგო რატიანი ამბობს, აბსურდი და სისულელეა, რადგან თბილისიდან ქუთაისში პარლამენტის გადატანას არავითარი გამართლება არ ჰქონდა. მართალია, ეს გაუგებარი ნაბიჯი შეფუთეს დეცენტრალიზაციით, მაგრამ ამას დეცენტრალიზაციასთან არაფერი აკავშირებდა მარტივი მიზეზის გამო: პარლამენტი არის ცენტრალური ორგანო და, სადაც იქნება პარლამენტი, იქ იქნება დედაქალაქი.

„ქუთაისში პარლამენტის გადატანის ერთ-ერთი მიზანი თავის დროზე იყო ის, რომ პარლამენტი, როგორც მთავარი პოლიტიკური ორგანო, პერიფერიაში გაეშვათ, პოლიტიკური პროცესებისგან მისი პერიფერიაში გადატანა მომხდარიყო. ცნობილი გამოთქმის არ იყოს, „ყველა გზა რომში მიდის“, ყველა პოლიტიკური პროცესი უნდა მიმდინარეობდეს რომში, ანუ თბილისში. პარლამენტს ყველგან ცენტრალური ადგილი უნდა ეკავოს. ახლა, როცა რუსთაველის გამზირზე, საქართველოს გულის გულში, ცენტრის ცენტრში დგას პარლამენტის ბრწყინვალე შენობა და მას სტალინურ არქიტექტურას ადარებენ, სტალინური არქიტექტურის თაობაზე შეიძლება ვიკამათოთ, ეს ესთეტიკის საკითხია, მაგრამ განვითარების ამ ეტაპზე საკამათო არაფერია. ქუთაისში კი რაც ააშენეს და, რასაც გოგორიშვილის უნიტაზს ეძახდნენ, აბსოლუტურად გაუმართლებელი თანხა, 400 მილიონი დაჯდა. ამიტომ პარლამენტი ბრუნდება იქ, სადაც მისი ნამდვილი ადგილია“, - აცხადებს დავით ზარდიაშვილი.