საპრეზიდენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, პაატა ბურჭულაძემ, „რუსთავი 2“ -ის პირდაპირ ეთერში, სალომე ზურაბიშვილი გააკრიტიკა და განაცხადა, რომ არ შეიძლება საქართველოს პრეზიდენტი გახდეს ქალი, რომელიც 2008 წლის ომის დაწყებას ქართულ მხარეს აბრალებს და არ არის პატრიოტი. ბურჭულაძის განცხადებიდან დაახლოებით სამ კვირაში, კახელების გულის მოსაგებად, თელავში, გამართულ ინაუგურაციაზე ზურაბიშვილმა აღიარა, რომ რუსეთი ოკუპანტია. იგივე პატრიოტობაზე მორალის წამკითხველმა ბურჭულაძემ კი, პუტინის და კახელების გულის მოგება, ორი კურდღლის მადევარივით, ერთდროულად მოინდომა და სანქტ-პეტერბურგში, ვლადიმერ პუტინს „ღვინოვ კახურო“ უმღერა.
ციხე შიგნიდან გატყდა. ბურჭულაძეს კრიტიკა მოძმე „ნაციონალებმაც“ არ დააკლეს - მოკლედ რომ ვთქვათ, არ შეარგეს ვალოდიას თანდასწრებით სიმღერა, მაგრამ, თუ კაცს ემღერება რა ქნას?! ის უფრო საკითხავია, საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების შემხედვარე ბურჭულაძე რამ აამღერა? - რატომ და როგორც, ოპერის მომღერალმა თავად თქვა - იური ტემირკანოვის მეგობრობამ სძლია. როგორც ჩანს, პოლიტიკიდან საოპერო სცენაზე დაბრუნებულმა პაატა ბურჭულაძემ პოლიტიკური და კულტურული ურთიერთობები ერთმანეთისგან გამიჯნა და განაცხადა, რომ მეგობრის იუბილეზე მომავალშიც აუცილებლად ჩავა და თავს დაუკრავს ყველა დიდ ხელოვანს.
კულტუროლოგი, ლელა იაკობაშვილი For.Ge - სთან საუბრისას აცხადებს, რომ კულტურისა და პოლიტიკის ერთმანეთისგან გამიჯვნა არაფრით შეიძლება, რადგან ნებისმიერი ომის თემა კულტურული ექსპანსიაა.
„კულტურული ექსპანსიაა ნებისმიერი ომის თემა. უნდათ თავისი კულტურული პარადიგმის გადატანა ექსპანსირება სხვა სივრცეზე და ამას ახერხებენ პოლიტიკით, ამას ახერხებენ ომით, ბრძოლით და ა.შ. ამიტომ პოლიტიკა და კულტურა ვერაფრით ვერ გაემიჯნება ერთმანეთს. პოლიტიკა არის კულტურის ტექნოლოგია, ინსტრუმენტი და იარაღი, მეტი არაფერი. მესმის, რომ მიამიტურად ვიღაცა მღერის რაღაცას, სადღაც, მაგრამ კაცს ჰქონდა პოლიტიკური ლიდერის ამბიცია.
ძალიან კარგად ესმის ასეთ შემთხვევაში პოლიტიკა რომ იარაღია კულტურისათვის. იმ ქვეყანაში, სადაც პოლიტიკური ლიდერი გინდოდა გამხდარიყავი, მით უმეტეს მიუღებელია მსგავსი საქციელი“, -განაცხადა ლელა იაკობაშვილმა.
ანალიტიკოსი, აზიკო (ილია) სისვაძე კი მიიჩნევს, რომ ბურჭულაძეს პოლიტიკური წარსული რომც არ ჰქონოდა, მისი ეს საქციელი ეროვნული თავმოყვარეობიდან გამომდინარე მაინც გაუმართლებელი იქნებოდა.
„მესმის, რომ მეგობრობა მრძნობიარე საკითხია ნებისმიერი ქართველისათვის, მაგრამ, თუ მაინც წასვლას აპირებდა, მაშინ ბურჭულაძეს ოფიციალურად უნდა გაეხმაურებინა თავისი პოზიცია და ეთქვა, რომ იმიტომ კი არ ჩავდივარ რუსეთში, რომ ამ სახელმწიფოსადმი სიმპათია მაქვს, არამედ ჩავდივარ მხოლოდ და მხოლოდ მეგობართან. ბურჭულაძეს პოლიტიკასთან შეხება რომც არ ჰქონოდა, ეროვნული თავმოყვარეობიდან გამომდინარე, როგორც მომღერალი, მაინც არ უნდა ჩასული რუსეთში.
თანამედროვე რუსეთი, როგორც უკუდურესად ავტორიტარული და შუა საუკუნეებში ჩარჩენილი სახელმწიფო, სხვა ქვეყნებთან მიმართებაში თავის აგრესიულ პოლიტიკას უქვემდებარებს ურთიერთობის ყველა სფეროს - ეკონომიკას, რელიგიას, კულტურას და თვით სპორტსაც კი. იგი თითოეულ ამ მიმართულებებს, როგორც ჩვენს, ისე დანარჩენი მსოფლიოს წინააღმდეგ მოხერხებულად იყენებს, როგორც ჰიბრიდული ომის შემადგენელ ნაწილებს არანაკლებ სახიფათო შედეგებით, ვიდრე ტანკი, ბომბდამშენი ან რაკეტებია.
ამ ფონზე, როდესაც ჩვენი საეჭვო ორიენტაციის პოლიტიკოსები თუ აპოლიტიკური კულტურისა და ხელოვნების წარმომადგენლები მტრის ბუნაგში მათ გასართობას ჩადიან, ამით ფაქტიურად დანარჩენ მსოფლიოს ეუბნებიან: ოკუპაციას უკვე შევეგუეთ, ურთიერთობები მოვაწესრიგეთ და ამ კეთილშობილ ქვეყანას თქვენ რაღას ედავებითო.
რაც შეეხება ქართველ კულტურის მოღვაწეთა თაყვანისცემას რუსული კულტურისა და მისი წარმომადგენლებისადმი, შევახსენებ, რომ ყველა ეპოქაში მათი აბსოლუტური უმრავლესობა რუსული იმპერიალიზმისა და დაპყრობილი ერების დაუნდობელი ჩაგვრის პოლიტიკის მთავარი იდეოლოგები იყვნენ და ასეა ახლაც, პირველ რიგში ჩვენს მიმართ.
პაატა ბურჭულაძის მიწვევა მისი რუსი მეგობრის საიუბილეო კონცერზე ჩვენს მიმართ გაჩაღებული ჰიბრიდული ომის შემადგენელი ნაწილია და სამწუხაროა, რომ ბატონი პაატა ამ ანკესზე წამოეგო და თანაც განაცხადა, რომ რუსეთში მეგობრებთან ურთიერთობას არასოდეს მოერიდება. მას შემდეგ, რაც მან ფეხი შედგა პოლიტიკაში, უკვე იკისრა შესაბამისი პოლიტიკური პასუხისმგებლობაც, რასაც ვერასოდეს გაექცევა და უნდა აცნობიერებდეს, რომ ეროვნული ინტერესები ნებისმიერ სხვა ინტერესზე, მათ შორის მეგობრობაზეც მაღლა დგას.
სხვათა შორის, რუსი პოლიტიკოსები და მათი აგენტურა ჩვენს წინააღდეგ ყოველთვის ძალზე ეფექტურად იყენებდა ქართულ დონ-კიხოტურ-რაინდულ პოლიტიკურ გულუბრყვილობას. როგორც ჩანს, ამჯერად მათი მსხვერპლი ჩვენი სასიქადულო მომღერალი გახდა“,- განაცხადა აზიკო (ილია) სისვაძემ.
და, ღმერთმა იცის ვინ იქნება შემდეგი...