„პოლიტიკური მესიჯი, რაც მე მინდა გავაჟღერო გრიგოლ ვაშაძესთან შეხვედრაზე და რაზეც სხვა პოლიტიკოსებთანაც ვისაუბრე, არის ის, რომ არჩევნები არის გამყოფი და მაღლა წევს პოლიტიკურ ტემპერატურას. მაგრამ, ახლა დროა, ქვეყანა გაერთიანდეს, ყველა პოლიტიკურმა პარტიამ პატივი სცეს ერთმანეთს“, – ამ განცხადების ავტორი ნატო–ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ჯეიმს აპატურაი გახლავთ, რომელიც საქართველოში პოლიტიკურ წრეებთან შეხვედრებს მართავს.
ამ განცხადებისა და საერთაშორისო ლიდერების მილოცვის მიუხედავად, „ნაციონალური მოძრაობა“ არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და 16 დეკემბერს აქციას თელავში გამართავს, სადაც მეხუთე პრეზიდენტის ინაუგურაცია გაიმართება. „ნაციონალური მოძრაობის“ პრეზიდენტობის კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძეს განცხადებით, ეს იქნება მშვიდობიანი მანიფესტაცია, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს გაერთიანებული ოპოზიციის ყველა პარტია.
„ჩვენი პოზიციაა, რომ საქართველოში არ ჩატარებულა საპრეზიდენტო არჩევნები. საქართველოში ჩატარდა კრიმინალური დაჯგუფებების ზედამხედველობის ქვეშ და მათთან შეზრდილი, კორუმპირებული ჩინოვნიკების ზედამხედველობის ქვეშ სპეცოპერაცია, რომლის მთავარი მიზანი იყო ქართველი ამომრჩევლის აზრის გაყალბება.
იმისთვის, რომ ხელისუფლებას გაეგონა და გაეთვალისწინებინა 800 000–ზე მეტი ამომრჩევლის აზრი, ჩვენ შევთავაზეთ მათ 2 დეკემბერს მშვიდობიანი აქციის დროს კომპრომისზე დაფუძნებული, ნაბიჯ–ნაბიჯ გათვლილი პოლიტიკური პროცესის დაწყება, მაგრამ როგორც ყოველთვის, უტიფრად და ქედმაღლურად ე.წ. ხელისუფლებამ სრული იგნორირება გაუკეთა ამ შეთავაზებას.
ამიტომ გაერთიანებული ოპოზიცია 16 დეკემბერს მშვიდობიან აქციას გამართავს თელავში, რომელიც მთლიანად იქნება ჩვენი კონსტიტუციის, კანონმდებლობის და ადამიანის უფლებების საყოველთაო დეკლარაციის ფარგლებში. ეს იქნება მშვიდობიანი მანიფესტაცია, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს გაერთიანებული ოპოზიციის ყველა პარტია“, – აცხადებს გრიგოლ ვაშაძე.
ოპოზიცია მოუწოდებს ხელისუფლებას ნუ შეცვლიან ინაუგურაციის ადგილს. ვაშაძე ამბობს, რომ მშვიდობიანი აქციის მიზანია ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ გაიგოს განრისხებული ამომრჩევლის ხმა. რამდენად იქნება აქცია მშვიდობიანი, მით უმეტეს მიხეილ სააკაშვილის რადიკალური მოწოდებების ფონზე, ძნელი სათქმელია. სააკაშვილი მხარდამჭერებს მოუწოდებს არ დაუშვან სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია.
„უცხოელებმა რომ მიულოცეს, დაწერეს დასკვნები, თქვენ გგონიათ, იანუკოვიჩს არ მიულოცეს? თქვენ გგონიათ, სარგსიანს არ მიულოცეს? რა არის ეს მონური მენტალიტეტი, უცხოელებმა მიულოცეს? თქვენ გგონიათ, ვარდების რევოლუციის დროს არ მოულოცეს შევარდნაძეს? და მე რა გავაკეთე, სულ ფეხებზე დავიკიდე იმათი მილოცვა და საქმე ბოლომდე მივიყვანე თქვენთან ერთად, თორემ უკვე საქართველო აღარ იქნებოდა.
მაშინაც დაგვიწერეს დასკვნები, ახლა ბევრად უარესი დასკვნები დაწერეს, ვიდრე მაშინ. მაშინ ჩვენ გამოვედით და დავიცავით, ახლა არჩევნების წინაც კითხულობდნენ ელჩები - რომ მოიპარავს ივანიშვილი, არის ქართველი ხალხი მზად, დაიცვას თავისი არჩევანი? ასე მიულოცეს სარგსიანსაც და სამ კვირაში სად იყო სარგსიანი? არსად, გაქცეულია რუსეთში, მგონი. ზუსტად ასევე იქნება საქართველოში, თუ ჩვენ ვიქნებით მაგრად“, – აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.
ამ რადიკალური განცხადების მიუხედავად, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნიკა მელია აცხადებს, რომ 16 დეკემბერს აქცია სხვადასხვა ქალაქში ჩატარდება, სადაც გააპროტესტებენ, როგორც არჩევნების გაყალბებას, ასევე ძალადობას ხელისუფლების მხრიდან. მისი თქმით, პროტესტი იქნება კონსტიტუციური და ბძროლა გამარჯვებამდე გაგრძლდება.
„სისხლიანი არჩევნები ჩაატარა ივანიშვილმა. ერთი ადამიანი შემოაკვდათ, ოთხი ადამიანი სასიკვდილოდ გვიცემეს და ერთი ადამიანი ახლაც ებრძვის სიკვდილს. აღარ ვსაუბრობ იმ ასობით შეურაცხყოფილ და რეპრესიების ქვეშ მოყოლილ სხვადასხვა ადამიანზე. ამ ყველაფრის შემდეგ პროტესტი არ გამოვთქვათ და აქცია არ ჩავუტაროთ ადამიანებს, მაფიოზებს და კრიმინალებს, რომლებმაც მიიტაცეს საპრეზიდენტო სავარძელი? აქცია ჩატარდება სხვადასხვა ქალაქში სხვადასხვა სახით. ბრძოლა იქნება გამარჯვებამდე და ოლიგარქი კრიმინალი ივანიშვილის დამარცხებამდე“, – აცხადებს ნიკა მელია.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრისთვის, სალომე სამადაშვილისთვის მნიშვნელოვანია, 16 დეკემბერს დაგეგმილ აქციას არ ჰქონდეს ის დატვირთვა, რომ ხდება ალტერნატიული პრეზიდენტის გამოცხადება. სამადაშვილის თქმით, მას სურს 16 დეკემბრის აქციაში მონაწილეობა, თუმცა მივა თუ არა აქციაზე, ეს დამოკიდებულია გაერთიანებული ოპოზოციის სულისკვეთებაზე. მისი თქმით, გასაგები უნდა გახდეს აქციის მიზნები და ამოცანები.
„ჯერჯერობით უცნობია, აქციის ფორმატი რა არის, როგორ განისაზღვრა, რა იგეგმება. ჩემი სურვილია, აქციაში მონაწილეობა მივიღო, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებას მას შემდეგ მივიღებ, რაც გასაგები გახდება, რა არის გაერთიანებული ოპოზიციის ძირითადი სულისკვეთება.
ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ინაუგურაციის დღეს დაგეგმილ აქციას ის დატვირთვა არ ჰქონდეს, რომ ამ აქციაზე ხდება ალტერნატიული საქართველოს პრეზიდენტის გამოცხადება. ეს თუ იქნება აქციის სულისკვეთება, ვერ ვხედავ ამ აქციის შემდგომი პოლიტიკური დატვირთვა როგორ უნდა გაგრძელდეს. ჩემთვის გასაგები უნდა იყოს, აქციაზე ჩვენი მიზნები და ამოცანები რა არის, რადგან 16 დეკემბერს აქცია დასრულდება და ჩვენ უნდა გავაგრძელოთ პოლიტიკური ბრძოლა,“ – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
უკვე ცნობილია, რომ „ევროპული საქართველო“ 16 დეკემბერს „ნაციონალური მოძრაობის“ აქციაში მონაწილეობას არ მიიღებს. გიგა ბოკერიას განცხადებით, ნებისმიერ პოლიტიკურ ძალას აქვს მშვიდობიანი პროტესტის გამოხატვის სრული უფლება, მაგრამ მისი პარტია ამ აქციას არ უერთდება.
„ევროპული საქართველო“ ამ აქციებში არ მონაწილეობს. გააზრებულად უნდა ვიმოქმედოთ, ჩვენს მოქალაქეებს ცრუ მოლოდინები არ უნდა შევუქმნათ, როდის და რა შედეგი შეიძლება დადგეს. ჩვენი ფოკუსი მიმართული იქნება საარჩევნო სისტემის შეცვლასა და საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან ლეგიტიმური ზეწოლის მობილიზებაზე“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.
თელავში, სადაც პრეზიდენტის ინაუგრაციის პარალელურად ოპოზიცია საპროტესტო აქციას მართავს,ადგილზე მობილიზებული იქნება პოლიცია. უმრავლესობაში აცხადებენ, რომ სამართალდამცველები ნებისმიერ პროვოკაციას აღკვეთავენ.
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე მიიჩნევს, რომ გაერთიანებული ოპოზიციის აქციაზე პროვოკაციები არ იქნება, რადგან მისი თქმით, ოპონენტები მიხვდნენ, რომ ეს მათაც არ აწყობთ.
„როგორც ჩანს, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს უწევთ ლავირება მიხეილ სააკაშვილის ახირებებსა და მათთვის რაციონალურ გადაწყვეტილებებს შორის, იმიტომ, რომ მათ ადეკვატური მოთხოვნა, რომელიც შეიძლება რეალიზებული იყოს, არ გააჩნიათ და ამაზე, პრინციპში, თვითონ ლაპარაკობენ. ვფიქრობ, რომ პროვოკაციები არ იქნება. მიხვდნენ, რომ თვითონაც არ აწყობთ. ნებისმიერ შემთხვევაში სამართალდამცველები მობილიზებული არიან იმგვარად, რომ ყოველგვარი პროვოკაცია ამ მხრივაც იქნება გამორიცხული“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.