„სახელმწიფომ გადაწყვიტოს, რა ურჩევნია - საკუთარი მოსახლეობის წინაშე იყოს პირნათელი, თუ დასავლეთის წინაშე“

 „სახელმწიფომ გადაწყვიტოს, რა ურჩევნია - საკუთარი მოსახლეობის წინაშე იყოს პირნათელი, თუ დასავლეთის წინაშე“

ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით განაჩენის გამოცხადების შემდეგ ია მეტრეველმა აღნიშნა, რომ დღეიდან ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენა მკვიდრდება.

თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ უამრავი ადამიანია რიგში და მოუთმენლად ელის სამართლიანობის აღსრულებას, ჩნდება კითხვა, რამ შეიძლება დააბრკოლოს ეს პროცესი და უნდა ვირწმუნოთ თუ არა, რომ ბიძინა ივანიშვილის დაპირებისამებრ, ხალხის ნება აღსრულდება.

რასაკვირველია, ყველამ წინასწარ იცის, რომ მოსალოდნელია „ნაციონალების“ შეხვედრა დიპლომატებთან, დამნაშავეების პოლიტპატიმრებად წარმოჩენა და ცალკეულ დიპლომატთა შეშფოთებაც, რომ ქვეყანაში არ შეიძლება პოლიტიკური ნიშნით დევნა, მაგრამ აქ მთავარია, შედრკება თუ არა ამით ჩვენი ხელისუფლება? როგორი გაგრძელება შეიძლება მოჰყვეს დაკავებებს და მართლაც დაიწყება თუ არა სამართლიანობის აღდგენა?

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ ბუტა რობაქიძის საქმეზე განაჩენის გამოტანით საეჭვოა, შორსმიმავალი დასკვნის გამოტანა შეგვეძლოს, რომ საქართველოში თურმე სამართლიანობის აღდგენის ტენდენცია იწყება. ბუტა რობაქიძის მკვლელობის გამოძიების ბოლომდე მიყვანა მხოლოდ ერთი საქმეა და ვნახოთ, პროცესი როგორ განვითარდება, რადგან რობაქიძეების ოჯახის გარდა „ნაციონალების“ დროს ძალიან ბევრი ადამიანი დაზარალდა. თუ ეს პროცესი გაგრძელდება და მიიღებს ისეთ ფორმას, რასაც ელოდება საზოგადოება, მაშინ შეიძლება ვილაპარაკოთ სამართლიანობის აღდგენის ტენდენციაზე.

„უამრავი საქმეა გამოსაძიებელი, ამ საქმეების მსვლელობისას შესაძლოა, შეგვხვდეს დასავლეთისგან წინააღმდეგობა. რა თქმა უნდა, გვეტყვიან, რომ ეს ოპონენტთა პოლიტიკური დევნაა, მაგრამ აქ უკვე სახელმწიფომ უნდა გადაწყვიტოს, რა ურჩევნია, საკუთარი მოსახლეობის წინაშე იყოს პირნათელი, თუ დასავლეთის წინაშე“, - აღნიშნა ზაალ ანჯაფარიძემ.

ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ, რასაკვირველია, მოსალოდნელია „ნაციონალების“ შეხვედრა დიპლომატებთან და დიპლომატების შეშფოთებაც, მაგრამ „ნაცების“ აქტიურობას არაფერი მოჰყვება, რადგან დაუშვებელია დიპლომატებმა დამნაშავე პირების გამართლება მოგვთხოვონ.

„ია მეტრეველის განცხადებას მინდა შევუერთდე და იმედი ვიქონიო, რომ სამართლიანობა აღდგება. ბოლოს და ბოლოს, დაიწყება ეს პროცესი და ყველა დამნაშავეს საკადრისი მიეზღვება. ბუტა რობაქიძის საქმის შემთხვევაში, ეს სასამართლოს გადაწყვეტილება იყო და ამას რატომ უნდა მოჰყვეს გართულებები?! აქაც „ნაცები“ იხმაურებენ, ხალხის შეკრებას დაიწყებენ, მცირე რაოდენობით ამას მოახერხებენ კიდეც, რადგან ასეთი ადამიანების გარკვეული რაოდენობა მუდმივად ეყოლებათ. შეიძლება, ისინი სექტადაც ჩამოყალიბდნენ და იხმაურონ ყოველგვარი შედეგის გარეშე.

ჩვენ გვახსოვს, ზვიადისტები როგორ აქტიურობდნენ. ცხადია, მათ „ნაციონალებს“ ვერ შევადარებ, რადგან ზვიადისტები ხალხის მიერ არჩეული პრეზიდენტის გაგდებისა და მისი დაღუპვის გამო იყვნენ ასეთ მდგომარეობაში. თუმცა მას შემდეგ ორი პარლამენტი იყო არჩეული და იყვნენ ისეთი რადიკალი ზვიადისტებიც, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ არალეგიტიმურია ყველა პარლამენტი, უნდა დაიშალოს და ზვიადი უნდა ჩამოვიდეს. ამას მას შემდეგაც ამტკიცებდნენ, რაც ზვიად გამსახურდია უკვე გარდაცვლილი იყო.

სამართალი ურმით დადის. დიდი იმედი მაქვს, სხვა საქმეებსაც გამოიძიებენ და სამართლიანობის აღდგენა დაიწყება. ამას დასავლეთიც გაგებით მოეკიდება, რადგან, როცა სიმართლე ჩვენს მხარესაა, არ გაგვიჭირდება ამ სიმართლის ახსნა“, - აღნიშნა დავით ზარდიაშვილმა და დავით კირკიტაძის დაკავებასაც გამოეხმაურა.

მისი თქმით, ათი პოლიციელია დაშავებული, მანქანები დამტვრეულია და რომელ ქვეყანაში გვინახავს, პოლიციელის გამლახავს პასუხი არ აგებინონ? ასეთი რამ შეუძლებელია. „ნაციონალების“ ხმაური არ ნიშნავს, რომ დამნაშავეები არ დააკავონ. თანაც, საკმაოდ კარგად აუხსნეს ოფიციალურმა პირებმა დიპლომატებს, რატომ მოხდა დაკავება, არსებობს საამისო ვიდეოკადრები, მტკიცებულებები და გართულება არც ამ ფაქტს მოჰყვება.

ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია მიიჩნევს, რომ ბუტა რობაქიძის საქმე იყო ისტორიულად გარდამტეხი, როცა „ნაციონალური“ რეჟიმის გარიჟრაჟზე ჩადენილ დანაშაულზე სამართლიანი შედეგის დადგომით დაიწყო ათვლის წერტილი, მაგრამ ამას მუხროვანის, აფრასიძეებისა და სხვა საქმეების გამოძიებაც უნდა მოჰყვეს.

„დღევანდელმა ხელისუფლებამ პოლიტიკური ნება უნდა გამოიჩინოს და ეს საქმეებიც ბოლომდე მიიყვანოს. 200 პოლიტპატიმრისა და 25 პოლიტდევნილის საქმის გამოძიება საბოლოოდ მიგვიყვანს სისტემური დანაშაულის გამოძიებამდე“,-აღნიშნა ვახტანგ მაისაიამ ჩვენთან საუბრისას.