სააკაშვილის გადადგომის შემთხვევაში რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები ნოემბერში გაიმართება

სააკაშვილის გადადგომის შემთხვევაში რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები ნოემბერში გაიმართება

საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გადადგომის შემთხვევაში რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები ნოემბერში გაიმართება.
როგორც "FrontNews” - ს კონსტიტუციონალისტმა ვახტანგ ხმალაძემ განუცხადა, პრეზიდენტის გადადგომის შემთხვევაში რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები 45 დღის ვადაში უნდა ჩატარდეს, ათვლა კი თანამდებობის დატოვებიდან მეორე დღეს დაიწყება.


ამასთან, მისივე თქმით, ასეთ შემთხვევაში საპარლამენტო და რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები ერთ დღეს ვერ გაიმართება, რადგან კონსტიტუციით განსაზღვრულია, რომ საპარლამენტო არჩევნები 2012 წლის ოქტომბერში უნდა ჩატარდეს, საპრეზიდენტო არჩევნები კი, თუ პრეზიდენტი დღეს, ან ხვალ გადადგა, ნოემბერში გაიმართება.


„სწორედ ამიტომ საპარლამენტო და რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნების ერთად ჩატარება არაკანონიერი იქნება", – აცხადებს ხმალაძე.


მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის მიერ თანამდებობის დატოვების შემთხვევაში პრეზიდენტის მოვალეობას პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე იმ დრომდე შეასრულებს, ვიდრე ახალი პრეზიდენტი ფიცს არ დადებს.


„რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნა 1 ოქტომბერს დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებს ხელს არანაირად არ უშლის. დავით ბაქრაძე კი, პარლამენტის წევრი იქნება და ამავდროულად, ახალი პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებამდე პრეზიდენტის მოვალეობას შეასრულებს", – დასძინა მან.


შეგახსენებთ, რომ კოალიცია „ქართული ოცნების" ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა დღეს მიხეილ სააკაშვილს „ბოლო რჩევა" მისცა და მოუწოდა, თანამდებობა დღესვე დატოვოს.