For.ge-სთვის ცნობილი გახდა, რომ დღეს დილით მესტიაში დააკავეს დამოუკიდებელ ექსპერტის, ნინა ხატისკაცის მეუღლე, კახა ჟორჟოლიანი, რომელიც მესტიის საოლქო საარჩენო კომისიაში კოალიცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენელია. ჟორჟოლიანს ბრალი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით აქვს წაყენებული, რაც მსუბუქ ხულიგნობას ითვალისწინებს, მაგრამ ნინა ხატისკაცი for.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ მისი მეუღლის დაკავებას პოლიტიკური სარჩული აქვს და ამით ხელისუფლებას სურს, კახა ჟორჟოლიანი საოლქო საარჩევნო კომისიაში მუშაობას ჩამოაშორონ.
მომხდარის შესახებ ინფორმაციას for.ge-ს რეგიონული კორესპონდენტი ნანა ფაჟავა გვაწვდის. მისი თქმით, გუშინწინ, ანუ 21 სექტემბერს კახა ჟორჟოლიანს შელაპარაკება მოუვიდა ცესკო-ს წარმომადგენელ არჩილ სოფრომაძესთან, რომელიც ამჟამად მესტიაში იმყოფება. ჟურნალისტის ინფორმაციით, შელაპარაკება საოლქო საარჩენო კომისიის სხდომის მიმდინარეობისას მოხდა და ადგილზე პოლიციაც იყო გამოძახებული, მაგრამ მაშინ არავინ დაუკავებიათ. კახა ჟორჟოლიანის დაკავება მხოლოდ დღეს დილით მოხდა. იგი მესტიის პოლიციაში წაიყვანეს და ბრალი წვრილმანი ხულიგნობის მუხლით წაუყენეს. ამის შემდეგ, როგორც ნანა ფაჟავა იტყობინება, კახა ჟორჟოლიანი მესტიის პოლიციის შენობიდან გამოიყვანეს, ავტომანქანაში ჩასვეს და სავარაუდოდ აპირებდნენ, რომ იგი აღკვეთის ღონისძიების შეფარდების მიზნით ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში გადაეყვანათ, მაგრამ ამის საშუალება პოლიციას ხალხმა არ მისცა. ადგილობრივები შეკრებილები არიან მესტიის პოლიციის შენობის წინ, რომელიც გამგეობის შენობის გვერდით მდებარეობს და პოლიციის მანქანას, რომელშიც ჟორჟოლიანი ზის, ადგილიდან დაძვრის საშუალებას არ აძლევენ.
ამასთანავე, ადგილობრივების ნაწილი მეუფე ილარიონის რეზიდენციისკენ წავიდა და როგორც ნანა ფაჟავა იტყობინება, მათ განგაშის ზარებს შემოკრეს.
„საპატრიარქოს წარმომადგენელმა ჩემთან საუბარში განმარტა, რომ განგაშის ზარებს თავად ხალხმა შემოჰკრა, მეუფის კურთხევის გარეშე. მისი თქმით, როდესაც რაღაც საგანგებო სიტუაციაა, ტრადიციულად თავად მოსახლეობა აკეთებს ამას და ადგილობრივებს შეკრებისკენ მოუწოდებს“, - აცხადებს ნანა ფაჟავა.
სიტუაცია კი მართლაც საგანგაშოა, რადგანაც როგორც ადგილობრივები იტყობინებიან, ხელისუფლება მათ დარბევას ცრემლსადენი გაზით აპირებს და ამისთვის ტყეში გახიზნული ე.წ. „რეზერვი“ მესტიის მიმართულებით უკვე დაიძრა. საუბარია მესტიის მიმდებარედ, ე.წ. „ლაგირის“ ტერიტორიაზე დისლოცირებულ სამხედრო შენაერთზე, რომლის არსებობას ხელისუფლება ასაიდუმლოებდა, თუმცა დამოუკიდებელმა მედიასაშუალებებმა მათ შესახებ ინფორმაცია მოიპოვეს და ამ თემას ჟურნალისტური გამოძიებაც მიეძღვნა. როგორც ნანა ფაჟავა იტყობინება, სწორედ ამ სამხედრო ფორმირებას დაევალა მესტიის ცენტრში შეკრებილი მოსახლეობის დარბევა. მისივე თქმით, დღევანდელ მოვლენებს გარკვეული პრეისტორია აქვს. კერძოდ, ხელისუფლება აპირებდა „ლაგირის“ ტერიტორიაზე საარჩევნო უბნის გახსნას, თუმცა ოპოზიციის პროტესტის შემდეგ ამ უბნის გახსნა ვეღარ მოხერხდა.
მომხდართან დაკავშირებით, for.ge დაკავებულის მეუღლეს, ნინა ხატისკაცსაც დაუკავშირდა. მან დაადასტურა, რომ ამ მომენტში მისი მეუღლე დაკავებულია და ადგილობრივები პოლიციას მისი მესტიიდან გაყვანის საშუალებას არ აძლევენ. რაც შეეხება იმას, თუ რატომ მოხდა კახა ჟორჟოლიანის დაკავება, ამასთან დაკავშირებით ნინა ხატისკაცი ამბობს, რომ რამდენიმე დღის წინ მის მეუღლეს ცესკო-ს წარმომადგენელ არჩილ სოფრომაძესთან შელაპარაკება სწორედ იმ სპეც-უბნის გახსნასთან დაკავშირებით მოუვიდა, რომელიც მესტიის ტერიტორიაზე დისლოცირებული სამხედრო შენაერთისთვის უნდა გახსნილიყო. ნინა ხატისკაცის ინფორმაციით, ადგილობრივმა საოლქო საარჩევნო კომისიამ, ვინაიდან ოპოზიცია ამ უბნის გახსნას აპროტესტებდა, სხდომა გვიან ღამით, ანუ სამუშაო საათების დასრულების შემდეგ ჩაატარა და თან ისე, რომ საოლქო საარჩევნო კომისიის ოპოზიციონერი წევრებისთვის ამის შესახებ არ უცნობებია. სწორედ ამ სხდომაზე აღნიშნული საარჩევნო უბნის გახსნის გადაწყვეტილება მიიღეს.
ნინა ხატისკაცის განცხადებით, მოგვიანებით უკვე ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ სრულიად სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო და ეს უბანი გააუქმა. ხატისკაცის ინფორმაციით, სწორედ ამ უბნის გახსნის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით მოხდა შელაპარაკება მის მეუღლესა და არჩილ სოფრომაძეს შორის.
„ჩემმა მეუღლემ, კახა ჟორჟოლიანმა არჩილ სოფრომაძეს მიუთითა იმ პროცედურულ დარღვევებზე, რომელთა ფონზეც საოლქო საარჩევნო კომისიამ ამ უბნის გახსნის გადაწყვეტილება მიიღო. სწორედ ამ ნიადაგზე მოხდა მათ შორის შელაპარაკება, თუმცა ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ეს არ ყოფილა ფიზიკური დაპირისპირება, საქმე გვაქვს მხოლოდ სიტყვიერ შელაპარაკებასთან. აქვე უნდა ითქვას, რომ ინციდენტი რამდენიმე დღის წინ მოხდა და კახა ჟორჟოლიანი კი მხოლოდ დღეს დააკავეს. როგორც ირკვევა, ეს მოხდა არჩილ სოფრომაძის საჩივრის საფუძველზე. სოფრომაძე თავის საჩივარში წერს, რომ კახა ჟორჟოლიანმა საოლქო საარჩევნო კომისიას მუშაობაში შეუშალა ხელი. თუმცა უნდა ითქვას, რომ საოლქო კომისიისთვის მუშაობაში ხელის შეშლა საარჩევნო კოდექსის თანახმად, უბნიდან გაძევებით ისჯება. ჩემს მეუღლეს კი ბრალდება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით წარედგინა, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს. ეს დანაშაული 100 ლარიანი ჯარიმით ან 90 დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობით ისჯება“, - აცხადებს ნინა ხატისკაცი.
იგი ასევე ადასტურებს ჩვენს ხელთ არსებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ ხელისუფლება მესტიის ცენტრში შეკრებილი მოსახლეობის დარბევას აპირებს და ეს იმ სამხედრო შენაერთის მეშვეობით უნდა მოხდეს, რომელიც მესტიის მიმდებარე ტერიტორიაზეა დისლოცირებული. ამგვარად მესტიაში მოსახლეობა სასტიკიო დარბევის საშიშროების წინაშე დგას.