ესპანეთის მდგომარეობას პროვინციების გასაჭირი ართულებს

ესპანეთის მდგომარეობას პროვინციების გასაჭირი ართულებს

ესპანეთში არსებულმა გაჭიანურებულმა რეცესიამ ფაქტიურად დაანგრია ქვეყნის 17 ნახევრადავტონომიური რეგიონის ფინანსური მდგომარეობა, რომლებსაც საკუთარი ბიუჯეტები და ხარჯვის პროგრამები გააჩნიათ. პროვინციები ერთი-მეორის მიყოლებით აცხადებენ, რომ გადამხდელუუნარონი არიან, ცენტრალურ ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ და ევროს ზონის სიდიდით მეოთხე ეკონომიკას სერიოზულ დარტყმას აყენებენ. ჯერ იყო და მადრიდს შემწეობა კატალონიამ სთხოვა, შემდეგ ვალენსიამ, რიგში კი მურსია დგას.

სულ ესპანურ პროვინციებს 145 მილიარდი ევროს (180 მილიარდი დოლარი) ოდენობის ვალი დაუგროვდა. აქედან 36 მილიარდი ევრო მიმდინარე წელს არის გადასახდელი. ავტონომიათა უმრავლესობას უბრალოდ არ შეუძლია ვალების რეფინანსირებისათვის ფინანსურ ბაზარზე ფული მოიძიოს და დახმარების თხოვნა დაიწყეს.

პირველმა დახმარება მსხვილმა სამხრეთულმა პროვინცია კატალონიამ ითხოვა, რომელსაც 42 მილიარდი ევროს ოდენობის ვალი დაუგროვდა. ავტონომიის ხელისუფლებამ მადრიდს აცნობა, რომ გაკოტრების თავიდან ასაცილებლად სასწრაფოდ ესაჭიროება 5 მილიარდი ევრო. ამ ინფორმაციის გავრცელებამ ბაზრებზე მღელვარება გამოიწვია და ანალიტიკოსებს კიდევ ერთხელ აფიქრებინა, რომ ესპანეთის ფინანსური მდგომარეობა ძალიან რთულია და ეს ქვეყანა მალე შესაძლოა, ევროს ზონაში თავისი პარტნიორების ხელის შემყურე აღმოჩნდეს.

კატალონიის მიმართვის შემდეგ სულ რაღაც ორ დღეში მადრიდს დახმარება ვალენსიის ხელისუფლებამ სთხოვა. ეს პროვინცია იმედოვნებს, რომ ცენტრალური ხელისუფლებისაგან 4,5 მილიარდ ევროს მიიღებს. აღსანიშნავია, რომ ვალენსიელთა თხოვნა მოულოდნელი არ ყოფილა, ორიოდე თვის წინ ვალენსიის ხელისუფლებამ უკვე განაცხადა, რომ ფინანსურად ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყო ჩავარდნილი, თუმცა, თუ ამოდენა თანხა გახდებოდა საჭირო, ვერავინ იფიქრებდა.

გავრცელებული ინფორმაციით, მადრიდს დახმარების თხოვნით დღე-დღეზე მიმართავს მურსია. შემდეგ რიგში დგას ყველაზე მჭიდროდ დასახლებული პროვინცია ანდალუზია და ასე შემდეგ.

აღსანიშნავია, რომ პროვინციების დეფოლტისაგან დაცვის მიზნით ესპანეთის ცენტრალურ ხელისუფლებას სპეციალურ ფონდში გადანახული აქვს 18 მილიარდი ევრო. კატალონიის, ვალენსიის და მურსიასათვის სახსრების გამოყოფის შემდეგ ამ ფონდში დაახლოებით 8 მილიარდი ევრო დარჩება.

ანალიტიკოსთა აზრით, თუ კიდევ რამდენიმე პროვინციას გაუჭირდება, ესპანეთის ხელისუფლებას მათ დასახმარებლად ფული აღარ ექნება. საწინააღმდეგოს ამტკიცებს მადრიდი. ესპანეთის მთავრობაში ირწმუნებიან, რომ ავტონომიების დასახმარებლად ფულიც არსებობს და კეთილი ნებაც და ცენტრალური მთავრობა პროვინციებს გასაჭირში არასოდეს მიატოვებს.

ბოლო დროს ესპანეთის მთავრობა მონდომებით ცდილობს თავის ქვეყანაზე არსებული ფინანსური ზეწოლა სავალუტო ბლოკში თავის მეზობლებზე გადაანაწილოს. კერძოდ, ესპანელებმა ოფიციალურად სთხოვეს ფრანგებს მხარი დაუჭირონ ევროს ზონაში საპროცენტო განაკვეთების დარეგულირებაში. ამჟამად ესპანეთს შეუძლია თანხა 10 წლის ვადით წლიურ 6,6 პროცენტად ისესხოს, ეს მაშინ, როცა გერმანიისათვის ეს საპროცენტო განაკვეთი მხოლოდ 1,32 პროცენტს შეადგენს. ეს განსხვავება რომ შემცირდეს, საჭიროა, რომ ევროპის ცენტრალურ ბანკს უფლება მიეცეს ფულადი ინექციები პრობლემური ქვეყნების ობლიგაციების შეძენის გზით განახორციელოს.

როგორც ცნობილია, ესპანეთი ეგრეც ვერ გამოერკვა 2008 წლის გლობალური კრიზისის დროს უძრავი ქონების ბაზარზე ე.წ. “ბუშტუკის გახეთქვისაგან”. საბოლოოდ ეს სიტუაცია ფინანსურ კრიზისში გადაიზარდა. ქვეყნის ეკონომიკა ზედიზედ სამი კვარტლის განმავლობაში მცირდება, უმუშევრობის მაჩვენებელმა კი 25 პროცენტს მიაღწია. მიმდინარე წლის გაზაფხულზე კრახის წინაშე აღმოჩნდა ესპანეთის ფინანსური სისტემა და ქვეყანა იძულებული გახდა თავისი ბანკების გადასარჩენად 100 მილიარდი ევრო მეზობლებისათვის ეთხოვა.

აღსანიშნავია, რომ ბევრი ანალიტიკოსის აზრით, ევროს ზონის მომავალი ბევრად არის დამოკიდებული ესპანეთის მდგომარეობაზე. თუ სავალუტო ბლოკის სიდიდით მეოთხე ეკონომიკა დაინგრევა, ევროს ზონას ვეღარაფერი უშველის.