„ქართული აკადემიის“ განცხადება

„ქართული აკადემიის“ განცხადება

ამ დღეებში გავრცელებული შემზარავი ვიდეომასალა მხოლოდ მცირე ნაწილია კაცობრიობის წინაშე ჩადენილი იმ დანაშაულებისა, რომლებიც თავისი ანტიადამიანური მმართველობის პერიოდში ჩაიდინა მიხეილ სააკაშვილმა თავის „ნაციონალურ“ ხელისუფლებასთან ერთად. საზოგადოება, მათ შორის, საერთაშორისო საზოგადოება კიდევ იხილავს დანაშაულთა ისეთ წყებას, რომელიც მეტ-ნაკლებად ჯანსაღი ფსიქიკის ადამიანისათვის არათუ გასაკეთებლად, წარმოსადგენადაც კი ძნელია.

საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობამ იცოდა, რომ საქმე ჰქონდა არა „ხელისუფლებასთან“, არამედ კაცთმოძულე, მანიაკალური ფსიქიკის კრიმინალურ ბანდასთან, რომლის ნამდვილი სახის დანახვა არაფრით არ სურდათ როგორც ამ ხელისუფლების სინდის და გონებადასუსტებულ თაყვანისმცემლებს, ისე „გიფსოკარდონით“ მოპირკეთებული საქართველოსა და სააკაშვილის ამორალური პიარით ბოლო დრომდე თავბრუდახვეულ მის უცხოელ მხარდამჭერებსაც.

„არა არს დაფარული, რო­მე­ლი არა გამოცხადდეს“, ხოლო „გამოცხადებული“, ვიმეორებთ, მცირე ნაწილია იმ შოკისმომგვრელი ვითარებისა, რომელიც თავისი ცხრაწლიანი მმართველობით საქართველოში შექმნა კაცთმოძულე პოლიტიკურმა რეჟიმმა.

„ქართული აკადემია“ მთელი კატეგორიულობით აყენებს არა კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულის რიგითი აღმსრულებლების, არამედ მთლიანად მმართველი კლასის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხს. რაც შეეხება სამართლებრივ პასუხისმგებლობას, ამას გადაწყვეტს ის დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლო, რომელიც ჩატარდება მას მერე, რაც სულ რამდენიმე დღეში საქართველოში ხელისუფლება შეიცვლება და „ნაცმოძრაობის“ მმართველობა ჩვენი ისტორიის ყველაზე კოშმარული მოვლენების გვერდით დაიკავებს ადგილს.

მანამდე კი სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს იმას, თუ როგორ მოიქცევა ჩვენი საზოგადოება არჩევნებამდე დარჩენილ დღეებში. ჩვენი სამართლიანი აღშფოთება და პროტესტის გამოხატვის ფორმები არავითარ შემთხვევაში არ უნდა გასცდეს სამართლებრივ ჩარჩოებს. არ უნდა მივცეთ კუთხეში მიმწყვდეულ, გონებადაკარგულ და მოსალოდნელი განაჩენით სასოწარკვეთილ ბანდას ვითარების ესკალაციის მცირეოდენი საბაბიც კი.

სიკვდილისა და ბოროტების მთესველი ანტიადამიანური რეჟიმი განწირულია, სიმართლის, სამართლიანობისა და ქართველი ხალხის გამარჯვება კი - გარდაუვალი!