გაეროს ბავშვთა ფონდის, 2018 წლის, კვლევის მიხედვით საქართველოში სკოლამდელ დაწესებულებებში ჩართულობის მაჩვენებელი ევროპულ სამიზნე ნიშნულზე 26%-ზე დაბალია. ბაღში ჩარიცხვის მაჩვენებლები კიდევ უფრო ნაკლებია ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ ბავშვებში (33%), სოციალურად დაუცველ ბავშვებში (39,7%) და სოფლად (46,8%). კვლევის თანამხმად პრობლემაა ბაღში აღმზრდელთა კვალიფიკაციაც, რადგან უმაღლესი განათლება სკოლამდელი განათლების დარგში მასწავლებელთა მხოლოდ 29,9 % აქვს.
რითია გამოწვეული ბავშვების ბაღში მოსწრების დაბალი მაჩვენებელი, რა მნიშვნელობა აქვს სკოლამდელ განათლებას და შეუძლიათ, თუ არა ბავშვებს საქართველოში არსებულ ბაღებში სწორი განვითარება? - ამ თემაზე for.ge ფსიქოლოგ, თამარ გაგოშიძეს ესაუბრა.
თამარ გაგოშიძე: ჩემთვის ეს სტატისტიკა არ არის გასაკვირი, განსაკუთრებით რეგიონებში იმიტომ, რომ საბავშვო ბაღებს და ბაგებს სჭირდება შესაბამისი ინფრასტრუქტურა და მოწყობა იმისათვის, რომ ბავშვთა მოსწრება მაღალი იყოს. ძალიან მწირი რესურსია ამ სფეროაში და ამასთანავე, სკოლამდელი განათლების მიღებისას ბავშვი ემზადება სკოლისთვის და ეს ყველაზე მნიშვნელოვანია.
რა უნარებს უნდა იძენდეს, სწავლობდეს და ანვითარებდეს ბავშვი ბაღში და რა შედეგი გვაქვს ამ მხრივ საქართველოში?
- დღეს ცოტა ადამიანმა იცის, რომ ბავშვის კეთილდღეობის ფუნდამენტი იწყება ნული თვიდან და 6 წლამდე ეს ყველაფერი უნდა იყოს დაგალებული, განვითარებული და მომზადებული იმისთვის, რომ ჯანმრთელი, კმაყოფილი და ინსტრუმენტებით აღსავსე ბავშვი უკვე თავისი უნარებით ადვილად ადაპტირდეს სასკოლო გარემოსთან და ნაკლები პრობლემები შეექმნას მასაც და მის ოჯახსაც.
6 წლის ბავშვი, როცა მიდის სკოლაში, მას უკვე უნდა ჰქონდეს ბაღში ნასწავლი და ათვისებული ყველა ის მზა ინსტრუმენტი, უნარი, რითიც ის შეეგუება უკვე სკოლას და მოახდენს ადაპტაციას სასკოლო სისტემასთან. ეს ეხება ემოციურ, შემეცნებით სფეროს, მის ქცევას, მის ეთიკას და ა.შ. ანუ საბავშვო ბაღია ის ადგილი, სადაც ბავშვი მთლიანად ემზადება სკოლისთვის და მისი ყველა სფერო მწიფდება.
ძირითადად, საბავშვო ბაღში მასწავლებლებთან ურთიერთობის პროცესში ჩანს ხოლმე ის პრობლემები, რაც შეიძლება ბავშვს ჰქონდეს, რასაც შეიძლება ოჯახი და მშობელი ვერ ამჩნევდეს. ბაღია სწორედ ის ადგილი და მასწაველბელია ის ადამიანი, ვინც უნდა მოახერხოს ადრეული იდენტიფიკაცია, თუ ბავშვს რაიმე პრობლემა აქვს განვითარებაში.
მაგალითად, რა პრობლემა შეიძლება იყოს, რაც ბაღის ასაკში უნდა იქნას აღმოჩენილი?
- მაგალითად, ენისა და მეტყველების განვითარება, რომელიც ძალიან დიდი პრობლემაა საქართველოში. ენისა და მეტყველების განვითარება 6 წლამდე ასაკის ბავშვებში დაგვაინებულია და შეფერხებით მიმდინარეობს საკმაოდ დიდ პროცენტში. დასავლეთის მონაცემებით საბავშო ბაღის მოსწავლეთა დაახლოებით 30% განიცდის პრობლემებს ენასა და მეტყველებაში და ეს ძალიან დიდი რიცხვია. ამას თავისი მიზეზები აქვს. ამიტომ საბავშვი ბაღია ის ადგილი, სადაც ადრეული იდენტიფიკაცია უნდა მოხდეს, თუ რაიმე პრობლემაა, ან მაგალითად, ქცევითი პრობლემები, ემოციური პრობლემები ბავშვების, რომელიც გამოჩნდება საბავშვი ბაღის სიტუაციაში და დროულად უნდა მოხდეს ჩარევა იგივე ბავშვებითვის მისაღებ და ბუნებრივ გარემოში, როგორიც არის საბავშვი ბაღი. ამდენად, ეს არ არის მხოლოდ განათლების მისაღები ადგილი, ეს არის აღზრდის ადგილი, ეს არის ადრეული იდენტიფიკაციის და ბავშვის და ოჯახების დახმარების ადგილი.
ქალბატონო თამარ, გაეროს ბავშვთა ფონდის კვლევის თანახმად ბაღში მასწავლებელთა მხოლოდ 29,9 % აქვს მიღებული უმაღლესი განათლება სკოლამდელი განათლების დარგში. ამ დარგში მასწავლებეთა კვალიფიკაციის არქონა, რამდენად წარმოადგენს პრობლემას და როგორ აისახება ბავშვზე?
- ნამდვილად არის კვალიფიკაციის პრობლემა და სამწუხარო რეალობაა, რომ სპეციალისტები არ გვყოფნის. მით უმეტეს 10-15 წლის წინ უგაზობა და უშუქობა რომ იყო, საბავშვო ბაღის პედაგოგობა სულაც არ იყო და არც ახლა არის დიდად ცხოვრების ოცნება. ეს არ არის თუნდაც საშუალოდ ანაზღაურებადი სამსახური. რთული სამუშაოა, არაა ადვილი და კარგი კადრი იქ რატომ მივა სამუშაოდ 300 ლარზე? გვაქვს უკვე სახეზე ჩვენ ამის შედეგი. დაწყებით კლასებში ბავშვები ნაკლებად მომზადებულები არიან.
გვაქვს კერძო ბაღები, მაგრამ იქაც დიდი აქცენტი მეცადინეობაზე კეთდება. საბავშვო ბაღის დანიშნულება არ არის მეცადინეობა, საბავშვო ბაღის დანიშნულება არის თამაშით სწავლება და ბავშვის ქცევის და ემოციური რეგულაციის, ბავშვისთვის ქცევის მართვის სწავლება და საკუთარი ემოციის რეგულაციის სწავლება.
ახლა არის საუბარი ადრეული ასაკისთვის სპეციალისტების მომზადებაზე. ზუსტად ამ ჯგუფის მუშაობაში ვმონაწილეობ ახლა და პოლონეთის მთავრობასთან ერთად სპეციფიურ საკითხებზე ვმუშაობთ, როგორ შეიძლება საუნივერსიტეტო დონეზე შევიტანოთ საბაკალავრო პროგრამა ადრეული განათლების სპეციალისტის.
იმასაც ვიტყვი, რომ ცხადია, ყველა ბაღი ერთნაირი არ არის. მშობელს უწევს არჩევანის გაკეთება და ეს არ არის მარტივი. ეს არის მარკეტინგული კვლევა, რომელიც მშობელმა უნდა ჩაატაროს. თვითონ უნდა ნახოს როგორია საბავშვო ბაღი და ა.შ. არ არის ადვილი წესიერი, კარგი საბავშვო ბაღის პოვნა, მაგრამ მაინც შესაძლებელია.
რა რეკომენტაციებს მისცემდით სახელმწიფოს სკოლამდელი განათლების განვითარებისთვის თვალსაზრისით, რომ ბავშვსთის ბაღში სიარული შედეგიანი გახდეს?
- ამისთვის სახელმწიფომ ფინანსები არ უნდა დაიშუროს იმიტომ, რომ სკოლაში უკვე სწავლის დაწყება არის დაგვიანებული. ინფრასტრუქრურის პრობლემაა, მასწავლებელების კვალიფიკაციის პრობლემაა, ბაღში ადგილების რაოდენობის პრობლემაა და ა.შ. რაზეც სახელმწიფომ უნდა იფიქროს და იზრუნოს.
აუცილებელია დიდი მოცულობის ფინანსები იყოს გამოყოფილი სკოლამდელი განათლებისთვის, რითიც დაფინანსებული იქნება მასწავლებლების მომზადება, განათლება, ბაღების აღჭურვილობა, ინფრასტრუქტურის მოწყობა, მშობლების განათლება, ინფორმირება და ა.შ. ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა კარგი გარემოს შექმნა ჩვენი ბავშვებისთვის.
6 წლამდე უნდა მორჩეს ბავშვის ფუნდამენტის შენება, აქედან გამომდინარე, თუ თანხები იქნება ჩადებული სკოლამდელ განათლებაში და, თუ პრევენცია სკოლამდე მოხდება, ჩვენ არ გვექნება პრობლემები სკოლაში და უფრო მეტი თანხები არ დაგვეხარჯება ვიდრე ამას ახლა ვაკეთებთ, ანუ ეს ინვესტიცია იქნება ძალიან მომგებიანი სახელმწიფოსთვის და ოჯახებისთვის. ჩვენ გვინდა კარგი საბავშვო ბაღები და განათლებული აღმზრდელები და ამას უნდა სერიოზული მომზადება. აღარ ვლაპარაკობ იმაზე, რომ ინკლუზიური პრაქტიკები უკვე ბაღიდან უნდა იყოს დანერგილი და 1-ელ კლასში აღარ დასჭირდება ბავშვს ამდენი ენერგიის, დროის და თანხების ხარჯვა.
მაგალითად, უცხოურ ქვეყნებში ყოველი 1 დოლარი სკოლამდელ განათლებაშია ჩადებული, რადგან სკოლამდელ განათლებაში ჩადებულ ყოველი ამ 1 დოლარიდან ამოიღება 10 დოლარი იმიტომ, რომ როდესაც იგივე აშშ-ში სიღარიბის დაძლევაზე იყო საუბარი 60-იან წლებში, სკოლამდელი განათლების პროგრამებმა და ადრეული ინტენვენციის პროგრამებმა, თანაბარი შესაძლებლობა მისცეს სიღარიბის ზღვარს მიღმა სოციალურად დაუცველ ოჯახებს და მათ შვილებს, რომ პირველი კლასიდან მათ თანაბარი მისაწვდომობა ჰქონოდათ განათლებასთან და მსგავსი ინფორმაციით და მსგავსი შემეცნებითი განვითარებით მისულიყვნენ სკოლაში, ანუ შეამცირა ძალიან სერიოზული განსხვავება და დისკრიმინაცია ამ ოჯახებს შორის. ამიტომ ნამდვილად დაუყოვნებლივ მისახედია ბაღები და სახელმწიფომ უნდა იზრუნოს ამაზე, რადგან ბავშვის სწორი ფუნდამეტის შენება ბაღის ასაკიდან იწყება.