რას ფიქრობს გრიგოლი, არავინ იცის. მიუხედავად იმისა, რომ რუსთაველზე „ნაციონალების“ მიერ მოწყობილ მცირერიცხოვან აქციაზე ვიდეოზარით ჩართულმა მიხეილ სააკაშვილმა არჩევნებში დამარცხებულ საკუთარ ფალავანს გასამხნევებლად შეუძახა, რომ იგი ძალიან მაგარ პოლიტიკურ ლიდერად ჩამოყალიბდა და ისტორიული მასშტაბით დიდი პოლიტიკური ვარსკვლავი დაიბადა საქართველოში, გრიგოლ ვაშაძე მაინც ყველაფრით დაიღალა და ხმაში სენტიმენტები შეერია.
მას შემდეგ, რაც გრიგოლ ვაშაძე გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაკურციხეში დაკავებულ „გაერთიანებული ოპოზიციის“ ერთ-ერთ ლიდერ დავით კირკიტაძესთან ჩავიდა, მან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ აღშფოთებულია მომხდარით და საქართველოში ცხოვრება აღარ შეუძლია.
„ხალხო, ამ სახელმწიფოში ცხოვრება აღარ შემიძლია“, - ასეთია გრიგოლ ვაშაძის ტირადა.
ვაშაძის რეპლიკას თუ დავუჯერებთ, ხომ არ აპირებს „ნაციონალების“ ფალავანი იმ სახელმწიფოში დაბრუნებას, სადაც მას მუდამ შეეძლო ცხოვრება და სადაც ცხოვრების ისტორიული გამოცდილება ჰქონდა?
ანალიტიკოს დავით ზარდიაშვილს უჭირს იმის განმარტება, რას ნიშნავს გრიგოლ ვაშაძის მიერ პათოსით წარმოთქმული ეს სიტყვები. For.ge-სთან საუბარში დავით ზარდიაშვილი აცხადებს, რომ, ალბათ, გრიგოლი რუსეთს მიაშურებს, მით უმეტეს, რამდენჯერ უთქვამს, ნეტავ, ისევ მოსკოვში ჩამიყვანაო.
„რას ნიშნავს გრიგოლ ვაშაძის ეს განცხადება, რომ, თუ მე არ ვიქნები პრეზიდენტი, იმ სახელმწიფოში აღარ ვიცხოვრებო? ეს ხომ სასაცილოა? რა თქმა უნდა, „ნაციონალებს“ გაუჭირდათ, პირველ ტურში უკეთეს შედეგს მიაღწიეს, მაგრამ მეორე ტურში დამარცხდნენ. გრიგოლს დღეს სხვა გზა არ აქვს, მოუწევს ამ სახელმწიფოში ცხოვრება, თუ არადა, გზა ოთხივე მხრივ ხსნილია, სადაც უნდა, იქ წავიდეს. ალბათ, რუსეთს მიაშურებს, მით უმეტეს, რამდენჯერ უთქვამს, ნეტავ, ისევ მოსკოვში ჩამიყვანაო“,-აღნიშნა დავით ზარდიაშვილმა.
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ მისთვის რთული სათქმელია, რას ფიქრობს გრიგოლ ვაშაძე, თუმცა რა განცხადებებსაც ის აკეთებს, მისი ბიოგრაფიიდან გამომდინარე, მან აშკარად ისეთ საქმეში გაყო თავი, რომელიც არც მის სტატუსს შეეფერება, არც მის წარმომავლობას და ბიოგრაფიას.
„აშკარად რაღაც გარემოებების გამო, რომელზედაც გრიგოლ ვაშაძემ ვერ უთხრა უარი სააკაშვილს, იგი გახვეული აღმოჩნდა ამ საქმეში და ახლა შეიძლება ცდილობდეს სახის შენარჩუნებით გამოვიდეს ამ პროცესიდან. შესაძლოა, ეს ერთი ვარიანტი იყოს. თუმცა შეიძლება მეორე ვარიანტიც არსებობდეს და გრიგოლ ვაშაძეს, უბრალოდ, ემოციურ ფონზე წამოსცდა ეს სიტყვები, რომ ამ სახელმწიფოში ცხოვრება აღარ შეუძლია. ამდენად, იგი ისევ გააგრძელებს პოლიტიკაში ყოფნას და გახდება ერთ-ერთი რიგითი „ნაციონალი“, - განმარტავს ზაალ ანჯაფარიძე.
ანალიტიკოს ვახტანგ მაისაიას შეფასებით, გრიგოლ ვაშაძის ტირადიდან გამომდინარე, ირკვევა, რომ ვაშაძემ თავი დამარცხებულ, ბანკროტ პოლიტიკოსად გამოაცხადა და, როგორც ჩანს, ის აპირებს დაუბრუნდეს მშობლიურ რუსეთს.
„კარგია, თუ ის დაუბრუნდება საკუთარ „სამშობლოს“, ამ შემთხვევაში, რუსეთისა და საკუთარი „სამშობლოს“ წიაღსვლებში გააგრძელებს თავის პოლიტიკურ მოღვაწეობას. რუსეთს სჭირდება ისეთი პოლიტიკოსი, როგორიც გრიგოლ ვაშაძეა. გასაკვირი არ არის, რომ ვაშაძე წასვლას აპირებს მშობლიურ რუსეთში და, ალბათ, მალე წავა კიდეც. მისი ეს განცხადება ნიშნავს, რომ თამაშიდან გადის და წავა იქ, სადაც უფრო კომფორტულად იგრძნობს თავს“, - განმარტავს ვახტანგ მაისაია For.ge-სთან საუბარში.