არაოფიციალური ინფორმაციით, სამთავრობო ცვლილებები შესაძლოა, ინაუგურაციის შემდეგ ახალ წლამდე, ან ახალი წლის დღეებში განხორციელდეს. პარლამენტის თავმჯდომარის უარყოფის მიუხედავად, თითქოს მთავრობაში საკადრო ცვლილებები დაგეგმილი არ არის, სახელისუფლო გუნდის სხვა წევრები მოსალოდნელ ცვლილებებს ღია თუ პირად საუბრებში არ უარყოფენ. აქტიურად საუბრობენ თავდაცვის მინისტრის შეცვლაზე, რომელსაც იმერეთის გუბერნატორი შავლეგო ტაბატაძე ჩაანაცვლებს. შესაძლოა, თანამდებობა დატოვოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმაც და მისი ადგილი 2030-ის ყოფილმა ექსპერტმა მიხეილ დუნდუამ დაიკავოს. არაა გამორიცხული, სუს-ის უფროსი ვახტანგ გომელაური მისმა მოადგილემ გრიგოლ ლილუაშვილმა ჩაანაცვლოს. არც პრემიერ მამუკა ბახტაძის პერსპექტივაა გარკვეული, შესაძლოა, ბახტაძე გიორგი გახარიამ ან მაია ცქიტიშვილმა შეცვალოს.
რას მოუტანს ხელისუფლებას ბიძინა ივანიშვილის მიერ დაპირებული სამთავრობო ცვლილებები და ხომ არ იქნება ეს ცვლილებები კოსმეტიკური?! ამის შესახებ For.ge-ს პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე ესაუბრა.
სოსო ცინცაძე: ზოგადად, სამთავრობო ცვლილებები თვითმიზანი არ არის და არც უნდა იყოს თვითმიზანი. სამთავრობო ცვლილებების საფუძველი არასწორი საკადრო პოლიტიკაა. ამიტომ ცვლილებები ორთქლის გამოშვებისთვის არ შეიძლება, რაც შევარდნაძიდან მოყოლებული ასეა. მახსოვს, შევარდნაძე ამბობდა ერთ-ერთი მინისტრის შესახებ, ახლა გავათავისუფლო, როდესაც იგი ნელ-ნელა სწავლობს მუშაობასო? სანამ არ ისწავლა მუშაობა, მანამდე ჰყავდა იგი თანამდებობაზე, მაგრამ შემდეგ უკვე აღარ ეთმობოდა. საბოლოოდ მაინც მოუწია იმ მინისტრის გათავისუფლება. ახლაც იგივე ხდება.
პირველ რიგში, საუბრობენ, რომ ლევან იზორია დატოვებს პოსტს, რადგან მან ვერ უზრუნველყო ჯარში წინასაარჩევნოდ „ქართული ოცნების“ სასარგებლო პროცესების წარმართვა. აღმოჩნდა, რომ იზორიას დროს სამხედროების ნაწილს თურმე „ნაციონალების“ ნოსტალგია გასჩენიათ.
- იზორიას დანიშვნა თავიდანვე შეცდომა იყო. ამ ადამიანს არც არმია იცნობს, არც სტრუქტურა იცნობს. სამოქალაქო მინისტრი კარგია, მაგრამ მაშინ გენერალური შტაბი უნდა იყოს ისეთი, როგორიცაა საფრანგეთში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ინგლისში, სადაც გენერალური შტაბი, პრაქტიკულად, მინისტრის ფუნქციებს ასრულებს. იზორია შემთხვევით მოხვდა როგორც შს სამინისტროში, ისე თავდაცვის უწყებაში. მისი გათავისუფლების მომხრე ვარ, რადგან საამისო კომპრომატები არსებობს, თუ გნებავთ, მისი ნათესავების თვითშემოქმედება რეგიონებში. თუმცა მე წინააღმდეგი ვარ, რომელიმე მინისტრი გაათავისუფლონ იმის გამო, რომ არჩევნებში არ იაქტიურა. არც უნდა იაქტიუროს, რადგან რა მინისტრის საქმეა არჩევნები? ახლა იზორია ისეთი ადამიანია, ინსულტი არ დაემართება იმ ქალბატონივით, სამეგრელოში სკოლის დირექტორად რომ მუშაობდა და გარდაიცვალა. „ოცნება“ ცოტა მოკრძალებულად უნდა იყოს და სანამ „მკვლელებს“ იძახის, ცოტა დაუკვირდეს, რადგან მათ აქტივშიცაა უკვე ერთი დაღუპული.
გავრცელებული ინფორმაციით, გახარია ჩაანაცვლებს ბახტაძეს. ეს ნიშნავს, რომ ბახტაძის პრემიერობა ყველაზე ხანმოკლე იქნება?
- ჩვენ ვერ გავიგეთ, რა მონაცემებით დაინიშნა ბახტაძე პრემიერად. ის იყო რკინიგზაში, ადამიანმა თავი სადღაც ხომ უნდა გამოიჩინოს? შეიძლება, ბახტაძე კარგი ადამიანია, ფინანსთა მინისტრი რომ იყო, რაღაც იმედები მოგვცა ბანკებთან მიმართებით, მაგრამ რა შეიცვალა? ვერაფერი. ახლა პრემიერია და ბანკები ისევ ისე ბატონობენ, როგორც ბატონობდნენ, მაგრამ გახარია როგორი პრემიერი იქნება? თავისთავად, ისეთ ქვეყანაში, როგორც საქართველოა, ეს რთული სათქმელია. ჩვენ საფრანგეთი არ ვართ, სადაც შეიძლება ერთი ადამიანი დღეს იყოს თავდაცვის მინისტრი, ხვალ ეკოლოგიის მინისტრი, ზეგ საგარეო საქმეთა მინისტრი, ვინაიდან იქ ინსტიტუტები მუშაობს ისე, რომ მინისტრი მხოლოდ პოლიტიკური ფიგურაა.
საინტერესოა, თქვენ ვის დატოვებდით ამ გუნდიდან და ვის ჩაანაცვლებდით?
- დღეს საქართველოს, პირველ რიგში, კარგი ეკონომისტი სჭირდება. კარგი ეკონომისტები ჩვენ გვყავს: ლადო პაპავა, მიხეილ ჯიბუტი, ეს პარლამენტსგარეთ. პარლამენტშიც მოიძებნებიან კარგი ეკონომისტები. ჩემში სულაც არ იწვევს ენთუზიამს ის ფაქტი, რომ ახალი კადრებით უნდა გაძლიერდეს მმართველი პარტია, რადგან მმართველი პარტიის გაძლიერება სელექციის ამ პრინციპით არ არის სწორი. ჩვენ უკვე გამოვიარეთ ორი საპარლამენტო არჩევნები, ადგილობრივი არჩევნები და ორი საპრეზიდენტო არჩევნებიც. ყველა არჩევნებმა გვიჩვენა, რომ საკადრო პოლიტიკა მოიკოჭლებს. ეს ქართული პოლიტიკის აქილევსის ქუსლია, დაწყებული გამსახურდიადან, დამთავრებული ივანიშვილით, რადგან, როდესაც სასწორზე დევს პროფესიონალიზმი და ერთგულება, ყოველთვის ერთგულება გადასწონის.
გამსახურდიასა და შევარდნაძის დროს ეს გასაგები იყო, იმ პერიოდში ორივეს სჭირდებოდა ერთგული ადამიანები, რადგან მოსალოდნელი იყო ღალატი, შეთქმულება, მაგრამ მე არ ვიცი, რაში სჭირდებოდა პროფესიონალიზმის ხარჯზე ერთგულება სააკაშვილს? როდესაც მის დროს მოღვაწეობდა ისეთი დიპლომატი, როგორიც ალექსანდრე ჩიკვაიძეა, რაღა საჭირო იყო ზურაბიშვილის გამინისტრება? დღესაც, როდესაც ოპოზიცია პრაქტიკულად აღარ არსებობს, რა აუცილებელია კიდევ ერგულების ნიშნით ადამიანების შერჩევა? ერთგულება მაშინ არის საჭირო, როდესაც შენ შეთქმულების შიში გაქვს.
„ნაციონალებისგან“ საფრთხე არ მომდინარეობს?
- როგორ გეკადრებათ, ეს საფრთხე ხელოვნურად არის შექმნილი ქსენია დიასახლისების დასაშინებლად. ყველაზე კარგად იციან ეს „ოცნების“ ლიდერებმა, რომ „ნაციონალებისგან“ საფრთხე არ ელით, იმიტომ კი არა, რომ ყველა „ნაციონალი“ მაჰათმა განდად იქცა და მათი ქალები დედა ტერეზებად იქცენენ, უბრალოდ, რესურსი აღარ აქვთ „ნაციონალებს“. ბიძინა ივანიშვილმა სწორად თქვა კიდეც, შეიძლება „ნაციონალებმა“ მოინდომონ, მაგრამ რესურსი აღარ აქვთო. თუ რესურსი არ აქვთ, მაშინ რისი ეშინიათ?
მაგრამ სააკაშვილი მაინც აგულიანებს „ნაციონალებს“... ამას იმიტომ აკეთებს, რომ თავის სტილს არ ღალატობს?
- მე არ ვიცი, სააკაშვილი შეიძლება ხვდება ამას, ან შეიძლება ვერც ხვდება, მაგრამ მიშა „ოცნების“ წისქვილზე ასხამს წყალს, როცა ამბობს, რომ ჩამოვა საქართველოში და ამას იზამს, იმას იზამს. ყველაფერს თავი დავანებოთ, სტრატეგია მნიშვნელოვანია, მოწინააღმდეგე შენი სიჩუმით უნდა დააბნიო. ჯერ კიდევ გერმანელი ცნობილი სტრატეგის - მოლტკეს თეზისი გახლდათ- „იყო დიდი, ეჩვენებოდე პატარად“, ჩვენთან კი პატარები არიან და დიდად უნდათ თავი მოაჩვენონ. სწორედ ამას იყენებს „ოცნება“, რომ „მიშა მოდის“, „არა მიშას, არა ძალადობას“.
წესით, „ოცნება“ თვითონაც უნდა მიმხვდარიყო, რომ „მიშა მოდის“ ძახილი მაინცდამაინც აღარ ჭრის ქართულ საზოგადოებაზე. უახლოეს მომავალში უფრო რთული საპარლამენტო არჩევნები გველის, ამდენად, ახლა მაინც თუ შემოუშვებენ პოლიტიკურ ასპარეზზე მესამე ძალას?
- კი ბატონო, ბიძინა ივანიშვილს ესმის, რომ ცვლილებები საჭიროა, მაგრამ მტკივნეული ცვლილებისთვის არ არის მზად. ახლა მათ უნდათ, პარტიის პოლიტბიუროდან პეტრე გამოიყვანონ და ივანე შეიყვანონ, სინამდვილეში, ორივე ერთია.
ყველა ლაპარაკობს მესამე ძალაზე, „პატრიოტთა ალიანსი“ ცდილობს ამ სტატუსის მოპოვებას, ცალკეული ანალიტიკოსებიც ცდილობენ, მესამე ძალისთვის ნიადაგი შეამზადონ, მაგრამ რეალურად ეს მესამე ძალა არ ჩანს.
- საერთოდ, არც ერთი ძალა ხელოვნურად არ ჩნდება. ვიყოთ გულახდილნი, ჩვენთან მესამე ძალა თუ იქნება, ეს შეიქმნება ხელოვნურად. იმავე საფრანგეთში მეორე თუ მესამე ძალად გამოჩნდნენ ახლანდელი ბუნტის მომწყობნი, იქაურ მთავრობას იმის ჭკუა მაინც ეყო, რომ რეალურ დათმობებზე მიდის. საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი ყოველდღიურად გამოდის და ახალ-ახალ დათმობებს აცხადებს, მათ შორის, გადასახადებების შემცირებას, საკადრო პოლიტიკის ცვლილებას. ფრანგი პროტესტანტების ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა ვადამდელი არჩევნებიცაა, რასაც ჩვენთანაც ითხოვს ოპოზიცია. ვადამდელი არჩევნები მარტო ჩვენთვის არ გამოიყურება პანაცეად, სომხეთშიც ვადამდელი არჩევნები ჩატარდა, ფრანგებიც იმავეს მოითხოვენ, მაგრამ განსხვავება ისაა, რომ საფრანგეთში არავინ მოითხოვს საარჩევნო კანონმდებლობის შეცვლას, რადგან იქაური კანონმდებლობა დემოკრატიულია. უბრალოდ, იქ მოითხოვენ გადასახადების შემცირებას. ჩვენთან კი გადასახადების შემცირების შესახებ წაიკნავლებენ ხოლმე, მაგრამ ის, რომ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ჯარიმები საქართველოშია, ამას ვერსად წაუვალთ.
მიშას დროს სახლში მაინც მოჰქონდათ ჯარიმები, ახლა კი მობილურით მოგდის ჯარიმა, ამ დროს კი მობილურში ვეღარ ავუდივარ მესიჯებს, მოდის და მოდის მესიჯები, „ფრესკო“, ტექნიკის მაღაზიები, კიდევ ათასი ვინმე, უამრავ მესიჯს შორის თურმე გამომეპარა ჯარიმის შესახებ. ამ დროს თურმე დამირღვევია საგზაო წესები და 20-ლარიანი ჯარიმის ნაცვლად უკვე 80 ლარი გადავიხადე. ანუ თანხამ მოიმატა. განგებ არ მოქვთ სახლში ქვითარი, რადგან 20 ლარის ნაცვლად 80 ლარი აწყობთ. ეს 80 ლარიც დროზე რომ არ მენახა, შეიძლება, იმხელა ოდენობის თანხაზე ასულიყო, ვეღარც გადამეხადა და მანქანა გაეყიდათ. შემდეგი არჩევნებისთვის ესენი ვერაფერს მოიფიქრებენ. ამათ პროპაგანდისტებს რომ ვუყურებ, მათ იმდენი გონებრივი რესურსი არ ჰყოფნით, რაღაც ახალი მოიფიქრონ. ისევ იტყვიან, მიშას სისხლიანი რეჟიმიო. მათდა სახეიროდ, მიშა ახალგაზრდაა, აქტიურია, პოლიტიკა იცის, არ გაჩუმდება, არ გაჩერდება და ესენიც ყოველთვის გვეტყვიან, ხომ ხედავთ, მიშა აპირებს ჩამოსვლას. შეიქმნება არასამთავრობო ორგანიზაციები- „არა სისხლიან რეჟიმს“, „არა მიშას, არა გრიშას“.
ეს ყველაფერი ვისი ფულით კეთდება? ცხადია, ჩვენს ხარჯზე. მე ვატყობ და არის ამის ნიშნები, რომ ხელოვნურად შეიქმნას მესამე ძალა. ჩემი აზრით, ეს ვერ იქნება რეალური მესამე ძალა. მთავარია, ამ წელიწადნახევარში მოხდეს სერიოზული საკანონმდებლო ცვლილებები სოციალურ სფეროში, პირველ რიგში, გადასახადების დაწევა, მედიკამენტების გაიაფება, რაზეც ყველა დუმს. ყოველდღიურად ძვირდება მედიკამენტები, ალბათ, თებერვლიდან მაინც გაძვირდება გაზი. მთელ მსოფლიოში ბენზინის ფასი ეცემა, ჩვენთან კი არავითარი ცვლილება. არადა, ციკლურად ხდება მთელ მსოფლიოში, ეცემა ბენზინის ფასი, მერე ისევ ძვირდება, ისევ ეცემა. ჩვენები მაინცდამაინც გაძვირებას ელოდებიან და გვეუბნებიან, რა ვქნათ, ჩვენ რომ დავაპირეთ გაიაფება, ახლა გაძვირდა ბენზინიო.
არჩევნების წაგების უფლებას „ოცნება“ საკუთარ თავს არ აძლევს, როგორც ეს ნორმალურ ქვეყნებში ხდება. თუნდაც ნიკარაგუაში ორტეგამ წააგო არჩევნები, არ გააყალბა და გადადგა. გავიდა დრო, მოიგო არჩევნები და დღეს ისევ პრეზიდენტია. „ოცნება“ შინაგანად მზად არ არის იმისთვის, რომ წააგოს ისევე, როგორც წინა ხელისუფლება ამბობდა, 30 წლით ვართ ხელისუფლებაშიო. ესენიც ფიქრობენ, რომ 30 წლით არიან. კალაძემ სწორად თქვა, რასაც დასთესავ, იმას მოიმკიო, მაგრამ რასაც ესენი თესავენ, თუ გნებავთ, სოციალურ სფეროში, მზად არიან ამის მოსამკელად? ამათ უნდათ, შვრია დათესონ და პირველი ხარისხის კანადური ხორბალი მიიღონ, მაგრამ შვრიის დათესვით მივიღებთ შვრიას?! თუ ცვლილებებში იმას გულისხმობს ბატონი ბიძინა, რაც თქვა, რომ ყველა პატრიოტი თავის ადგილს იშოვის, ეს ნიშნავს, რომ, ვინც სალომეს მომხრეა, მათ კარგად დააპურებს. ბატონო ბიძინა, ისინი ისედაც კარგად ცხოვრობენ, ხოლო, ვინც სალომეს არ მისცა ხმა, ის პატრიოტი არ არის?
ისე, მიშას ტრადიცია იყო თავისიანების დაპურება და ეს ტრადიცია, ეტყობა, გრძელდება.
- რასაკვირველია, მიშას ტრადიცია იყო. აბა, რიგითი პროფესორი მიშას დროსაც მშიერი იყო და დღესაც მშიერია.