მიშას ციხე შიგნიდან გატყდა

მიშას ციხე შიგნიდან გატყდა

თამაზ თამაზაშვილის სახელის დისკრედიტაციის მიზნით ხელისუფლება მორიგ პროვოკაციას გეგმავს. ამის შესახებ თამაზ თამაზაშვილის ადვოკატმა, შალვა თადუმაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ადვოკატის თქმით, ხელისუფლება გეგმავს ინფორმაციის გავრცელებას ადამიანის გატაცებასთან, ან ნარკორეალიზაციასთან დაკავშირებით და მთავარ გმირად თამაზაშვილის წარმოჩენა აქვს დაგეგმილი.

შეგახსენებთ, ხელისუფლება აცხადებს, რომ დანაშაული, რომელიც ციხეში ხდებოდა გარედან იმართებოდა და მის დამკვეთად თამაზ თამაზაშვილს ასახელებს. ადვოკატებს თამაზაშვილის დისკრედიტაციის მცდელობაში ეჭვებს უჩენს პრეზიდენტ სააკაშვილის განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ მათ აქვთ ინფორმაცია და ამას საზოგადოებას მიაწვდიან.

„თამაზაშვილის ადვოკატებს გვიჩენს ეჭვს, რომ იგეგმება რაიმე სახის ინფორმაციის გავრცელება ადამიანის გატაცებასთან და ნარკორეალიზაციასთან დაკავშირებით და მთავარ გმირად მოიხსენიებენ თამაზ თამაზაშვილს. აქედან გამომდინარე, მიუხედავად იმისა, რომ ომბუდსმენს თავის დროზე თავი არ შეუწუხებია თამაზაშვილის მიმართ განხორციელებულ უკანონობაზე, მივმართავ გიორგი ტუღუშს, პირადად აიღოს კონტროლზე თამაზაშვილის მდგომარეობა, რადგან ხელისუფლებამ მასზე შეიძლება რაიმე სახის პროვოკაცია მოახდინოს“, - განაცხადა შალვა თადუმაძემ.

თამაზაშვილი დაკავებისთანავე პოლიტპატიმრად არის აღიარებული და მისი დაჭერიდან მოყოლებული, ხელისუფლება აქტიურად ცდილობს მის დისკრედიტაციას, ამ მიზნით ტელევიზიით თამაზაშვილის შავი პიარიც კი მიმდინარეობს. უნებურად ჩნდება კითხვა, რატომ აითვალწუნეს ხელისუფლებაში მაინცდამაინც თამაზაშვილი? ამ თემასთან დაკავშირებით for.ge-ს თამაზაშვილის სიძე, „ქართული ოცნების“ წევრი ირაკლი ღარიბაშვილი ესაუბრება.

ირაკლი ღარიბაშვილი: „მე შემიძლია ქრონოლოგიურად მოგიყვეთ, რატომ მოხდა თამაზ თამაზაშვილის დაკავება. რა თქმა უნდა, სულ თავიდან ეს ჩემს გამო მოხდა და ამ დაკავებას თავიდანვე პოლიტიკური ხასიათი ჰქონდა. როგორც იცით, ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში მოსვლასთან დაკავშირებით განცხადება 7 ოქტომბერს გააკეთა. 11 ოქტომბერს კი თამაზ თამაზაშვილი თავის სახლთან დააკავეს. დაკავების ოქმის თანახმად, მას მანქანაში აღმოაჩნდა ავტომატი, რომელიც მწყობრიდან იყო გამოსული და ეს ფაქტი მოგვიანებით თავად შინაგან საქმეთა სამინისტროს ექსპერტმაც დაადასტურა. თამაზ თამაზაშვილს 3 წლითა და 6 თვის ვადით პატიმრობა მიესაჯა. აღსანიშნავია ისიც, რომ თამაზ თამაზაშვილი პოლიციის გენერალია, მის დამსახურებებზე რომ აღარაფერი ვთქვათ, ვინაიდან მას შინაგან საქმეთა სამინისტროში რაც კი სიგელი და ორდენია, ყველაფერი აქვს მიღებული. მიუხედავად იმისა, რომ იგი პოლიციის გენერალია, მას დღემდე გლდანის მერვე საპყრობილეში ამყოფებენ, მაშინ როდესაც მოგეხსენებათ, არსებობს სპეციალური საპყრობილე, სადაც ძალოვანი სტრუქტურების ყოფილი თანამშრომლები იხდიან სასჯელს.

თამაზაშვილის ადვოკატებმა არაერთხელ მიმართეს შესაბამის უწყებებს, რომ მსჯავრდებული სპეციალიზებულ ციხეში გადაეყვანათ, მაგრამ ეს მოთხოვნა დღესაც შესრულებული არ არის.

ეს რაც შეეხება დაკავებას, ხოლო თუ რატომ გაგრძელდა თამაზ თამაზაშვილი დევნა, ამაზე პასუხი ძალიან მარტივია. ხელისუფლების პირველი გათვლა იყო ის, რომ ამ გზით ჩემზე მოეხდინათ ზეწოლა და ვეიძულებინე ფონდ „ქართუს“ ხელმძღვანელის თანამდებობა დამეტოვებინა და ბიძინა ივანიშვილისგან წამოვსულიყავი, რაც არ გამოუვიდათ. მათი მეორე გათვლა კი იყო ის, რომ ამ ადამიანს ეღიარებინა, თითქოს ავტომატი მართლა ჰქონდა, თუმცა არც ეს გამოუვიდათ. როგორ წარმოგიდგენიათ, პოლიციის გენერალს, რომელსაც მთელი სიცოცხლის განმავლობაში იარაღის ქონის უფლება აქვს, მანქანაში უვარგისი, ჟანგიანი ავტომატი ედო და ასე მოძრაობდა? ეს ყველაფერი უბრალოდ სასაცილოა, მაგრამ დღევანდელი ხელისუფლებისთვის ეს ჩვეულებრივი, იაფფასიანი აქციაა.

ხელისუფლებამ ძალიან დიდი შეცდომა დაუშვა, როდესაც ჩემი სიმამრი დააკავა, ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული და ბოლო დროს განვითარებული მოვლენები ამას კიდევ ერთხელ ადასტურებს.

რა მოხდა შემდეგ, ანუ რატომ არის ხელისუფლების მხრიდან მუდმივად თამაზაშვილის დამნაშავეობაზე საუბარი?

- დაკავებიდან ძალიან მალევე თამაზ თამაზაშვილი პოლიტპატიმრად იქნა ცნობილი. არასამთავრობო ორგანიზაციებისგან შემდგარმა კომისიამ იგი პოლიტპატიმრად სცნო და სწორედ აქედან მოყოლებული ხელისუფლება მუდმივად ცდილობს, რომ ეს ფაქტი თამაზაშვილის კრიმინალად მონათვლის მეშვეობით გადაფაროს. თუმცა სიმართლის დაფარვა შეუძლებელია, მით უმეტეს დღევანდელ დღეს. მოკლედ, ამის შემდეგ დაიწყო ცილისწამების მთელი კამპანია. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ აბსოლუტურად აბსურდული ვიდეორგოლი დაამზადებინა, რომელსაც ტელეკომპანიები რეკლამის სახით უშვებენ. რა თქმა უნდა, ესეც იმ გეგმის ნაწილია, რომ მოხდეს თამაზაშვილის სახელის დისკრედიტაცია, რათა მისი სახელი პანკისის ცნობილ მოვლენებს და სხვადასხვა კრიმინალს დაუკავშირდეს. აქვე მინდა გავმარტო და საზოგადოებას კიდევ ერთხელ ვუთხრა, ადამიანის გამტაცებლებიც ესენი არიან, ნარკორეალიზატორებიც და ნარკომანებიც. ადამიანი, რომელიც 25 წლის განმავლობაში თავის სამშობლოს პირნათლად ემსახურებოდა, გამოვლილი აქვს ომები და ა.შ. ამ ხელისუფლებამ კრიმინალად გამოიყვანა.

ბოლო დღეებში ხელისუფლება ცდილობს, თამაზ თამაზაშვილის სახელი ციხეებში მომხდარ საშინელ ფაქტებს დაუკავშიროს. თქვენი აზრით, რატომ ხდება ასე?

- ვინაიდან ხელისუფლებამ ვერ მოახერხა თამაზ თამაზაშვილის, მისი ვაჟის, ანუ ჩემი ცოლის ძმის და ასევე ჩემი დისკრედიტაცია იმ გზით, რაზეც გესაუბრეთ, ახლა გადაწყვიტეს ახალი ავანტიურა შეეთითხნათ. გამოიგონეს, რომ თითქოს პოლიტპატიმარი, რომელიც ციხეში ზის, მთელს სასჯელაღსრულების სისტემას მართავს. მოგეხსენებათ, ხელისუფლება ცდილობს თამაზ თამაზაშვილი იმ ყველა საშინელების დაკმვეთად გამოიყვანოს, რაც ციხეებში ხდებოდა. ადამიანი საკანში ჰყავთ გამომწყვდეული და მისთვის ამ სისულელეების დაბრალებით ხელისუფლებამ უბრალოდ სასაცილო მდგომარეობაში ჩაიგდო თავი. ყველაფერმა იმან, რაც უკანასკნელ დღეებში ქართულმა საზოგადოებამ იხილა, კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ თამაზ თამაზაშვილი მიხეილ სააკაშვილის პირადი პატიმარია. საბოლოო ჯამში, რა თქმა უნდა, თამაზაშვილს ბიძინა ივანიშვილს უკავშირებენ, რადგან მას შემდეგ, რაც ბატონმა ბიძინამ თამაზ თამაზაშვილის მიმართ მორალური მხარდაჭერა გამოხატა, თამაზაშვილის წინააღმდეგ დაიწყო ეს ბინძური კამპანია. თუმცა, მიმდინარე მოვლენებმა ცხადჰყო, რომ მათ არ უნდა წამოეწყოთ ეს ანტიპიარი, რადგან ეს ყველაფერი მხოლოდ მათთვის აღმოჩნდა წამგებიანი.

და ბოლოს, აუცილებლად უნდა ითქვას, თამაზ თამაზაშვილი უკანასკნელი რვა წლის განმავლობაში პენსიაში იმყოფებოდა და იგი არავის გახსენებია. ახლა კი იჭერენ და ციხეებში პატიმრების წამების და ვიდეო-ჩანაწერების გაკეთების დაკვეთას აბრალებენ, მაგრამ მაინტერესებს, როგორ ახსნიან იმ ფაქტს, რომ ციხეებში წამება მთელი უკანასკნელი წლების განმავლობაში ხდებოდა, რაზეც უფლებადამცველები, მათ შორის სასჯელაღსრულების მინისიტრად დანიშნული ყოფილი სახალხო დამცველიც, 2005 წლიდან გამუდმებით საუბრობდნენ. როდესაც ეს მტკიცებულებები დაიდო, ხელისუფლებამ უკვე ვეღარაფრით ახსნა თავისი ბრალდებები, რადგან ეს ყველაფერი გასული წლის მაისში ხდებოდა, თამაზაშვილი კი მხოლოდ ოქტომბერში დაიჭირეს. ეს ხომ აბსურდია? ტრაგედიაა, როდესაც ხელისუფლება ცდილობს, მის მიერვე ჩადენილი საშინელებები უდანაშაულო ადამიანს დააბრალოს. მთელი მსოფლიო შეძრწუნებულია იმ კადრებით, რაც ვიხილეთ.

ბატონო ირაკლი, დღეს თამაზ თამაზაშვილის ადვოკატებმა განაცხადეს, რომ მოსალოდნელია ხელისუფლებამ მსჯავრდებულის წინააღმდეგ რაღაც პროვოკაცია განახორციელოს და რომ პატიმარ თამაზაშვილზე ზეწოლა ხორციელდება. შეგიძლიათ გვითხრათ, რაზეა საუბარი?

- მას შემდეგ, რაც ვნახეთ, პირადად მე და ადვოკატებსაც გვაქვს აბსოლუტურად საფუძვლიანი ეჭვი, რომ შესაძლოა, თამაზ თამაზაშვილზე განხორციელდეს ზეწოლა, როგორც ფსიქოლოგიური, ასევე ფიზიკური. შეიძლება მოხდეს ძალადობა, ან რაიმე სახის პროვოკაცია. მოგეხსენებათ, დღევანდელი ხელისუფლების წარმომადგენლები პროვოკაციის ოსტატები არიან. მათ ნებისმიერი პროვოკაციის დაგეგმვა და შესრულება შეუძლიათ. ამასთანავე, გვაქვს გარკვეული ინფორმაციები, რომ შესაძლოა, კიდევ რაღაც დადგმული კადრები გავრცელდეს, რომლებიც თამაზ თამაზაშვილის დისკრედიტაციას ისახავს მიზნად.

ბატონო ირაკლი, ცნობილი ვიდეო-კადრების გავრცელების შემდეგ ჟურნალისტმა ირმა ინაშვილმა განაცხადა, რომ მას ეს ჩანაწერები ივნისში ვანო მერაბიშვილის დავალებით გადასცეს. მოგეხსენებათ, ივნისში მერაბიშვილი ჯერ კიდევ შინაგან საქმეთა მინისტრი იყო. ამიტომ, ცოტა გაუგებარია, რატომ შეიძლებოდა მერაბიშვილს ამ კადრების საზოგადოებისთვის ჩვენება სდომებოდა. როგორ ფიქრობთ, რატომ მოხდა ხელისუფლების მხრიდან ამ ჩანაწერების საჯაროდ გამოტანა?

- ვერ გეტყვით, არ მინდა ჩემი ვარაუდები გამოვთქვა და ვიმარჩიელო, თუმცა ძალიან საინტერესო განცხადებაა და საზარელი ვიდეო-მასალების საზოგადოებისთვის ჩვენება მართლაც ბევრ რამეზე მიგვანიშნებს. ეს ცხადყოფს, რომ ხელისუფლების მიერ შექმნილი სადისტური და სადამსჯელო მანქანის დღვევა და მათი სისტემის ჩამოშლა არის დაწყებული. ალბათ, ხელისუფლების წარმომადგენლების გარკვეული ჯგუფის ინტერესებში შედიოდა ის, რომ ეს კადრები საზოგადოებას ეხილა. მართლაც საინტერესო რაღაც მოხდა, რადგან ჩვენ ყველას გვესმოდა იმ საშინელებების შესახებ, რაც ციხეებში ხდებოდა. სწორედ აქედან იწყებოდა ხალხის დაშინება. მათ გარეთ აშინებდნენ, ხოლო შემდეგ როდესაც ციხეში შეჰყავდათ, მათ აჩვენებდნენ, თუ რა პირობებში შეიძლებოდა ადამიანი აღოჩენილიყო. ამით ისინი ციხეში შესულ ნებისმიერ ადამიანს იძულებულს ხდიდნენ, გამოძიებასთან ეთანამშრომლა, ან მათთვის სასურველი ქმედებები განეხორციელებინა.

მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ჟურნალისტებს კადრები ვანო მერაბიშვილის დავალებით გადასცეს, საზოგადოებაში გაჩნდა მოსაზრება, რომ შესაძლოა მერაბიშვილი მარტო, ან თუნდაც სააკაშვილთან ერთად ცდილობენ საზოგადოების თვალში საკუთარი რეაბილიტაცია მოახდინონ და ხელი სხვა უფრო დაბალი თანამდებობის პირებს შეახოცონ. ამ ეჭვებს უკანასკნელი სამი დღის განმავლობაში განვითარებული მოვლენებიც ამყარებს, ვგულისხმობ ხათუნა კალმახელიძის და ბაჩო ახალაიას გადაყენებას. ხომ არ ხდება საზოგადოების ყურადღების ამ ფაქტებზე კონცენტრირება, რათა ვანო მერაბიშვილი და შესაძლოა, მიხეილ სააკაშვილიც ამ სიტუაციიდან ნაკლებად დაზარალებულები გამოვიდნენ?

- ამ მოსაზრებაში რაღაც ლოგიკა არის, თუმცა მე არ მინდა ვიჩქარო და განცხადება ვარაუდის დონეზე გავაკეთო. მიმაჩნია, რომ უახლოესი დღეები გვაჩვენებს, ვისგან, რატომ და რა მიზნით მოხდა ამ ინფორმაციის გარეთ გამოტანა. ამიტომ უნდა დაველოდოთ. პრაქტიკულად მათი ციხე შიგნიდან გატყდა, რადგან მათ გარეშე ამ კადრებს ციხიდან ვერავინ გამოიტანდა და ვერც ბელგიაში წაიღებდა ასე ადვილად. ამიტომ ვფიქრობ, რომ უნდა დაველოდოთ მოვლენების შემდგომ განვითარებას.