თეა წულუკიანი გიგა ბოკერიას ურჩევს, სახელმწიფოებრივად აზროვნება ისწავლოს

თეა წულუკიანი გიგა ბოკერიას ურჩევს, სახელმწიფოებრივად აზროვნება ისწავლოს

For.ge-ს პრეს-კლუბში სტუმრად იყო „ქართული ოცნების“ ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი თეა წულუკიანი, რომელმაც მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. საუბარი ძირითადად პატიმრების წამების ფაქტების ამსახველ ვიდეო-მასალას და მისი გამოქვეყნების შემდეგ ქვეყანაში შექმნილ ვითარებას შეეხო.

შეგახსენებთ, ჟურნალისტმა ირმა ინაშვილმა განაცხადა, რომ ეს ვიდეო-მასალა მას ვანო მერაბიშვილის დავალებით გადასცეს. ამიტომ არსებობს აზრი, რომ შესაძლოა, ხელისუფლების გარკვეულ შტოებს შორის კომპრომატების ომი დაიწყო. ამასთან დაკავშირებით თეა წულუკიანი აცხადებს, რომ მნიშვნელობა არ აქვს, რა ხერხით იქნა ინფორმაცია ხელისუფლებიდან გამოტანილი, მთავარი არის შედეგი და ის, რომ ქართულ ციხეებში ჯოჯოხეთური პირობებია.

„ჯოჯოხეთის შესახებ ციხიდან ინფორმაცია ვინ და როგორ გამოიტანა, ეს მეორე პლანზე გადადის, მაგრამ მნიშნვნელოვანია ამ ინფორმაციის გავრცელების დრო. ვიდეო-კადრები არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე გავრცელდა. ჩვენ ვთვლით, რომ ეს მასალა, რომელმაც მთელი ქვეყანა შოკში ჩააგდო, არ არის კონკრეტული პირის წინააღმდეგ მიმართული კომპრომატი ვინმეს მხრიდან. ეს არ არის კომპრომატების ომი. ის, რაც ციხეებში ხდება, ეროვნული ტრაგედიაა. ამიტომ მადლობა უნდა გადავუხადოთ იმ ადამიანს, თუ ადამიანთა ჯგუფს, ვინც მოახერხა და ეს ინფორმაცია საზოგადოებას მიაწოდა“, - აცხადებს თეა წულუკიანი.

იგი იმედს გამოთქვამს, რომ „ქართული ოცნების“ მოწოდებას სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მთელი საზოგადოება ყურად იღებს. წულუკიანის აზრით, ეს არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს სტუდენტური და სამოქალაქო სექტორის მხრიდან აქციების შეწყვეტას. მისი თქმით, მკვდარი ერი უნდა იყო, რომ პროტესტი არ გამოხატო მას შემდეგ, რაც მოხდა. ამიტომ „ქართული ოცნება“ საზოგადოებას მოუწოდებს ამ პროტესტის მუხტით გაჯერებულები, ხელისუფლების მიერ მოწყობილი პროვოკაციების თავიდან აცილების გზით უნდა მივიდეთ არჩევნებამდე.

„ჩვენი სასიცოცხლო და უმნიშვნელოვანესი მიზანია, რომ ის უმსგავსობა, მე ვიტყოდი ცხოველური ქცევა, რაც ვნახეთ, პირველ ოქტომბერს საარჩევნო ურნის მეშვეობით დავასრულოთ. ალბათ, ხელისუფლების მიზანია ის საპროტესტო მუხტი და აღშფოთება, რაც ბოლო დღეებში გაჩნდა, ისევ თავის სასარგებლოდ გამოიყენოს, რადგან ეს აბსოლუტურად ამორალური პრინციპებით მოქმედი ხელისუფლებაა, მაგრამ ეს ვერ მოხდება, რადგან ერთი მხრივ, ყველამ ვნახეთ, როგორი გზით გამოხატავენ პროტესტს მოქალაქეები. მეორე მხრივ, ასევე ყველამ ნახა, როგორ იქცევა ამ დღეებში მთავარი ოპოზიციური ძალა, „ქართული ოცნება“. ის არ მანიპულირებს ამ საპროტესტო მუხტით და პირიქით, მოქალაქეებს მოუწოდებს, არ დაივიწყონ, რომ მთავარი მიზანი პირველი ოქტომბერია“, - ამბობს თეა წულუკიანი.

მისი თქმით, „ქართულ ოცნებას“ პირველი ოქტომბრიდან ძალიან ბევრი საქმე ექნება, მათ შორის გამოსაძიებელი იქნება ყველა იმ პირის საქმე, ვინც დაკავებულია, და ასევე დასაკავებელია ის, ვინც ჯერ არ არის დაკავებული.

თეა წულუკიანი აცხადებს, რომ იმ ინფორმაციებზე დაყრდნობით, რაც მას გააჩნია, გამორიცხავს, რომ ცნობილი ვიდეო-მასალა ხელისუფლების მიერ იყოს გავრცელებული.

აქვე თეა წულუკიანი უყურადღებობისა და მომხდარის შესახებ რეაქციის არქონის გამო, ევროსაბჭოს აკრიტიკებს.

„ათი წელი ვმუშაობდი ევროსაბჭოსთვის და რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, აქამდე ევროსაბჭოს მომხდართან დაკავშირებით ხმა არ ამოუღია. მე ამას ვგმობ, როგორც მათი ყოფილი თანამშრომელი. ვაპირებ დღეს მივმართო ქალბატონ კატარინა ბოლონიეზეს, რომელიც გაუგებარია რას აკეთებს თბილისში. ეს არის ევროსაბჭოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი საქართველოში, რომელიც ჩემი ხელმძღვანელი იყო. ევროსაბჭომ, რომელიც არის ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაცია ევროპაში, დღესვე უნდა შეაფასოს ის, რაც კადრებში ვიხილეთ“, - ამბობს წულუკიანი.

იგი ასევე აღნიშნავს, რომ ერთმანეთში არ უნდა ავურიოთ ევროსაბჭო და ევროკავშირი. ევროკავშირმა, საქართველოში მისი წარმომადგენლის, ფილიპ დიმიტროვის სახით ამ და სხვა ფაქტებზე შეფასებები არაერთხელ გააკეთა. რაც შეეხება ევროსაბჭოს, თეა წულუკიანი მისგან მომხდარის შეფასებას ელოდება.

იგი ასევე კომენტარს აკეთებს ხელისუფლების მიერ ბოლო დღეებში გაცხადებულ პოზიციასთან დაკავშირებით, თითქოს მათთვის მხოლოდ ახლა გახდა ცნობილი, რა ხდებოდა ქართულ ციხეებში. თეა წულუკიანი ამბობს, რომ ხელისუფლების ორმა რგოლმა, ბაჩო ახალაიამ და ხათუნა კალმახელიძემ, ანუ ზოგადად ხელისუფლებამ ძალიან კარგად იცოდა ყველაფერი. მათგან ერთი, ანუ ბაჩო ახალაია თვითონ აწამებდა პატიმრებს, ან ესწრებოდა ასეთ ფაქტებს, ხოლო მეორე, ანუ ხათუნა კალმახელიძე დანაშაულს ხელს აფარებდა.

„მე არ მინდა წარმოვიდგინო, რომ ხათუნა კალმახელიძე ამ ყველაფერში არც თუ ისე პასიურ როლს თამაშობდა, თუმცა არც ეს არის გამორიცხული, თუკი კიდევ რაიმე ახალი კადრები გავრცელდება. დღესდღეობით ჩვენს მიერ ნანახი ვიდეო-მასალის მიხედვით კი ხათუნა კალმახელიძე იყო ის მარიონეტი მინისტრი, რომელიც იმიტომ, რომ ადამიანის უფლებებში არაფერი ესმის და არ იყო ის პერსონაჟი, რომელსაც ციხეების მართვა შეეძლო, თავად იყო ბაჩო ახალაიას მიერ მართული და ამ თავისი პასიური პოზიციიდან გამომდინარე, ხელს აფარებდა დანაშაულს და იჩენდა გულგრილობას, რაც ასევე სისხლის სამართლის დანაშაულია“, - აღნიშნავს თეა წულუკიანი.

რაც შეეხება ბაჩო ახალაიას, წულუკიანის თქმით, ის ინფორმაციები, რაც მისი დანაშაულებრივი საქმიანობის შესახებ არსებობდა, გიგა ბოკერიას მიერ, რომელიც გუშინ მოჩვენებითად იყო აღშფოთებული, არასოდეს სერიოზულად აღქმული არ იყო ხოლმე. თეა წულუკიანი ამბობს, საკმარისი იყო ოპოზიციას, ან უფლებადამცველებს რაიმე ტიპის საგანგაშო ინფორმაცია მიეწოდებინა, რომ ბოკერია ან სიცილით კვდებოდა და ამბობდა, რომ ქვეყანას არასერიოზული ოპოზიცია ჰყავს, ან ამბობდა, რომ ეს ყველაფერი ტყუილია.

„მახსენდება ის პერიოდი, როდესაც ირაკლი ალასანიამ გიგა ბოკერიას სამეგრელოში უკანონო რეზერვის შესახებ ინფორმაცია გადასცა. მაშინ ბოკერია ქირქილებდა და ამბობდა, რომ ეს ტყუილია. როდესაც ამ ზაფხულს უწყებათშორის კომისიის ერთ-ერთ სხდომაზე მას შევხვდი, ბოკერიამ ეს გამიხსენა და მითხრა, თქვენმა ხელმძღვანელმა ტყუილი ინფორმაცია მომცაო. მან ირაკლი ალასანიას სიგნალები სერიოზულად არ აღიქვა მაშინ, როდესაც ამ უკანონო დაჯგუფებების გამო ქვეყანა დღესაც განსაცდელშია“, - აცხადებს წულუკიანი.

იგი გიგა ბოკერიას ურჩევს, სახელმწიფოებრივი აზროვნება ისწავლოს და როდესაც მას ოპოზიცია, ან არასამთავრობო სექტორი ინფორმაციას მიაწვდის, ქირქილით კი არ იყოს დაკავებული, არამედ ეს ინფორმაცია სერიოზულად გადაამოწმოს.

ხელისუფლების გადაწყვეტილებას, ციხეში საპატრულო პოლიციის თანამშრომლების შეშვებასთან დაკავშირებით, თეა წულუკიანი აფასებს, როგორც შევარდნაძის ეპოქაში დაბრუნებას, რადგან მაშინ ციხე შინაგან საქმეთა სამინისტროს ექვემდებარებოდა. მოგვიანებით, ქვეყნის ევროსაბჭოში გაწევრიანების შედეგად განხორციელდა რეფორმა, რომლის შედეგადაც ციხე გამოეყო შინაგან საქმეთა სამინისტროს, და იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში გადავიდა.  წულუკიანის შეფასებით, ადამიანის უფლებების სფეროში ეს ძალიან მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იყო. ამიტომ დღეს ამ ნაბიჯის ისევ უკან გადადგმა და ციხეების შევარდნაძის ხანაში დაბრუნება სრულიად დაუშვებელია. თეა წულუკიანის განცხადებით, ეს არის ყველანაირი სტანდარტის, ევროპული სტანდარტების და შიდა კანონმდებლობის დარღვევა.

„თუ გვინდა დასავლური ტიპის ქვეყნად ჩამოვყალიბდეთ, არ შეიძლება ციხეები პოლიციას ექვემდებარებოდეს. გარდა ამისა, სანამ სააკაშვილი ციხეებში პატრულს შეუშვებდა, მანამდე ჩვენს მიერ ნანახი ამაზრზენი კადრები იმას მოწმობს, რომ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში სააკაშვილის ციხეებში ბევრად უარესი სიტუაცია იყო, ვიდრე შევარდნაძის დროს. შევარდნაძის დროს იყო ერთი კაცი, რომელიც გვარსაც არ დავასახელებ, რადგან ამ გვარს ძალიან ბევრი სხვა ადამიანი ატარებს და მათი შეურაცხყოფა არ მინდა, მაგრამ ვინც ძალოვან უწყებებში მუშაობდა, ამ კაცის ვინაობა ყველამ იცის. ეს იყო კაცი, რომელსაც ეძახდნენ, როდესაც საკანში პატიმრის გაუპატიურება სჭირდებოდათ. ამ ადამიანის პროფესია პატიმრების გაუპატიურება იყო და ეს იყო ერთი კაცი. დღეს კი არის შეურაცხმყოფლების ბანდა, ეს არის რამდენიმე ათეული დამნაშავე, რომლებსაც ბაჩო ახალაია და ხათუნა კალმახელიძე აფარებდნენ ხელს“, - ამბობს დეპუტატობის კანდიდატი.

მისი თქმით, დღეს ციხეებში იმაზე უარესი სიტუაციაა, ვიდრე შევარდნაძის მმართველობის პერიოდში იყო, ხოლო ციხეებში პოლიციის შეშვებით კი მიხეილ სააკაშვილმა საბოლოოდ შევარდნაძის ხანაში დაგვაბრუნა. თეა წულუკინი ამბობს, რომ შექმნილი ვითარებიდან საუკეთესო გამოსავალი იქნებოდა, ციხეებში არასამთავრობო სექტორის და საზოგადოებრივი მონიტორინგის შეშვება. მისი თქმით, სასწრაფოდ, 24 საათის განმავლობაში უნდა შექმნილიყო საზოგადოებრივი მონიტორინგის ჯგუფები, რომლებიც ყველა ციხეში შევიდოდნენ. ის ადამიანები, ვინც პატიმრების წამებაში არიან ეჭვმიტანილები, სასწრაფოდ უნდა გამოეყვანათ ციხეებიდან, ხოლო სანამ გაირკვეოდა, ვინ არიან ასევე ამ დანაშაულში სხვა ეჭვიტანილი პირები, მანამდე საპყრობილეებში მათი სიდიდის მიხედვით, ორი, სამი ან მეტი საზოგადოებრივი მონიტორინგის ჯგუფი უნდა შესულიყო.

„ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი დიდი ხანია ვითხოვთ, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში შეშვებულიყო საზოგადოების თვალი. საქართველოს გაუმართლა იმაში, რომ ძალიან ბევრი საზოგადოებრივად პასუხისმგებლიანი ადამიანი ჰყავს, რომლებიც უფლებადამცველები არიან და ასევე საკმაოდ მრავალრიცხოვანი არასამთავრობო სექტორი ჰყავს. მათი მეშვეობით შეიძლებოდა ამის გაკეთება. ამასთანავე, სააკაშვილს სასწრაფოდ უნდა მოეწვია ევროსაბჭოს წამების საწინააღმდეგო კომიტეტი, რომელიც გარდამავალ პერიოდში, სანამ გაირკვეოდა, ვინ რას აშავებს ციხეში, საპყრობილეებში შექმნილი ვითარების მონიტორინგს განახორციელებდა. გარდა ამისა, აუცილებელი იყო ციხეებში მაშინვე შესულიყვნენ ფსიქოლოგების ჯგუფები, რადგან პატიმრებს ფსიქოლოგები და ზოგიერთ მათგანს, ფსიქიატრიც კი სჭირდება. მაის ნაცვლად კი სააკაშვილი ციხეში უშვებს პოლიციას, რომელსაც დამნაშავე ბაჩო ახალაია ხელმძღვანელობს“, - ამბობს თეა წულუკიანი.