პარლამენტში შს მინისტრის გამოსვლა ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა. ოპოზიციამ გიორგი გახარია კრიმინალურ ავტორიტეტებთან კავშირში, ოპონენტების წინააღმდეგ ბრძოლაში დაადანაშაულა. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ პირველ პოლიციელს უთხრა, რომ საარჩევნო უბნებზე ჩაცუცქულებიც იყვნენ, ჩამსხდრებიც, აყუდებულებიც და დაყუდებულებიც და აქედან გამომდინარე ურჩია ტელესერიალ „ჩემი ცოლის დაქალების“ ყურება დაიწყოს.
მანამდე კი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თინა ბოკუჩავამ გახარიას უთხრა, რომ ახალქალაქში თავდასხმაში დამნაშავეებს ხელს აფარებენ, ხოლო დავით კირკიტაძე წინასწარი დაკავების იზოლატორში „ჩააგდეს“.
დეპუტატს გიორგი გახარიამ ტრიბუნიდან უპასუხა: „დათო კირკიტაძე სწორად ჩავაგდეთ და სხვებსაც ჩავაგდებთ, ვინც ამას დაიმსახურებს“. ამასთან, გახარიას თქმით, ის იღებს პასუხისმგებლობას 16 დეკემბერს მომხდარზე.
„როდესაც გვსურს ჩავატაროთ რევოლუცია, იმის თავი და მხნეობაც უნდა გვეყოს, რომ წავიდეთ იქ, სადაც საჭიროა და ის პერიოდი, რამდენიც საჭიროა – ყველაფერს აქვს თავისი ფასი. ინაუგურაციის ნაწილში შეიძლება ზოგიერთს გაუკვირდეს, რატომ იყო მიღებული ის გადაწყვეტილებები, რომელიც იყო მიღებული. მაგალითად შედარებული იყო კირკიტაძე და ფარცხალაძე.
მე ვარ პასუხისმგებელი იმაზე, რაც მოხდა 16 დეკემბერს და 16–ში მოხდა ერთი რამ, ოპოზიციის ზოგიერთმა წარმომადგენელმა წინა დღეს დააანონსა, რომ ინაუგურაცია იქნებოდა ჩაშლილი და ინაუგურაციის დღეს თავს დაესხა პოლიციას, ყველაფერს აქვს თავისი ფასი – პოლიციელზე თავდასხმასაც, იანუგურაციის ჩაშლასაც და სახელმწიფოს დამხობასაც თუნდაც „კანონიერი მეთოდებით“. როდესაც ვიკითხავთ სახელმწიფოს დამხობა კანონიერი მეთოდებით რას ნიშნავს, მერე გავაგრძელოთ საუბარი შერჩევით სამართალზე“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
შს მინისტრს თინა ბოკუჩავამ უპასუხა და აღნიშნა, რომ დაჭერებით ვერ შეაშინებენ.
„რეალურად, ბატონი გიორგი ჩვენ გვეუბნება, რომ ამ საკითხებზე უნდა მივმართოთ კრიმინალ ფარცხალაძეს, იმიტომ, რომ ბატონმა გიორგიმაც, ჩვენც და უმრავლესობის წევრებმა ძალიან კარგად იცით, რომ დღეს საქართველოს პროკურატურას მართავს კრიმინალი ფარცხალაძე. როგორც ჩანს, კიდევ ერთი მიზანი ჰქონდა, დღეს მინისტრის პარლამენტში მოსვლას და ეს იყო უკვე საპარლამენტო ტრიბუნიდან გაჟღერება ოპოზიციის მიმართ მუქარის. მუქარის - დაჭერით, დევნით შევიწროებით და შერჩევითი სამართლით – „კირკიტაძე ჩავაგდეთ და სხვებსაც ჩავაგდებთო“, – აღნიშნა თინა ბოკუჩავამ.
„ევროპული საქართველოს“ წევერი გიგა ბოკერია დაინტერესდა მხარდამჭერების ზეწოლის საქმით და აღნიშნა, რომ პიროვნება, რომელიც კანონიერი გზით მოპოვებულ ჩანაწერში ფიგურირებს, ოპოზიციური პარტიის აქტივისტს ეუბნება, რომ დეპუტატი მირზოევი პოლიციას უკვე ესაუბრა, მათ ხმას არავინ გასცემს, ამიტომ უმჯობესი იქნება, თუ ისიც „ოცნების“ მხარეს გადავა. ბოკერიამ გიორგი გახარიას ჰკითხა, აიყვანს თუ არა პირად კონტროლზე აღნიშნულ საქმეს, რაზეც საკმაოდ მოკლე იყო მინისტრის პასუხი: „ბატონო გიგა, არ ვიცი, რა გიპასუხოთ, სამწუხაროდ, ინტელექტუალური „სპარინგიც“ უინტერესო გახდა. როდესაც სცენას დგამთ და მერე მეუბნებით, ეს ერთი წლის წინ იყოო. ყოჩაღ, ბატონო გიგა, ასე გააგრძელეთ და ქართული ოპოზიცია გაბრწყინდება და საქართველოს პარლამენტიც გაბრწყინდება“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
კიდევ ერთი თემა, რომელიც მინისტრსა და ოპოზიციას შორის დაპირისპირების მიზეზი გახდა, ხორავას ქუჩის ტრაგედია იყო. გიორგი გახარიამ „ევროპული საქართველოს“ წევრები საგამოძიებო კომისიის სრულ დისკრედიტირებაში დაადანაშაულა. როგორც გახარიამ აღნიშნა, კომისიის ფუნქცია მდგომარეობდა სწორედ იმაში, რომ მას აშკარად დაედასტურებინა სამოხელეო გადაცდომა იყო თუ არა. კომისიამ ეს ფაქტორი ვერ დაადასტურა.
„ევროპული საქართველოს“ წევრებმა პროტესტი გამოთქვეს შს მინისტრის იმ განცხადებაზე, რომ საგამოძიებო კომისიამ ვერანაირ შედეგს ვერ მიაღწია. გახარიამ კი უმცირესობას გაუმეორა, რომ მათ საგამოძიებო კომისიის დისკრედიტაცია მოახდინეს.
„როგორც შინაგან საქმეთა მინისტრი სრულ პასუხისმგებლობას ვიღებ იმაზე, რაც მოხდა და კიდევ ერთხელ გიდასტურებთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ დღესაც არ ვიცით, ის საგამოძიებო მოქმედებები, რომელიც არ ჩატარდა, იყო განზრახ არჩატარებული და იქონია მან საბოლოო შედეგზე გავლენა თუ არა, ვთვლი, რომ უნდა დაიწყოს სამოხელეო გადაცდომაზე სისხლის სამართლის საქმე, მე მზად ვარ ერთმნიშვნელოვნად პირველი მივცე ჩვენება, ისევე, როგორც თქვენ, თქვენი მხრიდან უნდა აიღოთ ის პასუხისმგებლობები, რომელიც ჰქონდა კომისიას და რომელიც ვერ შეასრულა.
ჩემი ღრმა რწმენით, კომისიის ფუნქცია მდგომარეობდა სწორედ იმაში, რომ მას აშკარად დაედასტურებინა სამოხელეო გადაცდომა იყო თუ არა. კომისიამ ეს ფაქტორი ვერ დაადასტურა. თქვენ, სამწუხაროდ, საგამოძიებო კომისიის სრული დისკრედიტირება მოახდინეთ პარლამენტში იმიტომ, რომ ვერ მიაღწიეთ ვერანაირ შედეგს“, – განაცხადა გახარიამ.
მინისტრის პოზიცია არ გაიზიარეს „ევროპული საქართველოს“ დეპუტატებმა – ელენე ხოშტარიამ და სერგი კაპანაძემ, რომლებამც მინისტრს შეახსენეს, რომ ის პარლამენტში იმყოფება.
„თქვენ რა გააკეთეთ?! სარალიძეს თავზე დაახიეთ კარავი, შეურაცხყოფები აყენეთ და მიწაზე ათრიეთ. აი, ეგ გააკეთეთ. რაზე ლაპარაკობთ საერთოდ, რა სინდისით ლაპარაკობთ. ჯანდაბას წაუღია კომისია, ამ ხალხს რას პასუხობთ?! თქვენი პასუხისმგებლობა სად არის?!“, – მიმართა ელენე ხოშტარიამ.
თავის მხრივ, გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ სიმართლის მოსმენა მწარეა: „ისე, სიმართლემ ასე იცის ხოლმე, მწარეა უსმინო“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.
„მწარეა შვილმკვდარი მამის ყურება. სად გაქვთ პასუხისმგებლობა! შინაგან საქმეთა მინისტრი ხართ და მაიმუნობთ აქ!“, – უპასუხა ხოშტარიამ გახარიას.
არ დააყონა გახარიას პასუხმაც: „არ გადამრიოთ, რა მაგრები ხართ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მომისმინეთ ყურადღებით, როდესაც ატრიალებთ ამ ფრაზებს, ამას ვეძახი თქვენს ფსევდოინტელექტუალურ ცეკვებს კამერების წინ. მე თქვენ შინაარსობრივ საუბრებს გთავაზობთ. თქვენი შეკითხვების არც მე და არც ჩემს გუნდს არ ეშინია, საკმაოდ სუსტად მსჯელობთ“, – მიმართა გიორგი გახარიამ, რომელმაც ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის მუშაობას „წარუმატებელი“ უწოდა და აღნიშნა, რომ ოპოზიცია მოზარდების მკვლელობის საქმეს პოლიტიკურად იყენებს.
„თქვენ ვერ იქნებით ჩემზე უფრო დაინტერესებული, რომ ეს საქმე დასრულდეს. ბოდიში, მაცალეთ, თქვენ თუ ვერ ხვდებით, რას ვგულისხმობ, როდესაც ვამბობ, რომ საგამოძიებო კომისია იყო ტრაგედია არა მარტო ერთი ადამიანის, იმ ხალხის, ვინც ამ კომისიაში იჯდა, არამედ თქვენი, ამის შემდგომ ეს პასუხისმგებლობა როგორ იქნება საერთო ჩვენი ყველასი, ამას ვნახავთ, ამას მე გპირდებით“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
ამის შემდეგ ტრიბუნასთან მდგომ შს მინისტრს სერგი კაპანაძემ უპასუხა:
„ბატონო გიორგი, თქვენ ბევრი იწვალეთ, მაგრამ ვერც ერთ კითხვას, რომელიც შერჩევით სამართალს ეხებოდა, პასუხი ვერ გაეცით, უფრო მეტიც, გააღრმავეთ ის განცდა, რომ შერჩევითი სამართალი ამ ქვეყანაში არის სერიოზული პრობლემა“, – მიმართა სერგი კაპანაძემ.