გლდანის მე-8 საპყრობილიდან მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე დაიწყო გამოძიება სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ცალკეულ თანამშრომელთა მიერ პატიმართა მიმართ დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. შსს-ს ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მიერ ერთობლივად განხორციელებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ მე-8 საპყრობილის უსაფრთხოების განყოფილების უფროსი ლევან ფურცხვანიძე, ოპერატიული მორიგე ინსპექტორი ვლადიმერ ბედუკაძე (ბედუკაძე გათავისუფლებულ იქნა თანამდებობიდან 2012 წლის მაისში) და მათი გავლენის ქვეშ მყოფი რამდენიმე პირი, წინასწარ შემუშავებული დანაშაულებრივი გეგმის შესაბამისად, ახორციელებდა პატიმართა მიმართ არაადამიანურ მოპყრობას, რასაც იღებდნენ ვიდეოფირზე.
„მოპოვებული მტკიცებულებების შესაბამისად დადგენილ იქნა, რომ პატიმართა მიმართ არაადამინური მოპყრობის ორგანიზების, მათი ვიდეოფირზე დაფიქსირების და სოლიდური ფულადი ანაზღაურების სანაცვლოდ დამკვეთებისათვის გადაცემის შეთავაზება საპყრობილის თანამშრომლებმა მიიღეს ამავე საპყრობილეში განთავსებული თამაზ თამაზაშვილისაგან. ამ ეტაპზე გამოძიების ხელთ არსებული მტკიცებულებებით ირკვევა, რომ დანაშაულის დამკვეთ მხარესთან კონტაქტის უზრუნველყოფა ხორციელდებოდა თავდაპირველად თამაზ თამაზაშვილის, ხოლო შემდგომ თამაზ ელიზბარაშვილის მეშვეობით“, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
ამასთანავე, შსს-ს ინფორმაციით, ლევან ფურცხვანიძის სამუშაო კაბინეტის ჩხრეკისას ამოღებულ იქნა პატიმართა მიმართ არაადამიანური მოპყრობის ამსახველი ვიდეოფირი და 17 000 აშშ დოლარი და არსებობს ვარაუდი, რომ გარდა აღნიშნულ ფირზე ასახული ფაქტისა ჩადენილ იქნა სხვა ანალოგიური ხასიათის დანაშაულებრივი ქმედება.
გამოძიების ამ ეტაპზე ბრალდებულებად იქნენ ცნობილი და დაკავებული არიან გლდანის მე-8 საპყრობილის უსაფრთხოების განყოფილების უფროსი ლევან ფურცხვანიძე, განყოფილების კონტროლიორი ლევან ფხალაძე და განყოფილების ინსპექტორი ბორის ფარულავა, ხოლო ვლადიმერ ბედუკაძის მიმართ გამოცხადებულია ძებნა.
ამის პარალელურად შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს ოპერატიულ მასალას, სადაც ჩანს, როგორ სცემენ ციხის ადმინისტრაციის თანამშრომლები ორ პატიმარს, აიძულებენ მათ ე.წ. „კანონიერ ქურდებს“ შეაგინონ და ე.წ. „დუბინკების“ გამოყენებით გაუპატიურებით ემუქრებიან. ამასთანავე, შსს-ს მიერ გავრცელებულ ვიდეო-მასალაში ბრალდებულები საუბრობენ, როგორ დაავალეს მათ პატიმრების ცემა და ამ ფაქტების ვიდეო-ფირზე აღბეჭდვა და ამის სანაცვლოდ სოლიდურ თანხას შეპირდნენ.
ბრალდებულების განცხადებით, მათთან კონტაქტს ბელგიაში მყოფი მათი ყოფილი თანამშრომელი ლადო ბედუკაძე ამყარებდა, რომელიც ამ პირობებს თამაზაშვილის დავალებით სთავაზობდა.
გთავაზობთ ერთ-ერთი ბრალდებულის ლევან ფურცხვანიძის ჩვენებას, რომლის ვიდეო-ჩანაწერიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა.
„ლადო ბედუკაძემ, რომელიც ჩემთან ციხეში ოპერატიულ მორიგედ მუშაობდა, გარკვეული პერიოდის წინ მითხრა, რომ მან ახლო კავშირი დაამყარა პატიმარ თამაზ თამაზაშვილთან, რომელთანაც ადრე ძველი ნაცნობობა აკავშირებდა. თამაზაშვილმა ლადოს შესთავაზა, თუ ის მოახდენდა პატიმრების ცემის ფაქტს და გადაიღებდა ვიდეოზე, მას სოლიდურ თანხას მიაწვდიდნენ. ამის შემდეგ ფირზე გადაღებული იქნა ასეთი ფაქტი. რამდენიმე ხნის შემდეგ ლადო განთავისუფლებული იქნა სამსახურიდან და დამიბარა, თუ ასე ფაქტს გადავიღებდი, სოლიდურ თანხას მივიღებდი. ერთ-ერთი ფაქტი გადაღებული იქნა გუშინ, რაც უცხოეთში ლადო ბედუკაძისთვის უნდა გამეგზავნა“, - ამბობს ლევან ფურცხვანიძე.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დამხარების მინისტრი ხათუნა კალმახელიძეც, რომელმაც განაცხადა, რომ ყველას, ვინც პატიმართა უფლებების დარღვევის პროვოცირებას გარედან ცდილობს, კანონის ფარგლებში საკადრისი პასუხი გაეცემა.
„ჩვენი უმთავრესი მიზანი იყო გამოგვევლინა დამნაშავეების ის ჯგუფი, რომლებიც მსჯავრდებულთა მიმართ არაადამიანური მოპყრობის ხარჯზე სისტემის დისკრედიტაციას ახდენდნენ. სამწუხაროა, რომ ჩვენს სისტემაში დღემდე მუშაობდნენ ადამიანები, რომლებიც კორუფციაში მონაწილეობით ხელყოფდნენ მსჯავრდებულთა უფლებებს. აბსოლუტურად შეურიგებლები ვიქნებით, ნებისმიერი დანაშაულებრივი ქმედების მიმართ. პატიმართა უფლებების განუხრელი დაცვა არის და იქნება სამინისტროს პრიორიტეტი. ყველას, ვინც გარედან ცდილობს პატიმართა უფლებების დარღვევის პროვოცირებას, საკადრისი პასუხი გაეცემა, კანონის ფარგლებში“, - განაცხადა კალმახელიძემ.
სასჯელაღსრულების დაწესებულებებში პატიმრების წამება და მათ მიმართ არაადამიანური მოპყრობა უკანასკნელ წლებში ერთ-ერთ ყველაზე აქტუალური პრობლემაა, მით უმეტეს თუ გავითვალისწინებთ, რომ ქართულ ციხეებში პატიმრების რაოდენობა სულ უფრო მატულობს და ვერც ახალი აშენებული თითზე ჩამოსათვლელი რაოდენობის დაწესებულება ამ პრობლემას ვერ შველის. პატიმრებს ისევ უწევთ რიგ-რიგობით ძილი, არ აქვთ წვდომა ჯანდაცვაზე, და რაც ყველაზე მთავარია, მუდმივად ხდება მათი ცემა-წამება. გავრცელებული ინფორმაციით, უკანასკნელი ხუთი წლის განმავლობაში სასჯელაღსრულების დაწესებულებებში 600-ზე მეტი პატიმარი გარდაიცვალა და უმრავლეს შემთხვევებში არსებობს მტკიცებულებები იმისა, რომ ეს პატიმრები ბუნებრივი სიკვდილით არ გარდაცვლილან. უკეთეს შემთხვევებში, ისინი მძიმე ავადმყოფობისა და ციხის ადმინისტრაციის მხრიდან უყურადღებობის მსხვერპლნი ხდებიან. უარეს შემთხვევაში კი წამების შედეგად არიან გარდაცვლილები, რაც მათ სხეულებზე დაზიანებების არსებობით დასტურდება.
ქართულ პენიტენციალურ სისტემაში არსებული უმძიმესი მდგომარეობა უკანასკნელი წლების განმავლობაში არაერთხელ მოხვედრილა საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციების (როგორიც არის “Human Rights Watch”, “Amnesty International” და სხვები) ანგარიშებში, სადაც ცალსახად არის ნათქვამი, რომ ქართულ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში პატიმრების მიმართ სასტიკი და არაადამიანური მოპყრობა ხორციელდება. ყველაფერ ამის ფონზე, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, არც ერთი ციხის ადმინისტრაციის წარმომადგენელი დასჯილი არ ყოფილა. ამას for.ge-სთან საუბარში ადასტურებს უფლებადამცველი ლალი აფციაური, რომელიც ციხეებში ნაცემი და ნაწამები არაერთი პატიმრის ინტერესებს იცავდა და ბევრი მათგანი დღეს ცოცხალი აღარ არის. აფციაური პროვოკაციაზე საუბრობს.
„ხომ ნახეთ, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ვიდეო-ჩანაწერში რაღაც თანხებზე იყო საუბარი. ამდენად, როგორც ჩანს, ჩვენი ხელისუფლება რაღაცას აპირებს. ამ ჩანაწერში ის გაქსუებული რაღაც სისულეებს რომ ყვება, იმის მონაყოლი რეალობას გავდა? რად უნდა ამას ლაპარაკი, რომ ეს წმინდა წყლის პროვოკაციაა. არც ერთი შემთხვევა არ ყოფილა, რომ ციხის ადმინისტრაციის თანამშრომლები ვინმეს დაესაჯა. უჩა გოდელაძეს გაგახსენებთ, რომელიც 2009 წელს ციხეში წამებით მოკლეს და მისი წამების ფაქტზე ერთი ადამიანიც კი არ დასჯილა და საქმეც კი არ არის აღძრული“, - აცხადებს ლალი აფციაური.
ქართულ საზოგადოებაში შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულმა ჩანაწერმა მაშინვე გამოიწვია იმის განცდა, რომ თამაზ თამაზაშვილის ხსენებით ხელისუფლება ბიძინა ივანიშვილისა და მისი გუნდის დისკრედიტაციას, ან უარეს შემთხვევაში, ამ გუნდიდან ვინმესთვის პატიმრების ცემა-წამების შეკვეთასა და ამაში თანხის გადახდაში დადანაშაულებას ცდილობს. ადვოკატი შალვა თადუმაძე, რომელიც თამაზ თამაზაშვილის ინტერესებს იცავდა, ამბობს, რომ ამ საქმეში ორ მნიშვნელოვან მომენტზე არის საჭირო ყურადღების გამახვილება.
„ჯერ ერთი, ბრალდებული ყვება, რომ თურმე მათ დაავალეს პატიმრების ცემის ვიდეო გადაღება და არა პატიმრების ცემა, რაც მიუთითებს რომ ცემა ჩვეულებრივი ამბავია, ხოლო ვიდეოგადაღებას დაკვეთა სჭირდება. მეორეც, ნებისმიერ, პირს რომელიც დახელოვნებული არ არის ადამიანის წამებაში 17 000 კი არა, 17 მილიონი რომ გადაუხადო, ვერ მოახერხებს ისეთ სპეციფიკურ მოქმედებების განხორციელებას, რომელიც ამ ვიდეოშია ასახული, კერძოდ, ვის უნდა შეაგინოს, და სად რა უნდა გათხაროს“, - წერს თადუმაძე facebook-ს საკუთარ გვერდზე.
მისი თქმით, ციხის თანამშრომლებშიც გატყდა შიში, გაავრცელეს ის, რასაც მუდმიავად ასრულებენ და ახლა პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე, ხელისუფლება ცდილობს ამ საქმეში როგორმე თამაზ თამაზაშვილი ჩარიონ.
„ქართულ ოცნებაში“ ამ ბრალდებას შეთითხნილს უწოდებენ და მიიჩნევენ, რომ ამით ხელისუფლება კოალიციისა და მისი ლიდერის საზოგადოების თვალში დისკრედიტაციას ისახავს მიზნად.
„ქართული ოცნების“ ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო კობახიძე for.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ უკანასკნელი 9 წლის განმავლობაში, მათ შორის იქამდე, სანამ ბიძინა ივანიშვილი და კოალიცია „ქართული ოცნება“ ქართულ პოლიტიკურ სივრცეში გამოჩნდებოდა, მუდმივად ხდებოდა პატიმრების ცემა-წამება და ამიტომ, თამაზაშვილი აქ არაფერ შუაშია. კობახიძე აცხადებს, რომ თამაზ თამაზაშვილის ბრალეულობის დამადასტურებელი არანაირი მტკიცებულება სამინისტროს არ გააჩნია.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ციხის ადმინისტრაციის თანამშრომლები პატიმრებს აწამებენ და სამინისტროს აბსოლუტურად ვეთნახმებით იმაში, რომ პენიტენციალურ სისტემაში პატიმრებს მუდმივად აწამებენ. ხათუნა კალმახელიძის უწყებაში პატიმრებს აწამებდნენ ჯერ კიდევ მანამდე, ვიდრე „ქართული ოცნება“ და მისი ლიდერი ქართულ პოლიტურ სივრცეში გამოჩნდებოდნენ. უფლებადამცველები და მთელი არასამთავრობო სექტორი სწორედ ამას ვაპტორესტებდით ყოველთვის, რომ ციხეებში ადამიანებს სასტიკად აწამებენ. ასეულობით შემთხვევები გვაქვს, როდესაც პატიმრებს გაურკვეველ ვითარებაში კლავენ და მე ამის თქმა არ მომერიდება, რადგან ამის არაერთი მტკიცებულება არსებობს“, - აცხადებს თედო კობახიძე.
მისი თქმით, ქართულ ტელესივრცეში უკვე რამდენიმე კვირაა თამაზ თამაზაშვილთან დაკავშირებით ვიდეო-რგოლები ტრიალებს, რომლებიც მის დისკრედიტაციას ისახავენ მიზნად. თედო კობახიძე ხაზს უსვამს იმას, რომ თამაზაშვილის სიძე, ირაკლი ღარიბაშვილი „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი სახეა და საპარლამენტო სიის პირველ ათეულშია. ამასთანავე, თამაზ თამაზაშვილის შვილი, ლექსო თამაზაშვილი დედოფლისწყაროს მაჟორიტარობის კანდიდატია „ქართული ოცნებიდან“. ამიტომ, კობახიძე მიიჩნევს, რომ ხელისუფლება ცდილობს ეს ოჯახი კრიმინალებად წარმოაჩინოს, რათა ამით „ქართულ ოცნებას“ და მის ლიდერს ჩირქი მოსცხოს, თითქოს მას თავის გუნდში უღირსი ადამიანები ჰყავს.
თედო კობახიძე არ გამორიცხავს, რომ მთელი ეს კამპანია საბოლოო ჯამში, შესაძლოა ბიძინა ივანიშვილის რაიმეში დადანაშაულებას ისახავდეს მიზნად.
„ბიძინა ივანიშვილს არ სჭირდება ციხის საკანში რაღაც სცენების დადგმა. მას ბევრად უფრო მეტი და უფრო მნიშვნელოვანი საფიქრალი აქვს, ვიდრე ციხის საკანში რაღაც შოუების დადგმაა. სცენების დადგმა სწორედ ხელისუფლებას ეხერხება და არაერთი ასეთი სცენა გვახსოვს, მაგალითად, ე.წ. „მოდელირებული ქრონიკა“, რომლითაც მთელი ქვეყანა შოკში ჩააგდო და მეორე ომი დაატეხა თავს. შოუების დადგმა ჩვენ არ გვჭირდება და მითუმეტეს, არ ხელგვეწიფება (სამწუხაროდ, თუ საბედნიეროდ) მათ მიერ კონტროლირებად უწყებებში, სადაც მათ გარეშე ბუზი არ ფრინავს და ინფორმაციაც კი არ გამოდის, იქ ვერანაირ სცენას ვერ დავდგამდით. ყველაფერი ეს ემსახურება ერთდაერთ მიზანს - წარმოაჩინონ ისე, რომ ადამიანი, რომელსაც „ქართული ოცნების“ ლიდერი ენდობა, და ასევე ამ ადამიანის ოჯახი საზოგადოებაში რაიმე ღირსეულ ადგილს არ უნდა იკავებდნენ. სინამდვილეში ეს ადამიანები ღირსეულები, ქვეყნის პატრიოტები და საქართველოს კეთილდღეობისკენ მოწოდებულები არიან. ხელისუფლებაში კი არიან კრიმინალები, რის დასადასტურებლადაც თუნდაც გირგვლიანის საქმის გახსენებაც კმარა, როდესაც მისი მკვლელობისთვის თითქოს პასუხისგებაში მისცეს ადამიანები და შემდეგ ჩვენ ვნახეთ ვიდეო-ჩანაწერები, სადაც ჩანს შამფურზე წამოცმული ცხელ-ცხელი მწვადებით როგორ ანებივრებდნენ მათ. ეს ჩანაწერები საჯარო გახდა, მაგრამ ამაზეც პასუხი არავის მოეთხოვა“, - ამბობს თედო კობახიძე.
მისი თქმით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში პენიტენციალურ სისტემაში ეს პრობლემები აღარ იარსებებს და ყველა დამნაშავე დაისჯება და არ მოხდება ისე, როგორც ვარდების რევოლუციის შემდეგ მოხდა, როდესაც შევარდნაძის ხელისუფლების მაღალჩინოსნები დაუსჯელები დარჩნენ.