ვახტანგ ძაბირაძეს განცხადებით, დაპირისპირებისა და პოლარიზაციის პროცესი არჩევნებით არ დასრულებულა. ანალიტიკოსის შეფასებით, თუკი ხელისუფლების ქმედება პროცესების ადეკვატური არ იქნება, შესაძლოა, უმართავი პროცესები მივიღოთ. კერძოდ, დიდი ალბათობით, გაზაფხულზე საპროტესტო მოძრაობა იქნება საკმაოდ ძლიერი და მომზადებული.
for.ge ვახტანგ ძაბირაძეს ესაუბრა.
ქვეყნის მე–5 პრეზიდენტმა ფიცი დადო და შესაბამისად, ძალაში შევიდა ახალი კონსტიტუცია, რომლის მიხედვით, იზღუდება პრეზიდენტის უფლებამოსილება. თუ გავითვალისწინებთ სალომე ზურაბიშვილის მოქმედების სტილს, რამდენად სუსტი, ან ძლიერი პრეზიდენტი შეიძლება მივიღოთ?
ვახტანგ ძაბირაძე: გააჩნია რას გულისხმობთ სიძლიერში, ან სისუსტეში. თუ შევხედავთ უფლებამოსილებებს, მაშინ ზურაბიშვილის უფლებამოსილებები საკმაოდ შეკვეცილია იმასთან შედარებით, რაც ჰქონდა მარგველაშვილს. ამიტომ, ამ მხრივ, პრეზიდენტი ვერ იქნება ძლევამოსილი. თუმცა, აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ იყო სადაო საკითხები, მაგალითად სად და როგორ უნდა ყოფილიყო უშიშროების ეროვნული საბჭო.
თუ კონსტიტუციიდან გამოვალთ, არც მარგველაშვილი იყო ძლევამოსილი პრეზიდენტი...
– ვერ იქნებოდა იმ უფლებამოსილების ფარგლებში, რაც მას ჰქონდა. საპარლამენტო რესპუბლიკაში პრეზიდენტს ძირითადად წარმომადგენლობითი ფუნქცია აქვს. ბუნებრივია, პრეზიდენტი ვერ იქნება ხელის შემშლელი მთავრობისთვის, რადგან აღმასრულებელ ხელისუფლებასთან მას არაფერი შეხება და კავშირი არ აქვს. სოციალურ–ეკონომიკურ საკითხებში და მათ შორის საგარეო საკითხებშიდაც კი, პრეზიდენტი არ არის გადამწყვეტი. მთავრობასთან შეთანხმების გარეშე, ფაქტიურად ვერანაირ აქტს ვერ განახორციელებს. ამიტომ, აქ ლაპარაკი არ არის იმაზე, რამდენად ძლევამოსილი იქნება, რადგან კონსტიტუციამ განსაზღვრა მისი ძლევამოსილება. მისი ძლევამოსილეობა მომდინარეობს საზოგადოებრივი მხარდაჭრიდან.
მაგრამ, მიუხედავად „ქართული ოცნების“ მხარდაჭერისა, თუ პირველი ტურის შედეგებით ვიმსჯელებთ, სალომე ზურაბიშვილს არ ჰქონდა საზოგადოებრივი მხარდაჭერა...
– მოდით შევთანხმდეთ იმაზე, რომ „ქართული ოცნება“ არ არის საზოგადოება. „ქართული ოცნება“ არის საზოგადოების ნაწილი. ერთია, როდესაც ვლაპარაკობ კონსტიტუციურ უფლებამოსილებებზე და მეორეა როდესაც ვლაპარაკობ ავტორიტეტზე. რასაკვირევლია, პრეზიდენტს უნდა ჰქონდეს ავტორიტეტი მთელს საზოგადოებაში. გამომდინარე არჩევნებიდან და სულაც არ ვაყენებ არჩევნების შედეგებს კითხვის ნიშნის ქვეშ, მაგრამ იმ კონფრონტაციულობიდან, რაც ამ არჩევნების დროს წარმოიშვა, როდესაც მოხდა საზოგადოების პოლარიზება, სალომე ზურაბიშვილი ვერ იქნება გამაერთიანებელი. ოპოზიცია არ აღიარებს პრეზიდენტად, არა იმიტომ, რომ არ დაემორჩილება, არამედ, პოლიტიკური პროცესი, რომელიც დაიწყო, არ დასრულებულა საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებით და გრძელდება საპარლამენტო არჩევნებამდე.
ამ ვითარებაში ოპოზიციას რაში უნდა აწყობდეს ზურაბიშვილის პრეზიდენტად აღიარება?
– რა თქმა უნდა, არანაირად არ აწყობს. რა იქნება საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ეს ცალკე თემაა, იქ უკვე სხვაგავარად დალაგდება სიტუაცია და ეს პრობლემა მოიხსნება. მაგრამ ეს ორი წელი ოპოზიცია ითამაშებს იმაზე, რომ სალომე ზურაბიშვილი ვერ არის და არ არის ქვეყნის გამაერთიანებელი. რაც მთავარია, არ არის დამოუკიდებელი და ნეიტრალური.
ეს ის სქემებია, რაც ოპოციზიისთვის არის პოლიტიკური ქულების მომტანი, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. ამიტომ ცოტა რთულია საუბარი ზურაბიშვილის ძლევამოსილებაზე. ვისურვებდი, რომ ზურაბიშვილის გამოსვლები და განცხადებები იყოს ზომიერი და რაც მთავარია გაწონასწორებული, რომ რაღაცა საბაბი არ მისცეს ოპოზიციას, თუ გარე ძალებს ახალი საპროტესტო ტალღის აგორებისთვის.
ოპოზიციის ინტერესში შედის საპროტესტო ტალღის აგორება, ისევე როგორც გარე ძალების ინტერესშია, მაგრამ ამ შემთხვევაში რამდენად თანხვედრაშია მათი ინტერესები, მით უმეტეს როდესაც თქვენ აცხადებთ, რომ გაზაფხულზე შესაძლებელია აგორდეს საპროტესტო ტალღა. როგორ ფიქრობთ, ეს ოპოზიცია გარე ძალების მხარდაჭერის გარეშე შეძლებს კი, ქვეყანაში საპროტესტო ტალღის აგორებას?
– ოპოზიციამ მეორე ტურის შედეგებით მიიღო 800 ათასი ხმა. მეტი მხარდაჭერა რა გინდათ? მიუხედავად ამისა, არის მეორე რეალობა, რომელიც ჯერ ვნახეთ ფილარმონიაში და შემდეგ რუსთაველზე. ფილარმონია გასაგებია, მაგრამ რუსთაველი და უკვე თანაფარდობა მიღებულ ხმებსა და რუსთაველზე მოსულ აქციის მონაწილეებს შორის, უკვე საკმაოდ დისონანსური იყო. ეს იმას ნიშნავს, რომ საზოგადოების საკმაოდ დიდმა ნაწილმა მხარი დაუჭირა ოპოზიციას, მაგრამ დღეს საზოგადოება არ არის იმდენად რადიკალიზებული, რომ ჩაერთოს საპროტესტო აქციებში. ამიტომ რუსთაველზე აქცია არც თუ ისე მრავლრიცხოვანი იყო.
შესაბამისად, ხელისუფლებას უჩნდება გარკვეული დრო იმისთვის, რომ მოემზადოს და გადადგას რაღაცა ნაბიჯები, რომ საპროტესტო მოძრაობას არ მისცეს ახალი არგუმენტები და თავად არ შეუწყოს ხელი ამ მოძრაობის განახლებას. თუკი, პოლიტიკური პროცესი წავიდა ისე, როგორც დღემდე მიდიოდა, მაშინ, დიდი ალბათობით, გაზაფხულზე საპროტესტო მოძრაობა იქნება საკმაოდ ძლიერი და მომზადებული.
ანუ, მოსახლოებაში გაჩნდება იმის პროტესტი, რომელიც მას ქუჩაში გამოიყვანს?
– ამიტომ, ხელისუფლებამ უნდა იმუშაოს გონივრულად, წინდახედულად და რაც მთავარია, შეძლოს პოლიტიკური პროცესის წარმართვა. ხელისუფლებამ უნდა წარმართოს პროცესი და არა ოპოზიციამ. ჯერჯერობით მხოლოდ მეორე ტურში შეძლო ხელისუფლებამ გარკვეული გარდატეხა შეეტანა საარჩევნო კამპანიაში და ისიც საკამოდ უხეში ჩარევით და ასევე უხეში საარჩევნო კამპანიით.
ვხედავთ, რომ ხელისუფლებას უჭირს პოლიტიკური პროცესის მართვა. როგორ ფიქრობთ, შეძლებს კი, ეს ხელისუფლება შექმნას პოლიტიკური კლიმატი და მართოს პოლიტიკური პროცესები, რაც აუცილებელია იმისათვის, რომ საზოგადოებაში არსებული ნიჰილიზმი არ გადავიდეს გაბრაზებაში და შემდეგ უფრო რადიკალური ფორმა არ მიიღოს ამ პროცესმა?
– რამდენად აქვს ამის უნარი და რესურსი ხელისუფლებას, ეს გამოჩნდება. გულწრფელად, რომ გითხრათ, რაღაცა იმედი მაქვს, მაგრამ ძალიან მიზერული. პირველ რიგში, ამას სჭირდება სახელისუფლებო სტრუქტურების რეორგანიზაცია. პირველ რიგში, ჩვენ უნდა ავდგეთ და მოგვწონს თუ არ მოგვწონს, სახელმწიფო მოწყობა უნდა შევუფარდოთ იმ კონსტიტუციას, რომელიც არსებობს, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყნის პირველი პირი, ოფიციალურაც უნდა იყოს პირველი პირი. ანუ, თუ გვინდა, რომ ვიცხოვროთ კონსტიტუციურად, მაშინ ივანიშვილი უნდა იყოს პრემიერი და არა პარტიის თავმჯდომარე. ეს არის პირველი აუცილებელი ნაბიჯი. სხვა რა ნაბიჯებიც არ უნდა გადადგას ხელისუფლებამ, შედეგს ვერ მოიტანს.
თქვენ მუდმივად საუბრობთ ივანიშვილის პრემიერად დაბრუნების აუცილებლობაზე, მაგრამ ის დაბრუნდა პარტიის თავმჯდომარის პოსტზე და მაშინაც კი, როდესაც მას არ ჰქონდა ოფიციალური სტატუსი, მუდმივად კეთდებოდა შეფასება არაფორმალურ მმართველობაზე. თუ გავითვალისწინებთ ივანიშვილის განცხადებას, რომ მას აქვს გავლენა ხელისუფლებაზე, ხომ არ ფიქრობთ, პარტიის თავმჯდომარის პოსტიდანაც შეუძლია მართოს პოლიტიკური პროცესი და სულაც არ არის აუცილებელი ჰქონდეს პრემიერის სტატუსი?
– მაშინ გადავაკეთოთ კონსტიტუცია და ჩავწეროთ, რომ გამარჯვებული პარტიის თავმჯდომარე არის ქვეყნის პირველი პირი. არ შეიძლება კონსტიტუცია იყოს ერთი და მმართველობა მეორე. ქვეყანა ასე არ იმარეთება. ქვეყანა უნდა მოეწყოს კონსტიტუციურად, სხვაგვარად არ გამოვა. კონსტიტუციას უყურებენ - „მერე რა მოხდა“–ს, არ არის ასე. ვერც ერთმა პრემიერ–მინისტრმა ვერ იპრემიერა, გუნდი მას არ აღიარებდა. იგივე პარლამენტი არ აღიარებს, თავის ლიდერად არ თვლის. ამაშია მთელი უბედურება. ეს ყველაფერი გადადის საზოგადოებაში, ხელისუფლებას კი ცოტა დრო აქვს.
პირველი ტურის შედეგებიდან გამომდინარე ბეწვზე გადარჩა „ქართული ოცნება“. ივანიშვილი მაისის შემდეგ არის პარტიის თავმჯდომარე და რატომ მოხდა ის, რაც მოხდა პირველ ტურში, სანამ არ მივიდა და არ დაჯდა იქ, სადაც წესით უნდა მჯდარიყო, ამ შემთხვევაში - საარჩევნო შტაბში? თუ უნდა, რომ ქვეყანაში მართლაც მოხსნას პრობლემები, ამის გარანტია ივანიშვილის დაბრუნებაა. რა თქმა უნდა, მისი პრემიერობა არ არის გარანტი იმისა, რომ ყველაფერი კარგად იქნება, მაგრამ თუ არ დაბრუნდა ნამდვილად ცუდად იქნება.
სააკაშვილი არის აღმოჩენა „ქართული ოცნებისთვის“. სწორედ სააკაშვილის გამო მოხდა ის, რაც მოხდა. სააკაშვილი რომ არ ჩარეულიყო ამ პროცესებში და „ნაციონალურ მოძრაობას“ სხვანაირად ემუშავა, რა თქმა უნდა, ზურაბიშვილი არ იქნებოდა პრეზიდენტი. თუ დაჯდებიან და გააანალიზებენ რაზეა ლაპარაკი, მაშინ ნახავენ, რომ რასაც ვამბობ სწორია. ასე რომ, თუ ხელისუფლება რეალურ ბერკეტებს არ მოძებნის, რომ დაპირისპირების პროცესი როგორმე გაანეიტრალოს, შეიძლება უმართავ პროცესებში გადავიდეს ვითარება.