„რუსეთში არ უნდა ჩახვიდე ისე, როგორც მონა ჩადის ბატონთან“

„რუსეთში არ უნდა ჩახვიდე ისე, როგორც მონა ჩადის ბატონთან“

არის თუ არა მკრეხელობა პუტინის თვალწინ სიმღერა და არსებობს თუ არა საამისო რეკომენდაცია, ან ინსტრუქტაჟი, როგორ უნდა მოიქცეს სცენაზე მდგომი ხელოვანი, როდესაც დარბაზიდან პუტინი უცქერს?!

პაატა ბურჭულაძის გაკიცხვას ერთი-მეორის მიყოლებით გულმოდგინედ შეუდგნენ „ნაციონალები“, დაავიწყდათ რა, რომ აგვისტოს ომიდან სულ რაღაც სამ თვეში იმდროინდელი კულტურის მინისტრი გრიგოლ ვაშაძე რუსეთის კულტურის მინისტრ ავდეევს ქართული ანსამბლებისა და თეატრალური დასების რუსეთში ჩასვლას სთავაზობდა, რაც მაშინ რუსეთმა არ ისურვა.

დღეს პაატა ბურჭულაძე „ნაციონალების“ მთავარი სამიზნეა, რადგან მან 15 დეკემბერს რუსეთის ქალაქ სანქტ-პეტერბურგში დირიჟორ იური ტემირკანოვისადმი მიძღვნილ კონცერტზე ოპერა „დაისიდან“ სიმღერა „ღვინოვ კახურო“ შეასრულა. ღონისძიებას რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინიც ესწრებოდა, რომელიც იუბილეზე სიტყვით გამოვიდა.

„ნაციონალების“ გაკიცხვის ობიექტმა პაატა ბურჭულაძემ აღნიშნა, იური ტემირკანოვის იუბილეზე მომავალშიც ჩავალ და თავს დავუკრავ ყველა დიდ ხელოვანს, ვისაც ასეთი სიკეთე და მეგობრობა აკავშირებს საქართველოსთან.

ბურჭულაძის თქმით, ის ვერასდროს იფიქრებდა, თუ ამდენი სიძულვილის დათესვა შეიძლებოდა საქართველოში.

„რაც დღეს ააგორეს, 2009 წელს უკვე გამოვიარე, ერის მოღალატედ ვიყავი გამოცხადებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების დასახმარებლად მოსკოვში გამართული საქველმოქმედო კონცერტის გამო. ამჯერად მსოფლიოს უდიდესი მაესტროსა და ჩემი დიდი ხნის მეგობრის იური ტემირკანოვის 80 წლის იუბილისადმი მიძღვნილ გალა კონცერტში ვიღებდი მონაწილეობას მისივე მიწვევით“,- აცხადებს პაატა ბურჭულაძე და აგვისტოს ომის შემდომ პერიოდს იხსენებს, როცა ბევრი მისი კოლეგა თავს იკავებდა საქართველოში ჩამოსვლისგან, განსხვავებით ტემირკანოვისგან, რომელიც 2013 წელს ორკესტრის თანხლებით გვეწვია ქართველი ბავშვების დასახმარებლად.

იმ პერიოდში კონცერტს სააკაშვილიც ესწრებოდა და, დაძაბული ურთიერთობის მიუხედავად, არავის უთქვამს, რომ ტემირკანოვი სააკაშვილისთვის უკრავდა.

საპარლამენტო უმცირესობის წევრ ელენე ხოშტარიას კი მიაჩნია, რომ ბურჭულაძის სიმღერა სანქტ-პეტერბურგში მძიმე დარტყმაა სახელმწიფოსთვის. რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ სალომე სამადაშვილს, ის პაატა ბურჭულაძეს ურჩევს, პოლიტიკას შეეშვას. „ამ კაცს რა უნდა, ეგება გაარკვიოს, დროა, პოლიტიკას შეეშვას. ვისაც უნდა, იმას უმღეროს და „პაკლონზეც“ იმასთან იაროს. გულისამრევია, წერტილი“,- აცხადებს სამადაშვილი.

ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია პაატა ბურჭულაძის ქმედებას ამაზრზენად მიიჩნევს. For.ge-სთან საუბარში ანალიტიკოსი აცხადებს, რომ ბურჭულაძის საქციელით კიდევ ერთხელ გამოჩნდა, ვისი შემწეობით აფინანსებდა იგი სააკაშვილის „ნაცმოძრაობას“ და ფინანსურ საკითხებში რატომ ერეოდა. პლუს ამას, ბურჭულაძე ყოფილა პუტინის მიერ ხელდასმული პიროვნება.

„საინტერესოა, საიდან უბერავს ქარი. ეს კიდევ ერთი დამატებითი არგუმენტია, თუ საიდან ფინანსდება დღეს „ნაციონალური“ მოძრაობა. მე, როგორც უსაფრთხოების საკითხების სპეციალისტმა, პირველად გამოვაქვეყნე მასალები, სააკაშვილი როგორ იღებდა დონეცკელი სეპარატისტებისგან 500 ათას დოლარს და კონკრეტული ფინანსური ინსტიტუტიდან როგორ მოდიოდა ფული, ეს არის „ვნეშტორგსერვისი“, რომელიც ოკუპირებული ცხინვალის რეგიონშია. ეს არის სწორედ ამის დადასტურება, რომ პაატა ბურჭულაძემ, ფაქტობრივად საკუთარი თავი გაყიდა. ბურჭულაძე არ იყო მხოლოდ პოლიტიკური ლიდერი, ის იყო „ნაცმოძრაობის“ მთავარი დამაფინანსებელი და გამოჩნდა კიდეც, ბურჭულაძე საიდან ღებულობდა თანხას და საიდან ფინანსდებოდა „ნაცმოძრაობა“, - აცხადებს ვახტანგ მაისაია.

ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ პაატა ბურჭულაძეს ძალიან დიდი კარიერა ჰქონდა, როგორც მომღერალს. მისი მომღერლობის მასშტაბი შეიძლება მის პოლიტიკურ კარიერასაც შევადაროთ, ოღონდ ნეგატიური თვალსაზრისით. რამდენადაც პაატა ბურჭულაძე წარმატებული მომღერალი და მსოფლიო სახელის მქონე ბანი იყო, იმდენად, თუკი ის პოლიტიკას კვლავაც გააგრძელებს, უთუოდ მოიხვეჭს სახელს, ოღონდ უკუღმა.

„პაატა ბურჭულაძეს არ გამოსდის პოლიტიკა. ეს არ არის მისი საქმე. ჯერ ერთი, რატომ დაიწყო პოლიტიკაში შესვლა, ეს სრულიად გაუგებარია. რა სჭირდა ისეთი, რომ პოლიტიკაში წასულიყო?! გამიჭირდება ამის მტკიცება, მაგრამ, როგორც ჩანს, ფულის მოტივაცია ჰქონდა. უნდა ემღერა თუ არა პუტინთან, ეს მისი გადასაწყვეტია, ამის გამო ადამიანს ვერ განვსჯი. ბავშვური რამ იქნება, რომ ვინც მოსკოვში იმღერა, თურმე ის საქართველოს მოღალატეა. რასაკვირველია, რუსეთის სახელმწიფო ჩვენი მოწინააღმდეგე და მტერია, მაგრამ ეს ურთიერთობები არ შეიძლება რუსი ერის, რუსი ხალხის დონეზე გადავიტანოთ და ჩავთვალოთ, რომ რუსეთთან მტრობა მუდმივია. სიტუაციას გააჩნია, თუ კონკრეტულად რისთვის ჩადის ადამიანი რუსეთში. რუსეთში არ უნდა ჩახვიდე ისე, როგორც მონა ჩადის ბატონთან, ხელოვნება თავისუფალი პროფესიაა და ხელოვანიც თავისუფალი ადამიანია“, - აღნიშნა დავით ზარდიაშვილმა და შეკითხვის საპასუხოდ, როგორ უნდა მოიქცე, როცა პუტინი ზის დარბაზში, განმარტა, რომ ცხადია, ერთგვარი უხერხულობა ამას ახლავს.

კერძოდ, ეს მძიმე საკითხია, მაგრამ, ამ შემთხვევაში, პუტინი უნდა ჩათვალო არა რუსეთის პრეზიდენტად, არამედ უბრალო მსმენელად და მაყურებლად. აქ ხისტი პოზიციის დაკავება და ადამიანების ლანძღვა, რომ, რადგან მოსკოვში ჩავიდნენ და კონცერტი გამართეს, არ არის სწორი.

რაც შეეხება პაატა ბურჭულაძის სამომავლო კარიერას, დავით ზარდიაშვილის აზრით, რაც დროზე წავა ბურჭულაძე პოლიტიკიდან და აიკრეფს გუდა-ნაბადს, მით უკეთესი საქართველოსთვისაც და პირადად მისთვისაც, რადგან ის გაუგებრობაში მოყოლილი ადამიანია.

შეგახსენებთ, 2013 წელს ოკუპანტის წინაშე ცეკვის გამო საქართველოში დაბრუნებულ „ერისიონს“ „ნაციონალების“ წარგზავნილებმა და, კერძოდ, ორგანიზაცია „პატრიოტების“ წარმომადგენელმა გიორგი მაზმანიანმა სირცხვილის დერეფანი მოუწყო. კახა ბენდუქიძემ კი „ერისიონის“ 11 მოცეკვავეს საკუთარი ინტერპრეტაცია შესთავაზა: „უცებ თერთმეტივე მოცეკვავე გაჩერდა, ერთმა უბიდან რაღაც ამოიღო - თეთრი ტილო. კრემლის დარბაზის სცენაზე მაღლა აწეულ ხელებს ეჭირათ ტრანსპარანტი: РОССИЯ, УЙДИ С НАШЕЙ ЗЕМЛИ! პუტინი აღარ იღიმებოდა, არა ოკუპაციას“...