ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ხათუნა ლაგაზიძე 2018 წლის მთავარ მოვლენად სამ მნიშვნელოვან მიმართულებას ასახელებს – ბიძინა ივანიშვილის დაბრუნება პოლიტიკაში; საპრეზიდენტო არჩევნები და არჩევნებზე „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ 750 ათასი ხმის აღება. ექსპერტი თვლის, რომ იმ პირობებში, როდესაც კორუფციამ წალეკა ქვეყანა და ეს განსაკუთრებით საგრძნობია რეგიონებში, აუციელებელია ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა, რამაც შეიძლება „ოცნების“ შიგნით სერიოზული ძვრები გამოიწვიოს და ეს გარკვეული ჯგუფები „ოცნების“ შიგნით ივანიშვილის წინააღმდეგ წავიდნენ და თვლის, რომ აუცილებელია საკვანძო საკადრო რევოლუცია.
for.ge ხათუნა ლაგაზიძეს ესაუბრა.
რა იყო მნიშვნელოვანი 2018 წელს ქართული პოლიტიკისთვის, როგორც შიდა, ასევე საგარეო მიმართულებით?
ხათუნა ლაგაზიძე: ეს წელი ბევრი მხრივ იყო მნიშვნელოვანი. პირველი და ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ბიძინა ივანიშვილის დაბრუნება პოლიტიკაში. რიგითი მეორე იყო საპრეზიდენტო არჩევნები და მესამე, ალბათ, ის, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შეძლო 750 ათასი ხმის აღება პრეზიდენტის არჩევნებზე. საგარეო პოლიტიკაში განსაკუთრებული ძვრები არ ყოფილა, თუმცა, ორ რამეს გამოვყოფდი, ეს არის აშშ–ის საქართველოს სამხედრო დახმარების ახალი სამწლიანი პროგრამა, რომელიც „წვრთნისა და აღჭურვის“ შემდეგ პირველი პროგრამაა, როდესაც აშშ ამხელა მატერიალურ და ფინანსურ დახმარებას უგზავნის საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ზრდისთვის.
ეს წელი ასევე, ძალიან მნიშვნელოვანი იყო უსაფრთხოების კუთხით - საქართველოს ძალოვანმა სტრუქტურებმა შეძლეს ტერორიზმის დონის დაჭერა. გახსოვთ 2017 წელი როგორი მძიმე მოვლენებით დასრულდა, თბილისსა და საქართველოს რეგიონებში განადგურდა ტერორისტების ქსელი, რასაც შესაძლოა, ტერორისტული ჯგუფებისგან მოჰყოლოდა ტერორიზმის საფრთხის ზრდა საქართველოში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ძალოვანმა სტრუქტურებმა ჩვენს პარტნიორებთან, აშშ–თან და ნატოსთან ერთად შეძლეს ტერორიზმის საფრთხის დაჭერა, რის შედეგადაც უსაფრთხო ქვეყანათა სიაში შეჰყავს საქართველო მსოფლიოს სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომლებიც უსაფრთხოების დონის მაჩვენებელს ზომავენ.
რითი იყო მნიშვნელოვანი ბიძინა ივანიშვილის დაბრუნება პოლიტიკაში?
– როგორ ჩანს, ივანიშვილის პარტიაში დაბრუნების გარეშე „ქართული ოცნება“ ვერ შეძლებდა ერთიან საპრეზიდენტო კანდიდატზე შეჯერებას და ვერც არჩევნების მოგებას. თუმცა ქვეყნისთვის, ვფიქრობ, გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი და გრძელვადიანი შედეგის მომტანი იყო მისი ის განცხადებები, რომელიც მან საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის დროს გააკეთა.
რომელ განცხადებას გულისხმობთ? მან ისაუბრა ცვლილებებზე, ახალ სახეებზე, რომ გუნდი დაკომპლექტდება არა ერთგულების, არამედ პროფესიონალიზმის კუთხით. არის ინფორმაცია, რომ ირაკლი კობახიძე გადავა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე და, რომ ეს გადაწყვეტილება თავად ივანიშვილმა მიიღო...
- ზუსტად ამ განცხადებას ვგულისხმობ. ჩვენ ვნახეთ ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც თქვა, რომ გადააფასა მისი ხელისუფლების განვლილი 6 წელი და დაინახა ის გამოწვევები, რის წინაშე „ქართული ოცნება“ და სახელმწიფო დგას და მათ შორის, უპირველესი, რომ კადრები შეირჩეოდა ერთგულების, მორჩილების და არა - პროფესიონალიზმის ნიშნით. პრინციპში მისი პოლიტიკაში დაბრუნების შემდეგ ყველაზე საეტაპო განცხადება სწორედ საკადრო რევოლუციას ეხებოდა, როცა მან თქვა, რომ შეცვლის მიდგომებს და კადრების შერჩევისას იხელმძღვანელებს სწორედ პროფესიონალიზმის ნიშნით. თუმცა, ვნახოთ, როგორ მისცემს მას „ქართული ოცნება“ რეალური საკადრო რეფორმის გატარების საშუალებას.
რაც შეეხება საკადრო რესურსს, გუნდი რომელიც ივანიშვილის ხელშია, აძლევს იმის შესაძლებლობას, რომ პროფესიონალიზმის ნიშნით შეირჩეს კადრები და არა ერთგულების?
– დღეს ვსაუბრობთ სრულიად სხვა ბიძინა ივანიშვილზე, ვიდრე ის იყო 2011 წელს, როდესაც იზოლირებულად ცხოვრობდა და საზოგადოებაში ცნობად სახეებს იცნობდა მხოლოდ ტელევიზიის საშუალებით. დღეს მთელს საქართველოს იცნობს, ხელის გულზე ჰყავს მთელი საქართველო. აქედან გამომდინარე, მას არ უნდა გაუჭირდეს საჭირო საკადრო რესურსის მობილიზება, მთავარია გააფართოვოს ძებნის არეალი. მხოლოდ საკუთარ გარემოცვაში გადაადგილებების მოხდენას, ეფექტი არ ექნება.
ამიტომ, ვფიქრობ, რომ მისი ამოცანაა გააფართოვოს ძებნის არეალი და მოიყვანოს იმგვარი პროფესიონალები, რომლებიც საკუთარ განცხადებებზე და მოქმედებებზე აგებენ პასუხს. მაგრამ, მასშტაბური საკადრო ცვლილებების განხორციელების შემთხვევაში „ოცნების“ დღევანდელი ლიდერშიპი შეიძლება ივანიშვილისთვის ბარიერი აღმოჩნდეს.
საკვანძო საკადრო რევოლოლუციის საკითხში რას გულისხმობთ და რამდენად არის მზად ხელისუფლება ასეთი ცვლილებისთვის?
– აქ მთელი ვერტიკალის წმენდაზეა საუბარი. რა თქმა უნდა, ეს ყველას არ ეხება, მაგრამ საკმაოდ ბევრი ადამიანის შეცვლაა საჭირო, რომლებიც დღეს საკვანძო რგოლებს აკონტროლებენ. შესაბამისად, მესმის, რომ ამან შეიძლება „ოცნების“ შიგნით სერიოზული ძვრები გამოიწვიოს და გარკვეული ჯგუფები „ოცნების“ შიგნით ივანიშვილის წინააღმდეგ წავიდნენ. არ გამოვრიცხავ, რომ ერთგვარ საბოტაჟს და შანტაჟსაც ჰქონდეს ადგილი. მაგრამ საკადრო რევოლუცია ზუსტად ის საკითხია, სადაც ივანიშვილს საზოგადოების მხარდაჭერის იმედი უნდა ჰქონდეს. ერთი საინტერესო ტენდენცია, რაც ბოლო პერიოდში გამოჩნდა არის ის, რომ თითქოს, ხელისუფლებამ დაიწყო განსხვავებულად მოაზროვნე ადამიანების შემჩნევა და აღიარება. ამის თქმის საფუძველს მაძლევს ის, რომ ხელისუფლებამ ნავსი გატეხა და ჯერ პრეზიდენტის ინაუგურაციაზე, შემდეგ კი პრემიერ-მინისტრის წლიური ანგარიშის მოსმენაზე დაუძახა იმ ადამიანებს, რომელთაც კრიტიკული პოზიცია აქვს ხელისუფლების ამა თუ იმ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.
ეს თუ ახალი ტენდენციის დასაწყისია, რომ ხელისუფლება მზად არის დიალოგის რეჟიმში გადავიდეს იმ ადამიანებთან, რომლებისგანაც თავად შექმნეს მტრის ხატი, ეს იქნება ერთ–ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი. ივანიშვილის შემდეგ დამისახელეთ პრემიერ-მინისტრი, რომელიც შეხვდა ექსპერტულ საზოაგადოებას, მედიას და ა.შ. „ოცნებამ“ საკუთარი ხელით ჩაჭრა საზოგადოებასთან ურთიერთობის ხიდები.
ინაუგურაციას რაც შეეხება, ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი ადამიანების დაპატიჟება, ერთგვარი უკმაყოფილების მიზეზი გახდა მმართველი გუნდის მხარდამჭერების მხრიდან. განსხვავებული პოლიტიკური გემოვნების ადამიანების მოწვევით რა აჩვენა ხელისუფლებამ, მაშინ, როდესაც ოპოზიცია მართავდა საპროტესტო აქციას?
– ინაუგურაციაზე ხელისუფლების კრიტიკოსების მიწვევას ჰქონდა აბსოლუტურად ლოგიკური გამართლება. კერძოდ ის, რომ ინაუგურაცია იმართებოდა სერიოზული საპროტესტო გამოსვლების ფონზე, ასეთი რამ საქართველოს არ ახსოვს. 750 ათასი ამომრჩევლის მხარდაჭერილი ვაშაძე და მისი გუნდი იძახდა, რომ სალომე ზურაბიშვილი არ არის ლეგიტიმური და ამ პირობებში სწორადაც რომ, ბრძნული ნაბიჯი იყო განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების მიწვევა. რატომ? – იმიტომ, რომ განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების მისვლა ინაუგურაციაზე იყო სალომე ზურაბიშვილის ლეგიტიმაციის დასტური, რაც იყო „ნაციონალების“ პოზიციის საპირწონე.
ასევე, რა თქმა უნდა, ხელისუფლება ვალდებულია ანგარიში გაუწიოს იმ ამომრჩეველს, რომლებიც ძალიან აქტიურად იდგნენ ხელისუფლების გვერდში მეორე ტურში, ისინი ძალიან მომთხოვნები, შეიძლება ითქვას, აგრესიულად მომთხოვნებიც იქნებიან ხელისუფლების მიმართ. რთულ დღეშია ხელისუფლება, ფაქტობრივად, ორ ცეცხლს შუაა, არა მარტო ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩევლის, არამედ იმ ამომრჩევლის, რომელიც თვლის, რომ ერთხელ აპატია „ოცნებას“ და ახლა „ოცნება“ მასთან ვალშია.
ისინი ყველა ფორმით მოითხოვენ ვალის გადახდას „ოცნებისგან“. ასეთი მოწოდებებიც კი გვესმის: „ის მოხსენი იმიტომ, რომ არასწორი პოსტი დადო ფეისბუქზე“; „ის დასაჯე, იმიტომ, რომ მე ცუდად შემომხედა“ და ა.შ. მოკლედ, საკმაოდ არაჯანსაღმა პროცესებმა შეიძლება იჩინოს თავი. ასე რომ, მასშტაბური რეფორმების გატარებისთვის ბიძინა ივანიშვილს არ აქვს იდეალური ფონი და მას განსაკუთრებით სჭირდება, რომ სწორედ საზოგადოების რაციონალური ნაწილი ეგულებოდეს პარტნიორად.
იმისათვის, რომ მასშტაბური რეფორმების გატარებისთვის მიიღოს საზოგადოების მხარდაჭერა, რა ნაბიჯი უნდა გადადგას?
– რაც აუცილებელია, ეს არის მასობრივი ანტიკორუფციული ღონისძიების გატარება. საჩვენებლად ერთი–ორი ადამიანის დაკავება, როგორც აქამდე ხდებოდა, ამას ვერ უშველის. ეს უნდა იყოს საჯარო უწყების გაწმენდა კორუმპირებულებისგან და ეს უნდა იქცეს ივანიშვილის პოლიტიკაში მეორედ მოსვლის ერთ–ერთ მთავარ ხელწერად. კიდევ ერთი რეფორმა, რომელსაც ველი მომავალ წელს, ეს იქნება პროპორციული არჩევნები, რომელიც უფრო აწყობს ბიძინა ივანიშვილს, ვიდრე „ქართულ ოცნებას“.
რატომ?
– იმიტომ, რომ ასეთ შემთხვევაში, ბიძინა ივანიშვილს ეხსნება ხელ–ფეხი „ქართულ ოცნებაში“ დაგროვილი ბალასტი ჩამოირეცხოს და სამაგიეროდ, პარლამენტში შევიდეს რამდენიმე პოლიტიკური ძალა. თუკი 2020 წელს ჩატარდა პროპორციული არჩევნები, დღევანდელი გადმოსახედიდან პარლამენტში 6-7 ძალას მაინც აქვს მოხვედრის შანსი, მათ შორისაა, „ოცნება“, „ნაციონალები“, „ევროპული საქართველო“, „პატრიოტთა ალიანსი“, „გირჩი“, „ლეიბორისტები“, ნინო ბურჯანაძის პარტია, უსუფაშვილ–„თავისუფალი დემოკრატების“ და „ფორუმის“ გაერთიანება, ალეკო ელისაშვილის მოძრაობა. ამ მრავალფეროვან პარლამენტში სამთავრობო კოალიციის ჩამოყალიბება ივანიშვილს არ გაუჭირდება. სამაგიეროდ, ის არ იქნება ფიგურა, რომელიც „ოცნებას“ ფარად უნდა აეფაროს და „ოცნებისთვის“ შესხმული ლაფი იწმინდოს. მისთვის ძალიან კომფორტული სცენარია დარჩეს პოლიტიკური და ფინანსური გავლენის მთავარ ცენტრად სამთავრობო კოალიციაში შემავალი ძალებისთვის და იმავდროულად, აღარ იყოს საზოგადოების აგრესიის ობიექტი.
მაგრამ, ეს სცენარი არ არის კომფორტული „ქართული ოცნებისთვის“, რადგან დღევანდელი უმრავლესობის უმრავლესობას მოუწევს პენსიაზე გასვლა. დიდი გამოწვევის წინაშე დგას საკუთრივ ბიძინა ივანიშვილი და ნაკლებად „ქართული ოცნება“, რადგან „ოცნების“ ყველა ფორმაცია შეჩვეულია, რომ პრობლემებზე უნდა იზრუნოს ივანიშვილმა და სიტუაციას ნაღები თვითონ მოხადონ. არ გამოვრიცხავ, რომ ივანიშვილისთვის მნიშვნელოვანი ცვლილებების გზაზე მთავარი ბარიერი სწორედ „ოცნება“ იყოს.
„ნაციონალური მოძრაობის“ ანგარიშზე 750 ათასი ამომრჩეველი დაფიქსირდა, ეს არის იმ განუკითხაობის ბრალი, რომელზეც ისაუბრეთ, მათ შორის რეგიონებში არსებული ძალიან მძიმე კორუფციაზე, რომ ალტერნატიული აზრი ხელისუფლებისთვის არის მიუღებელი, რომ ბარიერია აღმართული ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის. რა საზოგადოებაა, რომელმაც მხარი არ დაუჭირა „ქართულ ოცნებას“ და ხმა მისცა „ნაციონალურ მოძრაობას“, რომლის წინააღმეგ გამოვიდა 2012 წელს?
– ეს არის ის საზოგადოება, რომელიც ყველაზე აქტიური საზოგადოებაა. ეს არის ქმედებაზე ორიენტირებული ჯგუფი. რატომ აქციეს ზურგი მმართველ გუნდს და რატომ შეტრიალდნენ ისევ „ნაციონალების“ მიმართ? – იმიტომ, რომ ამ ადამიანებს უნდათ მოქმედება, ამ ადამიანებს უნდათ იმის განცდა და შეგრძნება, რომ თვითონ მონაწილეობენ შენების პროცესში. ეს არ არის ის კატეგორია, რომელსაც სიამოვნებს განზე დგომა და გვერდიდან სეირის ყურება. ესენი არიან ადამიანები, რომლებსაც უნდათ თანამონაწილეობა სახელმწიფოს მშენებლობაში. უნდათ, რომ ისინი შენების მონაწილეებად აღიქვამდნენ საკუთარ თავს. მათ სჭირდებათ სახელმწიფოებრივი იდეა, რომლის გარშემოც დაირაზმებიან. ეს კიდევ ერთი დეფიციტია, რომელიც აუცილებლად უნდა შესთავაზოს ივანიშვილმა მეორედ მოსვლის შემდეგ ქართულ საზოგადოებას.
ასეთ შემთხვევაში „ქართული ოცნება“ არ დაკარგავს ამომრჩეველს და შეიძლება მოიზიოდოს კიდეც?
– რეალურად „ოცნების“ ამომრჩეველი არის ის, ვინც პირველ ტურში მისცა მას ხმა. თუ „ოცნებას“ უნდა, რომ 2020 წლამდე კიდევ უამრავი პრობლემით არ მივიდეს და გამოწვევების წინაშე არ დააყენოს ქვეყანა, ასეთ შემთხვევაში, სამი მიმართულებით სჭირდება რევოლუციური ცვლილებები: საკადრო რევოლუცია, ანტიკორუფციული რევოლუცია და სახელმწიფოებრივი იდეა. სახელმწიფოებრივი იდეა ნიშნავს ორკომპონენტიან ხედვას: 1. როგორი იქნება „ოცნების“ მიერ აშენებული საქართველოს ადგილი და როლი ქვეყნის გარეთ.
- სად და როგორი იქნება თითოეული მოქალაქის როლი „ოცნების“ მიერ აშენებულ საქართველოში. ამ კითხვებზე პასუხი შეადგენს სწორედ სახელმწიფოებრივ იდეას. რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ მომავალს, ამ პარტიისთვის 750 ათასი ამომრჩეველი იყო პიკი, თუ რევოლუციური სცენარით არ განვითარდა პროცესები. პირადად მე, რევოლუციურ განწყობებს, მინიმუმ, ერთი წელი გამოვრიცხავ და ეს ერთი წელი საკმარისი დროა „ოცნებისთვის“, რომ გონიერი პოლიტიკის შემთხვევაში, საზოგადოების განწყობები თავისდა სასიკეთოდ შეცვალოს. ასეთ შემთხვევაში, დიდი შანსია, რომ 2020 წლისთვის „ნაციონალების“ მიერ დღეს აკრეფილი ხმებიდან მინიმუმ 300 ათასი გადანაწილდეს სხვა პარტიებზე, ამიტომაც ეჩქარება „ნაციონალურ მოძრაობას“ ვადამდელი არჩევნები, რომ მოასწროს სანამ სხვა პარტიები არჩევნებისთვის მზად არ არიან.
ელოდებით რომ ახალი სახე, ახალი სისხლი შემოვა ქართულ პოლიტიკაში 2019 წელს?
– როგორც აღვნიშნე, თუ ივანიშვილს რეალური საკადრო ცვლილებები სურს, ძიების არეალი უნდა გააფართოვოს - კადრების ძიებისას გასცდეს საკუთარ გამოწურულ გარემოცვას. თუმცა, რასაც ახლა ჩვენ თვალს ვადევნებთ, არის „ოცნებაში“ ახალი - ძლიერი ხელის იმიჯის ფორმირების პროცესი, რომელშიც გამწევ როლს, როგორც ჩანს, გიორგი გახარია შეასრულებს. საზოგადოებაში ძლიერი ხელის მოთხოვნა იყო და ხელისუფლებამ გახარიას სახით მიწოდება განახორციელა. ხალხმა „ოცნებას“ ძლიერი ხელი და მობილური ლიდერი მოსთხოვა, რომელიც ენერგიულ, ზოგჯერ ძალისმიერ ქმედებებზე ორიენტირებული იქნებოდა. ამიტომაც არის, სოციალურ ქსელებში ის ასეთი პოპულარული.
ახლა მთავარია, რომ გახარიამ ოქროს შუალედის პოვნა შეძლოს. მოახერხოს საზოგადოების მხრიდან აგრესიის მოთხოვნასა და კანონის უზენაესობას შორის ოქროს შუალედი მოძებნოს. როდესაც საზოგადოების მხრიდან შენი ფიგურის მისამართით ასეთი მოლოდინია, საკმაოდ რთულია, ამ ყველაფერს გაუმკლავდე. მთავარია „ოცნებაში“ როლები სწორად განაწილდეს: თუ გახარია ძლიერი ხელის გენერალურ ხაზს ჩაუდგება სათავეში, პრემიერმა შეიძლება განათლებისა და ინოვაციების სფეროში რეფორმატორის როლი მოირგოს. რამდენიმე დღის წინ ყოველწლიურ ანგარიშში, ის ორი საეტაპო ინიციატივით გამოვიდა:
პირველად საქართველოს ისტორიაში დაანონსდა, რომ განათლებაზე დაიხარჯება სახელმწიფოს მთლიანი შიდა პროდუქტის 11%, რაც ფაქტობრივად, რევოლუციის ტოლფასია განათლების სფეროში; მეორე ინიციატივა ეხებოდა მსოფლიოს ტექნოლოგიური და ინოვაციური კომპანიებისთვის შეღავათიანი საგადასახადო რეჟიმის შექმნას საქართველოში, რომელიც მომავალი წლიდან დაიწყება და საქართველოს ტექნოლოგიურ ჰაბად გადაქცევას ისახავს მიზნად.
თუმცა, ნიშანდობლივია ერთი რამ: არ ვიცი, ეს „ოცნების“ შიდა ბრძოლების თუ პრემიერის პიარის უყურადღებობის ბრალია, მაგრამ ორივე ამ ინიციატივამ ისე ჩაიარა, რომ მათ საზოგადოებამდე მიტანაზე არავის უზრუნია. „ოცნების“ ძველ სახეებს, როგორც სამომავლო რესურსს, თუ გადავხედავთ, უნდა აღინიშნოს კახი კახიშვილი, რომელმაც შეძლო უმძიმეს მდომარეობაში მყოფი ქართული პენიტენციალური სისტემა ევროპულ სტანდარტებთან მიეახლოვებინა და ამავდროულად, შეენარჩუნებინა საზოგადოების პატივისცემა და სიმპათია.
და კახი კალაძე, რომელსაც „ოცნების“ შიგნით პოპულარობის მხრივ ძლიერი კონკურენტი კი გამოუჩნდა გიორგი გახარიას სახით, მაგრამ მაინც ინარჩუნებს თბილისის არჩეული მერის ლეგიტიმაციას და „ოცნების“ შიგნით ყველასგან გამორჩეულ უნარს – საერთო ენა გამონახოს საზოგადოების ყველა ფენასთან - სამოქალაქო აქტივისტებით, თუ სხვადასხვა სფეროს ცნობადი სახეებით დაწყებული, ყველაზე გაჭირვებული სოციალური ფენით დამთავრებული. ასე რომ, თუ კალაძე ირაკლი კობახიძის და კიდევ რამდენიმე დეპუტატის სახით ბალასტს ჩამოიშორებს, მიუხედავად შიდა წინააღმდეგობებისა, აქვს პოლიტიკაში შემდგომი წარმატების შანსი. მოკლედ, თუ ბიძინა ივანიშვილი ამ ფიგურებს შორის ჯანსაღ კონკურენციას შეუწყობს ხელს, გუნდს შიდა წინააღმდეგობები არ დაფლითავს და დაპირებულ საკადრო და ანტიკორუფციულ რეფორმებს განახორციელებს, „ოცნების“ წინაშე მდგარი გამოწვევები გაცილებით ცივილურად და ქვეყნისთვის სასიკეთოდ მოგვარდება.