შალვა შავგულიძე: „ისინი დამარცხებას გრძნობენ“

შალვა შავგულიძე: „ისინი დამარცხებას გრძნობენ“

"პატიმრების წამების ამსახველ კადრებში დღევანდელი ხელისუფლების რეალური სახე ჩანს“ განაცხადა for.ge-ს პრეს-კლუბში სტუმრობისას „ქართული ოცნების“ ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატმა შალვა შავგულიძემ. მისი თქმით, სახეზეა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144 პრიმა მუხლით გათვალისწინებული დანაშაული - წამება, ჩადენილი ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ. ეს დანაშაული 12-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება. ასევე შავგულიძის განცხადებით, ადგილი ჰქონდა 144 სამი პრიმა მუხლით გათვალისწინებული დანაშაულს - არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა.

შალვა შავგულიძის თქმით, ასეთი ქმედებები ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მესამე მუხლით არის აკრძალული, რაც წამების აკრძალვას გულისხმობს.

„ეს უფლება არის საყოველთაო უფლება, რომლის შეზღუდვა არ დაიშვება არც ერთ დროში და არანაირ ვითარებაში. თვით სიცოცხლის უფლებაც კი, რომელიც კონვენციის მეორე მუხლით არის გათვალისწინებული, გარკვეულ ვითარებაში შეზღუდვას ექვემდებარება. მაგალითად, ომის დროს სიცოცხლის უფლების შეზღუდვა შესაძლებელია, თუ ჯარისკაცი მტრის ჯარისკაცს მოუსწრაფებს სიცოცხლეს. ხოლო წამება დაუშვებელია ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ვითარებაში“, - აცხადებს სალვა შავგულიძე.

მისი თქმით, საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებული ასეთი მაღალი კატეგორიის უფლება სისტემატურად ირღვეოდა ქართულ სასჯელაღსრულების სისტემაში, რამაც საზოგადოების სამართლიანი აღშფოთება გამოიწვია. შავგულიძე მომხდარის პოლიტიკურ შეფასებასაც აკეთებს. მისი თქმით, ეს ქმედება არ იყო გამონაკლისი, მას ჰქონდა სისტემატური ხასიათი. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ეს ფაქტები ცნობილი იყო იმ უწყებების ხელმძღვანელი პირებისთვის, რომლებიც სასჯელაღსრულების სისტემასთან არის დაკავშირებული, კერძოდ, იუსტიციის მინისტრი ზურაბ ადეიშვილი, შინაგან საქმეთა მაშინდელი მინისტრი ვანო მერაბიშვილი, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი ბაჩო ახალაია, და ქვეყნის პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.

„საქართველოს არც ერთი მოქალაქე არ დაიჯერებს, რომ პენიტენციალურ სისტემაში მომხდარ ამგვარი დანაშაულების შესახებ, რაც ცნობილი იყო ვანო მერაბიშვილის, ბაჩო ახალაიას და ზურაბ ადეიშვილისთვის,  ინფორმაცია არ ჰქონდა მიხეილ სააკაშვილს. ამიტომ პოლიტიკური პასუხისმგებლობა დღევანდელი ხელისუფლების ამ უმაღლეს წარმომადგენლებს უნდა დაეკისროთ“, - აღნიშნავს შალვა შავგულიძე.

იგი ამბობს, რომ ხელისუფლებას პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა დააკისროს ქართველმა ხალხმა, რისი საუკეთესო შესაძლებლობაც ქართველ ამომრჩეველს აქვს ოქტომბრის არჩევნებზე. ხელისუფლებისთვის პოლიტიკური პასუხისმგებლობის დაკისრებით კი თითოეული მოქალაქე საკუთარ მორალურ პასუხისმგებლობას შეიმსუბუქებს.

შალვა შავგულიძე გამოეხმაურა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებებს იმასთან დაკავშირებით, რომ ციხეში მომხდარი ფაქტები საქართველოს საზღვრებს გარეთ დაიგეგმა და რომ ამის დამადასტურებელ მტკიცებულებებს ქართულ საზოგადოებას მალე წარმოუდგენენ. შავგულიძე ამბობს, რომ ხელისუფლება, რომელიც ასეთ საზარელ დანაშაულში არის მხილებული, რა თქმა უნდა, შეეცდება რაღაცნაირად აიცილოს, ხოლო თუ ვერ აიცილებს, შეიმსუბუქოს პასუხისმგებლობა, უკიდურეს შემთხვევაში კი ეს ამბები რაღაც სხვა მოვლენებით გადაფაროს. ამიტომ შავგულიძე ამბობს, რომ მოსალოდნელია ბევრი მონაჭორის გავრცელება.

„მოსალოდნელია მრავალი მონაჭორის გავრცელება, მაგრამ მე ძალიან მეიმედება ქართული საზოგადოების სიფხიზლე. ჩვენ გვახსოვს რაღაც ფილმები, გვახსოვს გენერალური პროკურორი, რომელიც იჯდა და რაღაც გადატრიალებების შესახებ სერიალებს გვთავაზობდა. ასევე გვახსოვს ფოტოგრაფების საქმე, ჯაშუშობის ვერსია და როდესაც ხელისუფლებამ დაინახა, რომ მათი ეს ვერსია გაცამტვერების წინაშე დადგა, ამ ფოტოგრაფებს ეხვეწებოდნენ, ოღონდაც ეღიარებინათ დანაშაული და ამის შემდეგ მეორე დღესვე გამოუშვეს. ამდენად, მე იმედი მაქვს, რომ ჩვენი საზოგადოება ძალიან საღად შეაფასებს ხელისუფლებიდან წამოსულ ნებისმიერ ცილისწამებას და სიცრუეს“, - ამბობს შავგულიძე.

იგი ხელისუფლებაში დაწყებული რღვევით ხსნის იმ ფაქტს, რომ პატიმრების წამების ამსახველმა ვიდეო-მასალამ საზოგადოებამდე მიაღწია. შავგულიძე მიიჩნევს, რომ შესაძლოა ხელისუფლების წარმომადგენლებიდან ვიღაც თავის გადარჩენაზე ფიქრობს და სიტუაციას იბევებს, რათა შემდეგ თქვას, რომ ასეთი კარგი საქმე გააკეთა. შალვა შავგულიძე არ გამორიცხავს, რომ ეს იყო ვანო მერაბიშვილი, ან მასთან ერთად კიდევ ვინმე სხვაც, ასევე არ გამორიცხავს, რომ ხელისუფლებაში ვიღაცამ შეიტყო ამ კადრების გაჟონვის შესახებ და სხვა უფრო სერიოზული მასალა მიაწოდა ჟურნალისტებს.

„ეს ყველაფერი მიუთითებს ხელისუფლების შიგნით დაწყებულ რღვევაზე. ისინი დამარცხებას გრძნობენ და თითოეული მათ წარმომადგენელი ცდილობს, რაღაც გარანტიები შეიქმნას, რათა მკაცრი პასუხისმგებლობის წინაშე არ დადგეს. როგორც ჩანს, თავად ამ ვიდეო-მასალაში აღბეჭდილ ადამიანებს აჩვენებდნენ ამ კადრებს და შემდეგ შანტაჟის გზით აიძულებდნენ, მათთან ეთანამშრომლათ და რაღაც ბინძური საქმეები ეკეთებინათ. როგორ მოხდა, რომ ასეთი კადრები ასე მასიურად გამოვიდა გარეთ? ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს ხელისუფლების შიგნით დაწყებულ რღვევაზე“,- აღნიშნავს შალვა შავგულიძე.

მისი თქმით, ალბათ ძალიან მალე გავხდებით მოწმე იმისა, რომ სახელისუფლებო გუნდის უძლეველობის შესახებ მითი გაზაფხულის თოვლივით დადნება. შალვა შავგულიძე ამბობს, რომ ამ გუნდის წევრებს ერთობლივი დანაშაულები აერთიანებს. ასეთი ერთიანობა კი რაღაც ტემპერატურამდე აღწევს, რა პერიოდშიც ერთიანობას ერთმანეთის შიშით ინარჩუნებენ, მაგრამ შემდეგ ის ხუხულასავით იშლება.

შალვა შავგულიძემ გირგვლიანის საქმეზეც ისაუბრა.  მისი განცხადებით, ხელისუფლების წარმომადგენლები ჯერ-ჯერობით მათთვის არასასურველი გარემოების დადგომის ვადას ახანგრძლივებენ, თუმცა აღნიშნავს, რომ ამ საქმეში მონაწილე დამნაშავე პირებს პასუხისგება აუცილებლად მოუწევთ. მისი თქმით, ხელისუფლება ცდილობს ამ საქმეზე ხელახალი გამოძიება პირველი ოქტომბრის არჩევნებამდე არ დაიწყოს და აღნიშნავს, რომ ამ მიზეზით მათ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტთან საბოლოო პოზიციის წარსადგენად დიალოგი აწარმოეს, დროის გახანგრძლივება მოითხოვეს, ამის პარალელურად კი კანონის ამოქმედება ორჯერ გადაავადეს.

„მოგეხენებათ, ამ საქმესთან დაკავშირებით, ევროპის სასამართლომ სიცოცხლის უფლების დარღვევა ცნო და ხელისუფლებას მორალური ზიანის ანაზღაურების კუთხით 50 ათასი ევროს გადახდა დააკისრა. რაც მთავარია, დადასტურდა, რომ ამ საქმეზე გამოძიება და სასამართლო განხილვები არასრულად და არაობიექტურად ჩატარდა. ეს გადაწყვეტილება თავისი შინაარსით, ამ საქმეზე ხელახალი გამოძიების და სასამართლო განხილვების ჩატარებას გულისხმობს, მაგრამ ჩვენი ხელისუფლება ცდილობდა და ცდილობს ამას თავი აარიდოს. მათ გადაიხადეს 50 ათასი ევრო და ამით შემოფარგვლას ცდილობენ, თუმცა ჩვენ, მე და ჩემმა კოლეგამ დავით ჯანდიერმა შარშან ოქტომბერში ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულებაზე ზედამხედველ ორგანოს, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტს მივმართეთ, რათა მათ თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ეიძულებინათ საქართველოს ხელისუფლება ამ საქმეზე ხელახალი გამოძიება დაეწყო. მინისტრთა კომიტეტმა კი, ამ გადაწყვეტილების აღსრულებას განსაკუთრებული რეჟიმი მიანიჭა“, - განაცხადა შავგულიძემ.

მისი თქმით, ხელისუფლება სწორედ ამის შემდეგ, დროის გაყვანის ტაქტიკას დაადგა. შავგულიძე ამბობს, რომ საქართველოს მთავრობა კომუნიკაციაში შევიდა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტთან და ამ საქმესთან დაკავშირებით საბოლოო პოზიციის ჩამოყალიბებამდე, თუ რის გაკეთებას აპირებდა, ვადები მოითხოვა.

„დროის გაყვანასთან ერთად, ჩვენმა ხელისუფლებამ კიდევ სხვა ზომას მიმართა. ახალი საპროცესო კოდექსი, რომელიც 2010 წელს ამოქმედა ითვალისწინებს ნორმას, რომ ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილება არის ახლადგამოვლენილი გარემოება, რაც განაპირობებს განაჩენის გადასინჯვას აქ, ადგილობრივ სამართალწარმოებაში. ეს ნორმა ძალში 2012 წლის 1იანვრიდან უნდა შესულიყო, მაგრამ როდესაც მოახლოვდა ზაფხული და ნახეს, ამ საქმეზე ხელახალი გამოძიების დაწყება შესაძლებელი იყო, პარლამენტს სპეციალურ სესიაზე მიიღეს კანონი და ამ ნორმის ამოქმედება 1 ოქტომბრამდე გადაიტანეს“, - განაცხადა შავგულიძემ.

მისი განმარტებით, ამ ნაბიჯით ხელისუფლების წარმომადგენლებმა თავი დაიზღვიეს.

„სხვადასხვა მცდელობების მიუხედავად, აუცილებლად ვპირდები ქართულ საზოგადოებას ამ საქმეზე ყველაფრისგან დამოუკიდებლად ჩატარდება გამოძიება და ქართული საზოგადოება ობიექტურ განაჩენს მოისმენს. უბრალოდ, შორს სწევენ ამ გარდაუვალ პასუხისმგებლობას“, - განაცხადა შავგულიძემ.