გიორგი მარგველაშვილი აცხადებს, რომ ამ ვითარებაში მესამე ძალის არსებობა ჯერჯერობით შეუძლებელია, ორპოლუსიან პოლიტიკაში ყოფნა კი არ უნდა. ყოფილი პრეზიდენტის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ ის მიიღებდა გადაწყვეტილებას კენჭი ეყარა საპრეზიდენტო არჩევნებში, უნდა გაერთიანებულიყო ოპოზიცია და მაინც ორპოლუსიანი პოლიტიკური ვითარება იქნებოდა.
„ორი ძლიერი ჩამოყალიბებული ძალა თავისი რესურსით, იდეოლოგიური დღის წესრიგით, მხარდამჭერებით, ამომრჩევლით, თავის ფინანსური შესაძლებლობებით ერთმანეთს უპირისპირდება. ამ ფონზე შესაძლებლობა მესამე ძალის გაჩენის, მაშინ, როდესაც მესამე ძალა წარმოადგენს მათთვის თავდასხმის ობიექტს, უბრალოდ ბუნებაში შეუძლებელია.
როდესაც მესამე ჩნდება, ის არის შედარებით სუსტი და უპირისპირდება ორი ძლიერი ბანაკი. მე რომ გამოვსულიყავი არჩევნებზე, მაინც ორპოლუსიანი იქნებოდა ეს ამბავი – მოხდებოდა ოპოზიციის გაერთიანება ხელისუფლების წინააღმდეგ და მე უნდა მეთამაშა ორპოლუსიან პოლიტიკაში როლი“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
პრეზიდენტის არჩევნების შემდეგ, სულ უფრო აქტიურია განცხადება მესამე ძალის არსებობის აუცილებლობაზე. ახალი პოლიტიკური ცენტრის შექმნას აანონსებს ექსპერტი გია ხუხაშვილი, რომლის განცხადებით, მხოლოდ ორი პოლიტიკური ძალის მახინჯი ფორმით არსებობა ქვეყანაში უნდა დასრულდეს. შესაბამისად, იქნება მესამე ძალა პოლიტიკაში, პროექტის დასრულების შემდეგ კი, ამბობს, რომ გვერდზე გაიწევა.
გია ხუხაშვილი აცხადებს, რომ მისი მიზანია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღება და შემდეგ უკვე ხელისუფლების ჩანაცვლება იქნება. ექსპერტი ამბობს, რომ ამ დროის პოლიტიკური რეალობიდან გამომდინარე, ქვეყანაში სხვა ალტერნატიული პოლიტიკური ძალის შექმნის აუცილებლობა დგას დღის წესრიგში და ის უახლოეს მომავალში შეიქმნება.
„ადრე ერთჯერად პროექტებში ვღებულობდი მონაწილეობას რომელიც ხელისუფლების შეცვლას ითვალისწინებდა, ახლა საჭიროა მესამე ძალის შექმნა – ძალიან ბევრმა დღეს არ იცის ხმა ვის მისცეს, არც „ნაციონალური მოძრაობა“ მოსწონს და არც „ქართული ოცნება“. 21–ე საუკუნეა და არჩევანი ცუდსა და უარესს შორის უნდა დასრულდეს. არჩევანი მომავალზე უნდა იყოს ორიენტირებული.
ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს, რომ არსებული პოლიტიკური ელიტა ვერანირ სტანდარტებს ვერ უძლებს, ისეთი გამოწვევის წინაშე დგას ეს ქვეყანა – რბილად რომ ვთქვათ, არც ოპოზიციური და არც სახელისუფლებო ჯგუფი მზად არ არის იმისთვის, რომ არსებული პრობლემები გადაწყვიტოს. უნდა დამთავრდეს ორპოლუსიანი შულერული თამაშები.
აქედან გამომდინარე, დადგა ახალი პოლიტიკური ცენტრის შექმნის აუცილებლობა. ეს არის სახელმწიფოებრივი აუცილებლობა, რომ ადამიანებში ჩაბუდებული ნიჰილიზმი და მომავლის არარსებობის განცდა გადაილახოს და გაჩნდეს ნაციონალური განვითარების ენერგია. ამას სჭირდება ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრების გაჩენა ამ ქვეყანაში“, – აცხადებს for.ge–სთან საუბრისას გია ხუხაშვილი.
ფილოსოფოსი ზაზა ფირალიშვილი ამბობს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებმა ძალიან დიდი ფსიქოლოგიური და მორალური რესურსები შეიწირა. შესაბამისად, ამ ვითარებაში არა მხოლოდ ე.წ. შუაშისტი, არამედ თავისი მომხრე ამომრჩეველის მობილიზებაც გაუჭირდება ნებისმიერ მხარეს.
„შესაძლოა, რომელიმე იმ ძალას აქვს წარმატების იმედი, რომელიც თავის თავს ე.წ. მესამე ძალას მიაკუთვნებს, მაგრამ არა ვარ დარწმუნებული, მათ რაიმე რეალური შანსი ჰქონდეთ. ჯერ ერთი, რომ შორის ახალი არჩევნებისათვის მზად არც ერთი არ ჩანს. გარდა ამისა, ამომრჩეველიც ემოციურად გადაღლილია და არ ჩანს მზად, რაიმე ძველისგან განსხვავებული არჩევანი გააკეთოს. უკეთეს შემთხვევაში, ის პასიური იქნება, უარესში კი იმავე არჩევანს გააკეთებს, რაც ამ რამდენიმე ხნის წინ და ეს კიდევ უფრო გააღრმავებს უიმედობის განცდას. თქვენ წარმოიდგინეთ, ამომრჩეველსაც გაფრთხილება უნდა“, – აღნიშნა for.ge–სთან საუბრისას ზაზა ფირალიშვილმა.
არსებულ პოლიტიკურ ვითარებაში მესამე ძალის აუცილებლობაზე საუბრობს კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ძაბირაძე, თუმცა ამბობს, რომ ეს არ იქნება ექსპრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, რომელსაც თუ ამის სურვილი და განზრახვა ჰქონდა, ეს უნდა გაეკეთებინა გუშინ და არა ხვალ.
„გიორგი მარგველაშვილმა მიიღო გადაწყვეტილება და გარკვეული პერიოდი ის ვერანაირი პოლიტიკური ძალის ლიდერი ვერ იქნება. ამიტომ, არც განვიხილავ ამ საკითხს. რაღაცა ისეთი უნდა მოხდეს, რომელიც მის გადაწყვეტილებას, რომ დაბრუნდეს პოლიტიკაში, გაამართლებს. ასე მარტივად, გუშინ არ მინდოდა და დღეს მინდა, არ ხდება. საზოგადოება ამას არ მიიღებს და თქვენ წარმოიდგინეთ, რომ არც ოპოზიცია მიიღებს.
ოპოზიცია დიდი ხანია თავისკენ „ექაჩება“ მარგველაშვილს, მან არ გადადა ეს ნაბიჯი. მე ვთვლი, რომ სწორად მოიქცა, მაგრამ ეს ნიშნავდა, რომ ის ტოვებდა პოლიტიკას. თუ პოლიტიკაში დარჩენა უნდოდა, მაშინ ეს ნაბიჯი უნდა გადაედგა. ყველაფერი ერთმანეთისგან გამომდინარეობს. როგორ გგონიათ, ხვალ რომ განაცხადოს, მე ვაპირებ პარტიის შექმნას, რა გამოვა აქედან? – არც არაფერი“, – აცხადებს for.ge–სთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.
პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე ამბობს, რომ მარგველაშვილი აუცილებლად უნდა იყოს პოლიტიკაში, რადგან მას ბევრი ისეთი თვისება აქვს, რაც ქართულ პოლიტიკაში იშვიათია. რაც შეეხება მესამე პოლიტიკური ძალის აუცილებლობას პოლიტოლოგი ამბობს, რომ პოლიტიკაში ძალა არ არის წერიტილი, რადგან ძალის ქვეშ იგულისხმება ის, როცა პოლიტიკური ფიგურის უკან დგაგან ადამიანები, რადგან ერთ ფიგურაზე არასოდეს არ იგება პოლიტიკა. ასეთი ფიქურები ქართულ პოლიტიკაში, რომელთა უკან ცოტა ხალხია, საყვარელიძეს განცხადებით, ბევრია საქართველოში.
„მაგრამ მაინც მესამე ძალაზე იმიტომ ვლაპარაკობთ, რომ მათ უკან ძალა არ იგულისხმება. ამდენად, რაც შეეხება ამ სიახლეს, მესამე ძალას, სალაპარაკოა არა ახალი ფიგურის გაჩენა, არამედ ისეთი ძალის გაჩენა, რომელსაც ხალხის მობილიზაცია შეუძლია. ასეთ ფიგურად ბოლო ხანებში გამოიკვეთა „პატრიოტთა ალიანსი“. არის ეს მისაღები თუ არა, ფაქტია, რომ ადამიანთა დიდი რიცხვი „პატრიოტთა ალიანსმა“ გამოიყვანა ქუჩაში. ამიტომ, საკმაოდ რეალურია, მით უმეტეს, რომ ბევრ იმ პუნქტს, რასაც „პატრიოტთა ალიანსი“ ხაზს უსვამს, ყურადღებას აქცევს საზოგადოების ნაწილი. ამიტომ, არ გამოვრიცხავ, რომ ასეთი მესამე ძალა აღმოჩნდეს „პატრიოტთა ალიანსი“. ამ პარტიაზე თუ ვილაპარაკებთ, როგორც მესამე ძალაზე, იქ მგონი მარგველაშვილი არ იქნება. მის პოლიტიკურ გემოვნებაში არ არის „პატრიოტთა ალიანსი“, – აღნიშნა for.ge–სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.