ქვეყნის ეკონომიკამ და ბიზნესმა პოლიტიკური დაძაბულობის პირველი გავლენა უკვე იგრძნო. ინვესტორებს კითხვები გაუჩნდათ, ადგილობრივი მეწარმეები ბიზნესის განვითარების შეჩერებას პროგნოზირებენ, ხოლო უცხოელი ტურისტები - დაფრთხნენ.
„კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ დამფუძნებელი თემურ ჭყონია უძრავი ქონებისა და სამშენებლო ბიზნესში მომხმარებელთა აქტივობის შემცირებას პროგნოზირებს, რაც, მისივე განცხადებით, არჩევნების შემდეგ გამოსწორდება.
„ალბათ, სამართლიანი არჩევნები ჩატარდება და სიტუაცია განიმუხტება, ამ ფაქტების ნახვის შემდეგ ბიზნესმენები ემოციურად ისეთივე დატვირთულები ვართ, როგორც სხვა მოქალაქეები“, - აცხადებს ჭყონია.
მისი თქმით, მის კომპანიაში ასობით ადამიანი მუშაობს, რომლებიც ახლა შეურაცხყოფილნი არიან და გაურკვევლობის განცდა აქვთ. ჭყონიას განცხადებით, ყველა ისეა ჩართული ამ პროცესებში, რომ ამ ეტაპზე ბიზნესის განვითარებაზე ფიქრი წარმოუდგენელია.
უმსხვილესი იმპორტიორი კომპანიის „ალიანს ჰოლდინგის“ გენერალური დირექტორი მამუკა ცაგარელს ეიმედება, რომ არჩევნებამდე საზოგადოება მშვიდობიანი გზით მივა და ქვეყანაში არეულობა არ დაიწყება. საფრთხე ბიზნესს მხოლოდ იმ შემთხვევაში დაემუქრება, თუ საზოგადოების რეაქცია არჩევნების შედეგების მიმართ უარყოფითი აღმოჩნდება.
„ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რამდენად სამართლიანად და გამჭვირვალედ ჩატარდება არჩევნები. შეიძლება ითქვას, რომ ეს ერთგვარი წყალგამყოფია. საფრთხის შემცველი იქნება, თუ საზოგადოება უკმაყოფილო დარჩება არჩევნების შედეგებით და ქუჩაში გამოვა“, - აცხადებს ცაგარელი.
ინვესტორების ნაწილი კი საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განმარტებებს ითხოვს. საერთაშორისო ინვესტიციების საკოორდინაციო ცენტრის ხელმძღვანელი რადიო „კომერსანტთან“ საუბარისას აცხადებს, რომ ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენების გამო უცხოელ პარტნიორებს კითხვები გაუჩნდათ.
გიორგი სეთურიძის ინფორმაციით, ბოლო პერიოდის მოვლენებმა, რაშიც საქართველოში არასტაბილური პოლიტიკური ვითარება და მსოფლიოში არსებული კრიზისიც იგულისხმება, ბიზნეს-აქტივობები შეაჩერა.სეთურიძის თქმით, პარტნიორებთან ურთიერთობები ისევ აქვს, თუმცა ინტენსიური პროცესები აღარ მიმდინარეობს. ბიზნესმენის განმარტებით, სანამ პოლიტიკური სიტუაცია პროგნოზირებადი არ გახდება, კონკრეტულ ბიზნეს-პროექტებზე საუბარი არ შეიძლება.
ინვესტიციების სიმცირეზე საუბრობს ეკონომიკის ექსპერტი დავით ნარმანიაც. მისი განმარტებით, წინასაარჩევნოდ პოლიტიკურად აქტიურ პერიოდში ინვესტორები ახალი პროექტების დაწყებისგან ბუნებრივად თავს იკავებენ. ბიზნესმენისთვის მნიშვნელოვანია, იცოდეს შემდეგი 4 წლის განმავლობაში რომელ ხელისუფალებასთან მოუწევს თანამშრომლობა. ამას ემეტება დღევანდელი ვითარება, რაც კიდევ უფრო ამცირებს ინვესტორების ინტერესს. ექსპერტის ვარაუდობს, რომ არჩევნებში ნებისმიერი შედეგის დადგომის შემთხვევაში ინვესტიციები გარკვეული პერიოდი მოლოდინის რეჟიმში ყოფნას გააგრძელებენ.
ეკონომიკის ექსპერტი შოთა მურღულია კი მიიჩნევს, რომ ბოლო დღეების განმავლობაში ქვეყანაში განვითარებული მოვლენების ბიზნესზე რომ უარყოფითად აისახება, სადავო არაა.
„ქვეყანაში მიმდინარე პროცესები, თანაც უარყოფითი, ძალიან მოქმედებს ბიზნესზე. მათ აქვთ ურთიერთობა უცხოელ პარტნიორებთან, რომლებიც ითვალისწინებენ იმ ფაქტს, რომ სადაც ადამიანის უფლებები არაა დაცული, იქ საკუთრების უფლების დაცვაზე ზედმეტია საუბარი. ეს პროცესები ბიზნესზე იმოქმედეს როგორც მოკლევადიან, ასევე გრძელვადიან პერიოდში.
წინასაარჩევნოდ, ეკონომიკური აქტივობის დროებითი ვარდნა ისედაც მოსალოდნელი იყო. ყველა თავს იკავებდა ბიზნეს აქტივობისგან, ელოდნენ თუ რა მიმართულებით განვითარდებოდა მოვლენები. ამის შემდეგ, როგორც არ უნდა წარიმართოს პროცესები და ვინც არ უნდა მოვიდეს ქვეყნის სათავეში, საქართველოს საერთაშორისო რეპუტაცია მნიშვნელოვნად შეელახა“, - განმარტავს მურღულია.
ცუდი დროება დაუდგა ტურიზმსაც. სააკაშვილის მორიგი ტურისტული გეგმაც ჩავარდნისთვის არის განწირული. ამგვარ დაძაბულობაში რა გასაკვირია, რომ ტურისტული მიმართულებით პრობლემები გაჩნდება.
ექსპერტი მარინა მეტრეველი აცხადებს, რომ ჯერჯერობით ტურიზმის განვითარების შეზღუდვასა და ტურისტთა ნაკადის მნიშვნელოვან შემცირებაზე საუბარი ძნელია, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ ქვეყანაში პროცესები გრძელდება, ამას უარყოფითი შედეგები აუცილებლად ექნება.
მეტრეველის თქმით, საერთაშორისო მედიამ მიმდინარე მოვლენების გაშუქება უკვე დაიწყო და ძნელი წარმოსადგენია ტურისტმა იმ ქვეყანაში, სადაც ადამიანის უფლებები ირღვევა, მოგზაურობა გადაწყვიტოს.