სააკაშვილს პარტია ეშლება - კალანდაძე ვირთხებს ითვლის

სააკაშვილს პარტია ეშლება - კალანდაძე ვირთხებს ითვლის

სალომე სამადაშვილს ჯერჯერობით „ნაციონალური მოძრაობა“ არ დაუტოვებია, მაგრამ გადაწყვეტილება მიღებული აქვს – აღარ აპირებს მონაწილეობას არანაირ აქციაში, რომელზეც გრიგოლ ვაშაძეს მიესალმებიან, როგორც საქართველოს პრეზიდენტს. როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი აცხადებს, საკუთარ თავთან და ქვეყანასთან არ იქნება მართალი, თუ არ დააფიქსირებს მოსაზრებას, რომლისაც სჯერა.

„ჩვენ ახლა ვართ დიდი საფრთხის წინაშე. საერთაშორისო დამკვირვებლებმა გვითხრეს, რომ შესაძლოა, ქვეყანამ დაკარგოს მთავარი მონაპოვარი, რაც არის დემოკრატია. ჩვენს ყველა ნაბიჯს აქვს უდიდესი მნიშვნელობა, მათ შორის, საპროტესტო აქციებს.

მიმაჩნია, რომ გზავნილი – ჩვენი პრეზიდენტი სხვა არის ინაუგურაციის დღეს ვერ იქნება გამაერთიანებელი გზავნილი. ეს არის ჩემი პირადი შეხედულება. მე ამ შეხედულებით არავის დავპირისპირებივარ. ეს არის ჩემი მოსაზრება. დღეს ჩვენ ვკონცენტრირდეთ ისეთ მოთხოვნებზე, რომელიც არის მომავლისთვის განკუთვნილი“, – აცხადებს სალომე სამადაშვილი.

დეპუტატის განმარტებით, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ხელისუფლებაზე ზეწოლა, რათა შეიცვალოს საპარლამენტო სისტემა, რადგან დღევანდელი ძალთა კონფიგურაცია პარლამენტში ასახავს რეალობას, რომელიც ქვეყანაში გვაქვს და ეს უნდა იყოს გაერთიანებული ოპოზიციის მთავარი გზავნილი.

„ეს არის ვადამდელი არჩევნები და ვადამდელი არჩევნებისთვის პოლიტიკური სისტემის შეცვლა, რადგან საპარლამენტო არჩევნებზე პროპორციულ სისტემაზე თუ არ გადავედით, მაშინ როგორც დემოკრატიული სახელმწიფო, უფრო ღრმა კრიზისში შევალთ. ეს არის ჩემი მოსაზრება. მე ვფიქრობ, რომ ყველას აქვს უფლება, ჰქონდეს საკუთარი აზრი.

ჩვენს ქვეყანაში ცხოვრობს ოთხი მილიონი ადამიანი, მათ შორის, ძალიან ბევრი ადამიანისთვის მნიშვნელოვანია, იცოდნენ ინდივიდუალური პოლიტიკოსების მოსაზრებები ქვეყნისთვის საჭირბოროტო საკითხებზე. მე დავაფიქსირე ჩემი მოსაზრება საზოგადოებისთვის. მართლა ვფიქრობ, რომ საქართველო დემოკრატია დგას ძალიან დიდი გამოწვევის წინაშე. მე არც საკუთარ თავთან და არც ჩემს ქვეყანასთან არ ვიქნები მართალი, თუ არ დავაფიქსირებ იმ მოსაზრებას, რომლისაც მჯერა“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

დეპუტატის განცხადება მიუღებელია მიხეილ სააკაშვილისთვის, რომელიც სამადაშვილს ფორმალურ თანამებრძოლს უწოდებს და თანაგუნდელებს უკომპრომისო ბრძოლისკენ მოუწოდებს.

„უცხოელებმა დაგიწერეს, რომ ყველაფერი მოპარულია, გითხრეს, მწვანე შუქი აგინთეს, თუ რამის თავი გაქვს, გამოდი და გააპროტესტე. თუ არაფრის თავი არ გაქვს, ბურუნდისაც ულოცავენ, ბურკინა ფასოსაც და ასე შემდეგ. არის ქვეყნები, რომ ეგეთი ქვეყნებია, არჩევნებს იპარავენ განწირული არიან სულ სიღარიბეში ყოფნისთვის. ახლა ამერიკას და სხვა ქვეყნებს სხვა პრობლემა აქვს, თავს რატომ შეგვაკლავენ, ვერ გავიგე, თქვენ გგონიათ, ჩვენს გადასაწყვეტს სხვა ვინმე გადაწყვეტს?“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

სამადაშვილის განცხადებით უკმაყოფილოა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნინო კალანდაძე, რომლის შეფასებით, გემი შეირყა და პირველი ვირთხებიც გამოჩნდნენ.

„მე არა გაერთიანებული ოპოზიციის, არამედ საკუთარი პოზიციიდან ვსაუბრობ. არც აქციის ორგანიზებაში ვარ ჩართული, თუმცა, ვთვლი, რომ აქციის სულისკვეთება და მოთხოვნები რომელიც გაჟღერდა, საზოგადოებაში არსებული განწყობის შესაბამისია და ოპოზიციის ცალკეული წარმომადგენლებისგან მსგავსი პოზიციის დაფიქსირება დროული არ არის“, – აცხადებს ნინო კალანდაძე.

სალომე სამადაშვილი არ არის ერთადერთი, რომელიც სააკაშვილის განცხადებებს არ იზიარებს, არსებული ინფორმაციით „ნაციონალურ მოძრაობას“ პარტიის წევრები ტოვებენ, თუმცა, სამადაშვილისგან განსხვავებით ამ ეტაპზე ხმამაღლა არ საუბრობენ. გაერთიანებული ოპოზიციის ერთ–ერთი წევრი მამუკა გამყრელიძე სოციალური ქსელით ეხმაურება გავრცელებულ ინფორმაციას, 11 სუბიექტიანი ოპოზიციური გაერთიანების დაშლასთან დაკავშირებით. გამყრელიძე ინფორმაციას უარყოფს და წერს, რომ გაერთიანებული ოპოზიცია და პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ ასეთი ერთიანი არასდროს ყოფილა.

„უკვე მეორე ჟურნალისტმა მკითხა დღეს, მართალია თუ არა ჭორი, რომ იშლება გაერთიანებული ოპოზიცია, რადგან ვერ თანხმდებით სხვადასხვა საკითხებზეო. დღემდე ვთანხმდებოდით, ვთანხმდებით კი არა, ხედვების ასეთი ერთიანობა არასდროს ყოფილა ჩვენში და კამათი მხოლოდ ფორმებზე მიმდინარეობს და არა შინაარსზე.

მეტიც, უახლოეს დღეებში ველოდებით სასიამოვნო სიახლეებს ოპოზიციური ფლანგიდან. აი, ვის უნდა გაერთიანებული ოპოზიციის დაშლა, ეს ცალკე საკითხია. მათ, ვისაც საზოგადოების გაერთიანების ეშინია. არ უნდა კონფრონტაციისა და რადიკალიზაციის დამთავრება, რადგან მხოლოდ ამღვრეულ წყალში გრძნობს თავს კომფორტულად. ვერ მოგართვით“, – წერს მამუკა გამყრელიძე.

შეგახსენებთ, გაერთიანებული ოპოზიცია 16 დეკემბერს დაგეგმილი საპროტესტო აქციისთვის ემზადება. მათი მოთხოვნა საარჩევნო სისტემის შეცვლა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებია.

ვიცე–სპიკერის გიორგი ვოლსკის შეფასებით, სააკაშვილმა თავის უკომპრომისო გეგმებზე საუბრით სერიოზულად შეარყია „ნაციონალური მოძრაობის“ და საერთოდ ოპოზიციის ავტორიტეტი საერთაშორისო დონეზე.

„სააკაშვილის მოწოდებას ომისა და დაპირისპირების თაობაზე, შესაძლოა, თავისივე გუნდის წევრები არ აყვნენ. რა მნიშვნელობა აქვს ამაზე სამადაშვილი გააკეთებს განცხადებას თუ სხვა? განხეთქილება არის. რა მნიშვნელობა აქვს, რა განცხადებას აკეთებს სამადაშვილი, კალანდაძე, ვაშაძე ან ნებისმიერი სხვა, ფაქტია, რომ მთელი გუნდი იყო დესტაბილიზაციის გზით პროცესების წასვლის მომხრე. ფაქტია ისიც, რომ საერთაშორისო თანამეგობრობამ არ მოიწონა, დაგმო და შენიშვნებიც მისცა იმ ადამიანებს, ვინც ფიქრობს, რომ არჩევნების შედეგების შესახებ უკეთ იციან, ვიდრე საერთაშორისო დამკვირვებლებმა“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

დეპუტატის განცხადებით, სააკაშვილის ფეისბუქ მიმართვები ანტისახელმწიფოებრივია და დესტაბილიზაციისკენ არის მიმართული, რომლის რეალიზება საქართველოში შეუძლებელია.

„ისედაც განელდა ინტერესი მისი პიროვნებისა და „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ, მაგრამ მე ვფიქრობ, სააკაშვილის სწორედ ეს გამოხდომები, განცხადებები და შეძახილები არის ის ფაქტორი, რომელმაც საკმაოდ სერიოზული დარტყმა მიაყენა ამ პარტიას, როგორც ოპოზიციურ და პოლიტიკურ ძალას.

ეს ტენდენცია გაგრძელდება, ვინაიდან სააკაშვილი თავის პოზიციას არ შეიცვლის. ეს არის ანტისახელმწიფოებრივი და ჩვენი ხალხისა და საზოგადოების წინააღმდეგ მიმართული გამონათქვამები, მით უმეტეს კარგად იცის, რომ ამის რეალიზება საქართველოში შეუძლებელია. დესტაბილიზაცია არის მთავარი ლოზუნგი, რომელსაც სააკაშვილი დღეს მოგვიწოდებს“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.