საქართველოს ბოლო არჩეული პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშილის ფიცის დადების შემდეგ კონსტიტუციის ახალი რედაქცია ამოქმედდება.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, 16 დეკემბერი ისტორიული დღეა - ძალაში შედის საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქცია და დოკუმენტის მთავარი მიღწევაა ის, რომ სრულად გამორიცხავს ავტოკრატიის განმეორებას.
„სრულად საპარლამენტო მმართველობაზე გადავდივართ, რომელიც ყველაზე დემოკრატიული მმართველობის ფორმად არის აღიარებული. 2020 წლიდან პროპორციული საარჩევნო სისტემა ამოქმედდება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. შემოღებული იქნება პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევის წესი, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებაა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
როგორც კობახიძე განმარტავს, პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევა საპარლამენტო მმართველობასთან თავსებადი არ არის. გამომდინარე იქიდან, რომ საპრეზიდენტო კანდიდატები პროგრამებით ვერ გამოდიოდნენ, ხშირად ტყუილი დაპირებების გაცემა უწევდათ - არჩევნები კონცეტრირებული იყო პიროვნულ თავდასხმებსა და შეურაცხყოფაზე.
კობახიძის შეფასებით, ეს იმ ნონსენსის გამოძახილი იყო, რასაც საპარლამენტო მმართველობაში პირდაპირი არჩევნების ჩატარება ჰქვია.
ამასთან, მისივე თქმით, ძლიერდება ოპოზიცია, საქართველოში მაღალი სტანდარტით იქნება დაცული ადამიანის უფლებები, გაიზრდება სასამართლოს დამოუკიდებლობის გარანტიები და ფართოვდება პროკურატურის დამოუკიდებლობა და ა.შ.
„ევროპული საქართველოს“ წევრის, ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, დღევანდელი საპარლამენტო უმრავლესობა მოწოდებულია მხოლოდ ერთ რამეზე, რომ აღასრულოს ბიძინა ივანიშვილის სურვილები.
ჭიაბერაშვილის შეფასებით, ახალი კონსტიტუცია რეალური ცვლილებების განხორციელების შესაძლებლობას არ იძლევა.
„ეს კონსტიტუცია აკანონებს იმ ძალადობრივ რეალობას, რაშიც დღეს საზოგადოება ცხოვრობს და სასამართლოს რეფორმირების შესაძლებლობას სპობს, რომ ზაზა სარალიძემ და მისმა მსგავსმა ადამიანებმა სამართალი იპოვონ ამ ქვეყანაში. რაც ყველაზე მთავარია, ეს კონსტიტუცია ინარჩუნებს იმ უსამართლო საარჩევნო სისტემას, რომლის წყალობითაც „ქართულმა ოცნებამ“, თუნდაც 2016 წელს საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვა“, - აცხადებს ჭიაბერაშვილი.
როგორც ცნობილია, „ნაციონალური მოძრაობა“ სწორედ იმ სისტემას აკრიტიკებს, რომელიც თავადვე შექმნა, როგორც ხელისუფლების შენარჩუნების გარანტორი და ხელისუფლებასაც სწორედ იმ ტიპის ბრალებებს უყენებს რაც წინა ხელისუფლების მმართველობის დროს სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ ისმოდა ოპოზიციის მხრიდან.
მართალია, კონსტიტუციის ახალი რედაქციით არჩეული პრეზიდენტი აღარ გვეყოლება, სამაგიროდ ეს ინსტიტუტი სხვა ტიპის ბონუსებს მიიღებს. ახალი რედაქციის ამოქმედებამდე კი პრეზიდენტი მარგველაშვილი კიდევ ერთ ცვლილებას გვთავაზობს და ახალი ბრძანებულებით, საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციის წესს ცვლის.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ცვლილებები თანამედროვე კონსტიტუციურ რეალობას ასახავს.
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში არ აკონკრეტებენ, რა ჩაიწერა ბრძანებულებაში, თუმცა, ერთ-ერთი ცვლილებით, გიორგი მარგველაშვილმა მომავალი პრეზიდენტის ინაუგურაციაზე მიმავალი პრეზიდენტის როლი განსაზღვრა.
აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტის ინაუგურაციის წესში, ამ დრომდე მიმავალი პრეზიდენტის როლი განსაზღვრული არ იყო.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის განმარტებით, პრეზიდენტის ინაუგურაციის წესი იყო ძალიან მოძველებული და ვერ ასახავდა კონსტიტუციურ რეალობას. ამიტომ ეს ცვლილება მოვიდა შესაბამისობაში დღევანდელ კონსტიტუციურ რეალობასთან.
როგორც ხელისუფლება აცხადებს, ცვლილებების თანახმად, პრეზიდენტის ინსტიტუტის გაძლიერებაც ხდება, რაც აისახება პრეზიდენტის ადმინიტრაციის ხარჯებში - როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, გამოიყოფა იმდენი თანხა, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტი არათუ დასუსტდეს, არამედ გაძლიერდეს.
ივანე მაჭავარიანის განმარტებით, ცვლილება შეეხება პრეზიდენტის სარეზერვო ფონდსაც - მინისტრის შეფასებით, სარეზერვო ფონდი პრეზიდენტის უფლებამოსილებასთან კონფლიქტში მოდიოდა, რადგან მთავრობის თუ პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი ძირითადად იქმნება ისეთი მოვლენების დასაფინანსებლად, რომლის განჭვრეტა დასაწყისში ძნელია.
„შესაბამისად, ბიუჯეტის დაგეგმვა არის რთული, მაგალითად, არის სტიქიური მოვლენები, შეიძლება იყოს ძალიან კარგი მოვლენებიც პირობითად, ჩვენმა სპორტსმენებმა იმაზე მეტი ოლიმპიური მედალი მოიტანეს, ვიდრე ჩვენ წარმოგვედგინა და შეიძლება ამისთვის იყოს გამოყენებული. ანუ, თუ დააკვირდებით, ეს არის აღმასრულებელ ხელისუფლებასთან დაკავშირებული მოვლენები. ამ შემთხვევაში, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი არარელევანტურია მის დღევანდელ უფლებამოსილებასთან“, - განაცხადა მაჭავარიანმა.