პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე ძალაში ახალი კონსტიტუცია შევიდა. ახალი რედაქციით, ქვეყანა სრულად საპარლამენტო რესპუბლიკის მოდელზე გადადის. ცვლილებების თანახმად, იზრდება ადამიანის უფლებების სტანდარტი. იცვლება პრეზიდენტის არჩევის წესი და საარჩევნო სისტემა. კონსტიტუციით გათვალისწინებული აღარ არის პარლამენტის ადგილმდებარეობა.
ამის გარდა, ცვლილებების მიხედვით, ქვეყანაში მთავარი ორგანო პარლამენტი იქნება, იზრდება მისი როლი მთავრობის ზედამხედველობისა და კონტროლის კუთხით, თუმცა, სრულად საპარლამენტო რესპუბლიკის მოწყობაზე ქვეყანა 2024 წლიდან გადავა - გაუქმდება მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა.
როგორც კონსტიტუციონალისტები განმარტებავენ, საპარლამენტო მმართველობის მოდელი თითქმის გამორიცხავს ერთპარტიული მმართველობის შესაძლებლობას.
კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე თვლის, რომ 16 დეკემბერს ამოქმედებულ ახალ კონსტიტუციაში ყველაზე მნიშვნელოვანი სახელმწიფო ინსტიტუტების ურთიერთობის კონსტიტუციის საფუძველზე შეცვლაა - იცვლება პარლამენტის, მთავრობისა და პრეზიდენტის ფუნქციები. ხმალაძის განმარტებით, მოდელი, რომელიც ამოქმედდა, შეესაბამება კლასიკური საპარლამენტო რესპუბლიკის მოდელს, რომლის მთავარი ნიშანიც არის ის, რომ მთავრობას პარლამენტი ქმნის, მთავრობა ანგარიშვალდებულია პარლამენტის წინაშე, პარლამენტი აკონტროლებს მთავრობის საქმიანობას და ამ კონტროლისთვის ქმედითი მექანიზმები აქვს. ხმალაძის აზრით ასევე მნიშვნელოვანია პრეზიდენტისთვის აღმასრულებელი უფლებამოსილებების არქონა.
„პრეზიდენტის როლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ხდება კრიზისული ვითარებების დროს, როდესაც საგანგებო მდგომარეობა იქმნება (მასობრივი არეულობები, ეპიდემიები, ბუნებრივი კატასტროფები).
აგრეთვე მნიშვნელოვანია, რომ საგანგებო და საომარი მდგომარეობის დროს პრეზიდენტი უფლებამოსილია გამოსცეს კანონის ძალის მქონე დეკრეტები, რომლითაც შეიძლება ბევრ სხვა რამესთან ერთად, შეიზღუდოს ადამიანის გარკვეული უფლება, ან შეიძლება შეჩერდეს კონსტიტუციის გარკვეული ნორმების მოქმედება. ოღონდ ეს იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ამას ერთპიროვნულად ვერც პრეზიდენტი წყვეტს, ვერც მთავრობა და ვერც პარლამენტი“, - განმარტავს ვახტანგ ხმალაძე.
კონსტიტუციონალისტი, ვახუშტი მენაბდე თვლის, რომ საქართველო 2024 წლამდე ნახევრად საპრეზიდენტო რესპუბლიკად რჩება და საპარლამენტო რესპუბლიკა მხოლოდ მას შემდეგ გახდება, რაც მას ხალხის მიერ არჩეული პრეზიდენტი აღარ ეყოლება.
კონსტიტუციონალისტის განმარტებით, მმართველობის მოდელი, პირველ რიგში, იმაზეა დამოკიდებული, თუ რა გზით ხვდება პრეზიდენტი თანამდებობაზე.
„ნახევრად საპრეზიდენტო რესპუბლიკად ვრჩებით, სადაც პრეზიდენტის როლი არის მინიმალიზებული და მთავარი პოლიტიკური ძალაუფლება პრემიერ-მინისტრს გააჩნია. ეს იმას ნიშნავს, რომ პრეზიდენტი ყოვედღიურ პოლიტიკაში არ ერთვება და ქვეყანას მთავრობის თავმჯდომარე მართავს“ - აცხადებს მენაბდე.
მისივე აზრით, ამ პირობებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი არის ის, რომ ძალაუფლების ვერტიკალი მთლიანად დამოკიდებულია მმართველ გუნდზე, რადგან მმართველი გუნდი მოიცავს საპარლამენტო უმრავლესობასაც და საპარლამენტო უმრავლესობის ნდობით აღჭურვილ მთავრობასაც. ამიტომ ძალთა ბალანსი ამ ტიპის სახელმწიფოებში ძალიან მყიფეა. ასეთ შემთხვევაში სიმძიმის ცენტრი მოდის არა საპარლამენტო უმრავლესობაზე, არამედ საპარლამენტო ოპოზიციაზე.
„ეს იმას ნიშნავს, რომ ოპოზიცია მნიშვნელოვანი უფლებებით უნდა იყოს აღჭურვილი. ამ თვალსაზრისით, კონსტიტუციამ რამდენიმე ნაბიჯი გადადგა, ხოლო რეგლამენტის რეფორმამ ახალი ინსტრუმენტები დაუმატა“, - მიიჩნევს მენაბდე.