ციხის ვიდეოების გამო სააკაშვილი გასაჭირშია

ციხის ვიდეოების გამო სააკაშვილი გასაჭირშია

წინასაარჩევნო ბრძოლის შუაგულში ციხეში სისასტიკის ამსახველმა ვიდეოებმა საქართველოს სახელმწიფოს მეთაური მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო. მიუხედავად გათავისუფლებებისა და გადადგომისა ზიანი მაინც დიდია. მოქალაქეები პროტესტს გამოთქვამენ, ოპოზიცია თავის შანსს ხედავს. პატიმართა წამებისა და გაუპატიურების ამსახველმა ვიდეოებმა სამხრეთკავკასიის რესპუბლიკა საქართველოში ათასობით ადამიანი პროტესტის ნიშნად ქუჩაში გამოიყვანა. „წლებია უფლებადამცველები ციხეებში საშინელი ძალადობის შესახებ იტყობინებიან. ეს პირველი მტკიცებულებაა“, უთხრა ოთხშაბათს დემონსტრაციაზე გერმანულ საინფორმაციო სააგენტოს მთავრობის მიმართ კრიტიკულად განწყობილმა ჟურნალისტმა, შორენა შავერდაშვილმა. სახელმწიფო პროკურატურამ სასჯელაღსრულების დაწესებულების 10 თანამშრომელი დააკავა. მინისტრი გადადგა. ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაში პირველ ოქტომბერს ახალი პარლამენტის არჩევნებია. სააკაშვილი, რომლის მმართველობის სტილიც სადაო გახდა, ამბობს, რომ ვიდეოების გამო შოკირებულია. მისი თქმით „ახალი საქართველოს მთელი იდეა არის ის, რომ უარი ვთქვათ ძალადობაზე“. სააკაშვილი, რომელსაც 2003 წლის „ვარდების რევოლუციის“ დროს დიდ იმედებს უკავშირებდნენ, სულ უფრო მეტად უნდა ფიქრობდეს თავის პოლიტიკურ გადარჩენაზე. სააკაშვილის მთავარმა მოწინააღმდეგემ, მილიარდერმა ბიძინა ივანიშვილმა გერმანულ საინფორმაციო სააგენტოს განუცხადა, რომ იგი თავისი პარტიული კოალიციით, „ქართული ოცნება“, პრეზიდენტს არჩევნებში დაამარცხებს. „ ევროპასა და დასავლეთში ჯერაც კიდევ ბევრს ჰგონია, რომ აქ დემოკრატიაა. აქ საშინელებები ხდება. ეს ძალადობა მთელს საქართველოშია“, ამბობს ოლიგარქი. წინასაარჩევნო კვლევებით ძალიან წინააღმდეგობრივი შედეგები იკვეთება. განსაკუთრებით მაღალია იმ რესპონდენტთა რიცხვი, ვისაც არა აქვს მიღებული გადაწყვეტილება. დამკვირვებლები ხელისუფლების შეცვლას შესაძლებლად მიიჩნევენ.