დუბაის მმართველის შვილი ლატიფა ალ მაქტუმი, რომელიც ორჯერ შეეცადა ქვეყნიდან გაქცევას, ფსიქიატრიულ მკურნალობას გადის. ამის შესახებ გაეროს ადამიანთა უფლებების უმაღლესმა კომისარმა და ირლანდიის ყოფილმა პრეზიდენტმა მერი რობინსონმა პრინცესასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
ის, რომ რობინსონი ლატიფას ალ მაქტუმს შეხვდა, ცნობილი გახდა გაერთიანებული საამიროების შეტყობინებიდან. 24 დეკემბერს მათ გამოაქვეყნეს ქალების ერთობლივი ფოტოები.
რობინსონის თქმით, პრინცესას „სერიოზული სამედიცინო სიტუაცია აქვს“ და მას „ფსიქიატრიული დახმარება“ სჭირდება. ჯანმრთელობის პრობლემებთან დაკავშირებით, ოჯახს არ სურს, რომ გოგო საზოგადოებაში გამოჩნდეს. რობინსონის თქმით, პრინცესა ნანობს, რომ მეორე გაქცევის წინ ვიდეო ჩაწერა.
ლატიფა ალ მაქტუმი დუბაიდან გაქცევას 2018 წლის თებერვალში შეეცადა. ის იახტით ინდოეთის ნაპირებამდე აპირებდა ჩაღწევას, მაგრამ ის დააკავეს და სამშობლოში დააბრუნეს. ამის შემდეგ, მასზე არაფერი იყო ცნობილი.
გაქცევამდე, პრინცესამ ვიდეო ჩაწერა, რომელშიც ის ყვება, რომ 2002 წელსაც შეეცადა გაქცევას, რის შემდეგაც 3 წელი პატიმრობაში გაატარა. გარდა ამისა, ლატიფა ალ მაქტუმმა დის შესახებ ილაპარაკა, რომელიც ასევე შეეცადა გაქცევას და ის ფსიქიატრიულ ცენტრში ძალით წაიყვანეს.