რა კავშირშია საქართველოს პრემიერ მინისტრი პატიმრების წამების ამსახველი ვიდეომასალის გავრცელებასთან? – მიუხედავად იმისა, რომ ვანო მერაბიშვილის სახელი ორმა მოწმემ დაასახელა, ჩვენ ამ კითხვაზე პასუხი კვლავ არ ვიცით.
არადა, კანონი ავალდებულებს თანამდებობის პირს, მით უმეტეს - ერთ-ერთ პირველ ფიგურას, განმარტება მაინც გააკეთოს იმის თაობაზე, თუ რატომ ფიგურირებს მისი სახელი იმ ვიდეომასალის გავრცელების საქმეში, რომლის გამომზეურებამაც რეალურად დაასრულა მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობა, თანამდებობა დაატოვებინა ბაჩო ახალაიას და თამაზ თამაზაშვილის სახელის გამოყენებით, წინასაარჩევნოდ დისკრედიტაციის საფრთხე შეუქმნა მთავარ ოპოზიციურ ძალას.
მერაბიშვილი დუმს, რაც საფუძველს ქმნის ვიფიქროთ, რომ ის შოკი, რომელიც ბოლო დღეებში მიიღო საზოგადოებამ და მმართველმა პარტიამ, სწორედ მას აძლევს ხელს, რადგან მერაბიშვილმა მთლიანად დაიბრუნა გავლენები შინაგან საქმეთა სამინისტროში, ხელში აიღო სასჯელაღსრულების სისტემის კონტროლი, ახალაიების განეიტრალებით საყრდენი და გავლენის ჯგუფებს შორის დაბალანსების ბერკეტი გამოაცალა სააკაშვილს. ამასთან, თუ განვითარებული მოვლენების მიხედვით ვიმსჯელებთ, არ არის გამორიცხული, მერაბიშვილს დაქვემდებარებული აგენტურის წყალობით, პატრიარქსაც შეერყეს ავტორიტეტი, სტუდენტური მოძრაობის დისკრედიტაცია და დაქსაქსვაც მოხდეს და 1 ოქტომბერამდე და შემდგომ პერიოდში სიტუაციაზე კონტროლის ყველა ბერკეტი სწორედ ვანო მერაბიშვილის ხელში აღმოჩნდეს.
ამ ვერსიას არსებობის უფლება აქვს მანამ, სანამ პრემიერ-მინისტრი გამჭვირვალე პასუხს არ გასცემს რამდენიმე შეკითხვას:
- ნამდვილად მისი ინიციატივით გადაეცა თუ არა სკანდალური ვიდეომასალა ჟურნალისტ ირმა ინაშვილს?
- ნამდვილად მოხდა თუ არა მისი მოადგილის მიერ მთავარი მოწმის, ლადო ბედუკაძის გაყვანა ბრიუსელში და მისი დაკავშირება ირმა ინაშვილთან?
იმ შემთხვევაში, თუ ვანო მერაბიშვილი გამოაცხადებს, რომ ინაშვილი და ბედუკაძე არ ტყუიან, ვანო მერაბიშვილმა პასუხი უნდა გასცეს სწორედ იმ კითხვას, რომელსაც ამჟამად სახელისუფლებო ექსპერტები უკიჟინებენ ჟურნალსტ ირმა ინაშვილს: რატომ არ გამოაქვეყნა ეს საშინელი ვიდეომასალა დროულად შსს მინისტრმა, თუკი იცოდა, რომ სასჯელაღსრულების სისტემაში ადგილი ჰქონდა არა მარტო კანონის, არამედ ყველა საერთაშორისო კონვენციის სისტემატურად დარღვევის ფაქტებს? ასევე, ვისგან აიღო ჯილდოდ ამ ვიდეომასალის გადაღებისათვის 2-მილიონიანი ჰონორარი ბედუკაძემ და, რაც მთავარია, რა კონკრეტული ინტერესები ამოძრავებდა მერაბიშვილს, როდესაც ცდილობდა, ამ ვიდეომასალას ბრიუსელში, ევროკავშირის ყველაზე გავლენიან ჩინოვნიკებამდე მიეღწია?
თუ ვანო მერაბიშვილი უარს იტყვის ამ მასალასთან კავშირზე, მაშინ მას მოუწევს შემდეგ კითხვებს უპასუხოს: როგორ ჩაუვარდა ხელში დამოუკიდებელი და არაკონტროლირებადი მედიასაშუალების ხელმძღვანელს მისი შინაგან საქმეთა მინისტრობის პერიოდში ასეთი მნიშვნელოვანი მასალა? როგორ გააღწია ამ ვიდეომასალამ ევროპაში (ირმა ინაშვილის თქმით, საამისოდ მასალამ რამდენიმე ქვეყანა და საკმაოდ რთული გზა გაიარა) მაშინ, როდესაც მერაბიშვილის მინისტრობისას რუსეთის გრუს აგენტებიც კი ვერ ახერხებდნენ საკუთარი გეგმების განხორციელებას საქართველოში?
ამას გარდა, უცნაური და საეჭვოც კია, რომ მერაბიშვილი, რომელიც სკანდალის მთავარ ორგანიზატორად სახელდება, გამოძიებამ არ დაკითხა. მეტიც - პარასკევს გამართულ სხდომაზე მერაბიშვილმა მთავარ პროკურორს ამ საქმის უსწრაფესი გამოძიება დაავალა და თან მიუთითა, რომ მნიშვნელოვანია დადგინდეს, რა მიზანს ემსახურებოდა ამ მასალების წინასაარჩევნოდ გამოქვეყნება. მიუხედავად იმისა, რომ მერაბიშვილის, ადეიშვილისა და ზოდელავას თათბირი კამერების წინ მიმდინარეობდა და აშკარად მაყურებლისათვის იყო გამიზნული, პრემიერს არ ჩაუთვლია თავი ვალდებულად, ელემენტარული ახსნა-განმარტება გაეკეთებინა იმასთან დაკავშირებით, რატომ ასახელებს ამ სკანდალის მთავარ ინიციატორად ინაშვილი და ბედუკაძე სწორედ მას.
ეტყობა, მერაბიშვილს მიაჩნია, რომ აქ ისედაც გასაგებია ყველაფერი და უსიტყვოდ უნდა ვირწმუნოთ, რომ დამნაშავეა თამაზ თამაზაშვილი, რომელმაც ამ ყველაფერს ორგანიზება გაუკეთა და კიდევ უფრო დამნაშავეა ბაჩო ახალაია, რომლის დოყლაპიობითაც ისარგებლა თამაზაშვილმა.
რაც შეეხება სააკაშვილს, რატომღაც არც ის განმარტავს, რატომ გადააბარა ასე უაპელაციოდ ყველაფერი მერაბიშვილს, მაშინ, როდესაც სკანდალის ავტორად სწორედ ის სახელდება?
რატომ ხდება და რა ხდება? რატომ სდუმს ყველაზე მთავარზე ყველა და რატომ ყვირის მხოლოდ ხალხი?
ახლა ვერსიებზე საუბარი უფრო მკითხაობას ჰგავს. სამაგიეროდ, ზუსტად ვიცი, რომ მაშინ, როდესაც ქვეყანა და ხალხი კრიტიკულ სიტუაციაშია, ხელისუფლების უმაღლესი პირები, პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი, ანგარიშვალდებულები არიან, განმარტება გააკეთონ! გამოძიება კი ვალდებულია, ის პირი დაკითხოს, რომელის სახელიც საქმეში ფიგურირებს და შემდეგ ეს მასალები საზოგადოებას გააცნოს!
მოკლედ, ჩვენი ბოლო დღეების უსაშინლესი ქრონიკის მორალი ძალიან მარტივია - მანამ, სანამ ჩვენი პირველი პირები მოქალაქეებთან ადამიანურ ენაზე ლაპარაკს და კანონის ელემენტარული მოთხოვნების დაცვას არ მიეჩვევიან, ყოველთვის გვეყოლებიან ნაცემ-ნაწამები პატიმრები, ქუჩაში კი - აღალვებული და გაბრაზებული ხალხი.