ქართველი ემიგრანტების საინიციატივო ჯგუფის - „ჩვენ დავბრუნდებით“ წევრები დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან შეიკრიბნენ, საგანგებო განცხადებით მიმართეს ვაშაძის უწყებას და საკუთარი მოთხოვნები წერილობით გადასცეს. მათ ცალსახად დაგმეს დიდ ბრიტანეთში საქართველოს ელჩის გიორგი ბადრიძის მიერ ემიგრანტებისადმი გაკეთებული შემზარავი რეპლიკა, რომელმაც ნათლად გამოავლინა ზოგიერთი საელჩოს რეალური სახე. კერძოდ, იმ დროს, როცა ლონდონში მცხოვრები ქართველები გიორგი ბადრიძეს საქართველოში არსებულ ვითარებაზე პოზიციის დაფიქსირებისკენ მოუწოდებდნენ და საელჩოს წინ სკანდირებდნენ - „გამოდი“, ბადრიძემ მათ უცენზურო გამონათქვამით მიმართა: „ცოცხი გაიკეთე უკან!“
ემიგრანტების თქმით, საქართველოს ზოგიერთი საელჩო არათუ ქართველ ემიგრანტთა უფლებების დაცვას არ ემსახურება, არამედ ისინი წარმოადგენენ კონკრეტული პარტიის ოფისებს. ამიტომ ემიგრანტები, ასიათასობით უფლებაწართმეული ქართველი ემიგრანტის სახელით, უნდობლობას უცხადებენ საქართველოს ხელისუფლებას და გმობენ ძალადობრივ რეჟიმს, რომელსაც ეს ხელისუფლება წლების მანძილზე კარგად ფუთავდა, როგორც წარმატებულ რეფორმას.
„ქართული ემიგრაცია შეძრწუნებულია ბოლო დღეებში პატიმართა წამების შემზარავი ვიდეო კადრებით. ემიგრაციაში მყოფი ათასობით დედის შვილი, ქმარი და ნათესავი სასჯელს იხდის საქართველოს საპატიმროებში. ხალხმა თვალნათლივ დაინახა, თუ როგორ შეიძლება, გაუსწორდნენ მათი ოჯახის წევრებს“, - ნათქვამია ემიგრანტების განცხადებაში.
მათი თქმით, ბოლოდროინდელმა მოვლენებმა კიდევ უფრო გაზარდა ემიგრანტების მოტივაცია და სურვილი, აქტიურად მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა. თუმცა ხელისუფლებამ ემიგრაციის ძირითადი ნაწილი საარჩევნო უფლების გარეშე დატოვა. ამის გამო ემიგრანტებმა თავიანთი მოთხოვნები ხუთ პუნქტად ჩამოაყალიბეს.
კერძოდ, ისინი მოითხოვენ, ხელისუფლებამ მაქსიმალურად სწრაფად და ყველანაირი შეფერხების გარეშე, გამარტივებული წესით, მოახდინოს საქართველოს მოქალაქეების რეგისტრაცია საზღვარგარეთ; გახსნას ამომრჩეველთა რიცხვის შესაბამისი უბნების რაოდენობა იმ ქალაქებში, სადაც კომპაქტურად იმყოფებიან საქართველოს მოქალაქეები; ემიგრანტებისთვის კენჭისყრის დღე კვირას, 30 სექტემბერს გადმოიტანოს; დარჩენილი მცირე დროის გამო საქართველოს დიპლომატიურმა მისიებმა ჩაატარონ ყველა საჭირო ღონისძიება უცხოეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების დროულად ინფორმირებისთვის; და ბოლოს, არჩევნებამდე დარჩენილი ყველა უქმე დღე დიპლომატიური მისიებისთვის სამუშაო დღედ გამოცხადდეს.
For.ge ემიგრანტ ქართველებს ესაუბრა.
მსახიობი მაია სასწრაფოშვილი აცხადებს, რომ იმ ვიდეოების გამო, რაც გავრცელდა, წარმოუდგენელია, ნორმალურ ადამიანს ადექვატური შეფასება არ ჰქონდეს. მისი თქმით, ამის გამო მთელი ქართველი ემიგრანტები შეძრწუნებულნი არიან. მათ საქართველოში ჩამოსვლაც უნდოდათ, რათა გაეპროტესტებინათ ის, რაც ხდება მათი შვილების, მეგობრების, ძმების მიმართ. ასეთი ქმედებები კი კაცობრიობის კანონების დარღვევაა.
რაც შეეხება ბრიტანეთში საქართველოს ელჩს, მაია სასწრაფოშვილი გმობს იმ ფაქტს, რომ გიორგი ბადრიძემ საშინელი რეპლიკით გაისტუმრა საელჩოს წინ შეკრებილი ახალგაზრდები.
„ვერ გავიმეორებ მის სიტყვებს, მაგრამ ყველაფერ ამის გამო, რაც ხდება, ჩვენი მიზანია, საზღვარგარეთ დაინიშნოს საარჩევნო პუნქტები და ემიგრანტებს ხმის მიცემის უფლება მიეცეთ. ამასთან, შაბათ-კვირა სამუშაო დღეებად გამოცხადდეს, რათა ემიგრანტებმა კვირა დღეს შეძლონ ხმის მიცემა და სხვა ქალაქებიდან ჩასვლა“.
მსახიობის თქმით, ემიგრანტები საკონსულოებიდან და საელჩოებიდან მხარდაჭერას ვერ გრძნობენ. ამასთან, გასაკვირი არაა, რომ ემიგრანტებში ცალსახა განწყობაა და ისინი მხარს იმ კანდიდატურას დაუჭერენ, ვინც ხალხს გაუფრთხილდება.
„ნაციონალური მოძრაობის 99 %-მა მაისური გაიხადა და ოპოზიციის მხარეს გადმოვიდა. ემიგრანტებზე კი საუბარი აღარაა, ისინი ძირითადად ოპოზიციის მხარეს არიან. თუ კარგად არის ემიგრანტი, რატომ წავა საზღვარგარეთ და რატომ გაუგზავნის თავის ოჯახს არსებობისა და წამლის ფულს?!“ - კითხულობს ქართველი ემიგრანტი.
„ქართველი ემიგრანტები დემოკრატიული საქართველოსთვის“ ხელმძღვანელი მამუკა ლიპარტელიანი აცხადებს, რომ ემიგრანტებისთვის არჩევნების თარიღი უნდა შეიცვალოს და 30 სექტემბერს უნდა დაინიშნოს, რათა ემიგრანტებმა ხმა კვირა დღეს მისცენ.
რაც შეეხება ელჩის მოქმედებას, მამუკა ლიპარტელიანი აცხადებს, რომ ეს არის ბოროტმოქმედება და, საერთოდაც, ეს ხელისუფლება ბოროტმოქმედებაზეა აგებული.
„ამ ელჩის საქმიანობას არ ვიცნობ, მგრამ ელჩი არის ქვეყნის სახე. სამწუხაროდ, უამრავი ასეთი ელჩები გვყავს, რომლებიც შეურაცხყოფენ ჩვენი ერის სახეს. ბადრიძის რეპლიკა ქართველი ერის შეურაცხყოფაა. არ შეიძლება, ყოველ წამს ქვეყანას მიაყენო შოკი, ისედაც შოკირებულია მთელი ერი“, - გვითხრა მამუკა ლიპარტელიანმა.
ემიგრანტი მაია კობაიძე აცხადებს, რომ სტამბულში ყოფნისას კონსულს შეხვდა და მას პირადად სთხოვა, ერთი დღე მაინც დაეშვათ სამუშაოდ, რათა კვირა დღეს ხალხს არჩევნებში ხმა მიეცა.
„ათიდან პირველ საათამდე ხომ ისედაც მუშაობენ და ამ დღეს ოთხ საათამდე მაინც ემუშავათ?! ხომ წარმოგიდგენიათ, ხალხი, რომელიც 24 საათიან რეჟიმში მუშაობს, ვერ ახერხებს არჩევნებზე მისვლას. საშინელ პირობებში ცხოვრობენ ქართველები, სტამბულში ენით აუწერელი ვითარებაა, ემიგრანტები ფაბრიკებში მუშაობენ. ერთი ქალბატონი რეანიმაციაში მძიმე ავადმყოფს უვლიდა და, რადგან საქართველოს საელჩოში ორის ხუთ წუთზე მივიდა, აღარ მიიღეს, დრო ამოწურულიაო. ამ ქალმა ტირილი დაიწყო, რეანიმაციაში ვედექი ავადმყოფსო, თუმცა მაინც არ გაატარეს რეგისტრაციაში. ბატონ ზურა პატარიძეს ანკარის საელჩოში თითქმის ერთი საათის განმავლობაში ვუსმენდი. მისი მხრიდან ეს იყო პროპაგანდა, თუ როგორი დიდი საქმეები გაკეთდა საქართველოში, რომ იგი ოპოზიციაში ძალას ვერ ხედავს, რომელიც ამაზე უკეთესი იქნება. მე ვუთხარი, არ უარვყოფ, ბევრი რამ გაკეთდა, მაგრამ პირადად მე არ მინდა პუტინიზაცია-თქო“.
ამასთან, ემიგრანტი ქალბატონი კიდევ ერთ უმტკივნეულეს საკითხს ეხება, რომლის გახმიანებისგანაც იგი დღემდე თავს იკავებდა, რათა ფაშისტობაში არ ჩამოერთმიათ. საქმე ეხება ე.წ. თურქი ქართველების მოქალაქეობას.
მისი თქმით, განსაკუთრებით, სტამბულის სიებს რომ გადაავლოთ თვალი, დარწმუნდებით, რომ ამ სიებში ნახევარზე მეტი სწორედ თურქი ქართველია შეყვანილი, რომლებიც იქ არიან დაბადებულნი. საქართველოს ხელისუფლებამ მათ ძალიან მარტივად მიანიჭა მოქალაქეობა.
„პირადად მე თურქეთის მოქალაქე არ ვარ. უბრალოდ, მე მაქვს იქ ცხოვრების უფლება. მე რომ მოვითხოვო იქაური მოქალაქეობა, მათი ჰიმნი ზეპირად უნდა ვისწავლო, უნდა ვისწავლო თურქული ენა, წარმოიდგინეთ, ისლამური რელიგიის ნაწილის შესწავლასაც მთხოვენ. ამ დროს კი იმ ადამიანების 80%-მა არც ქართული იცის, ჰიმნზე ხომ საუბარი ზედმეტია. მათ ძალიან დიდ პატივს ვცემ, მაგრამ ბატონ ზურასაც ვუთხარი, თქვენი და ჩვენი გადასაწყვეტია საქართველოს ბედი და არა თურქი ქართველების“.
მაია კობაიძის თქმით, რაზეა საუბარი, თურქეთში დაბადებულ ქართველებს საქართველოში სტუმრადაც მივიღებთ, ვუმასპინძლებთ კიდეც, მაგრამ გაუგებარია, რომ მათ, უკლებლივ ყველას, არჩევნებში მონაწილეობის უფლება მიანიჭეს. ეს მაშინ, როცა თურქეთში ჩასულ ემიგრანტებს ამის უფლებას არ აძლევენ.
მაია კობაიძეს ერთი ფაქტიც ახსენდება, როცა დიასპორის საკითხებში მაშინდელი სახელმწიფო მინისტრი იულონ გაგოშიძე თურქეთში ჩავიდა და დასტად ჩაიტანა ქართული პასპორტები. ეს პასპორტები პირდაპირ დაურიგეს ამ ხალხს. მაია კობაიძე არ უარყოფს, რომ, შესაძლოა, ამ ადამიანების ნაწილს დიდი ღვაწლი აქვთ, მაგრამ მათ შორის არიან ისეთებიც, რომლებზეც ამას ვერ ვიტყვით. თუმცა საქართველოს ხელისუფლებას ეს ადამიანები ხმის მისაცემად სჭირდება, რადგან მათ შორის ბევრნი არიან ისეთებიც, რომლებსაც საერთო პროექტები, საერთო ფინანსები აკავშირებთ ქართველებთან.
„ამ დროს, უბრალო ემიგრანტებს, რომლებსაც მაგიდის ქვეშ სძინავთ ფაბრიკაში და ყოველგვარი დასვენების გარეშე, მართლაც ლუკმა-პურის საშოვნელად არიან წასულნი 600 ლირის გამოსამუშავებლად, ართმევენ არჩევნებში მონაწილეობის უფლებას და ამათ აძლევენ. მოგეხსენებათ, თურქეთი ღია ქვეყანაა და მაისში თურქეთის რესპუბლიკამ კანონი მიიღო არალეგალებისთვის, რომ ეს ხალხი ლეგალები გამხდარიყვნენ. ვინც შსს-ს მიმართავდა და დადგებოდა აღრიცხვაზე, ყველა მათგანი ლეგალი ხდებოდა, თუ, რა თქმა უნდა, კრიმინალი არ ჰქონდა ჩადენილი. ამისთვის გვჭირდებოდა ნოტარიუსიდან ქაღალდი, სადაც მითითებული იყო თურქეთის იმ მოქალაქის პირადი ნომერი, მისამართი და ყველა მონაცემი, რომელიც საკუთარ თავზე იღებდა ვალდებულებას, რომ ქართველი მოქალაქე მასთან იცხოვრებდა. ამ დროს კი ქართველი კონსული მეუბნება, თურმე ნოტარიუსის ქაღალდი ოფიციალური ქაღალდი არ არის და ეს, უბრალოდ, ადამიანის კეთილი ნება არისო“.
მაია კობაიძე კონსულის პასუხით გაოცებულია, რადგან თურქეთის რესპუბლიკის შს-ს მიერ გაცემული ამ ქაღალდის საფუძველზე მას თურქეთში ყოფნის ოფიციალური ნებართვა აქვს. პოლიციამ რომც გააჩეროს, ამ ქაღალდის გამო, იგი დეპორტაციას აღარ დაექვემდებარება. ამის მიუხედავად, კონსულმა არც ეს ქაღალდი მიიღო, როგორც ცნობა საცხოვებელი ადგილიდან, და არც ნოტარიუსის ქაღალდი. ეს კი მას საფუძველს აძლევს, იფიქროს, რომ არჩევნების პროცესში ემიგრანტების ჩართვა ხელისუფლებას არ აწყობს.
მსახიობი და რეჟისორი ირაკლი აფაქიძე მიიჩნევს, რომ მთელი ჩვენი საკონსულო აპარატი არა საქართველოს მოქალაქეების, არამედ მხოლოდ ერთი ადამიანის ინტერესებისთვის მუშაობს. სხვანაირად, ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს ახსნა არ აქვს. მისი თქმით, ემიგრანტებს ყველანაირი ბარიერი შეუქმნეს, რათა არჩევნებში მონაწილეობა არ მიეღოთ, რითაც ჩვენმა დიპლომატიურმა კორპუსმა კონსტიტუციაც დაარღვია.
„ასეთი უკანონობა აბსოლუტურად ყველა ქვეყანაში ხდება, სადაც კი ჩვენი საელჩო და საკონსულო მდებარეობს. აქედან გამომდინარე, იმ ელჩს, რომელიც დღეს დიდ ბრიტანეთში იმყოფება და ემიგრანტებს ცოცხთან დაკავშირებით მოუწოდებს, ასევე, მთელ დიპლომატიურ კორპუსს, რომლებიც ხელისუფლების გადასარჩენად ყველაფერს აკეთებენ, მე მგონი, რამდენიმე დღეში ეს ცოცხები თავად დასჭირდებათ. ამაში დარწმუნებული ვარ“, - აღნიშნა ირაკლი აფაქიძემ.
მსახიობის აზრით, როცა ადამიანის ფასეულობებზეა საუბარი, ელჩმა - გიორგი ბადრიძემ ასეთი განცხადებები არ უნდა გააკეთოს და, თუ მას რაღაც კიდევ შერჩა, უნდა გადადგეს. თუმცა ირაკლი აფაქიძე დარწმუნებულია, რომ ამ ელჩებს ამის ვაჟკაცობა არ ეყოფათ, ამიტომ ათ დღეში მაინც ყველა მათგანს მოუწევს გადადგომა.
მისი თქმით, პრეტენზიები ყველა ელჩისა და, მთლიანად, საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართ ვრცელდება.
„პირადად საგარეო საქმეთა მინისტრმა კი, რომელიც, თუ არ ვცდები, თავად იყო ემიგრანტი და ძალიან კარგად იცის ემიგრანტების პრობლემები, კარგად „გამოიყენა“ ეს ცოდნა, სწორად დაეგეგმა ბარიერები, რათა ისინი ვერ გადაელახათ ემიგრანტებს“.