ატოცში მოჩვენებითი სიმშვიდეა, შესაძლოა რუსი ოკუპანტები რაღაც უფრო ცუდს ამზადებდნენ - ასე აფასებენ ანალიტიკსოები „რეზონანსთან“ სოფელ ატოცში შეჩერებულ ბორდერიზაციას. მათი აზრით, მოძრაობა „ძალა ერთობაშია“ ნამდვილად კარგ საქმეს აკეთებს, როდესაც ცდილობენ, რომ ქვეყანა და ხალხი გამოაფხზილონ, თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს საქმე ვისთან გვაქვს და რა პროვოკაცია შეიძლება მათი მხრიდან წამოვიდეს.
სოფელ ატოცში რუსი ოკუპანტები მავთულხლართების გაბმას კვლავ ვერ ახერხებენ. საოკუპაციო ხაზთან სამოქალაქო მოძრაობის „ძალა ერთობაშია“ წევრები და პოლიციელები პატრულირებას კვლავ აგრძელებენ. შაბათი-კვირას კი საოკუპაციო ხაზთან რამდენიმე აქცია-მანიფესტი გაიმართა.
კავკასიოლოგი და კონფლიქტოლოგი მამუკა არეშიძე „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ „ძალა ერთობაშიას“ აქტივობამ გარკვეული შედეგი გამოიღო, თუმცა ამას მუდმივი სახე არ ექნება. ანალიტიკოსი ვარაუდობს, რომ ოკუპანტები ამ სიტუაციას სათავისოდ გამოიყენებენ.
არეშიძის თქმით, ე.წ. სამხრეთ ოსეთის ხელმძღვანელობამ დაიწყო საუბარი, რომ ცხინვალში ბუნკერების მშენებლობას იწყებენ, ამით კი რაღაცისთვის ნიადაგს ამზადებენ. მისი აზრით, ეს არის ერთგვარი პიარსვლა რუსებისგან, რომლებიც ამით მიანიშნებენ, რომ ქართველებმა შესაძლოა ომი დაიწყონ. არეშიძე არ გამორიცხავს, რომ იქ მყოფ ქართველ ახალგაზრდებზე რუსების მხრიდან თავდასხმა მოხდეს.
„რა თქმა უნდა, არსებობს საფრთხე, რომ სოფელ ატოცში საოკუპაციო ხაზთან მყოფ ახალგაზრდებზე რუსების მხრიდან თავდასხმა მოხდეს. ამიტომ ვკითხულობ - არის თუ არა ყველა ეს რისკი მათი მხრიდან გათვლილი? ვიცი, ბევრი ადამიანი გამოჩნდება, ვინც ამ განცხადების გამო გამაკრიტიკებს, მაგრამ ჩვენ ხომ საბოლოო შედეგი გვაინტერესებს.
„შუალედურ შედეგი, რასაც ისინი აღწევენ, მისასალმებელია, მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით საქმე ვისთან გვაქვს. ვიცით, რომ რუსეთის სპეცსამსახურები სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე მუშაობს და ისინი ასე გულხელდაკრეფილები არ სხედან.
„რუსები იმაზეც კი არიან წამსვლელები, რომ იქ ტყვია გავარდეს და ვიღაცა დაიღუპოს. თუნდაც ეს რუსი ან ოსი იყოს. ეს ხალხი არაფერზე უკან არ დაიხევენ. ამის შემდეგ კი ყველაფრისთვის ხელები გახსნილი ექნებათ. ეს ახალგაზრდები ვიცით, რომ მსგავს არაფერს გააკეთებენ, მაგრამ რუსებს თავდებად ვერავინ დაუდგება“, - აცხადებს „რეზონანსთან“ არეშიძე.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორების საქართველოს ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსთან“ ამბობს, რომ რუსეთი ყოველთვის იმას აკეთებს, რაც მას სურს და მოძრაობა „ძალა ერთობაშია“ მათ შეფერხებას მუდმივად ვერ შეძლებს. მისივე აზრით, უბრალოდ რუსებს ახლა დაპირისპირება არ სურთ და ცდილობენ ჯერჯერობით სიტუაცია ასე დატოვონ, მაგრამ ეს დიდხანს ასე არ იქნება.
ანალიტიკოსი ამბობს, რომ ასეთ აქციებს გავლენა აქვთ, მაგრამ ეს მხოლოდ დროებითი გავლენაა, რომელსაც შეიძლება უფრო მწვავე რეაქცია მოჰყვეს. ისინი ახლა ეძებენ გარკვეულ ფორმებს, რასაც ამ მოძრაობას დაუპირისპირებენ.
„ოსები და ქართველები საბოლოოდ უნდა შერიგდნენ, ამიტომ ჩვენ ისინი ჩვენივე ქცევით ყოველდღე იმაში უნად დავარწმუნოთ, რომ მათთან შერიგება გვსურს და არა კონფროტაცია.
„ისინი თავს ოკუპირებულად არ თვლიან, ისინი ფიქრობენ, რომ რუსები მათ ქართველებისგან იცავენ. ჩვენ არ უნდა მივცეთ რუსებს იმის საბაბი, რომ ოსებს ჩვენგან დაცვა სჭირდებათ.
„მართალია, რომ ამ ეტაპზე „ძალა ერთობაშიას“ აქცია მოქმედებს და გარკვეულ შეფერხებას ახერხებენ, მაგრამ როდემდე? ჩვენ ხომ რუსებს კარგად ვიცნობთ და ვიცით, რომ ყოველდღე ჩვენს პროვოკაციაზე წამოგებას ოცნებობენ. ერთი პატარა ფეხის წაცდენა და ყველაფერს ამას სათავისოდ გამოიყენებენ.
„ამ ყველაფერში ერთადერთი გამოსავალი ოსებთან დიალოგი და საუბარია. ჩვენ უნდა ვეცადოთ ყველანაირად მათთან საუბარი. ხომ უნდა გაგვიჩნდეს კითხვა, რატომ ურჩევნიათ ოსებს, რომ ჩვენთან ბორდერიზაცია ჰქონდეთ? ჩვენს მოქალაქე ოსებს რატომ ურჩევნიათ იმ ხალხთან ცხოვრება, რომლებიც მთელს მსოფლიოში ყველას ეჯავრება და სახიფათო ქვეყნად არის მიჩნეული? მოდი ამ კითხვებზე პასუხები ვიპოვოთ და დანარჩენ ყველაფერზე მერე ვიფიქროთ.
„ხან მუსიკა დავუკრათ, ხან შარვალი ჩავიხადოთ და ხანაც იქ რუსებს ვიდეოები ვუღოთ - ეს პრობლემას კიდევ უფრო გაამწვავებს და ოსებს უფრო მივცემთ იმის ფიქრის საშუალებას, რომ ჩვენგან დასაცავები არიან“, - აცხადებს ზაქარეიშვილი „რეზონანსთან“.