გლდანის ციხეში გაკეთებულ სკანდალურ ვიდეო-ჩანაწერებთან დაკავშირებით ახალი დეტალები ჩნდება. ციხის ყოფილი თანამშრომელი, ვლადიმერ ბედუკაძე მედიაკავშირ „ობიექტივისთვის“ მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, რომ პატიმრების წამების ამსახველი ყველა ვიდეო-ჩანაწერი ბაჩო ახალაიას სეიფში იყრიდა თავს და მასალები, რომლებიც ახალაიასთვის უფრო მნიშვნელოვანია, დღესაც მის სეიფში ინახება. ბედუკაძის თქმით, „მნიშვნელოვან“ კადრებში მკვლელობისა და გაუპატიურების ფაქტებია ასახული.
„საპყრობილეში იკრძალება ვიდეოგადაღება, მაგრამ მე აშკარად, ღია მეთოდებით ვაწარმოებდი გადაღებას ფაქტობრივად წელიწადნახევრის განმავლობაში. კადრები, რომელიც დამიგროვდა, არის დაწუნებული მასალა, რაც ჩვენთან დატოვეს და დარჩათ. არ მიაქციეს ყურადღება, რადგან მათთვის რაღაც ღირებულს არ წარმოადგენდა. მასალები, რომლებიც მათთვის უფრო მნიშვნელოვანია, ახალაიას სეიფშია და დადგება დრო, როდესაც გამოქვეყნდება ეს მასალები. იქ არის წამების, მკვლელობების, გაუპატიურების და სხვა მრავალი დანაშაულის ამსახველი ფაქტები“, - განაცხადა ბედუკაძემ.
მისივე თქმით, იმ პატიმრების წამების ვიდეოგადაღება ხდებოდა, რომლებიც უფრო „საინტერესოები“ იყვნენ.
„როგორც ისინი უწოდებენ, ვიდეომასალა უნდა გაკეთებულიყო უფრო „საინტერესო“ ადამიანების წამებაზე. საინტერესო ადამიანებში ისინი ითვლებოდნენ, ვინც იდეოლოგიური მტრები იყვნენ მიხეილ სააკაშვილის და იმ მოტივით, რომ თუ როგორ გაბედეს სააკაშვილის წინააღმდეგ წასვლა, მკაცრად უნდა დასჯილიყვნენ. სააკაშვილის იდეოლოგიასთან მენტალურად დაპირისპირებულ ადამიანებში ე.წ. კანონიერი ქურდებიც ხვდებოდნენ და პოლიტიკოსებიც“, - განაცხადა ბედუკაძემ.
ამ კონტექსტში იგი დაზვერვის პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის ციხეში გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალებას იხსენებს (თუმცა, მას ვინაობა არ დაუკონკრეტებია) და აცხადებს, რომ პოლკოვნიკი თეთრაძე გაუპატიურების დროს გლდანის ციხის ყოფილ დირექტორს, ალექსანდრე მუხაძეს შემოაკვდა. ბედუკაძის თქმით, სერგო თეთრაძე პირადად ალექსანდრე მუხაძემ რეზინის ხელკეტით, ე.წ „დუბინკით“ გააუპატიურა.
„ამას კი ალექსანდრე მუხაძე ბაჩო ახალაიასთვის პირადად იღებდა. აღნიშნული ჩანაწერი მე არ მაქვს, რადგან ის „მაღალი ხარისხის“ ვიდეოა, რომელიც ახალაიასთვის საინტერესო იყო. მათ ალექსანდრე თეთრაძის სამშობლოს ღალატისთვის გასამართლება და სააკაშვილთან ქულების დაწერა უნდოდათ,“ - განაცხადა ბედუკაძემ.
მისივე თქმით, ის მზადაა სასამართლო პროცესზე მოწმედ გამოვიდეს და დამატებით ორი-სამი მოწმე პირადად წარადგინოს.
„დამერწმუნეთ, როგორც კი სააკაშვილის ხროვა ხელისუფლებიდან წავა ბევრ გახმაურებულ საქმესთან ერთად, თეთრაძის საქმეც გაიხსნება. დამკვეთი ბაჩო ახალაია და მეგის ქარდავაა, ხოლო შემსრულებელი პირადად ალექსანდრე მუხაძე და, რა თქმა უნდა, რეჟიმის სამსახურის უფროსი ოლეგ ფაცაციაა,“- აღნიშნა ბედუკაძემ.
სერგო თეთრაძის ბურუსით მოცული გარდაცვალება ერთ-ერთია იმ საქმეებიდან, რომლის გამოც სავარაუდოდ დღევანდელ ხელისუფლებას პასუხისგება მოუწევს, რადგან უფლებადამცველების განცხადებით, რომლებიც ამ საქმის დეტალებში გარკვევას ცდილობდნენ, საქმეში ძალიან ბევრი კითხვა და ეჭვია, რომლებზე პასუხის გაცემასაც ხელისუფლება არც კი ცდილობს. საქმეს მაშინვე გრიფი საიდუმლო დაედო და პოლკოვნიკ თეთრაძის გარდაცვალების კონკრეტული დეტალები დღესაც არ არის ცნობილი. თავისთავად ეს ფაქტი მოწმობს იმას, რომ საქმის დეტალების გახმაურება ხელისუფლების ინტერესებში არ შედიოდა და ისინი პირადად იყვნენ დაინტერესებულები, რომ თეთრაძის საქმის შესახებ საზოგადოებას რაც შეიძლება ნაკლები ინფორმაცია ჰქონოდა.
მართალია, დღეს ხელისუფლების წარმომადგენლები, მათ შორის მიხეილ სააკაშვილი და გიგა ბოკერია აცხადებენ, რომ აქამდე არაფერი იცოდნენ ციხეში პატიმრების წამებასთან დაკავშირებით და აპირებენ, რომ სასჯელაღსრულების სისტემა ძირეულად შეცვალონ, მაგრამ სერგო თეთრაძის საქმეს ვერსად გაექცევიან, რადგან მისი გარდაცვალებისთანავე ცხადი გახდა, რომ მისი დაკავება ხელისუფლების უმაღლეს დონეზე იყო გადაწყვეტილი. დღეს აღარავის სჯერა, რომ მმართველი გუნდის წევრებისთვის პატიმრების წამების ფაქტების შესახებ არ იყო ცნობილი და სწორედ ეს იწვევს ქართული საზოგადოების აღშფოთებას.
თეთრაძე ავღანეთის ომის ვეტერანი იყო. იგი 90-იან წლებში აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტებზე მუშაობდა, შემდეგ კი 2006 წლამდე თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის თანამშრომელად. 2006 წლიდან თეთრაძე პენსიაზე გავიდა.
2011 წლის 17 სექტემბერს (ამ დღეს თეთრაძე 57 წლის გახდა) დილის 6:30 საათზე, თეთრაძესთან სახლში თავდაცვის სამინისტროს 6 თანამშრომლისგან შემდგარი ჯგუფი მივიდა. მათ ბინა გაჩხრიკეს და გავრცელებული ინფორმაციით, ჩხრეკის დროს აღმოჩენილი იქნა გეოგრაფიული რუკები და წითელი „ფლეშკა“. ცნობილია, რომ სერგო თეთრაძე აცხადებდა, რომ „ფლეშკა“ მას არ ეკუთვნოდა. უცნობია, რა ინფორმაცია ინახებოდა ფლეშკაზე, თუმცა თეთრაძის დაკავებისთანავე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მასთან სახლში სწორედ ამ „ფლეშკისთვის“ მივიდნენ და რომ მასში ხელისუფლების მაკომპრომეტირებელი მასალები ინახებოდა. თეთრაძე ჩხრეკის შემდეგ დააკავეს და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს. სამიოდე დღის შემდეგ კი ოჯახის წევრებს შეატყობინეს, რომ ოფიცერი სერგო თეთრაძე გლდანის ციხეში გულის შეტევით გარდაიცვალა.
ეს ვერსია მაშინვე არასარწმუნოდ იქნა მიჩნეული, თუმცა სერგო თეთრაძის ოჯახის წევრები მომხდართან დაკავშირებით არ საუბრობდნენ. თეთრაძის დაკავებისა და გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია პირველად „თავისუფალმა დემოკრატებმა“ გაახმაურეს. ირაკლი ალასანიამ, „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა, გასული წლის ოქტომბრის ბოლოს საპროტესტო აქცია გამართა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წინ და სამხედრო უწყების ხელმძღვანელობას „ჯაშუშომანიით“ შეპყრობილი „მკვლელები“ უწოდა. დღესაც, სერგო თეთრაძის საქმესთან დაკავშირებით ვლადიმერ ბედუკაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას ზუგდიდიდან „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი, ირაკლი ლასანია გამოეხმაურა.
„დაზვერვის პოლკოვნიკის, სერგო თეთრაძის მკვლელობაში დამნაშავეები ბაჩო ახალაია და მეგის ქარდავა არიან“, - განაცხადა ალასანიამ. მისი განცხადებით, ეს სისასტიკე ბაჩო ახალაიასა და მეგის ქარდავას მითითებით, რუხაძემ ჩაიდინა. მან ასევე სერგო თეთრაძის ოჯახს და მის შვილს დათო თეთრაძეს მიმართა და აღნიშნა, რომ მთელი საქართველო მათ გვერდით დგას და დამნაშავეები არ დარჩებიან დაუსჯელები.
ალასანიას განცხადებით, „ქართული ოცნება“ მოითხოვს, რომ ბაჩო ახალაია და მეგის ქარდავა გადადგნენ დაკავებული თანამდებობიდან და მიეცნენ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში.
სერგო თეთრაძის საქმესთან დაკავშირებით for.ge ესაუბრა „თავისუფალი დემოკრატების“ თავმჯდომარის მოადგილე თეა წულუკიანს, რომელიც სერგო თეთრაძის საქმეზე თავად მუშაობდა. წულუკიანი იხსენებს, რომ სერგო თეთრაძის მეუღლეს ჩუმად ხვდებოდა ხოლმე, რადგან გარდაცვლილის ოჯახი ამ საქმეზე საუბარს ერიდებოდა. ერთ-ერთი ასეთი შეხვედრის დროს თეა წულუკიანმა სერგო თეთრაძის მეუღლე გააფრთხილა, რომ ამ თემაზე საუბარს იწყებდა, თან იტყოდა, რომ ეს თეთრაძის ოჯახის თანხმობის გარეშე გაკეთდებოდა. თეა წულუკიანი ამბობს, რომ სანამ ამ საქმეს გაახმაურებდა, რამდენიმე თვითმხილველს გაესაუბრა, მათ შორის ადვოკატს, რომელიც დღემდე ჩუმად არის და წულუკიანს მიაჩნია, რომ ეს თავისებური უპასუხისმგებლობაა.
„საქმის მასალებში გარკვევის შემდეგ მე მქონდა შემდეგი ინფორმაცია. მას შემდეგ, რაც სერგო თეთრაძე მისივე სახლში ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს (მას საყვედურობდნენ, რომ სახლში ჰქონდა „ფლეშკა“, თუმცა არავინ იცის, რა იყო ამ „ფლეშკაზე“), იგი წაიყვანეს უზნაძის ქუჩაზე თავდაცვის სამინისტროში. მქონდა ინფორმაცია, რომ საკანში მას ეწვია ბაჩო ახალაია და ასევე თვითმხილველისგან ვიცოდი, რომ სერგო თეთრაძეს თავზე პარკი ჰქონდა ჩამოცმული და აწამებდნენ. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მე მისი გარდაცვალების შემდეგ გავარკვიე.
როდესაც გარდაცვლილი თეთრაძე სამ დღეში ოჯახს მიუსვენეს, მისი გვამი შემდეგნაირად გამოიყურებოდა: სახეზე სქლად ჰქონდა წასმული გრიმი, ეცვა სხვა ტანსაცმელი და ეცვა თავისი ბოტასები, რომელიც სისხლიანი იყო“, - აცხადებს თეა წულუკიანი.
მისი თქმით, თეთრაძის ოჯახმა, განსაკუთრებით ძმამ, ჟურნალისტებისადმი ძალიან დიდი აგრესია გამოიჩინა და არ ისურვეს, ამ საქმეს მიჰყოლოდნენ. თეთრაძის მეუღლემაც, შვილის გამო, რომელიც მოზარდია, დუმილი არჩია. ამიტომ თეა წულუკიანი აცხადებს, რომ დღეს კიდევ ერთხელ დარწმუნდა, რომ „თავისუფალი დემოკრატები“ სწორედ მოიქცნენ, როდესაც ამ თემაზე ხმამაღლა საუბარი დაიწყეს, რადგან ადამიანი უკვე გარდაცვლილი იყო, ის არ იყო პატიმარი და ამ ფაქტის გახმაურებით მას ზიანს ვერ მიაყენებდნენ. წულუკიანი იხსენებს, რომ ის და ირაკლი ალასანია სერგო თეთრაძის საქმის გამოძიებას ითხოვდნენ.
„მე და ირაკლი ალასანია მაშინ ამაზე ხშირად ვსაუბრობდით და საქმის გამოძიებას ვითხოვდით, მაგრამ დაგვხვდა კედელი. ხელისუფლება კი, როგორც სჩვევია, ქირქილებდა და რაღაც გაუგებარ ექსპერტიზის დასკვნას აფრიალებდა, სადაც ეწერა, რომ თითქოს სერგო თეთრაძეს გულზე რაღაც სჭირდა. როდესაც დავიწყე იმის გარვკევა, მართლაც აწუხებდა თუ არა მას გული, მეუღლემ მითხრა, რომ იგი უბრალოდ ზოგჯერ დამამშვიდებელს სვამდა და ძნელია დღეს, ამ ხელისუფლების პირობებში იპოვო ადამიანი, რომელიც ხანდახან დამამშვიდებელს არ სვამს. მეზობლებმა კი მითხრეს (თეთრაძეები იტალიურ ეზოში ცხოვრობდნენ), რომ ეს იყო ადამიანი, რომელიც ყოველ დილით „ტურნიკზე“ ვარჯიშობდა, ძველი სამხედრო და ავღანეთის ვეტერანი. ამდენად, გამორიცხული იყო, რომ სერგო თეთრაძეს გულის პრობლემები ჰქონოდა“, - აცხადებს თეა წულუკიანი.
მისი თქმით, ყველა ეს ინფორმაცია „დემოკრატებმა“ შეუგროვეს ხელისუფლებას, მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციას დანაშაულის შესახებ ინფორმაციის შეგროვება არ ევალება, თუმცა დღემდე ამ საქმეზე არანაირი რეაგირება არ მომხდარა. თეა წულუკიანი იხსენებს იმასაც, რომ ამფაქტების გახმაურების შემდეგ, მეორე დილითვე, „თავისუფალი დემოკრატების“ ოფისში მივიდა ევროკავშირის წარმომადგენელი საქართველოში ფილიპ დიმიტროვი, რომელიც მიღებული ინფორმაციით აღშფოთებული იყო. თუმცა თეთრაძის საქმის შესახებ დამატებითი ფაქტების მოსმენის შემდეგ, დიმიტროვს თეა წულუკიანისთვის უკითხავს, ჰქონდა თუ არა მას იმის მტკიცებულებები, რომ თეთრაძე მართლაც აწამეს.
„მაშინ დიმიტროვს ვუთხარი ის, რასაც დღემდე ვიმეორებ, რომ ჩვენ ვართ ოპოზიცია, მტკიცებულებები კი ხელისუფლებამ უნდა მოიპოვოს. თუმცა ინფორმაცია, რომელიც უტყუარია, კერძოდ ის, რომ ადამიანი წაიყვანეს და რამდენიმე დღეში გარდაცვლილი მოასვენეს, სახეზეა. მაშინ დიმიტროვმა თქვა, რომ თავდაცვის სამინისტროს შეეხმიანებოდა და ინფორმაციას მოითხოვდა, მაგრამ უცნობია, რა მოხდა ამის შემდეგ.
დღეს ირკვევა, რომ სერგო თეთრაძე მართლაც მოკლულია და ეს იქნება ერთ-ერთი ის საქმე, რომელიც ახალმა ხელისუფლებამ უნდა გამოიძიოს, რადგან არავის აქვს იმის ილუზია, რომ არსებული ხელისუფლება რამეს გამოიძიებს, მით უმეტეს თუ გავითვალისწინებთ, რომ ბაჩო ახალაია დღემდე ინარჩუნებს თანამდებობას. ეს ადამიანი სერგო თეთრაძის მკვლელობის ერთ-ერთი შემკვეთი იყო“, - ამბობს თეა წულუკიანი.
გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ „ფლეშკაზე“, რომელსაც თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები სერგო თეთრაძის სახლში ეძებდნენ, იყო ინფორმაცია, რომელიც აგვისტოს ომს უკავშირდებოდა და რომელიც არსებული ხელისუფლების მაკომპრომეტირებელ მასალებს შეიცავდა, თეა წულუკიანი ამბობს, რომ მისთვის უცნობია, რა იყო „ფლეშკაზე“. თუმცა აქვე იგი აღნიშნავს, რომ როგორც თეთრაძის ოჯახის წევრებისგან იცის, ის წითელი „ფლეშკა“, რომელიც საქმეში ფიგურირებს თავად თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა დადეს თეთრაძეების სახლში, რადგან ვერ იპოვეს ის, რომლის წამოსაღებადაც იყვნენ მისულები.
„ეს იყო „ფლეშკა“, რომელიც თვითონ ჩაუდეს, რადგან რომ ვერ აკავებდნენ, ხელცარიელებს წასვლა არ სურდათ. ალბათ ახალაია ამისთვის მათ უსაყვედურებდა. როგორც ჩანს, რადგან მათთვის სასურველი „ფლეშკა“ ვერ იპოვეს, მათ არ უყვართ ადამიანის დაუკავებლად წასვლა და თვითონ დადეს რაღაც „ფლეშკა“, რათა რაღაც მტკიცებულება შეექმნათ. გარდა ამისა, გაჩხრიკეს სარდაფი და აბსოლუტურად ყველა სათავსო და როგორც ოჯახისგან ვიცი, გაიტაცეს ძვირფასი ნივთები, რომლებიც დღემდე არ დაუბრუნებიათ“, - აღნიშნავს წულუკიანი.