საქართველოს აბუ ღრაიბი: პატიმრებზე ძალადობის საზარელი ისტორიები

საქართველოს აბუ ღრაიბი: პატიმრებზე ძალადობის საზარელი ისტორიები

ბოლო წლების განმავლობაში, საქართველო კრიმინალური არშემდგარი სახელმწიფოდან დინამიურ, უსაფრთხო და გახსნილ ადგილად იქცა. მაგრამ, ჩვენ ვერ მოვიტყუბთ თავს და ვერ ვიტყვით, რომ არ ვიცოდით ციხის ძალადობასთან დაკავშირებული საზარელი ისტორიების შესახებ

როდესაც სამშაბათს გამოჩნდა ვიდეოები, რომელშიც ასახულია ის თუ როგორ მხეცურად სცემენ პატიმრებს გლდანის #8 საპყრობილეში, საქართველოში მღელვარებამ იფეთქა. პირველ ვიდეოში ჩანს ერთმანეთის მიყოლებით ჩამწკრივებული პატიმრები კიბის უჯრედში, სადაც მათ მცველები მუშტებს და წიხლებს ურტყამენ. რამდენიმე საათში სილამაზის სალონიდან ახალი გამოსული, ჩვენი სურნელოვანი (და ახლა უკვე ყოფილი) სასჯელაღსრულების მინისტრი საზოგადოებას ამცნობს, რომ მან დაუჯერებელი შეთქმულების თეორია აღმოაჩინა, სადაც ოპოზიციასთან დაკავშირებულმა პატიმრებმა როგორღაც მოქრთამეს ციხის მცველები, რომ მათ მთავრობის დისკრედიტაციის მიზნით პატიმრები ეწამებინათ.

მთავრობის აპოლოგეტთა გუნდი, რომელიც თითქოს ვერ მიხვდა რა მოხდა, სწრაფად დაეხმარა მინისტრს თავის დაცვაში მანამ, სანამ იმავე დღეს ახალი ვიდეო არ გამოჩნდა. ამ ვიდეოში მკაფიოდ ჩანდა პატიმრების სექსუალური დამცირებისა და გაუპატიურების ფაქტები იმავე დაწესებულებაში. ერთ კადრში ახალგაზრდა მამაკაცი საკანში ძელზე არის მიბმული და საჯდომში ცოცხი აქვს გარჭობილი. „ვინ ხარ შენ?“ ეკითხება ზედამხედველი. „მე ქურდი ვარ,“ პასუხობს ტირილით. შემდეგ სხვა პატიმარს სიგარეტის მოწევას აიძულებენ, რომელიც მანამდე მის ანუსში იყო. ყველაზე საზარელ სცენაში, მსხვერპლი, რომელსაც ცოცხის ტარით აუპატიურებენ მცველებს ემუდარება, წამება შეწყვიტონ. თუკი ეს მთავრობის დისკრედიტაციის მიზნით მოწყობილი შეთქმულებაა, გამოდის, რომ ქართულმა ოპოზიციამ ეს იმ ბიჭებისგან ისწავლა, რომლებიც მთვარეზე დასხდნენ.

ბევრი ქართველი ამას 2004 წელს ერაყში, აბუ ღრაიბის ციხეში პატიმრებზე ძალადობის ფაქტებს ადარებს. მსგავსება აშკარაა: ორივე შემთხვევაში მცველები პატიმრებზე სექსუალურ ძალადობას ახორციელებდნენ, ორივე შემთხვევაში მსხვერპლთ ბრალს სდებდნენ საშიშ ჯგუფებთან (ტერორისტები აბუ ღრაიბში, მაფია გლდანში) კავშირში, ორივე შემთხვევაში პასუხისმგებელი პირები სრული დაუსჯელობის გარანტიით მოქმედებდნენ და როგორც ჩანს, ხელმძღვანელები (მკაფიოდ ან ირიბად) მათ ამის ნებას რთავდნენ.

ასევე ორივე შემთხვევაში, ისინი ვინც პასუხისმგებელნი არიან იმ სისტემის შექმნაზე, სადაც ამ მასშტაბის ძალადობა არის შესაძლებელი, ყველანაირ პასუხისმგებლობას თავს აარიდებენ, და სანაცვლოდ რამდენიმე ცუდ ბიჭს გადააბრალებენ, რომლებსაც როგორც ჩანს წამება სიამოვნებთ.

საქართველო პატიმართა რაოდენობით ერთ სულ მოსახლეზე მსოფლიოში მეექვსე, ხოლო ევროპაში პირველ ადგილზეა. ამ ქვეყანაში გამამართლებელ განაჩენთა რიცხვი 0,1 %-ზე ნაკლებია. ქართულ სასამართლოებში მოსამართლეები არსებითად პროკურორების თანაშემწეები არიან. პროკურორთა მოთხოვნები კი სასტიკია. საპატიმროთა უმრავლესობაში ტუბერკულიოზის ინფექციაა გავრცელებული, ციხეები კი გადატვირთულია (ბედის ირონიით, გარდა #8 გლდანის საპყრობილისა, რომელიც სისუფთავისათვის დაჯილდოვდა). სისხლის სამართალწარმოება – ეს სისტემის ხორცსაკეპი მანქანა გარდაუვალი შედეგია საქართველოს მთავრობის ფუნდამენტალისტური პოლიტიკისა ნულოვან ტოლერანტობაზე დანაშაულის მიმართ. ამ პოლიტიკას მოჰყვა ის, რომ ქვეყანაში დანაშაულის დონე ყველაზე დაბალია მსოფლიოში, ასევე არსებობს პოლიცია, რომელსაც ვერ მოისყიდი, თუმცა იმავდროულად ამ პოლიტიკის შედეგია ისიც, რომ წვრილმან დანაშაულზე დაპატიმრებული ახალგაზრდები შეიძლება ცოცხის ტარებით გააუპატიურონ მათ ვინც ხელისუფლებაშია.

როგორც მოსალოდნელი იყო, მთავრობას არაადეკვატური რეაქცია ჰქონდა. პასუხისმგებელი მინისტრი, რომლის პოლიტიკური წონაც ისეთივე პატარაა, როგორი დიდიც არის მისი გარდერობი, იძულებული გახდა გადამდგარიყო. საქართველოში რეალური ძალაუფლების მქონე პირების დასჯის პრეცედენტი არ არსებობს. პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ ციხის პერსონალის სრულ გამოცვლამდე, საპატიმროებს პოლიცია დაიცავს. ეს მოსაწონია, მაგრამ სანამ პოლიცია ქრთამს არ იღებს, მას არ აქვს იმაზე მეტი ანგარიშვალდებულება, ვიდრე ჰქონდათ ციხის მცველებს.

რაც უფრო ცდილობს მთავრობა ზიანის შემცირებას, მით უფრო მეტი ვიდეო ჩნდება, მათ შორის ერთ-ერთზე პატიმარს არასწულწლოვანთა ციხეში (რაც ნიშნავს ბიჭს 18 წლის ასაკამდე) იმისთვის სცემენ, რომ არ აგინებს „ქურდებს“, კრიმანალებს, რომლებიც 2004 წლამდე ქართულ ციხეებს და თავად საქართველოს დიდ ნაწილს მართავდნენ. ქვედა საცვლამდე გაშიშვლებული ბიჭი თავზარდაცემული ტკივილისგან ყვირის – მას გაუპატიურებით აშინებენ. პარალელურად თბილისსა და სხვა ქალაქებში უზარმაზარმა საპროტესტო მოძრაობამ იფეთქა. პროტესტანტებს, რომელთაგან ზოგიერთი ისეთივე ცოცხებით არის შეიარაღებული, როგორებსაც პატიმრებზე ძალადობისას იყენებდნენ, პლაკატები უჭირავთ წარწერით „გამაუპატიურე!“ და „გლდან-ტანამო“. ყველანი, მთავრობის მხარდამჭერები და ოპოზიციურად განწყობილი მოქალაქეები ერთნაირად შეშფოთებულები არიან, მაგრამ ძალიან ადვილია აღშფოთდე იმაზე, რაც უკვე მოხდა.

ფაქტების გამოაშკარავების შემდეგ სააკაშვილმა თავის შოკსა და სიბრაზეზე ისაუბრა, და ცხადია პირობა დადო, რომ პასუხისმგებელ პირებს იპოვიან და დასჯიან. მაგრამ ეს არ არის გულწრფელი. ვიდეოები მხილება არ არის, ეს მტკიცებულებაა. წლების განმავლობაში სააკაშვილი სიმართლეს არად აგდებდა. ყოველ წელს ადამიანის უფლებათა ომბუდსმენი პარლამენტში წარადგენს ანგარიშს, რომელშიც ის დეტალურად აღწერს საშინელ უსამართლობას სასჯელაღსრულების სისტემაში და ყოველ წელს ამ ანგარიშის წარდგენა ცარიელ სხდომათა დარბაზში ხდება. ქვეყანაში ყველას ჰქონდა გაგონილი ჭორები პატიმართა ცემის, მათზე სექსუალური ძალადობისა და მათი გარდაცვალების შესახებ, მაგრამ ცალკეულ გამონაკლისებს თუ არ ჩავთვლით, ამის გამოძიებით თავს საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებიც კი არ იწუხებდნენ. პოლიტიკური ოპოზიციაც კი იგნორირებას უკეთებდა ამას პოპულიზმის გამო, ამჯობინებდა რა უბრალოდ მთავრობის კრიტიკას და არა იმის თქმას ჩვენთვის, თუ თავად რას გააკეთებდნენ განსხვავებულად. გადამწყვეტ საპარლამენტო არჩევნებამდე ორი კვირა რჩება, და ჩვენ შეგვიძლია დარწმუნებულები ვიყოთ, რომ ის სისხლის სამართლის რეფორმას მიეძღვნება.

ყველაზე დამრთგუნველი გლდანის #8 საპრობილესთან დაკავშირებულ ისტორიაში ის არის, რომ არავისთვის, ვინც საქართველოს იცნობს, ამ ვიდეოების შინაარსი სიურპრიზი არ აღმოჩნდა. არ უნდა მოვიტყუოთ, რომ არ ვიცოდით.

განახლდა 21 სექტემბერს:

გუშინ გვიან ღამემდე მიმდინარე სპონტანური ქუჩის გამოსვლების ფონზე, ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრი, ჩემი პროგნოზის საპირისპიროდ, გადადგა. არსებული ინფორმაციით, ქუჩებში შეკრებილი ხალხი ამ ამბავს მქუხარე აპლოდისმენტებით შეხვდა. წყვილები ერთმანეთს კონციდნენ. ხალხი ამ ფაქტს მეორე მსოფლიო ომის დასრულებას ადარებდა.

ახალაიას გადადგომა უზარმაზარი გამარჯვებაა დემონსტრანტებისთვის და კარგი ამბავია ყველა იმ ადამიანისთვის, რომელიც საქართველოში ადამიანის უფლებებზე ზრუნავს. თუკი ვინმეს სახელი ასოცირდება სიმახინჯესთან, ავტორიტარიზმთან და საქართველოს მთავრობის ბნელ მხარესთან, ეს არის ახალია. ბაჩო ახალაია, რომელიც ჯერ მხოლოდ 31 წლის არის, დიდწილად პასუხისმგებელია წამებაზე, დამცირებასა და სხვა მანკიერ პრაქტიკაზე, რომლითაც გაჟღენთილია ქართული საპატიმროები.

ის ქვეყნის ციხეებს 2005-2008 წლებში მართავდა და საკუთარი მიზნების მისაღწევად ძალადობას, წამებას და მომაკვდინებელ ძალას იყენებდა. მან გააკათა ის, რაც დავალებული ჰქონდა: მოსპო „კანონიერი ქურდების“ ძალაუფლება – მაფია, რომელიც დიდწილად მართავდა საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, და რომელიც ციხეებს საკუთარი ძალაუფლების ბაზისად იყენებდა. თუმცა, ამ გამარჯვებას უფასოდ არ ჩაუვლია: 2006 წელს თბილისის ერთ-ერთ ყველაზე გადატვირთულ ციხეში ბუნტი დაიწყო. ახალაიამ ის სპეცრაზმის საშუალებით ჩაახშო. შვიდი პატიმარი დაიღუპა. არსებობს დამაჯერებელი ბრალდებები იმის თაობაზე, რომ ბუნტის პროვოცირება შეგნებულად მოხდა და შვიდი ქურდი განზრახ მოკლეს – დღემდე მოწმეებს ამაზე საუბრის ეშინიათ.

მიუხედავად იმისა, რომ 2009 წელს ის თავდაცვის მინისტრად დანიშნეს, ხოლო 2012 წელს შინაგან საქმეთა მინისტრად, ეჭვი არ უჩნდებოდა არავის, რომ სინამდვილეში ციხეების სისტემას ის მართავდა. ადამიანმა, რომელმაც ძალადობის ამსახველი ეს ვიდეოები გამოაქვეყნა (ის ახლა ბელგიაში თავშესაფარს ითხოვს) მსგავსი მეთოდების დანერგვაში უშუალოდ ახალაია დაადანაშაულა. ახლა, როდესაც მისი გადადგომის ამბავი გავრცელდა, ხალხი მის დაპატიმრებას ითხოვს.

საეჭვოა ეს მოხდეს, მაგრამ პრეზიდენტ სააკაშვილის პირობებში, რომელიც პირველი ოქტომბრის გადამწყვეტი საპარლამენტო არჩევნების წინ სასოწარკვეთილი ცდილობს ხანძრის ჩაქრობას, ყველაფერი შესაძლებელია. სხვა საკითხია, რა ელით ახალაის კლანის სხვა წევრებს, კერძოდ მის ძმას დათა ახალაიას, რომელიც თავდაცვის მინისტრის მოადგილეა და გარეული იყო ერთ-ერთ მკვლელობის საქმეში, რომელიც 2006 წელს მოხდა და ბოლომდე გამოძიებული დღემდე არ არის, და მამას როლანდ ახალაიას, რომელიც დასავლეთ საქართელოს ერთ-ერთ რეგიონს ფეოდალივით მართავს.

ეს მომენტი წყალგამყოფივითაა. ქვეყნის ციხეების თითქმის ყველა მცველი და ადმინისტრატორი სამსახურიდან დათხოვნილია. ციხეების ახალი მინისტრი ის კაცია, რომელმაც იცის როგორ უნდა დაამყაროს წესრიგი სისტემაში: ხუთშაბათამდე ის სახალხო დამცველი იყო, სწორედ ის იყო კაცი, რომელიც პარლამენტის ცარიელ დარბაზში ციხეში არსებულ ძალადობაზე ანგარიშებს კითხულობდა. პარასკევს, მან გლდანის მე-8 საპყრობილის კარი ჟურნალისტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებისთვის გახსნა. არსებული იცნფორმაციით, პატიმრები ჟურნალისტებს ტაშით შეეგებენ და იმ ოფიცრების გვარებს გაჰყვიროდნენ, რომლებიც მათ აწამებენ, იმ იმედით, რომ ეს ადამიანები პასუხისმგებლობას ვერ გაექცევიან. რაღაც მართლაც შეიცვალა.

ახალაიას გაშვებით, სააკაშვილმა ძალიან ძლიერი მოკავშირე დაკარგა. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ის თავისი გუნდის ლოიალურ წევრს სიტუაციას მსხვერპლად სწირავს. იმის დემონსტრირებისთვის, რომ სისტემის გაწმენდა სერიოზულად გადაწყვიტა, ის ცდილობს სიტუაციის დაჭერას და ინიციატივის დაბრუნებას არჩევნების დროისთვის. არის კი ეს საკმარისი იმისთვის, რომ გაბრაზებული ხალხი არჩევნების დღემდე სახლში დარჩეს და არის თუ არა მისი საპარლამენტო პარტია სასიკვდილოდ დაჭრილი? ეს ის პროგნოზებია, რომლის გაკეთებაც მე არ შემიძლია.
foreignpress.ge