„უკანასკნელმა მოვლენებმა ირაკლი ალასანიას შანსები ერთი ათად გაზარდა“

„უკანასკნელმა მოვლენებმა ირაკლი ალასანიას შანსები ერთი ათად გაზარდა“

 

„ქართულმა ოცნებამ“ უკანასკნელი თვეების განმავლობაში საქართველოს ყველა რეგიონში მასშტაბური აქცია ჩაატარა. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ქართულ საზოგადოებაში არსებობდა განცდა, რომ ყველაზე რთული „ქართული ოცნებისთვის“ აქციის ზუგდიდში ჩატარება იქნებოდა, რადგან სამეგრელო ზოგადად ისედაც სპეციფიური რეგიონია და ამასთანავე, ყველამ კაგრად ვიცით, რომ რეგიონს ძმებ ბაჩო და დათა ახალაიების მამა, როლანდ ახალაია აკონტროლებს, რომელიც ამჟამად ზუგდიდში „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია.

ამასთანავე, რამდენიმე დღის წინ ქართულ მედიაში გავრცელდა „ნაციონალების“ მიერ შიდა მოხმარებისთვის ჩატარებული სოციოლოგიური კვლევის შედეგები, რომლის თანახმადაც  წინასაარჩევნოდ ნაციონალებს საქართველოს 77 საარჩევნო ოლქიდან, მხოლოდ 21 ოლქში აქვთ გამარჯვების შანსი, 56 ოლქში კი წარმოუდგენლად დაბალი რეიტინგი დაუფიქსურდათ. ამ 21-იდან კი ერთ-ერთი ზუგდიდის რაიონი იყო, სადაც მმართველი გუნდის მხარდამჭერთა რაოდენობა, კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 64% იყო. ამიტომ ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, როგორ ჩატარდებოდა ზუგდიდის აქცია და რამდენი ადამიანი მივიდოდა „ქართული ოცნებისათვის“ მხარდაჭერის გამოსახატავად.

უნდა აღინიშნოს, რომ დღევანდელმა აქციამ ყველა მოლოდინს გადააჭარბა, რადგან ზუგდიდის ცენტრალური მოედანი სავსე იყო და ცხადი იყო, რომ აქციაზე მისულ ადამიანებს ვერც კი იტევდა. ცალსახაა, რომ თავად „ქართული ოცნების“ ლიდერიც ზუგდიდის აქციით კმაყოფილი დარჩა. მისი თქმით, თბილისის შემდეგ ასეთი მასშტაბური შეკრება არც ერთ რეგიონში არ ყოფილა და ივანიშვილმა შეკრებილებს მიმართა - „ყველაფერს დაგიფასებთ, მეგრელებო“.

„როცა პოლიტიკაში მოვედი, რამდენჯერმე ვცადე სამეგრელოში ჩამოსვლა, რომ აღმეზევებინა დათრგუნული ხალხი, ისე ძალადობდა პოლიცია, რომ ვერ მოვახერხე აქამდე მოსვლა, ისევ ჩემს ხალხს მოვერიდე, რომ ისევ ჩემს საყვარელ მეგრელებს მიაყენებდნენ შეურაცხყოფას. როდესაც ნოემბერში პირველი კვლევა ჩავატარეთ, ჩემმა მეგობრებმაც მითხრეს, ესენი არიან შენი ნიჭიერი მეგრელები? მე მათ ვუთხარი დაელოდეთ, რას იზამენ მეგრელები-მეთქი და აი, რა ქნა სამეგრელომ. თბილისის შემდეგ ასეთი მასშტაბური შეკრება არც ერთ რეგიონში არ ყოფილა. აი, ასე გამიმართლეს მეგრელებმა. არასდროს არ ვყოფილვარ ასეთი ბედნიერი როგორიც დღეს ვარ, რასაც არ ველოდი, ის ამიხდინეთ მეგრელებო და იცოდეთ, ყველაფერს დაგიფასებთ“, - განაცხადა ივანიშვილმა.

აქციაზე შეკრებილებს სიტყვით „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ირაკლი ალასანიამაც მიმართა. ალასანიამ უკანასკნელ დღეებში ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ გავრცელებულმა კადრებმა მთელი საქართველო შეურაცხყო.

„დღეს ჩვენ დავინახეთ, რომ გამარჯვებას, ერთსულოვნებას და გაერთიანებას ვერ მივაღწევთ, თუკი ჯერ სამართლიანობა არ აღვადგინეთ. ამიტომაც მოვითხოვთ, უკლებლივ ყველა, ვინც ამ საშინელი დანაშაულის ჩადენაშია ეჭვმიტანილი, დაწყებული ქვეყნის პირველი პირით და დამთავრებული რიგითი საჯარო მოხელით, უნდა მიეცეს სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში“, - აღნიშნა ალასანიამ.

მან თავისი გამოსვლა საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას სიტყვებით დაასრულა, რომელიც მან არჩევნების წინ წარმოთქვა - „ჩვენ ისე დავამარცხებთ მოწინააღმდეგეს, რომ მათთან ერთად ვიზეიმებთ გამარჯვებას“.

ზუგდიდის აქციამ აჩვენა, რომ სამეგრელოში მოსახლეობის განწყობა რადიკალურად არის შეცვლილი და პოლიტიკური ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ასეთი ცვლილება უკანასკნელ დღეებში ქვეყანაში განვითარებულმა მოვლენებმა განაპირობა. აქვე ისინი აღნიშნავენ, რომ თავისთავად სამეგრელოს მოსახლეობის განწყობის ცვლილება როლანდ ახალაიასთან დაპირისპირებაში ირაკლი ალასანიას შანსებს სერიოზულად ზრდის, რადგან თუკი აქამდე ვინმე შიშისა თუ სხვა ფაქტორების გამო ალასანიასთვის ხმის მიცემისგან თავს შეიკავებდა, ბოლო დღეებში როგორც სამეგრელოში, ასევე მთელს საქართველოში ვითარება მკვეთრად შეიცვალა და უკვე შიშზე დიდი რამ, ღირსება დადგა პირველ პლანზე. ეს კი ყველაფერს თავდაყირა აყენებს.

პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე for.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ბევრი ფაქტორი ერთმანეთს ავსებს, რამაც ზუგდიდის აქციის ასეთი მასშტაბურობა გამოიწვია.

„ბიძინა ივანიშვილმა თავის სიტყვაში სოციოლოგიური კვლევები ახსენა. მართლაც, თუ გახსოვთ, პირველი სოციოლოგიური კვლევა რომ ჩატარდა, კაჭკაჭიშვილის ხელმძღვანელობით, მაშინ ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი სამეგრელოში იყო. ოღონდ სულ ჩნდებოდა კითხვა, ეს შედეგები რეალური იყო, თუ შიშის გამო ადამიანები თავიანთ რეალურ განწყობას არ აფიქსირებდნენ. მოგეხსენებათ, მაშინ სამეგრელო უკვე ასე ვთქვათ, კონტროლის ქვეშ იყო. ამასთანავე, პოლიტიკაში ახლად შემოსული ივანიშვილი რას იზამდა, საით წავიდოდა, რა დამოკიდებულებები ექნებოდა იმ პრობლემების მიმართ, რაც მეგრელებს აწუხებდათ, იმ ეტაპაზე ჯერ კიდევ გაუგებარი იყო ამ ადამიანებისთვის“, - აცხადებს ექსპერტი.

მისი თქმით, ამის შემდეგ ყოველ კვირას ხედავენ ამა თუ იმ რეგიონში ივანიშვილზე რა რეაქციაა. მეორე მხრივ კი ივანიშვილი თავისი პოლიტიკური პოზიციის ამა თუ იმ ასპექტს ძალიან დეტალურად აშუქებს ხოლმე. ამიტომ, ექსპერტი მიიჩნევს, რომ ამ დროში ბევრმა ჩვენგანმა და მათ შორის მეგრელებმა ივანიშვილი, როგორ პოლიტიკოსი გაიცნეს. ამასთანავე, რამაზ საყვარელიძე ამბობს, რომ ამ ყველაფერს ემატება ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენები, ვინაიდან სასწორზე დადგა ისეთი ღირებულებები, რის წინაშეც შიშის ფიქრი უკვე აღარავის ახსოვს და ეს ღირებულება არის ღირსება.

„ეს ღირებულება არის ღირსება, თან კაცური ღირსება, რომლის ფასი სამეგრელოში მე მგონი ყველაზე კარგად იციან, რადგან ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ. ამას დავუმატოთ ისიც, რომ ამ ყველაფერს ბაჩო ახალაიას სამსახურიდან განთავისუფლება მოჰყვა. ზოგადად, უკანასკნელი მოვლენების შემდეგ მთელს საქართველოში შიშის ფაქტორი შემცირებულია და კონკრეტულად სამეგრელოში კი ახალაიების კლანისთვის წყლის შეყენებამ, მე მგონი ყველაფერ ზემოთქმულთან ერთად, დამატებითი როლი ითამაშა. ამიტომაც, ხალხი დღეს ქუჩაში დადგა და დარწმუნებული ვარ, კიდევ უფრო მეტი იქნებოდა, სივრცეს რომ მიეცა საშუალება. აშკარა იყო, რომ აქციაზე ის ხალხი იყო, ვინც მოედანზე დაეტია და არა იმდენი, რამდენსაც აქციაზე მისვლა სურდა. ეს იმ სიმჭიდროვიდან ჩანდა, რაც აქციაზე შეინიშნებოდა“, - აღნიშნავს რამაზ საყვარელიძე.

მისი თქმით, ბოლო დღეების მოვლენებმა ასევე ზუგდიდში ირაკლი ასალანიას შანსებზეც დიდი გავლენა იქონია.

პოლიტიკური ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნება“ ისედაც შეეცდებოდა, რომ ზუგდიდის აქცია მრავალრიცხოვანი ყოფილიყო, მაგრამ ეს მასშტაბი, რაც დღეს ვნახეთ, პირდაპირ კავშირშია ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებთან. მისი თქმით, ასევე ცალსახაა, რომ ზუგდიდში ირაკლი ალასანიას პოზიციები ერთი ათად გამყარდა. თუმცა აქვე ექსპერტი ბოლო ორი დღის განმავლობაში ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამს.

„ძალიან მაშფოთებს ახალგაზრდების დაკავებები და დასავლეთის ყოვლად აუხსნელი დუმილი. ერთადერთი ამერიკის საელჩო გამოეხმაურა ამ ყველაფერს, მაგრამ ამ ტიპის მოვლენები ქვეყანაში ხდებოდეს და ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა ამაზე განცხადება არ გააკეთოს, უბრალოდ წარმოუდგენელია. უამრავი კითხვაა იმასთან დაკავშირებით, რაც ხდება, დასავლეთის პოზიციებს ვგულისხმობ. ამიტომ ვფიქრობ, რომ არჩევნებამდე დაარჩენილი ერთი კვირა ძალიან ბევრი ტრაგიკული მოვლენით დატვირთული იქნება და საბოლოოდ ეს გადაწყვეტს არჩევნების ბედს. სიტუაცია ძალიან დაიმუხტა და ხელისუფლება ყველანაირად ეცდება ხალხში ჩაახშოს ის განცდები, რაც მოსახლეობას სტუდენტების აქციის პირველ ორ დღეში შეექმნა. ეს არის სრული თავისუფლების და ხელისუფლებაზე გამარჯვების განცდა. დარჩენილ ერთ კვირას ხელისუფლება მაქსიმალურად გამოიყენებს იმისთვის, რომ სტატუს-ქვო აღადგინოს“, - აცხადებს ექსპერტი.

მისი თქმით, საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით დასავლეთის დუმილი იმას მოწმობს, რომ მათთვის „ნაციონალური მოძრაობა“ იმდენად ორგანულია და დღემდე იმდენად მისაღებია, რომ ამ სკანდალის შემდეგაც კი ვერ ჩამოყალიბდნენ იმაზე, რომ შეელიონ „ნაციონალურ მოძრაობას“, როგორც მმართველ პარტიას.