„იტრიალონ საკუთარ ოჯახებში და საკუთარ საწოლებში, რამდენიც უნდათ“

„იტრიალონ საკუთარ ოჯახებში და საკუთარ საწოლებში, რამდენიც უნდათ“

პოლიციელზე თავდასხმა, ფიზიკური შეურაცხყოფა და ქონების დაზიანება – ამ ბრალდებით პოლიციამ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, დავით კირკიტაძე დააკავა. ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, ვლადიმერ ბორცვაძეს განცხადებით, ველისციხეში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, გამოძიება გრძელდება, ტარდება ყველა საჭირო მოქმედება, მიმდინარეობს ვიდეო–ასლის შესწავლა და არ არის გამორიცხული ბრალდებულთა წრე გაფართოვდეს.

„ინციდენტების შედეგად, აქციის მონაწილეთა ძალადობრივი ქმედებებით, მძიმედ დაშავდა 10–ზე მეტი პოლიციელი, ასევე დაზიანდა შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილი ტექნიკა, რომლის ღირებულება ათიათასობით ლარს აღწევს. გამოძიება დაიწყო დანაშაულის ნიშნების შემცველ არაერთ ფაქტზე, რომლებზეც ამ ეტაპზე ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები ტარდება. გამოძიება მათ შორის დაიწყო აქციის ერთ–ერთი მონაწილის შოთა დალაქიშვილის მიმართ განხორციელებული თავდასხმის ფაქტზე“, – აღნიშნა ვლადიმერ ბორცვაძემ.

სამართალდამცავებმა დავით კირკიტაძე გურჯაანში მაშინ დააკავეს, სადაც მის თანაგუნდელ ნიკა მელიასთან ერთად იმყოფებოდა. მელია და კირკიტაძე ერთი ავტომობილით გადაადგილდებოდნენ, რა დროსაც, მათი თქმით, შეამჩნიეს ერთი ავტომობილი, რომელშიც სუს–ის წევრები ისხდნენ და უთვალთვალებდნენ. ამის შემდეგ, მელია დაინტერესდა მათი ვინაობით, რა დროსაც ადგილზე პოლიცია მივიდა და ადგილზე დავით კირკიტაძე დააკავა.

წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებს ბრალდებული კირკიტაძე, თუმცა სხვას ადასტურებს კადრები, რომელიც შს სამინისტრომ გაავრცელა. კადრებში ჩანს, როგორ ძვრება კირკიტაძე პოლიციის მანქანაში და როგორ აყენებს ფიზიკურ შეურაცხყოფას პოლიციელებს. დაკავებული აცხადებს, რომ საქართველოში მყარდება რუსული დიქტატურა და თანაგუნდელებს მოუწოდა ბოლომდე იბრძოლონ.

„საქართველოში მყარდება დიქტატურა, რუსული დიქტატურა – იბრძოლეთ ბოლომდე. ეს არის სახედაკარგული, შეშინებული პოლიცია“, – აღნიშნა დავით კირკიტაძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ნიკა მელია, რომელიც ასევე მონაწილეობდა პოლიციელების წინააღმდეგ ძალადობაში, აცხადებს, რომ გიორგი გახარია არის კრიმინალი და მაფიოზური ხელისუფლების სახე, რაც დადასტურდა არაერთხელ.

„ერთ–ერთ მათგანს, რომელიც ახორციელებდა ფარულ გადაღებას, გამოვართვი მობილური ტელეფონი და ბოლო ზარი, რომელიც მას ჰქონდა განხორციელებული, იყო სუს–ში. დაახლოებით 5 წუთში მოცვივდა მთელი კრიმინალური პოლიცია ამ რეგიონის. ეს ხელისუფლება რომ არის კრიმინალი და მაფიოზური ხელისუფლების სახე, ეს დადასტურდა არაერთხელ. ესენი არიან ლაჩრები, კოლექტიური ზაზა პაპუაშვილები.

ზაზა პაპუაშვილებში ვგულისმობ ასე ლაჩრულად დაკავებას. აქედან ზუსტად 2 კილომეტრში ცხოვრობს 2 თავდამსხმელი და არანაირი პასუხი მათ არ მოეთხოვათ. 4 ადამიანს, რომელიც არის ჩვენს მიერ იდენტიფიცირებული, პასუხს არ სთხოვს გახარია. რაც უფრო ასეთ სისულელეს გააკეთებს გახარია, მით უფრო მალე დასრულდება გახარია და ეს ხელისუფლება“, – აღნიშნა ნიკა მელიამ.

იმ შემთხვევაში თუ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს ექნება სურვილი, სახალხო დამცველი მზად არის პროცესში ჩაერთოს.

„რა თქმა უნდა, ჩავერთვები ამ პროცესში, თუ მას დასჭირდება დახმარება, ან ექნება კონკრეტული არგუმენტაციები, თუ რატომ არ უნდა მომხდარიყო დევნა მის მიმართ. რა თქმა უნდა, ამ ფაქტებს ჩვენ შევისწავლით. ვფიქრობ, რომ ამ ფაქტებს სჭირდება გამოძიება და ყველამ უნდა აგოს პასუხი თავისი დანაშაულის მიხედვით. იქნება ეს პოლიციელი, თუ იქნება ეს აქციის მონაწილე“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

ველისციხეში გავნითარებული მოვლენები ხმაურის და დაპირისპირების მიზეზი გახდა ბიუროს სხდომაზე. „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიგა ბოკერიამ გურჯაანში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, შს მინისტრის პარლამენტში, კომიტეტის სხდომაზე დაბარება მოითხოვა.

„რა უნდა მოხდეს ამაზე მეტი, რაც გუშინ ვიხილეთ... რაც იქამდე ვიხილეთ ბიულეტენების ჩაყრით... რა დროც გავიდა ახალქალაქის ინციდენტიდან... ოპოზიციის შტაბში შევარდნიდან დღისით, მზისით, ხელკეტებით... რომ პარლამენტმა აიძულოს ხელისუფლება, რომელიც თვითონ პოლიტიკურ განცხადებასაც კი არ აკეთებს... ჩაყრის კადრები რომ ვნახეთ, ერთი განცხადებაც არ მომისმენია.

ორჯერ გადმოგვცა, როგორც შუამავალმა სიტყვა, პირობა დაიდო, რომ ბატონი გახარია მობრძანდებოდა აქ, აქ პირობაზეც არ უნდა იყოს ლაპარაკი, აქ ლაპარაკია პარლამენტის ვალდებულებაზე და ხელისუფლების ვალდებულებაზე ანგარიში ჩაგვაბაროს, ჩემი აზრით, ამ სამარცხვინო და ქვეყნისთვის ძალიან სახიფათო პოლიტიკური კრიზისის დროს“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ოპოზიციონერი დეპუტატის ამ განცხადებას ბიუროს სხდომაზე კამათი მოჰყვა. მას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ეკა ბესელია გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მან ვერც ხელისუფლებაში და ვერც ოპოზიციაში ყოფნის დროს კონსტრუქციულად დარჩენა ვერ შეძლო.

„თქვენივე კოლეგების მიმართ გამოხატული ძალადობის ფაქტებზე არც მე არ მომისმენია ერთი განცხადება, რომლითაც დაგმეთ თქვენ, როდესაც მოხდა პარლამენტის წევრების, ქალბატონების მიმართ თავდასხმა. ეს არის აშკარად სისხლის სამართლის დანაშაული, რაც გუშინ ხდებოდა იმ ადამიანების მხრიდან, რომელიც ზოგი პოლიციელს ახტებოდა თავზე, ზოგი მანქანას ახტებოდა, ატრიალებდა, ძალადობდა, ხელს სწევდა და ეს ყველაფერი ითარგმნება სისხლის სამართლის კოდექსით, როგორც სისხლის სამართლის დანაშაული“, – აღნიშნა ეკა ბესელიამ.

იუსტიციის მინისტრის განმარტებით, პოლიციის მხრიდან ოპოზიციისა და მოქალაქეებისათვის გადაადგილების შეზღუდვა, თუკი ოპოზიციის მიზანს მხოლოდ ინაუგურაციისათვის ხელის შეშლა წარმოადგენდა, კანონიერი ქმედება იყო.

„ინაუგურაციის ხელშეშლის უფლებას ვერც საქართველოს სახელმწიფო მისცემდა და ვერც ერთი ევროპულ სტანდარტებზე დაფუძნებული ნებისმიერი სხვა სახელმწიფო. თუკი, ეს იყო მათი მიზანი, ამ მიზნის მიღწევაში მათ, რა თქმა უნდა, შეხვდებოდათ წინაღობები და ეს არის აბსოლუტურად კანონიერი და რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია – ლეგიტიმური. ხოლო გამოხატვის და აზრის გამოხატვის თავისუფლება მათ მიეცათ, მთელმა ქვეყანამ მოისმინა მათი განსხვავებული აზრი და ესეც უნდა ყოფილიყო, ჩემი აზრით, მათი აქციის მიზანი, რაშიც მათ ხელშეშლა, რა თქმა უნდა, არ ჰქონიათ“, – აცხადებს თეა წულუკიანი.

ოპოზიციის ულტიმატუმი მიუღებელია თბილისის მერისთვის. როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, გაკოტრებული პოლიტიკური პარტია საზოგადოებამ, გაისროლა და გაუშვა პოლიტიკურ ნაგავსაყრელზე.

„მათი დესტრუქციული ქმედებები საზოგადოებისთვის სიახლე არ არის. მთელი არჩევნების განმავლობაში, არჩევნებამდე და ახლაც ვისმენდით იმას, რომ მათი სურვილია ქვეყანაში შემოიტანონ დესტაბილიზაცია, დაპირისპირება. საუბრობდნენ დამხობაზე. ჯერ იმ ხელისუფლების და იმ სახელმწიფოს დედა ვატირე, გრიგოლა ვაშაძე რომ გადატრიალებას დაუპირებს. თვითონ იტრიალონ საკუთარ ოჯახებში და საკუთარ საწოლებში, რამდენიც უნდათ. სახელმწიფოს და სახელმწიფო სტრუქტურებს შეეშვან და თავი გაანებონ, თორემ ყველას მოუწევს პასუხისგება იმ ქმედებებზე, ვინც კანონის წინააღმდეგ წავა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თავის მხრივ „ნაციონალური მოძრაობა“ აქცებს აანონებს, თუმცა, ამ დრომდე უცნობია კონკრეტული გეგმა. გრიგოლ ვაშაძეს განცხადებით, არც მას და არც გაერთიანებულ ოპოზიციაში შემავალ პარტიებს სახელმწიფოს გადატრიალებისკენ მოწოდება არ ჰქონიათ.

„ეჭვი მაქვს არ ჰყოფნის განათლება იმისთვის, რომ გაიგოს ადამიანი რას ამბობს. სად არის მოწოდება, სახელმწიფოს გადატრიალებაზე?! 5 თვეა ვიმეორებთ, რომ ყველაფერი იქნება კონსტიტუციურ ფარგლებში და თუ ჰგონია, რომ შეურაცხყოფას მაყენებს გინებით, შეურაცხყოფა მარტო თანასწორს შეუძლია მომაყენოს“, – აღნიშნა გრიგოლ ვაშაძემ.