„ხელისუფლებას არჩევნებში 3%-იანი ფორა აქვს“

„ხელისუფლებას არჩევნებში 3%-იანი ფორა აქვს“

ხელისუფლება ყველა ხერხს იყენებს იმისთვის, რომ ოქტომბრის არჩევნებზე რაც შეეხება მეტი ხმა მიიღოს. ერთ-ერთი მეთოდი, რომელიც ამისთვის გამოიყენება, საარჩევნო სიების და საარჩევნო უბნების რბილად რომ ვთქვათ, „უცნაურად“ ფორმირებაა. „ქართული ოცნების“ დიდუბის მაჟორიტარობის კანდიდატი ვახტანგ ხმალაძე აცხადებს, რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ სპეციალური საარჩევნო უბნები კანონის დარღვევით შექმნა. ხმალაძის განარტებით, ქვეყნის მასშტაბით 70 ამგვარი უბანია შექმნილი და სპეციალურ სიებში 58 ათასი ამომრჩეველია დაფიქსირებული. დეპუტატობის კანდიდატი აცხადებს, რომ ეს ამომრჩეველთა დაახლოებით 3%-ია, რაც ოქტომბრის არჩევნებში საკმაოდ სოლიდურ ფორას აძლევს ხელისუფლებას. სპეც-უბნების საკითხზე for.ge გთავაზობთ ინტერვიუს ვახტანგ ხმალაძესთან.

ვახტანგ ხმალაძე: „ქართული კანონმდებლობის თანახმად, სპეციალური უბნები იქმნება იმ კატეგორიის ამომრჩევლებისათვის, ვისაც არჩევნების დღეს თავის საარჩევნო უბანში მისვლა არ შეუძლია. კანონში პირდაპირ არის განმარტებული, რა შემთხვევაში შეიძლება სპეციალური უბანი შეიქმნას. მაგალითად, ეს არის საავადმყოფო, სადაც მწოლიარე პაციენტები და მედპერსონალია, თუმცა დღეს თქვენს ყურადღებას გავამახვილებ სპეციალურ უბნებზე, რომლებიც კანონის თანახმად, შეიძლება სამხედრო ნაწილებში შეიქმნას.

კანონმდებლობის თანახმად, სპეციალური უბნის შექმნა ხდება ასე - სამხედრო ნაწილის, ანუ სამხედრო შენაერთის მეთაური საოლქო საარჩევნო კომისიას სწერს, რომ მის ნაწილში ამა და ამ ოდენობის სამხედრო მოსამსახურეა და გამონაკლისის წესით საარჩევნო უბნის შექმნას ითხოვს. ამ უბნებს სპეც-უბნებს უწოდებენ. ამის შემდეგ საოლქო საარჩევნო კომისია ასეთი უბნის შექმნის შესახებ იღებს გადაწყვეტილებას, მაგრამ კანონი ამბობს, რომ ასეთი უბნები შეიძლება შეიქმნას სამხედრო ნაწილებში.

სინამდვილეში რა ხდება? ასეთ უბნებს ქმნიან არა მხოლოდ სამხედრო ნაწილებში, არამედ სხვა ადგილებშიც. მაგალითად, დიდუბეში სამი ასეთი უბანია შექმნილი, ორი მათგანი შექმნილია თავდაცვის სამინისტროში, ერთი კი - დაცვის პოლიციაში. არც თავდაცვის სამინისტრო და არც დაცვის პოლიცია არ არის სამხედრო ნაწილი.

თუ შეიძლება განვმარტოთ, რა სახის დარღვევასთან გვაქვს საქმე?

- პირველი პრობლემა არის ის, რომ უბნები კანონის დარღვევით არის შექმნილი. წესით ამ სპეციალურ სიაში შეიძლება იყვნენ მხოლოდ ვადიანი და კონტრაქტის საფუძველზე სამხედრო მოსამსახურეები. თავდაცვის სამინისტროში ამ სიაში თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები შეჰყავთ, დაცვის პოლიციაში კი - დაცვის პოლიციის თანამშრომლები. მათგან არც ერთი არ მიეკუთვნება იმ კატეგორიას, რაც მოგახსენეთ. ეს კანონის მეორე დარღვევაა.

შეგვიძლია განვიხილოთ რა შედეგები მოჰყვება ამას და ამის გამო რა დარღვევები შეიძლება გაჩნდეს. პირველი არის ის, რომ კანონით სამხედრო ნაწილებში წინასაარჩევნო აგიტაციის ჩატარება არის აკრძალული. ამდენად, არც ერთ კანდიდატს და არც ერთ პარტიას არ ეძლევა შესაძლებლობა, სამხედრო მოსამსახურეებს შეხვდეს, გაესაუბროს, თავისი პროგრამის შესახებ ინფორმაცია მიაწოდოს და ა.შ. ამ ადამიანებს ინფორმაცია სათანადოდ ვერ მიეწოდებათ, რამაც ბუნებრივია, შეიძლება მათ მიერ ხმის მიცემაზე იმოქმედოს, მაგრამ ეს კიდევ არაფერი - ის ადამიანები, ვინც ამ სპეციალური უბნების სიებში არიან შეყვანილნი, ამავდროულად თავიანთი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით საერთო სიებშიც არიან. იმ სიებში მათი გვარის გასწვრივ უნდა ეწეროს, რომ ისინი სპეციალურ სიებში არიან გადაყვანილები. ეს იმისთვის უნდა გაკეთდეს, რომ ჩვეულებრივ უბანში, ვერც ამ ადამიანებმა და არც ვინმე სხვამ მათ ნაცვლად, ხმა ვერ მისცეს. ჯერჯერობით, ჩვენ ვერ ვახერხებთ იმის შემოწმებას, არის თუ არა დაცული ეს ნორმა, რადგან დიდი ხანია სპეციალურ სიებში შეყვანილი ადამიანების სიას ვითხოვთ და მხოლოდ ახლახანს გადმოგვცეს ამ სიების ნაწილი. ჩვენ ყველანაირად ვეცდებით, სრული სიები მივიღოთ, რათა გავარკვიოთ, დაცულია თუ არა ეს პირობა.

რამდენი ადამიანია სპეციალურ სიებში შეყვანილი?

- ამ წუთისთვის სპეციალურ სიებში 58 ათასზე მეტი ადამიანია შეყვანილი. მათგან ხმის მიცემა შეიძლება გაორმაგდეს. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, მთელი საქართველოს მასშტაბით 70 სპეც-უბანია შექმნილი. შემიძლია გითხრათ, რომ დიდუბეში სამი უბანია, საბურთალოზე - ექვსი. აქვე მინდა გითხრათ, რომ არის კიდევ ერთი პრობლემა, რომელიც ასეთ შემთხვევაში ჩნდება. კანონის თანახმად, სპეციალურ სიაში შეყვანილ ამომრჩეველს უფლება აქვს ხმა მისცეს პარტიულ სიას, ხოლო მაჟორიტატების ბიულეტენით მას ხმის მიცემა შეუძლია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისი საცხოვრებელი ადგილი იმავე ოლქშია, რომელშიც ეს სპეც-უბანი არის შექმნილი. თუ მისი საცხოვრებელი სხვა ოლქშია, მაშინ ეს ადამიანი მაჟორიტარულ არჩევნებში ვერ მონაწილეობს. კანონში ასე წერია, მაგრამ ამ ნორმის ინტერპრეტაციას ცესკო აკეთებს არასწორად, კანონის დარღვევით და არის დიდი საფრთხე, რომ ამ ადამიანებმა მაჟორიტარის არჩევნებშიც მიიღონ მონაწილეობა. ასეთი ამომრჩეველი მაგალითად, ჩემთან არის დაახლოებით 4000, საბურთალოზე - დაახლოებით 6000. ეს არის არჩევნებზე მისულ ამომრჩეველთა 9-10%, ან შეიძლება ცოტა მეტიც. თუ გავითვალისწინებთ, რომ ესენი არიან „პაგონებიანი“  და ხელისუფლების მიერ კარგად კონტროლირებადი ადამიანები, შეიძლება აღმოჩნდეს, რომ ნაციონალების კანდიდატმა ეს 5000-იანი, ან 6000-იანი ფორა მიიღოს. ამან კი შეიძლება არჩევნების შედეგებზე არსებითი გავლენა იქონიოს.

აქვე მინდა აღვნიშნო, რომ როგორც მოგახსენეთ, საქართველოს მასშტაბით სპეც-სიებში 58 000-ზე მეტი ამომრჩეველია შეყვანილი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ეს ციფრი გაიზრდება, რადგან, შესაძლოა, ჩვენ ჯერ ამ სიების შესახებ სრული ინფორმაცია არ გვაქვს.

ბატონო ვახტანგ, 58 000 ამომრჩეველი, რომლის შესახებაც დღესდღეობით გაქვთ ინფორმაცია, არის ის ოდენობა, რომელმაც შეიძლება არჩევნების შედეგებზე არსებითი გავლენა იქონიოს?

- 58 000-მა ამომრჩეველმა, იმის მიხედვით, თუ როგორ არიან გადანაწილებულები, შეუძლია სერიოზული გავლენა იქონიოს მაჟორიტარების არჩევნებზე, თუმცა არც მთელს საარჩევნო პროცესთან მიმართებაში არის ეს მცირე რიცხვი. თუ გავითვალისწინებთ, რომ არჩევნებში მონაწილეთა რაოდენობა დაახლოებით ორი მილიონით განისაზღვრებოდა (თავის გაყალბებიან-კარუსელებიანად), 58 000 ათასი ამ მთლიანი რაოდენობის დაახლოებით 3%-ია. სამ პროცენტიანი ფორა კი ცოტა არ არის.

თქვენ ამბობთ, რომ არ გაქვთ ინფორმაცია, სპეც-სიებში შეყვანილი ადამიანები არიან თუ არა თავიანთი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით შედგენილი სიებიდან ამორიცხულები. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მათ შეიძლება მაჟორიტარულ არჩევნებშიც მიიღონ მონაწილეობა?

- ცესკო-ს სხდომაზე ჩვენმა წარმომადგენელმა ამ საკითხის დღის წესრიგში შეტანა მოითხოვა, რათა ცესკო-ს კანონის შესაბამისად გაეკეთებინა ზუსტი განმარტება, რომ სპეც-უბანში მყოფი ამომრჩეველი თუკი თავისი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით მიეკუთვნება სხვა ოლქს, მაჟორიტარულ არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებს. ცესკო-მ ჩვენი წარმომადგენლის ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ 9 სპეც-უბნის შექმნა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გავასაჩივრეთ, თუმცა მან ჩვენი არც ერთი საჩივარი არ დააკმაყოფილა. ახლა კი საჩივარი უკვე სასამართლოში შევა.

ბატონო ვახტანგ, პირველი ოქტომბერი უქმე დღედ არის გამოცხადებული და საინტერესოა, რით ხსნის ცესკო სპეც-უბნების შექმნას თუნდაც თავდაცვის სამინისტროში, რომლის თანამშრომლებიც, წესით ამ დღეს უნდა ისვენებდნენ?

- არაფრითაც არ ხსნის, უფრო მეტსაც გეტყვით, დღეს მითხრეს, რომ ერთ-ერთი სპეც-უბანი 31-ე ქარხანაშიც არის შექმნილი. საავიაციო ქარხნის თანამშრომლებიც საქართველოს ჩვეულებრივი მოქალაქეები არიან, ისინი სამხედროები არ არიან. ამიტომ, სრულიად გაუგებარია, რატომ უნდა შექმნილიყო სპეც-უბანი ამ ორგანიზაციაში.