კატალონიაში ისევ მასშტაბური აქციებია. ბარსელონას ცენტრში მრავალათასიანი აქცია პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა. სამართალდამცველებმა მანიფესტანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ხელკეტები გამოიყენეს. დემონსტრანტების მთავარი მოთხოვნა კვლავ რეგიონის დამოუკიდებლობა იყო.
„რესპუბლიკა ახლა“ - ამ ლოზუნგებს სკანდირებდნენ აქტივისტები და აცხადებდნენ, რომ კატალონიის ესპანეთიდან გამოყოფის მოთხოვნით მიტინგები პერმანენტულად გაიმართება.
პოლიტიკური კრიზისი ესპანეთში განსაკუთრებით გასული წლის 1 ოქტომბრიდან გამწვავდა. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად, კატალონიის პარლამენტმა რეგიონის ესპანეთიდან გამოყოფას დაუჭირა მხარი.