წინასაარჩევნო საჩუქარი გლეხებს

წინასაარჩევნო საჩუქარი გლეხებს

საქართველოს სხვადასხვა რაიონის სოფლის მაცხოვრებლებს ერთმანეთის მიყოლებით, დაჩქარებული წესით, საკუთარი მიწები უკანონდებათ. ეს ნაციონალების წინასაარჩევნო საჩუქარია. სხვათა შორის, მსგავსი გულუხვობა მმართველმა გუნდმა 2008 წლის არჩევნებისთვისაც გამოიჩინა. თუმცა არჩევნების შემდეგ აღმოჩნდა, რომ უკვე დაკანონებული მიწების გამო გლეხების ნაწილს პრობლემები შეექმნა, ნაწილს კი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისრა იმ მოტივით, რომ გლეხებმა სახელმწიფო მიწის კადასტრი თურმე შეცდომაში შეიყვანეს. ამის გამო, არაერთი გლეხი დააპატიმრეს კიდეც, ხოლო უკვე რეგისტრირებული მიწები გლეხებს ჩამოართვეს. ამ ეტაპზე ცნობილია, რომ საქართველოში მიწებს უფასოდ მილიონამდე ოჯახი დაიკანონებს, რაც არასამთავრობოების აზრით, ამომრჩევლის მოსყიდვის ნიშნებს შეიცავს.

სულ ახლახანს პრეზიდენტმა გაახმიანა, რომ სვანეთის მცხოვრებლებს კუთვნილი მიწები დოკუმენტურად დაუკანონდებათ. პრეზიდენტის თქმით, სვანეთში განსაზღვრულია, თუ ვის ეკუთვნის ცალკეული მიწები და საძოვრები, თუმცა, ეს დოკუმენტურად გაფორმებული არ არის.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ამ საკითხთან დაკავშირებით სპეციალური კომისიაც შეიქმნა. თუმცა, ეს იმიტომ კი არ ხდება, რომ ვიღაც ავიდეს სვანეთში, სვანების მიწები აიღოს და სასტუმროები ააშენოს.

„თქვენ უნდა ააშენოთ, თქვენი უნდა იყოს!“ - უთხრა სააკაშვილმა სვანებს.

„თქვენ ხომ იცით, რომ მე აქ არაფერი მინდა?! აქ არც მიწის ნაკვეთი მაქვს და არც მინდა, რომ მქონდეს. უშგულელებმა კოშკი მაჩუქეს და უკან დავუბრუნე, ოღონდ, იმ კოშკში მუზეუმს ვაკეთებთ,“ - განაცხადა სააკაშვილმა.
ხელისუფლების საჩუქარი აჭარლებსაც შეეხოთ, სადაც მიწების უფასო რეგისტრაცია მიმდინარეობს. ეს მაშინ, როცა სულ რამდენიმე თვის წინ მიწების გადაცემის კატეგორიული მოწინააღმდეგე იყო სახელმწიფო. ამჯერად, პროცედურა იმდენად გამარტივებულია, რომ რეგისტრაციის მისაღებად აზომვითი ნახაზი საჭირო აღარ არის. მეტიც, ამ სასიამოვნო ინფორმაციის გასაცნობად ხელისუფლების წარმომადგენლები გლეხებს სახლებში აკითხავენ, საჯარო რეესტრის თანამშრომლები კი რეესტრში მისვლაზეც არ აწუხებენ გლეხებს და მათ თავად ეახლებიან. საკმარისია, მხოლოდ პირადობის მოწმობა და, თუ ადრე 1000 კვ.მ. მიწის ნაკვეთის დარეგისტრირებისთვის 200 ლარი იყო საჭირო, ახლა ეს პროცედურა უფასოა.

მიწების დაკანონებასთან დაკავშირებით ხელისუფლების მიერ წინასაარჩევნოდ გამოჩენილი კეთილი ნების შეფასება For.ge-მ პოლიტიკოსებსა და ექსპერტებს სთხოვა.

ოპოზიციონერი დეპუტატი გია ცაგარეიშვილი მიიჩნევს, რომ მიწების დაკანონება ხელისუფლების წინასაარჩევნო ტრიუკებია. ამ ადამიანებს საკუთარ მიწებს უკანონებენ და შემდეგ ისევ ართმევენ. უფრო მეტიც, გია ცაგარეიშვილის აზრით, საკუთრების, უძრავი ქონების, მიწების ეს გაუთავებელი გადანაწილება ნაციონალების სტილშია. თანაც, არჩევნებთან მიახლოებულ თარიღებში ასეთი აქტების გამოცემა და პოპულისტური ნაბიჯების გადადგმა ორიენტირებულია იმაზე, რომ ამომრჩეველთა ხმები მიიზიდონ.

„ამათ უნდათ, ხალხს გული მოულბონ. იმ ხალხს, რომელთაც მთელი ეს წლებია ატერორებდნენ. განსაკუთრებით, აჭარის მოსახლეობას, ქობულეთში და სხვაგანაც, პრობლემებს უქმნიდნენ. ამიტომ, გამორიცხული არაა, ამ ადამიანებს ისევ ჩამოართვან მიწები, როგორც ეს წინა არჩევნების შემთხვევაში მოხდა. ეს სააკაშვილის ხელწერაა“, - აღნიშნა გია ცაგარეიშვილმა. 

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ნოდარ ხადური ჩვენთან საუბარში აანონსებს, რომ ეს ხელისუფლება ვეღარ გააგრძელებს ქვეყნის მართვას და არჩევნების შემდეგ კოალიცია „ქართული ოცნება“ განახორციელებს ყველა რეფორმას, მათ შორის, სტაბილურად იქნება უზრუნველყოფილი საკუთრების უფლებები. განსაკუთრებით, უფლებების დაცვა შეეხება მიწას, რადგან გლეხისთვის მიწა გადამწყვეტია, თანაც არა მხოლოდ შავიზღვისპირეთსა და სვანეთში, არამედ ყველგან, მთელ საქართველოში.

„ქართული ოცნების“ გამარჯვების შემდეგ საქართველოში ყველას საკუთრება დაცული იქნება. ყველაზე ცუდი სცენარი რომ განვიხილოთ, თუკი ეს ხელისუფლება გააგრძელებს ქვეყნის მართვას, რა თქმა უნდა, ყველაფერს უკან შემოიბრუნებს, ისევე, როგორც ეს არაერთხელ გაუკეთებიათ და რისი მომსწრენიც 2008 წლის არჩევნების წინ დარიგებული მიწების მეპატრონეები აღმოჩნდნენ შავიზღვისპირეთში, მათ შორის, ხელვაჩაურის რაიონში, სადაც გლეხებს მიწები უკან ჩამოართვეს“, - განაცხადა ნოდარ ხადურმა და ეს დაპირებაც ხელისუფლების მიერ უხვად გაცემულ და არშესრულებულ დაპირებათა რანგში მოიხსენია.

მისივე თქმით, საოცარია, მაგრამ გლეხებს აქამდეც უნდა ჰქონოდათ ეს მიწები კუთვნილებაში და არა მხოლოდ - არჩევნების წინ.  

არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიული ინსტიტუტის“ წარმომადგენლის ენო გელაძის ინფორმაციით, აჭარაში, პრაქტიკულად, უკვე აფორმებენ მიწებს და, დაახლოებით, ისეთივე სიტუაციაა, როგორც 2008 წლის არჩევნების პერიოდში.

მისი თქმით, გაცილებით აჯობებდა, ხელისუფლებას არასაარჩევნო პერიოდში გამოეჩინა ასეთი გულისხმიერება და მიწების საკუთრებაში გადაცემა ჩვეულებრივი პროცესი ყოფილიყო.

„ვერ დავარქმევთ, რომ ეს პირდაპირ მოსყიდვაა, თუმცა მოსყიდვის ნიშნებს ნამდვილად შეიცავს. რაც მთავარია, ძალიან ცუდად ემთხვევა წინასაარჩევნო პერიოდს. მიწები სპონტანურად და სწრაფად ფორმდება. თავის დროზე, როცა ეს მოხდა, უკვე შემდგომში აღმოჩნდა, რომ ზოგიერთს მიწა არასწორად გაუფორმდა, ზოგიერთ შემთხვევაში, იყო ე.წ. გადაფარვები, ზოგს არ ერგებოდა და მაინც გაუფორმეს. ეს ყველაფერი ისევ მოქალაქეებს დაბრალდათ, თითქოს საკუთრების გაფორმების დროს მათ სახელმწიფო ორგანოები შეცდომაში შეიყვანეს. ამიტომაც იმ დროს ძალიან ბევრს, ასობით ადამიანს პრობლემა შეექმნა. მათ შორის, სისხლის სამართლებრივი. ახლა არ ვიცი, შედეგი როგორ იქნება, მაგრამ მაშინ ამან უკუშედეგი გამოიღო და მესაკუთრეები საპყრობილეებში აღმოჩნდნენ“, - აცხადებს გენო გელაძე.

მისი თქმით, ალბათ არ არსებობს მოქალაქე, რომელიც უარს იტყვის საკუთრების გაფორმებაზე, რადგან არავინ ფიქრობს, მომავალში ამას რა მოჰყვება. უბრალოდ, ქონება აქვთ და იფორმებენ. განსაკუთრებით, ეს სოფლად ხდება და მათ საარჩევნო განწყობაზე, ალბათ, ზეგავლენას მოახდენს.