"კალაძის განცხადება, რომ ვერ ხედავს ახალი პოლიტიკური ძალის შექმნის აუცილებლობას "ოცნების" წიაღიდან, სრულიად ბუნებრივია, რადგან "ქართულ ოცნებაში" მიდის პროცესი და ამ პოლიტიკური პროცესის დალაგებას აპირებს ბიძინა ივანიშვილი".
აცხადებს პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე, რომელსაც "მთელი კვირა" მიმდინარე პოლიტიკურ ვითარებაზე ესაუბრა.
"მთელი კვირა": ძალიან საინტერესო განცხადება გააკეთა კახი კალაძემ, რომ იგი ვერ ხედავს აუცილებლობას, "ქართული ოცნებიდან" რომელიმე ლიდერი გავიდეს და დამოუკიდებელი პოლიტიკური ძალა შექმნას, არადა ექსპერტთა აზრით, "ქართულ ოცნებაში" ერთ-ერთ ქარიზმატულ ლიდერად სწორედ კალაძე ითვლება და თავის გუნიც ჰყავს. თქვენი აზრით, რატომ არ უნდა იყოს დაინტერესებული კალაძე თავად იყოს ინიციატორი ახალი პოლიტიკური ძალის შექმნის?
ვახტანგ ძაბირაძე: კალაძის განცხადება, რომ ვერ ხედავს ახალი პოლიტიკური ძალის შექმნის აუცილებლობას და მითუმეტეს "ოცნების" წიაღში, მოსალოდნელიც იყო და ბუნებრივიც, რადგან "ქართულ ოცნებაში" მიდის პროცესი და ამ პოლიტიკური პროცესის დალაგებას აპირებს პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი.
რაც შეეხება თავად კალაძეს, მართლაც, თუ დღეს ვინმე ჩანს "ქართულ ოცნებაში" პოლიტიკურ ლიდერად რომ ყალიბდება, ეს კალაძეა, მაგრამ ის არ ჩქარობს, ჯერ უნდა გაირკვეს რა პროცესები წავა "ოცნების" შიგნით. ამიტომ პიარის თვალსაზრისით კალაძის მხრიდან ეს სწორი ნაბიჯია.
"მ.კ": რაც შეეხება "ოცნებას", მას აწყობს, რომ მის წიაღში შეიქმნას ახალი პოლიტიკური ძალა?
ვ.ძ: როგორც ჩანს ჯერ პარტიაში არ არის მომწიფებლი, მოხდეს განხეთქილება, ანუ შეიქმნას ისეთი ძალა, რომელიც ისეთივე როლს შეასრულებს, როგორც ეს მოხდა შევარდნაძის დროს, როცა სააკაშვილი გაემიჯნა მმართველ გუნდს და პროცესები მის სასარგებლოდ წაიყვანა.
თანაც დღეს "ოცნებას" ნამდვილად არ აწყობს ეს პროცესი მის გარეთ მიდიოდეს, მას აწყობს ოპონენტად ისევ "ნაციონალური მოძრაობა" ჰყავდეს, რაც ყველამ კარგად დავინახეთ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში.
"მ.კ": ოპოზიციაში რატომ არ იწყება ეს პროცესი? საზოგადოებაში ძალიან დიდია მოლოდინია, რომ შეიქმნას მესამე პოლიტიკური ძალა.
ვ.ძ: საზოგადოების მოლოდინი ერთია, მაგრამ მხოლოდ მოლოდინი საქმეს ვერ უშველის. მესამე პოლიტიკური ძალა ოპოზიციის წიაღში რომ იშვას, მაშინ დღეს არსებული ოპოზიცია უნდა გაემიჯნოს, როგორც "ნაცმოძრაობას", ასევე "ოცნებას" და მათგან განსხვავებული პოლიტიკური ძალა ჩამოაყალიბოს, რაც დღეს არ ჩანს.
მიუხედავად იმისა, რომ შეიმჩნევა რაღაც მოძრაობები; მაგალითად, ალეკო ელისაშვილმა დაანონსა პარტიის შექმნის თაობაზე, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ვეებერთელა ქულებს აიღებს.
"მ.კ": ივანიშვილი როდის დაიწყებს პარტიის განახლება-გადახალისებას, მან ერთწლიანი ვადა ითხოვა პროცესების დასალაგებლად?
ვ.ძ: მხოლოდ პარტიის განახლება და გადახალისება ქვეყანას ვერ უშველის და ეს არც არავის აინტერესებს. სერიოზული რეფორმები უნდა გატარდეს, და ეს ივანიშვლმაც დაანონსა, მაგრამ ამას ერთწლიანი ვადა ვერ უშველის, მაშინ თავის ჯიბიდან უნდა ამოიღოს თანხები და დაარიგოს, თუმცა, არც ეს ეყოფა, დღეს ისეთი ვითარებაა.
საზოგადოებაში იმის ნდობა მაინც უნდა გააჩინოს, რომ ნაბიჯები იდგმება სამართლიანი სოციალ-ეკონომიკური გარემოს შესაქმნელად. სახელმწიფო ისე მაინც ხომ უნდა მოვაწყოთ, როგორც კონსტიტუციაშია?