ციხის თანამშრომლები, რომლებიც პატიმარს ჯოხით აუპატიურებენ და სხვა პატიმრებს სცემენ: საქართველოში წამების ამსახველი ვიდეოები საარჩევნო ბრძოლას ამძაფრებს და პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის რეფორმატორულ იმიჯს აზიანებს.
საარჩევნო ბრძოლა საქართველოში პრეზიდენტ სააკაშვილსა და მის მოწინააღმდეგე, მილიარდერ ბიძინა ივანიშვილს შორის მწვავდება. საპარლამენტო არჩევნებამდე თითქმის ორი კვირით ადრე ვიდეორგოლებმა ამ კავკასიურ ქვეყანაში აღშფოთება გამოიწვია. ეს ციხის თანამშრომლების მხრიდან პატიმრების წამების ამსახველი ვიდეოებია.
ოპოზიციასთან დაახლოებულმა სატელევიზიო არხებმა ეს ვიდეომასალა სამშაბათს საღამოს აჩვენეს. ერთ ვიდეოზე წრიულად მდგომი ციხის პერსონალი პატიმრებს სცემს. როგორც საინფორმაციო სააგენტო Civil Georgia იტყობინება, ტელეკომპანია „მაესტრომ“ გამოაქვეყნა ასევე მეორე ვიდეოც, რომელზეც ჩანს, თუ როგორ აუპატიურებს ჯოხით ციხის თანამშრომელი პატიმარს. მედიის თანახმად ეს კადრები თბილისის გლდანის მერვე საპყრობილეში არის გადაღებული.
საპარლამენტო არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე ეს სკანდალი პრეზიდენტ სააკაშვილის რეფორმატორულ იმიჯს საფრთხეს უქმნის. პოსტსაბჭოთა სახელმწიფოს მეთაურმა და 2003 წლის „ვარდების რევოლუციის“ გმირმა რეფორები მტკიცე ხელით გაატარა ამ 4, 5 მილიონიანი ქვეყნის პოლიციაში, იუსტიციას სისტემასა და ადმინისტრაციაში. სააკაშვილმა ათასობით მოსამართლე, სახელმწიფო მოხელე და უამრავი პოლიციელი გააგდო სამსახურიდან, რათა სამართალდამცავ ორგანოებში კორუფცია და განუკითხაობა დაემარცხებინა.
„შოკირებული და ძალიან გაბრაზებული“
აქამდე წამოწყება უმეტესად წარმატებით მთავრდებოდა: „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ თანახმად, კორუფციასთან წარმატებულად ბრძოლის რეიტინგში ქვეყანა წინ მიიწევს და უკვე 64-ე ადგილზეა, ისე რომ იტალიასაც კი უსწრებს.
სახელმწიფო მეთაური სააკაშვილი „შოკირებული“ იყო ამ ვიდეოების გამო და „ძალიან გაბრაზებული“. ციხის მრავალი თანამშრომელი დაკავებულია, 33 წლის მინისტრმა ხათუნა კალმახელიძემ გადადგომის შესახებ განცხადება გააკეთა.
ოპოზიციის ათასობით მხარდამჭერი შეიკრიბა სამშაბათს საღამოს დედაქალაქ თბილისის ცენტრში, რათა გამოეხატა პროტესტი წამების ფაქტებსა და პრეზიდენტ სააკაშვილის მიმართ.
სააკაშვილსა და ოლიგარქ ივანიშვილს თვეებია რაც გაცხარებული საარჩევნო ბრძოლა აქვთ, რომლის დასასრული სრულებით გაურკვეველია. ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის გამოკითხვების თანახმად სააკაშვილსა და ნაციონალურ მოძრაობას გამოკითხულთა 37% უჭერს მხარს, ივანიშვილის ქართულ ოცნებას კი მხოლოდ 12 %. თუმცა ამ მონაცემთა მნიშვნელობა შეზღუდულია, რადგან გამოკითხულთა 43 პროცენტს ან ჯერ არ გადაუწყვეტია, ან თავს იკავებს პასუხის გაცემისგან. ამის საპირისპიროდ „ფორსას“ კვლევა ივანიშვილის (49 %) და სააკაშვილის „ნაციონალური მოძრაობის“ (43%) ფეხდაფეხ ბრძოლას წინასწარმეტყველებს.
სააკაშვილი ხედავს ოპოზიციის შეთქმულებას
ივანიშვილი თავისი ხუთი მილიარდი დოლარით საქართველოს უმდიდრესი ადამიანია. ის წლების განმავლობაში ეხმარებოდა სააკაშვილის მთავრობას, თუნდაც პოლიციისათვის ახალი მანქანების შეძენით. თუმცა შემდეგ სულ უფრო და უფრო ავტორიტარულად მმართველ პრეზიდენტს ზურგი შეაქცია. 2011 წლის ოქტომბერში მან მოულოდნელად საპარლამენტო არჩევნებში თავისი კანდიდატურა წამოაყენა.
წამების ამსახველი ვიდეოების გამოქვეყნების უკან სახელმწიფოს მეთაური ოპოზიციის შეთქმულებას ხედავს. „თითოეული, ვინც ეს მოიფიქრა, ვინც ეს გააკეთა და დაუშვა რომ მომხდარიყო, იმსახურებს უმკაცრეს სასჯელს,“ ამბობს სააკაშვილი.
შსს აცხადებს, რომ ციხის თანამშრომლებმა ჩართული კამერების წინ პატიმრების წამებისათვის ფული აიღეს. ერთ-ერთ დაკავებულ ციხის თანამშრომელს 17 000 დოლარი უპოვეს.
მდგომარეობა საქართველოს ციხეებში წლებია დაძაბულია, ბევრი სასჯელაღსრულების დაწესებულება გადავსებულია. ქვეყანას აშშ-ს, ამერიკის ვირჯინიის კუნძულებისა და კუნძულსახელმწიფო სანტ კიტსისა და ნევის შემდეგ პატიმართა ყველაზე დიდი რაოდენობა ჰყავს. ეს რიცხვი ექვსჯერ აღემატება გერმანიის პატიმართა რიცხვს.