ლინკოლნ მიტჩელი:

ლინკოლნ მიტჩელი:"ქართული წიწილას თამაში"

შავი ზღვის სანაპიროზე მდებარე პატარა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაში, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კერძი შემწვარი წიწილაა. წიწილას აბრტყელებენ და მერე წვავენ. სამწუხაროდ, ეს გემრიელი კერძი, ქართული სახელმწიფოს დემოკრატიის ზუსტ მეტაფორად იქცა, დემოკრატიისა, რომელიც იმდენად გააბრტყელეს, რომ ქვეყანაში ფართოდ არის გავრცელებული პოლიტიკური რეპრესია, პოლიტიკურ ცხოვრებაში შიშის ატმოსფერო სუფევს და მედიის თავისუფლება შეზღუდულია. ბოლო დღეებში გავრცელებული ვიდეოები, რომელიც ციხეებში არსებულ საზარელ ძალადობას ასახავს, საქართველოს დღევანდელ ყოფას ასახავს. გამოდის, და არც არის გასაკვირი, რომ გაბრტყელება წიწილის შესაწვავად არის კარგი მეთოდი და არა დემოკრატიის გასანვითარებლად.

გადამწყვეტ საპარლამენტო არჩევნებამდე ორ კვირაზე ნაკლები რჩება და საქართველოს მთავრობა წიწილის თამაშს თამაშობს. თუმცა წიწილის შეწვისგან განსხვავებით, ეს კულინარია არ არის, კარგად არ დასრულდება და თამაშში მაღალი ფსონები დევს. ეს საქართველოს მთავრობის მხრიდან დასავლეთის გამოწვევაა იმაზე, თუ ვინ ვის დაასწრებს. 1 ოქტომბრის არჩევნებამდე თვეების განმავლობაში უამრავი საერთაშორისო დამკვირვებელი, არჩევნების მონიტორი და უცხოელი დიპლომატი თუ ლიდერი გამოთქვამდა წუხილს და აცხადებდა, რომ არსებული გარემო სამართლიანი არჩევნებისათვის ხელსაყრელი არ არის. ციხის ძალადობასთან დაკავშირებულმა სკანდალმა, რომელიც ფართოდ გავრცელდა და განსაკუთრებით დამანგრეველია ისეთი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, რომელსაც პატიმართა რაოდენობის მხრივ ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს მსოფლიოში, პოლიტიკური გარემო კიდევ უფრო გაამწვავა, რაც ასუსტებს მმართველი პარტიის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერას და მისი გამარჯვებისთვის აუცილებელს ხდის ფართომასშტაბიან გაყალბებას.

იმის ნაცვლად, ისეთი პრობლემების გადაჭრაზე ეზრუნათ, როგორიცაა მედიის ხელმისაწვდომობა, ოპოზიციის აქტივისტების პირდაპირი დევნა, ან საკუთარი თავის დაცვა მაინც, საქართველოს მთავრობამ არგუმენტი შეიმუშავა, რომ მთავარი ოპოზიციური ძალები, დასავლეთზე ორიენტირებული დიპლომატები, საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ყოფილი მოკავშირეები და სხვები, რომელთაც სათავეში უდგათ ბიზნესმენი და ქველმოქმედი ბიძინა ივანიშვილი, იმისთვის ემზადებიან, რომ არჩევნები გაყალბებულად გამოაცხადონ, გამოსვლები მოაწყონ და დასავლეთს ჩარევა მოსთხოვონ.

პოზიცია შეაჯამა საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივანმა გიგა ბოკერიამ, რომელმაც ახლახანს განაცხადა, რომ „შეიძლება ვივარაუდოთ, რომ [ივანიშვილი] ემზადება ისეთი სიტუაციისთვის, როდესაც ის, თუკი დამარცხდება და როდესაც დამარცხდება თავისუფალ და სამართლიან არჩევნებში, განაცხადებს, რომ ხმები მოპარულია და მოემზადება ქუჩის გამოსვლებისთვის“. ამის კეთებით საქართველოს მთავრობა არ ცდილობს გახდეს უფრო დემოკრატიული, არამედ ძირს უთხრის ოპოზიციას და ურთულებს მათ იმის თქმის შესაძლებლობას, რომ არჩევნები გაყალბდა.

მათი გეგმის მიხედვით, არჩევნების შემდეგ, საქართველოს მთავრობა, რომელიც გარდაუვლად აღმოჩნდება ოპოზიციის უკმაყოფილების პირისპირ არჩევნებში არსებული დარღვევების გამო, იოლად იტყვის იმას, რომ ოპოზიცია მრავალი თვის განმავლობაში ჩიოდა და არჩევნების კანონიერად ცნობას არც არასდროს აპირებდა.

ეს დამაჯერებელი არგუმენტია და თავისთავად ლოგიკურიც. ის ასევე უარყოფს ყველაზე საგულისხმო ფაქტს, კერძოდ შესაძლო პოსტ-საარჩევნო დიალოგს. ოპოზიცია გააპროტესტებს არჩევნების გაყალბებას რადგან, თუ არა მკვეთრი და გადაუდებელი ცვლილებები, არჩევნები ჩატარდება უსამართლოდ, არათავისუფლად და არადემოკრატიულად.

შესაბამისად, საქართველოს მთავრობამ, წინდაუხედავად, თავადვე ცხადი გახადა ის, რომ თუ დასჭირდა არჩევნებს გააყალბებს თუკი ვინმე მათ შეჩერებას შეეცდება. როგორც ეს წიწილას თამაშშია, საქართველოს მთავრობა მეტაფორულად თავის ავტომობილს მეორე ავტომობილისკენ მიაქანებს და იმის დემონსტრირებას ახდენს, რომ არც გაჩერდება და არც გადაუხვევს. შეერთებული შტატები და ევროპა, რომლებიც, შეიძლება ითქვას, რომ მეორე ავტომობილის საჭესთან სხედან, მართალია გარკვეული ორაზროვნებით, მაგრამ მაინც მიანიშნებენ, რომ მათ საქართველოში სამართლიანი არჩევნები უნდათ და ახლოდან დააკვირდებიან პროცესს.

ან საქართველოს მთავრობას მოუწევს საჭის მიბრუნება, რომ გზა გაუხსნას უკეთეს არჩევნებს ან დასავლეთს მოუწევს სხვა გზის ძიება როდესაც არჩევნები გაყალბდება. სხვა გზის ძიებაში ერთ-ერთი შეიძლება იყოს საქართველოს მთავრობის სიურეალისტური პოზიციის მხარდაჭერა, რომ მთავარი პრობლემა საქართველოში არა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების არარსებობაა, არამედ ის რომ პოლიტიკური ოპოზიცია ძალიან ბევრს ჩივის. ერთი შეხედვით ეს აბსურდული მტკიცებაა, თუმცა, გამორიცხული არ არის დასავლეთმა განაგრძოს ამ კურსის მხარდაჭერა.

მეორე არჩევანი კი დასავლეთისთვის არის ის, რომ არ დაიხიოს უკან და არჩევნების შემდეგ მხარი დაუჭიროს ოპოზიციას, რომელიც გაყალბებულ არჩევნებს გააპროტესტებს, რითაც არჩევნების ლეგიტიმაციას ეჭქვეშ დააყენებს, რაც გამოიწვევს ერთმანეთისკენ მიმავალი ქართული და დასავლური მანქანების შეჯახებას. ამ ავარიის შედეგების პროგნოზირება შეუძლებელია, თუმცა სავარაუდოდ ის არ დასრულდება კარგად საქართველოს მთავრობისთვის და პოტენციურად ბევრ დასავლელ პოლიტიკოსს პრობლემას შეუქმნის.

ცხადია, ეს დასავლეთს რთულ მდგომარეობაში აყენებს, რადგამ მისი არჩევანი იმაში მდგომარეობს, რომ ან არ შეიმჩნიოს არჩევნების თითქმის აშკარა გაყალბება საქართველოში ან დაუპირისპირდეს მას, იცის რა, რომ საქართველოს მთავრობა გაჯიუტდება და ამ ბრალდებებს უარყოფს. პირველი არჩევანი შეერთებულ შტატებს და ევროპას კარგად არ წარმოჩენს და კიდევ ერთხელ მიაყენებს ზიანს მათდამი, როგორც არბიტრებისა და დემოკრატიის მხარდამჭერებისადმი ნდობას, მაშინ როცა მეორე არჩევანმა შეიძლება საქართველოსა და მთლიანად რეგიონში არასტაბილურობა გამოიწვიოს. ფანჯარა სამართლიანი არჩევნების მოთხოვნისა და ჩარევისთვის საქართველოში მალე დაიხურება, ხოლო როდესაც ის დაიხურება ქართულ წიწილას თამაშში დასავლეთისათვის გამარჯვების სტრატეგია აღარ იარსებებს.
foreignpress.ge