არჩევნების შემდეგ მარტო მუნიციპალური უწყებებიდან 1000 კაცი გაათავისუფლეს

არჩევნების შემდეგ მარტო მუნიციპალური უწყებებიდან 1000 კაცი გაათავისუფლეს

თვითმმართველობის არჩევნებიდან თითქმის 5 თვე გავიდა. ამ პერიოდის განმავლობაში კი მუნიციპალური თუ მის დაქვემდებარებაში მყოფი ორგანოებიდან თანამშრომელთა მასობრივი შემცირება მოხდა.  მეტროპოლიტენის, ყვითელი ავტობუსების მძღოლების შემდეგ თანამშრომლები გაათავისუფლეს თბილისის მერიიდან. კადრების შემცირება ხდება საკრებულოსა და გამგეობებიდანაც. საერთო ჯამში, უგულავას თბილისის მერად მეორედ არჩევის შემდეგ, მარტო მის დაქვემდებარებაში მყოფი უწებიდან, დაახლოებით, 1000 ადამიანი გაათავისუფლეს.

 

მუნიციპალურ ორგანოებს რომ თავი დავანებოთ, მერმა სამსახურის გარეშე იმ ადამიანების დიდი ნაწილიც დატოვა, ვინც ლუკმა-პურს გარევაჭრობით შოულობდნენ. მართალია, ერთი ნაწილი ბაზრებში შევიდა, თუმცა მეორე ნაწილმა, დაახლოებით, ათასმა ადამიანმა ვაჭრობაზე უარი თქვა და ისინიც უმუშევრები დარჩნენ.

ასეთი რაოდენობით თანამშრომელთა შემცირება კი სახელმწიფო თუ კომერციულ სტრუქტურებში აგვისტოს ომისა და ეკონომიკური კრიზისის პერიოდშიც არ ყოფილა.

 

თავდაპირველად თანამშრომლების შემცირება დაიწყო მეტროპოლიტენში. ამის მიზეზი, როგორც გაირკვა, „მეტრომანი“-ს ამოქმედება გახდა. 1-ლი ოქტომბრიდან „მეტრომანი“-ს სისტემაზე გადასვლამ მეტროს სადგურებში დასაქმებული მოლარეების ოპტიმიზაცია გამოიწვია.

 

მეტროს სადგურებში სულ 191 მოლარე მუშაობდა, მაგრამ „მეტრომანი“-ს სისტემაზე გადასვლის შედეგად კომპანიას თანამშრომელთა გარკვეული ოპტიმიზაციის განხორციელება მოუწია. კერძოდ, 62 თანამშრომელი სამსახურიდან გათავისუფლდა, 4 კი სხვა პოზიციებზე გადანაწილდა. დღეისათვის მეტროს სადგურებში სულ 125 მოლარე მუშაობს.

 

მოგვიანებით, ანუ პირველი ნოემბრიდან სამსახური დაკარგეს მძღოლებმა. ამის მიზეზი კი „ყვითელი ავტობუსების“ ხაზების გაუქმება და ზოგიერთის შემცირება გახდა. ცნობისათვის, 1-ლი ნოემბრიდან მერიის გადაწყვეტილებით, თბილისში ავტობუსის 35 სამარშრუტო ხაზი გაუქმდა, კიდევ 35 ხაზი კი შეამოკლეს.  როგორც მაშინ მერიაში განმარტეს, სამარშრუტო ხაზების გაუქმება მოსახლეობის ნაკადის სიმცირემ გამოიწვია.

 

დღეს თბილისის 477 ყვითელი ავტობუსი ემსახურება, როცა მიმდინარე წლის აპრილში მათი რაოდენობა 906-ს შეადგენდა. აქედან გამომდინარე, „ყვითელი ავტობუსების“ რეფორმის შემდეგ სამსახური 429 ადამიანმა დაკარგა. თუმცა მარტოოდენ გაუქმებული ხაზების მძღოლებს არ დაუკარგავთ სამსახური. სამარშრუტო სვლა-გეზზე დატოვებული ავტობუსების ოდენობაც (მაგალითად, თუკი რომელიმე ხაზზე ადრე 10 ავტობუსი მოძრაობდა, ახლა მხოლოდ 7-8 მოძრაობს) და თავისთავად მძღოლების რაოდნეობაც შემცირდა.

 

იმავე პერიოდში ვრცელდებოდა ინფორმაცია მუნიციპალური ორგანოებიდან, კერძოდ მერიიდან თანამშრომლების გაშვებაზე, თუმცა მაშინ ამას უგულავას უწყებაში არ ადასტურებდნენ. დღეს კი უკვე ცნობილია, რომ მერიიდან 240 ადამიანის გათავისუფლება მოხდა. თბილისის მერიაში, საკრებულოსა და საქალაქო სამსახურებში თანამშრომელთა შემცირება დედაქალაქის 2011 წლის ბიუჯეტის პროექტით დასტურდება.

 

პროექტის თანახმად, 2010 წელს თბილისის მერიის სისტემაში 976 ადამიანი მუშაობდა, მომავალ წელს კი მათი რაოდენობა 736 იქნება. ასევე 240-დან 200-მდე შემცირდა დედაქალაქის საკრებულოში დასაქმებულთა რაოდენობა.

 

გაგრძელდება თუ არა თანამშრომელთა შემცირება თბილისის მუნიციპალიტეტში, ჯერჯერობით არავინ არ საუბრობს. თუმცა, იმის გამო, რომ მომავალ წელს არცერთი არჩევნები არ არის და მთავრობას ამომრჩევლის გულის მოგება არ დასჭირდება, გამორიცხული არ არის, თანამშრომელთა შემცირება ისევ გაგრძელდეს.

შედეგად კი უმუშევრობის ოფიციალური მაჩვენებელმა, შესაძლოა, 20%-საც კი გადააჭარბოს. დღევანდელი ოფიციალური მონაცემებით უმუშევრობის მაჩვენებელი 17%-ია.