„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი აცხადებს, რომ საზოგადოების ყურადღების გადატანის მიზნით ხელისუფლება ფართომასშტაბიანი პროვოკაციისთვის ემზადება - თბილისის სხვადასხვა უბანში 20-ზე მეტი ბინა იყიდეს, რომლებშიც იარაღია შეტანილი. მისივე განმარტებით, „ეს ინფორმაცია ვახო კომახიძეს მიაწოდა ინფორმირებულმა წყარომ. წყაროს აქვს უტყუარი მტკიცებულება, რომ მზადდება ფართომასშტაბიანი პროვოკაცია. რა არის ბინების შეძენისა და მათში იარაღის შეზიდვის ზუსტი მიზანი, ცხადია, არ ვიცით, მაგრამ უნდა ვივარაუდოთ, რომ მზადდება ტელესერიალები იმის შესახებ, თუ როგორ ამზადებენ „სამშობლოს მტრები“ ან რომელიმე ქვეყნის აგენტები საქართველოში არეულობებს. ხელისუფლება ამაზე აპირებს საზოგადოების ყურადღების გადატანას, რათა სცადოს ძალაუფლობის შენარჩუნება“.
რა სახის პროვოკაციას შეიძლება ამზადებდეს ხელისუფლება, შესაძლოა, თუ ეს არა იყოს პასუხი იმ კადრებზე, რომელმაც მთელი საზოგადოება შეაძრწუნა, პატიმრების წამებას ინანიებს თუ არა ხელისუფლება და ნიშნავს თუ არა უკან დახევას ყოფილი ომბუდსმენის, გიორგი ტუღუშის გამინისტრება, ამ თემებზე სოზარ სუბარი გვესაუბრება.
ბატონო სოზარ, თქვენ აღნიშნეთ, რომ შესაძლოა, ეს ბინები პროვოკაციისთვის სჭირდებათ, რა სახის პროვიკაციაზე შეიძლება იყოს საუბარი?
-ყველაზე ლოგიკური რაც ჩანს, იმ ვარიანტს ვვარაუდობთ - სროლასა და სისხლისღვრას რომ აპირებდნენ, ბუნებრივია, ბინების შეძენა არ დასჭირდებოდათ. სერიალების შექმნა რომ უყვართ, ეს ისედაც ვიცით, - იტყვიან, რომ აი, „ქართულ ოცნებას“ ჰქონდა ბინები დაქირავებული, სოზარ სუბარმა შეუკვეთა, მანანა კობახიძეს თვითონ შეჰქონდა იარაღი და ა.შ. ამას გაუშვებდნენ ალბათ არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, რომ საზოგადოება შოკში ჩავარდნილიყო, წავიდოდა დაპატიმრებები, აიყვანდნენ ვითომ შემსრულებლებსაც და საზოგადოება შოკში რომ იქნებოდა, არჩევნების ბედს ისე გადაწყვეტდნენ, გააყალბებდნენ, ხმას ვერავინ ამოიღებდა, იმიტომ რომ იტყოდნენ, რაღაც საფრთხეები ავიცვილეთ თავიდანო.
ეს ინფორმაცია როდის მოგაწოდათ ვახტანგ კომახიძემ, წამების კადრების გავრცელებამდე თუ შემდეგ?
-კადრების შესახებ არც მე და არც ვახომ არაფერი ვიცოდით, დამირეკა ამ მოვლენამდე 3-4 დღით ადრე და მთხოვა, რომ სასწრაფოდ ჩავსულიყავი, მეორე დღეს მოვახერხე წასვლა და იმ მომენტში, როდესაც ეს კადრები გავრცელდა, მე და ვახო ერთად ვიყავით. ერთად ვიყავით შოკში, გაოგნებულები. სრულიად წარმოუდგენელი რამ იყო.
იმავე ღამეს თათბირზე მიხეილ სააკაშვილმა, როდესაც განკარგულებები გასცა, ვის რა უნდა ეკეთებინა, ასეთი ფრაზა თქვა თუ კომპრომატებზეა საქმე, ჩვენც გვაქვს და აჩვენეთ ის კადრებიო. ხომ არ ფიქრობთ, რომ „ოცნების“ მაკომპრომენტირებელ რამე მასალაზე იყო საუბარი? საზოგადოებაში უკვე გაჩნდა ასეთი ვარაუდი...
-ძნელია, მიხვდე რას გულისხმობდა სააკაშვილი, თუმცა ეს მეთოდი რაზეც ვლაპარაკობ, მისთვის არის აპრობირებული, კარგად გვახსოვს „იმედში“ შეჭრის შემდეგ თითქოს იარაღი როგორ ამოიღეს სავარძლების ქვემოდან.
ისევე, როგორც დადეს ორი დღის წინ მომხდარი ამბავი, როდესაც გაიგეს, რომ ინფორმაციამ გაჟონა, გადაწყვიტეს დასწრებაზე წასულიყვნენ და ჩაატარეს ის უნიჭო სპექტაკლი, თითქოს თამაზ თამაზაშვილი იყო ამ ყველაფერის შემკვეთი და რაც ხდებოდა წლების განმავლობაში პენიტელციალურ სისტემაში - მკვლელობა, გაუპატიურება, ძალადობა, თითქოს ეს ყველაფერი თამაზ თამაზაშვილის მოგონილი და მის მიერ შექმნილი იყო.
როდესაც ხელისუფლება ასე მოქმედებს, ბუნებრივია, ყველანაირ ფალსიფიკაციას ველოდით და რა დასკვნის საფუძველსაც იძლევა ინფორმაცია, რომელიც მომაწოდეს, სავარაუდოდ ის არის, რომ ასეთი ფილმების შექმნა იგეგმება.
ელოდებით, რომ არჩევნებამდე დადებენ ასეთ ფილმებს?
-ველოდებოდი, რომ შეთხზავდნენ, ახლა ამ ფონზე რას იზამენ, არ ვიცი. ამით კიდევ ერთხელ აჩვენებენ თავის სახეს საერთაშორისო საზოგადოებას, სხვა ამით არაფერი არ მოხდება, ამ ფონზე ეს უკვე აბსურდია.
რამით თუ მტკიცდება, რომ 20 ბინა შეიძინეს და იქ იარაღი შეიტანეს, თუ ეს უბრალოდ, ინფორმაციის დონეზე მოგაწოდეს...
-ჩვენ გვაქვს ეს ინფორმაცია, თუმცა ადამიანები, ვინც ვახოს ეს ინფორმაცია მიაწოდეს, ამბობენ, რომ აქვთ ყველანაირი მტკიცებულება, მათ შორის აუდიო და ვიდეოჩანაწერები
საერთაშორისო საზოგადოებას თუ მიაწოდეთ ამის შესახებ ინფორმაცია, ალბათ საკმაოდ მნიშვნელოვანი უნდა იყოს...
-უკვე გავაკეთე საჯარო განცხადება და პარალელურ რეჟიმში, ბუნებრივია, ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას ვაწვდი ამ ინფორმაციას.
როგორ ფიქრობთ, ხელისუფლების მხრიდან კომპრომისული ნაბიჯია ხათუნა კალმახელიძის გიორგი ტუღუშით შეცვლა? ომბუდსმენად დანიშვნისას მას ჯერ გუნდის წევრად თვლიდა „ნაცმოძრაობა“, შემდეგ მოღალატედ გამოაცხადეს, ახლა კი თითქოს ნამუსის მომწმენდის როლი იკისრა ტუღუშმა...
-სამწუხარო ის არის, რომ მაგალითები, რომელიც გიორგი ტუღუშის მოხსენებებში იყო მოყვანილი, ადეკვატური იყო, მაგრამ მისი კრიტიკა არ სცდებოდა იმ ფარგლებს, რომელიც შეიძლებოდა დაშვებული ყოფილიყო „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ. მაგალითად, მას არც ერთხელ არ უხსენებია, რომ საქართველოში არიან პოლიტიკური პატიმრები. ის ყოველთვის ცდილობდა გაქცეოდა ამ თემას და ამბობდა, რომ საერთაშორისი პრაქტიკაში არ იყო აღიარებული იურიდიული ტერმინი, რაშიც ვერ დავეთანხმები. იმიტომ, რომ ორიოდე წლის წინ ევროსაბჭომ დაამკვიდრა როგორც იურიდიული, საერთაშორისო სამართალში მიღებული ტემინი. მითუმეტეს, როდესაც ევროსაბჭო ამკვიდრებს, სახალხო დამცველს, უფლებათა დამცველს, სრული უფლება აქვს ეს ტერმინი გამოიყენოს.
თუ მაინც და მაინც ტერმინშია საქმე და ტერმინებს უფრთხის, შეიძლება გამოიყენოს სხვა საეთაშორისო უფლებადაცვითი ორგანიზაციების მიერ აღიარებული ტერმინი, „პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული ადამიანები“. ამ ტერმინს იყენებს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი თავის ყოველწლიურ ანგარიშში საქართველოსთან მიმართებაში. სახელმწიფო დეპარტამენტმა არაერთხელ დაწერა, რომ საქართველოში არიან პოლიტიკურტი ნიშნით დაპატიმრებული ადამიანები და გიორგი ტუღუშმა ვერ გაბედა, ეს ტერმინი გამოეყენებინა. შესაბამისად, ეს ნიშნავს, რომ რაც არ უნდა კრიტიკული ყოფილიყო, ყველგან, როდესაც შეეძლო ხელისუფლების მიმართ ყოფილიყო ოდნავ მაინც დამთმობი, ის იყო ყოველთვის დამთმობი.
ის აღწერდა ფაქტებს რომელიც მკაფიოდ ატარებდა წამების ნიშანს, მაგრამ სიტყვა წამებას არ ახსენებდა. ანუ ეს იყო პირდაპირ იმ ჩარჩოებში ჩასმა თავისი მოხსენებებისა, რის უფლებასაც ხელისუფლება იძლევა.
როდესაც ლაპარაკია, რომ ქუთაისის ციხეში დადასტურებულია ადამიანის ცემის, ღირსების შემლახავი რამდენიმე ათეული ფაქტი და არ აკეთებს ძალიან მკაცრ რეკომენდაციას, რომ ამ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დირექტორი და ყველა სხვა თანამშრომელის მიმართ დაიწყოს სისხლის სამართლებრივი გამოძიება და ისინი დაუყოვნებლივ გათავისუფლდნენ თანამდებობიდან. ეს ყველაფერი ნიშნავს, რომ ის ერთგვარად მაინც ჯდება იმ ჩარჩოებში, რასაც უწესებს ხელისუფლება.
ანუ რეკომენდაცია, რომ გამოიძიეთ, საკმარისი არ არის და დროულად უნდა დაესვა იგივე ხათუნა კალმახელიძის პასუხისმგებლობის საკითხი. შესაბამისად, როდესაც ის ასე ფუთავდა თავის მოხსენებებს, სადაც მკაცრი ფაქტები იყო აღწერტილი, მაგრამ რეკომენდაციები და შეფასებები არ იყო მკაცრი, ამით აძლევდა ხელისუფლებას საშუალებას, ეთქვათ, რომ ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ სახალხო დამცველთან არ ვეთანხმებით, მის ყველა მოთხოვნას, მაგრამ ვფიქრობთ, რომ საყურადღებოა და აუცილებლად გავითვალისწინებთ. და სწორედ ამ საფუძველზე, ტაშის გრიალში მიიღებდნენ ხოლმე ინფორმაციას, თუმცა ტექნიკურად ხდებოდა იმ საშინელებების მიჩქმალვა, რაც ციხეებში ხდებოდა.
დღეს ამ ადამიანის გამინისტრება როგორ შეიძლება შეფასდეს?
-სირცხვილია, როცა დღეს ადამიანი არის სააკაშვილის მინისტრი, სირცხვილია, როდესაც ადამიანი არის დღეს სააკაშვილის ხელისუფლებაში და უფრო მეტი სირცხვილია, როდესაც დღეს ხდება ადამიანი ამ მთავრობის წევრი.
ძალიან მაინტერესებს, რა უნდა გააკეთოს, როგორ უნდა დაიცვას ამ ადამიანმა პატიმრების უფლებები, პატიმართა უფლებების მთავარ დამრღვევებთან ერთად? მითუმეტეს, რომ მერაბიშვილისა და ბაჩო ახალაიას კადრი უკვე დაუნიშნეს დეპარტანემტის ხელმძღვანელად. შესაბამისად, მეეჭვება, რომ ამ სისტემაში ვინმეს უფლებების დაცვა იყოს შესაძლებელი.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ სააკაშვილს დასავლეთის თვალში საკმაოდ შეელახა იმიჯი და არ გამორიცხავენ ბაჩო ახალაიას დაპატიმრებას, თქვენი ვარაუდით რამდენად რეალური ვერსიაა?
-ძალიან მეეჭვება რომ ეს ამბავი მოხდეს, რადგან იმ სისტემის უცებ ჩამოშლას ნიშნავს, რომელიც ისედაც იშლება.