თავდასხმა ვენის ეკლესიაზე - დაჭრილია 5 სასულიერო პირი

თავდასხმა ვენის ეკლესიაზე - დაჭრილია 5 სასულიერო პირი

ხუთშაბათს ავსტრიის დედაქალაქში, ერთ-ერთ ეკლესიაში ორი პირი შეიჭრა და 5 ბერს თავს დაესხა, თავდამსხმელები მათგან ფულს და ძვირფასეულობას ითხოვდნენ. თავდასხმა ადგილობრივი დროით 13:30 საათზე ფლორიდსდორფის რაიონში მოხდა.

პოლიციამ ბერები თავდასხმიდან სამი საათის შემდეგ დაბმულები აღმოაჩინა, ხუთივე მათგანი დაჭრილია, ერთ-ერთ მათგანს მიღებული აქვს თავის მძიმე ტრავმა. სასულიერო პირების ასაკი 56-დან 68-მდეა.

უცხოური მედიის ინფორმაციით თავდამსხმელები, რომლებიც უცხოური აქცენტით ლაპარაკობდნენ თავდაპიორველად ყველაზე მოხუც ბერს დაესხნენ თავს, დანარჩენები კი მას შემდეგ დააბეს, რაც ისინი მის მისაშველებლად მივიდნენ.

პოლიციას თავდამსხმელები ჯერ არ უპოვია, ისინი მომხდარს ტერორიზმს არ უკავშირებენ. თუმცა ვერც ზუსტ მოტივს ასახელებენ. ამ დროისთვის პოლიცია 2 დამნაშავეს ეძებს.

ვენაში გუშინ ეკლესიასთან დაკავშირებულ სხვა ინციდენტიც მოხდა. ვენის ცენტრში ევაკუაცია გამოცხადდა, მიზეზი ანონიმური ზარი გახდა, რომელიც წმინდა სტეფანეს ტაძარში ბომბის არსებობის შესახებ იტყობინებოდა. სამართალდამცავებმა ტაძარი და მიმდებარე ტერიტორია შეამოწმეს. პოლიციის ინფორმაციით ადგილზე ბომბი არ აღმოჩნდა.