ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობაში ცვლილებებია, - თეთრი სახლის ლიდერის გადაწყვეტილებით თანამდებობას ამჯერად თავდაცვის მდივანი დატოვებს. განცხადება დონალდ ტრამპმა Twitter-ზე გააკეთა.
პრეზიდენტის თქმით, ჯეიმს მეტისი პოსტს თებერვალში დატოვებს. თეთრი სახლის ლიდერმა მიზეზებიც განმარტა და დასძინა რომ მასსა და მეტის შორის მნიშვნელოვან საკითხებზე უთანხმოებაა. „გენერალი მეტისი თანამდებობას თებერვალში დატოვებს, მან ჩემს ადმინისტრაციაში , თავდაცვის მდივნის პოსტზე 2 წელი იმუშავა, ამ ხნის განმავლობაში ჩვენ დიდ პროგრესს მივაღწიეთ“ - ნათქვამია ტრამპის განცხადებაში.
აღსანიშნავია, რომ ჯეიმს მეტისსა და ტრამპს შორის აზრთასხვადასხვაობაზე მედია ჯერ კიდევ დიდი ხნის წინ წერდა. გავრცელებული ცნობით, თავდაცვის მდივანი არ ეთანხმებოდა პრეზიდენტის პოლიტიკას ავღანეთში და წინააღმდეგი იყო სირიიდან ამერიკელი სამხედროების გამოყვანის თაობაზეც.