„დასავლეთი, თუ სააკაშვილი? – სამადაშვილმა აირჩია დასავლეთი“

„დასავლეთი, თუ სააკაშვილი? – სამადაშვილმა აირჩია დასავლეთი“

ყველა კანონდარღვევის შესწავლა მოხდება და საჭიროების შემთხვევაში დაიწყება სისხლის სამართლის გამოძიება. შსს–ს ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები პოლიციის კანონიერ მოთხოვნას არ დაემორჩილნენ, გადაუხვიეს შეთავაზებულ მარშრუტს და დაიწყეს ძალადობა პოლიციაზე. აშკარა იყო, რომ აქციის მონაწილეების მიზანი იყო პოლიციის პროვოცირება. პროცესებს, რომელიც ველისციეხეში განვითრდა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები – ნიკანორ მელია, ზაალ უდუმაშვილი და გიორგი ვაშაძე ხელმძღვანელობდნენ.

შს მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, პოლიციის მიერ შესწავლილი იქნება თითოეული ინციდენტის ამსახველი ვიდეოკადრები, ასევე გამოიკითხებიან მოწმეები, რის შემდგომაც მოხდება ინციდენტების სამართლებრივი შეფასება და შესაბამისი რეაგირება.

„მინდა დავპირდე მათ, დღეს საღამოდან, ხვალინდელი დღიდან, ყველა პროვოკაციული ქმედება, რომელიც განხორციელდა სხვადასხვა წერტილში, სამართლებრივად იქნება გაანალიზებილი. იქ, სადაც იქნება სისხლის სამართლის შემადგენლობა, ყველას, მიუხედავად სტატუსისა და თანამდებობისა, მოეთხოვება შესაბამისი პასუხი. ამას ვპირდები ჩემს თანამშრომლებს, თითოეულ პოლიციელს.

განურჩევლად“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

როგორ განვითარდება მოვლენები? – ამ საკითხებთან დაკავშირებით for.ge რამაზ საყვარელიძეს ესაუბრა.

სალომე სამადაშვილს ჯერჯერობითნაციონალური მოძრაობაარ დაუტოვებია, მაგრამ აცხადებს, რომ აღარ აპირებს მონაწილეობას არანაირ აქციაში, რომელზეც გრიგოლ ვაშაძეს მიესალმებიან, როგორც საქართველოს პრეზიდენტს. ბატონო რამაზ, თუ გავითვალისწინებთ განვთარებულ მოვლენებს, პოლიტიკურად რამდენად სწორი განცხადება მოვისმინეთ დეპუტატ სამადაშვილისგან?

რამაზ საყვარელიძე: მიუხედავად იმისა, სად აღმოჩნდება მომავალში სალომე სამადაშვილი, ამ განცხადებით გადაარჩინა თავისი პოლიტიკური ავტორიტეტი. იმიტომ, რომ ფაქტიურად, ის მოწოდება, რომელიც იდგა სააკაშვილის ამ ფორმულის უკან, იყო მოწოდება არადეკვატური და დესტრუქციული ქცევისკენ, რისი დასტური იყო ველისციხეში განვითარებული მოვლენები. სამადაშვილმა უარი თქვა ამ დესტრუქციაზე და რადიკალიზაციაზე. ამიტომ, ამ მთელ ფინალურ პროცესებში ხაზს გავუსვამდი იმას, რომ დრამატული სიტუაცია ვითარდება.

რას გულისხმობთ სიტუაციის დრამატულად განვითარებაში?

– „ქართული ოცნება“ ორ ცეცხლს შუა არის მომწყვდეული. ერთ მხარეს არის სააკაშვილი თავისი დესტაბილიზაციის მოწოდებებით, მეორე მხარეს არის ევროპული სტანდარტები, რომელიც ითხოვს დამარცხებულმა გამარჯვებულის გამარჯვება აღიაროს. თუ „ნაციონალური მოძრაობა“ გაყვება სააკაშვილს, შეიძლება შედეგად მიიღოს ის, რომ დასავლეთი უკვე მას მხარს არ დაუჭერს. ამიტომ არის, რომ საამადაშვილი არ უნდა გაყვეს სააკაშვილს ფორმულას. დასავლეთის მხარდაჭერა „ნაციონალებისთვის“ ერთ–ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია, მაგრამ არის მეორე ფაქტორი, თუ „ნაციონალური მოძრაობა“ იმოქმედებს დასავლური სტანდარტებით, შეიძლება დაკარგონ სააკაშვილის მხარდაჭერა.

დასავლური სტანდარტები რომ მნიშვნელოვანი ფაქტორი არ არის, ეს თავად აღნიშნა სააკაშვილმა, როდესაც თქვა – „ფეხებზე დავიკიდე დასავლეთის აზრი და შევვარდი პარლამენტში“...

– შევარდნაძის დროს კიდევ სხვა სიტუაცია იყო. იქ არსებობდა ამერიკა, რომელსაც რევოლუციის ინტერესი ჰქონდა. დღეს ასეთი ინტერესის მქონე მხარე არ არსებობს, გარდა რუსეთისა. ამდენად, თუ „ნაციონალური მოძრაობა“ გააგრძელებს იმ პოლიტიკას, რომელიც სააკაშვილის მხრიდან მომდინარეობს, უკვე ეს პარტია შეიძლება ცალსახად გაიშიფროს როგორც რუსეთის მოძრაობა. ეს არის პარტია, რომლის აზროვნებაში 2008 წლის აგვისტოს ომში საქართველომ გაიმარჯვა.

ამ ჯგუფს, რომელთა ქმედებაში აშკარაა რადიკალიზმი, თავისი ლოგიკური მიზანი აქვს. კერძოდ ის, რომ სხვა შემთხვევაში სააკაშვილი მათ დაფინანსებას შეწყვეტს. ძალიან სამწუხაროა, რომ ქართული პროკურატურა არ ინტერესდება საიდან აქვს სააკაშვილს ისეთი ფინანსური შესაძლებლობები, რომ პოლიტიკური პარტია დამოკიდებული ხდება მის დაფინანსებაზე და ფაქტია, რომ დამოკიდებული არიან. ასე რომ, შეიძლება მათ გააკეთონ წამგებიანი სვლებიც, რომ არ დაკარგონ სააკაშვილის კეთილგანწყობა.

მხოლოდნაციონალური მოძრაობაარის დამოკიდებული სააკაშვილის ფინანსებზე? იგივე 11 ოპოზოციური პარტია, რომლებიც 2012 წლამდე ოპოზიციაში იყვნენ სააკაშვილთან, როგორც კი დასჭირდა სააკაშვილს, დადგნენ მის გვერდით.

– დანარჩენი პარტიები იმდენად მცირე შესაძლებლობების არიან, რომ მათთვის ფინანსების გამოყოფა, ალბათ, დიდ პრობლემას არ წარმოადგენს. სააკაშვილის ფინანსები – ჩვენ უკვე შევეჩვიეთ ამ ფრაზას, მაგრამ ჩნდება კითხვა, საიდან აქვს სააკაშვილს ამხელა ფინანსები, ადამიანს, რომელიც ნოდარ დუმბაძის თქმის არ იყოს, თითო კალოშით მოვიდა პარლამენტში და მერე პრეზიდენტი გახდა? საიდან დააგროვა ამ ადამიანმა იმდენი ქონება, რომ დღეს პარტიებს აფინანსებს? ქართულმა პროკურატურამ არ დააყენა ეს საკითხი და არ გამოიკვლია. ეს არის პრობლემა.

პროკურატურის უინტერესობამ ძალიან მძიმე ვითარების წინაშე დააყენა მმართველი გუნდი პრეზიდენტის არჩევნებზე...

– ამიტომ, შედეგებს ნურავის ნუ დააბრალებს „ქართული ოცნება“, მან მიიყვანა ასეთ მდგომარეობამდე სიტუაცია. ის იყო ვალდებული დაეყენებინა ეს საკითხი, მაგრამ, სამწუხაროდ, მან ამითი თავი არ შეიწუხა. ვალდებული იყო ეიძულებინა პროკურატურა, რომ ემუშავა ამ მიმართულებით, მაგრამ თავი არ შეიწუხა. როცა ამდენ საკითხზე თავს არ შეიწუხებ, მერე რა თქმა უნდა, შენგან მიტოვებული საკითხები შემოგიბრუნდება.

ის, რომ პროკურატურა არ იყო აქტიური ყოფილი მაღალჩინოსნების საქმეებით, ამას მმართველი გუნდი დასავლეთის მოთხოვნით ხსნის, რომ კოაბიტაცია იყო დასავლეთის მოთხოვნა. დასავლეთის მოთხოვნას შეეწირაქართული ოცნების“ რეიტინგი?

– კოაბიტაცია დასავლურ პოლიტიკურ ჟარგონზე ნიშნავს მხოლოდ იმას, რომ სხვადასხვა პოლიტიკური ორიენტაციის ხალხმა მოახერხოს ერთმანეთთან თანამშრომლობა. ოღონდ არ ნიშნავს იმას, რომ დანაშაულის ჩამდენი, სახელმწიფო ფულის წამღები მხარე დაცული იყოს სახელისუფლებო სტრუქტურების მხრიდან კოაბიტაციის ლოზუნგით. ეს იყო კოაბიტაციის ევროპული აზრის ისეთი დამახინჯება, რომელიც გადარჩენის საშუალებას აძლევდა კრიმინალურ გუნდს და ფაქტს, რომელიც ჩადენილია „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან.

სააკაშვილი პრაქტიკულად ყოველდღიურად აკეთებს რადიკალურ განცხადებებს, სწორედ ამან განაპირობა სამადაშვილის გადაწყვეტილება, რომელაც არჩევანი დასავლურ ღირებულებებზე გააკეთა?

– არ მგონია, რომ სამადაშვილი ამ განცხადებით ბოლომდე უარყოფდეს სააკაშვილს ფასს, ამას გაბედულება სჭირდება. მაგრამ, ის, რომ სამადაშვილის პოზიცია მნიშვნელოვანია, რადგან იგი დასავლური დამოკიდებულების გამხმოვანებელია, ეს უდავოა. მივესალმები სამადაშვილის ამ გაბედულებას, სწორედ იმიტომ, რომ ამან შეიძლება სიფხიზლე შეიტანოს „ნაციონალურ მოძრაობაში“. თუმცა, ამის შანსი ნაკლებია.

რაც შეეხება სააკაშვილის სტრატეგიას, იგი წასულია ქვეყნიდან და შორიდან აგზავნის რადიკალურ მოწოდებებს. ადამიანმა, რომელმაც საკუთარი ქვეყნის მოქალაქეობაზე უარი თქვა, აგზავნის მოწოდებებს ამ ქვეყნის არევის თაობაზე, მე მგონია, რომ ამას ცალკე კომენტარი არ სჭირდება.

რადიკალზმი, რომელიც ვნახეთ, შეიძლება ამ პარტიის დაშლის მიზეზი გახდეს, „ნაციონალური მოძრაობამინუს სამადაშვილი?

– ამ პარტიის დაშლის პროცესი დაწყებულია გაცილებით ადრე. ჯერ „გირჩი“ გამოეყო, შემდეგ „ევროპული საქართველო“. ეს იყო პირველი სიმპტომები და ალბათ, ეს პროცესი გაგრძელდება. მარცხი აძლიერებს დაშლის პროცესებს. ამ შემთხვევაში, სამადაშვილის ფიგურა ამოტივტივდა და ალბათ, კიდევ მიემატება ფიგურები, რომლებიც არ მოისურვებენ აღმოჩნდნენ იმ როლში, რაშიდაც ზვიადისტები იყვნენ მას მერე, რაც ზვიადი გარდაიცვალა. ანუ, ყოველგვარი პრესპექტივის გარეშე ბრძოლის გაგრძელება მარტო იმიტომ, რომ ეს ინერცია ჰქონდათ მათ აღებული. მეეჭვება, რომ ეს იყოს მიმზიდველი ბევრი მათგანისთვის. ასე რომ, სააკაშვილის პარტიის დაშლის პირველი მერცხალი იყო „გირჩი“, შემდეგ „ევროპული საქართველო“. ამ ეტაპის მერცხალი შესაძლოა, სალომე სამადაშვილი გახდეს.

ვფიქრობ, რომ ამდაგვარი მერცხლური ნიშნები გაგრძელდება და ასეთი ჟღურტული ვაშაძესაც ჰქონდა, როცა გამოაცხადა, რომ სააკაშვილის განცხადება ერთი ადამიანის პოზიცია არის და არა მთელი გუნდისო. ამ გუნდში მყარად არ იყვნენ ჩამოყალიბებული რა გზას დადგომდნენ. რა თქმა უნდა, სააკაშვილის დაჟინებული მოთხოვნები სირთულეებს უჩენს ამ გუნდს.

თვითონ იმის აღნიშვნა, რომ მან უცხოელებს არ გაუწია ანგარიში, უკვე გულისხმობს იმას, რომ პრობლემა დასავლეთია და ბევრს ექნება ანალოგიური დილემა და ფაქტიურად ამ დილემასთან გვაქვს საქმე, დასავლეთი, თუ სააკაშვილი – სამადაშვილმა აირჩია დასავლეთი, რაც სწორი არჩევანია. უფრო მეტი შანსია, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ გაჩნდეს იმის მცდელობა, რომ მოექცნენ დასავლურ სტანდარტებში, რაც მთლიანად ქართული პოლიტიკისთვის იქნება სასარგებლო და ნაკლებად ექნება ადგილი ისეთ პრეცედენტებს, რაც ვნახეთ პარლამენტში და შემდეგ ველისციხეში.