უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში უკვე მეორე დღეა, საპროტესტო აქციები იმართება.
აქციის მონაწილეები ქვეყნის შრომის კოდექსში შეტანილ ცვლილებას აპროტესტებენ.
Daily News Hungary-ის ინფორმაციით, აქციის მონაწილეები შეტანილ ცვლილებას «მონურს“ უწოდებენ და მის გაუქმებას ითხოვენ.
ხალხი თავდაპირველად პარლამენტის შენობასთან შეიკრიბა. ამის შემდეგ მათ მსვლელობა პროკურატურამდე მოაწყვეს და სკანდირებდნენ „თავისუფალ სასამართლოებს ვითხოვთ“. მოგვიანებით, აქცია კვლავ პარლამენტთან გაგრძელდა.
მედიის ინფორმაციით, აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკებაც მოხდა. ადამიანები პოლიციის მისამართით ბოთლებს ისროდნენ, რის გამო ორმა სამართალდამცველმა მსუბუქი დაზიანება მიიღო, საპასუხოდ კი, პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.
უნგრეთის პარლამენტმა 9 დეკემბერს შრომის კოდექსში ცვლილება შეიტანა, რომლის მიხედვით, სამუშაო საათი 250-დან 400-მდე გაიზარდა.