„დაჭრილი მხეცის მდგომარეობაშია დღეს ნაციონალური მოძრაობა და ყველაფერი შეიძლება იყოს მოსალოდნელი“

„დაჭრილი მხეცის მდგომარეობაშია დღეს ნაციონალური მოძრაობა და ყველაფერი შეიძლება იყოს მოსალოდნელი“

 

„მე მინდა მოგაწოდოთ დამატებითი ინფორმაცია იმ პროცესებთან დაკავშირებით, რაც საქართველოში ვითარდება, კონკრეტულად კი გავრცელებულ ვიდეომასალაზე. დღეს შეიძლება პირდაპირ ითქვას, რომ ეს მასალები არის პირადად ჩემი მოპოვებული. მე გეტყვით როგორ დაიწყო ეს ისტორია. ეს ისტორია დაიწყო მაისის თვეში. მე დამიკავშირდნენ ვანო მერაბიშვილის სახელით და მომაწოდეს ეს შემზარავი ვიდეომასალა. ამის შემდეგ მე გავიგე, რომ არის ადამიანი რომელმაც გადაიღო ეს ვიდეომასალა და შემატყობინეს, რომ ამ ადამიანს დაუტოვებია საქართველოს საზღვრები იმავე პერიოდში. თავისთავად საინტერესოა ის ფაქტი, თუ როგორ მოახერხა ამ მასალის გადამღებმა საქართველოს საზღვრის დატოვება და მე ჩავთვალე, რომ ეს სრულიად არ იყო შემთხვევით. ანუ იყო ძალოვანების გარკვეული შტოს მხრიდან გარკვეული მხარდაჭერა. საინტერესოა ის, რომ საზოგადოებამ ნახა მხოლოდ ფრაგმენტი ამ ვრცელი ვიდეომასალიდან, მე კი შემიძლია გაჩვენოთ ჩიპი, სადაც საათანახევრიანი მასალაა მოთავსებული და აჩვენებს თუ რა ხდებოდა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში. პირდაპირ გეტყვით, რომ ეს მასალები დაეგზავნათ ყველა ევროსტრუქტურის წარმომადგენელს, ევროსტრუქტურების ყველა პირველ პირს დღეს უკვე უდევს მაგიდაზე ეს კადრები. აქედან გამომდინარე, ხელისუფლების მხრიდან მუქარას არანაირი აზრი არ აქვს“, - აცხადებს სტუდია ობიექტივის ჟურნალისტი ირმა ინაშვილი ბრიუსელიდან.

გლდანის ციხეში გადაღებულმა წამების ამსახველმა ვიდეომასალამ არა მხოლოდ ქართული საზოგადოება, უცხოეთიც შეძრა. როგორ გაიმართლებს თავს მმართველი პარტია, რომელიც „არ აპირებს მისი აშენებული ქვეყანა ვინმეს გადააბაროს“, როგორია საზოგადოების რეაქცია და როგორი გაგრძელება შეიძლება მოჰყვეს ამ ყველაფერს ამ თემებზე ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე გვესაუბრება.  

საქართველოს ციხეებში არსებულ მდგომარეობაზე წლების განმავლობაში საუბრობენ, მაგრამ თუ შეიძლება შეფასდეს, რას ნიშნავს არჩევნებამდე ათი დღით ადრე საზოგადოებისთვის  ასეთი შემაძრწუნებელი კადრების ხილვა, რომელიც თვით ტელეკომპანია „იმედმაც“ კი აჩვენა...

-რეალურად საზოგადოებას არჩევანიც კი აღარ დაუტოვა ბოლო ორი დღის განმავლობაში განვითარებულმა მოვლენებმა. ერთი, რომ ემოციურად იყო შემზარავი და ამ ემოციის ჩაცხრობა, ალბათ არჩევნებამდე დარჩენილ 11 დღეში ძნელად თუ მოხერხდება. მეორეც, წმინდა მორალური მხარეა, თითქმის ყველასთვის ვინც ეს კადრები ნახა, ძნელი იქნება არგუმენტირება, კიდევ როგორ შეიძლება ამ ხელისუფლებას მხარი დაუჭიროს, რეალურად ყველაზე მნიშვნელოვანი არის პირველი ოქტომბერი და ამ არჩევნების ბედზე როგორ იმოქმედებს ადამიანებში მომხდარი კათარზისი.

ის რაც ცნობილი იყო დღემდე, თითქოს სხვისი ჭირი იყო, არასამთავრობოები სულ ამ წამების ფაქტებზე აქვეყნებდნენ მასალებს, ახლა გამოდის ხელისუფლება და იძახის, რომ  იყო ეს მასალები, მაგრამ ამას ყურადღება არ მივაქციეთ და ეს არის ჩვენი ყველაზე დიდი შეცდომაო და ა.შ.. თვითონ საზოგადოებაც, იგივე, ოპოზიციურად განწყობილი ელექტორატიც, რომლისთვისაც ახალი არაფერი თქმულა, შინაარსობრივი თვალსაზრისით. მაგრამ ეს მაინც სხვის ჭირად რჩებოდა, იმიტომ, რომ ამ ყველაფრის გათავისება არ მომხდარა. მძიმე ინფორმაციის რანგში ერთ ყურში შედიოდა და მეორედან გამოდიოდა. ამ კადრებით თითქოს საფრთხის განსხეულება მოხდა, ადამიანებმა შინაგანად განიცადეს, რომ ეს თითოეულ მათგანს მათი ოჯახის თითოეულ წევრს შეიძლება დაემართოს. თანაგანცდა მოხდა, რამაც საზოგადოება შოკში ჩააგდო. ამიტომ ვამბობ, რომ ბევრისთვის უკან დასახევი გზა მოიჭრა, თუ ვიღაც ყოყმანობდა სხვადასხვა ფაქტორების გამო.

შეიძლებოდა ამას მოჰყოლოდა შიშის გამძაფრებაც, რომ თუ ეს ხელისუფლება ამის ჩამდენია, მოდი და უფრო შორს დავდგები, პირიქით მოხდა, გარდაუვალობის განცდა წამოვიდა წინ, ამის იქით სხვა არაფერი აღარ არსებობს, ეს ყველამ დაინახა, როგორც საკუთარი მომავალი. ამიტომ ძნელად წარმოსადგენია, რა უნდა მოხდეს ისეთი, რომ დარჩენილ 11 დღეში საზოგადოების ეს განწყობა შეიცვალოს, თუმცა შეეცდებიან.

ძალიან საინტერესოა თვითონ ხელისუფლების რეაქცია, ქვეყნის პრეზიდენტმა დილის 4 საათზე გააკეთა განცხადება, რომ ორგანიზატორები და შემსრულებლები უნდა დაისაჯნენ, ვანო მერაბიშვილ საკუთარ თავზე აიღო სისტემაში მდგომარეობის გამოსწორება, მოვისმინეთ დავით ბაქრაძის წუხილი და გიგი უგულავას ბოდიში, იქ მინისტრიც გადადგა, თუმცა ამ ადამიანებმა გასული წელს წარბშეუხრელად იზეიმეს 26 მაისი და როცა აღლუმს იღებდნენ,  ყველამ კარგად იცოდა წინა ღამეს სისხლით მორწყული რუსთაველიდან შემორჩენილი გვამები იქვე მაღაზიის სახურავზე რომ ეწყო. მომხდარა კიდევ უარესიც ქუჩაში ხალხი ქუჩაში ჩაუცხრილავთ მაგრამ ეს არასოდეს უღიარებიათ, პირიქით, მომხრეებისგან ამ ყველაფრისთვის შექებას და მხარდაჭერას ითხოვდნენ, დღეს ისინი რაღაცას აღიარებენ და ბოდიშსაც იხდიან, როგორ ფიქრობთ, რა მოხდა ან მათი რეაქცია რამდენად დამაჯერებელი იქნება საზოგადოებისათვის, რომელიც დღეს ძალიან გაბრაზებულია?

-მთელი ამ წლების განმავლობაში საზოგადოებაში რაღაც მწიფდებოდა, ეს კადრები გასული წლის მაისში რომ ეჩვენებინათ, მაშინაც უმძიმესი რეაქცია იქნებოდა, მაგრამ საკითხავია, მოჰყვებოდა თუ არა შედეგი. მაშინ არ იყო საპროტესტო მუხტის მაორგანიზებელი ისეთი ძალა, როგორიც დღეს არის და რომელმაც ფაქტობრივად, საქართველოს ყველა ქალაქი მოიცვა. შესაძლოა შარშან ამას საზოგადოებაში კიდევ უფრო მეტი შიში და ჩაკეტილობა გამოეწვია და არა თვითგადარჩენის ინსტიქტი აემუშავებინა, ანუ მსგავსი მომავლისგან თავის დაზღვევის ინსტიქტი. დღეს ამ საზოგადოებას აქვს ბერკეტიც და იმედიც და ეს ამ შემთხვევაში „ქართული ოცნებისკენ“ არის მიმართული.

რაც შეეხება ხელისუფლებას, ეს მისთვის ფაქტობრივად განაჩენია და რაც არ უნდა გააკეთოს, ვერანაირი ბოდიში მისი იმიჯის რეაბილიტაციას ერთი პროცენტითაც კი ვერ მოახდენს. განაჩენია იმიტომაც, რომ მისი იმიჯი, როგორც ქართული, ასევე უცხოური საზოგადოების თვალში დასამარდა. მის უცხოელ ლობისტებს დარჩენილ დღეებში წარმოუდგენლად გაუჭირდებათ მათი ხელისუფლებაში ყოფნის დასაბუთება.

ასეთ შემთხვევაში არჩევნების გაყალბების საშუალებასაც ნაკლებად მისცემს შიდა ელექტორატი და მთავარი ოპოზიციური ძალა. იმ დოზითაც ვერ გაბედავს თვითონ ხელისუფლება არჩევნების გაყალბებას და ვერც ერთი უცხოური ორგანიზაცია, ასევე, ვერ გაბედავს გაყალბებული არჩევნები შეარგოს ხელისუფლებას. აქედან გამომდინარე, ის, რაც მოხდა ნაციონალური მოძრაობისთვის განაჩენია, მაგრამ სააკაშვილის ბუნებიდან გამომდინარე, არჩევნებამდე დარჩენილი დღეების განმავლობაში მაქსიმალური სიფრთხილეა საჭირო იმისათვის, რომ მმართველმა პარტიამ კონვულსიური სვლა არ გააკეთოს, რომლითაც დაანგრევენ საკუთარ თავსაც და ქვეყანასაც.

სააკაშვილმა ციხეში პოლიციის შეშვება საგანგებო ვითარებით გაამართლა, გვახსოვს ბევრი თითქოსდა გამოუვალი სიტუაცია, სააკაშვილს სათავისოდ შემოუტრიალებია და სწორედ მისი ბუნებიდან გამომდინარე ხომ არ არის მოსალოდნელი, მალე მთელ ქვეყანაში გამოაცხადოს საგანგებო მდგომარეობა და ამით არჩევნების ჩატარებას საფრთხე შეუქმნას, რა შეიძლებოდა ამისათვის გამოეყენებინა? 

-დაჭრილი მხეცის მდგომარეობაშია დღეს ნაციონალური მოძრაობა და ყველაფერი შეიძლება იყოს მოსალოდნელი. რამდენიმე ვერსიაზე შემიძლია ვისაუბრო. ძალზე საეჭვოდ მეჩვენება ლოპოტას ხეობაში, ლაფანყურის ოპერაცია. გასულ კვირაში ერთიმეორეზე მიყოლებით ჩნდებოდა პანკლისელებისა თუ ჩრდილო კავკასიელების განცხადებები, სადაც ნათქვამი იყო, რომ საქართველოს ხელისუფლებაზე შურს იძიებდნენ და ეს ცუდად მენიშნა. ერთი ვერსია შეიძლება იყოს ეს, რომ პანკისურ-ჩრდილო კავკასიური მუქარების რეალიზაცია არ ვიხილოთ.

კიდევ ერთი ინფორმაცია, რაც გავრცელდა რუსული მედიით, თითქოს კანონიერი ქურდები საქართველოში ბუნტს აპირებენ. იგივე წყარო ამბობს, რომ ადგილობრივები შიშობენ ბუნტმა დიდი ქალაქების ქუჩებში შეიძლება გადაინაცვლოსო. ეს ის თემებია, რომლის პრევენციაზეც აუცილებლად უნდა იფიქროს საზოგადოებამ. თუ ამ ორი თემიდან რომელიმე რეალობასთან შეიძლება ახლოს იყოს და სადმე შეიძლება მუშავდებოდეს რომელიმე სცენარი, ეს ამ ქვეყანას საბოლოოდ დააქცევს, აღარც ნაციონალურ მოძრაობაზე იქნება საუბარი და აღარც ქართულ ოცნებაზე. ვფიქრობ, რომ ამ ტიპის ინფორმაციების პრევენცია უპირველეს ყოვლისა დიპლომატიურ კორპუსთან უნდა მოხდეს. ნაციონალური მოძრაობა არ არის ის წარმონაქმნი, რომელიც ამ სიტუაციაში ფენიქსივით აღდგომის შანსებს არ მოძებნის. ისინი შეეცდებიან გამოძებნონ ყველა შესაძლო შანსი სიტუაციის სათავისოდ შემოტრიალებისთვის. ამიტომ ვამბობ, რომ ყველა შესაძლო თეორია, რაც შეიძლება სიურპრიზად მიიღოს საზოგადოებამ არჩევნებამდე დარჩენილ დღეებში, უნდა მუშავდებოდეს და ხდებოდეს მისი პრევენცია დიპლომატიურ კორპუსთან ურთიერთქმედებით.

ნაციონალები გულხელდაკრეფილნი არ სხედან თავის ლობისტებთან ერთად. საკმარისია, მოძებნონ რეალური მიზეზი,  რითაც მათი ლობისტები ამ იმიჯის ჩამორეცხვას შეძლებენ, ისინი ამას აუცილებლად გამოიყენებენ და თვითდამშვიდების დრო ნამდვილად არ არის.

რა მოხდება თვითონ ნაციონალურ მოძრაობაში, მომხდარი რამდენად არის საკმარისი იმისათვის, რომ რღვევის პროცესი დაიწყოს, ჯერ-ჯეროიბით ერთი ადამიანი ვნახეთ, ვინც პარტიის რიგები დატოვა, საზოგადოებრივ მაუწყებელზეც თითქოს ჟურნალისტები რაღაცას აპროტესტებენ, ნაცმოძრაობის ახალგაზრდული ფრთაც აქციას სოლიდარობას უცხადებს...ითქვა, თითქოს ეს ვანო მერაბიშვილის რევანში იყო, იგივე გაიმეორა გიორგი ფოფხაძემაც რომელიც ამბობს, რომ მას ასე უთხრეს. რამდენად შესაძლებელია ეს ასე იყოს...

ერთმა ძალიან ჭკვიანმა ადამიანმა, გამოთქვა მოსაზრება, რომ ახლა ჩვენ ვუყურებთ მცდელობას, რომ სააკაშვილის ეპოქის დასასრულით მერაბიშვილის ეპოქა დაიწყოსო. ანუ ახალ ”გმირთაქმანდობის” პროცესის მოწმენი ვართ, რომელიც მიზნად ვანო მერაბიშვილის კორონაციას ისახავსო. ყოველ შემთხვევაში, დღემდე რაც ვნახეთ, ვანო მერაბიშვილის აქტიური როლი ამ პროცესებში, სულ მცირე, გამორიცხული არ უნდა იყოს.

ძალიან საინტერესო იყო დათა ახალაიას და სოსო თოფურიძის პატრიარქთან გამოჩენა, მას შემდეგ რაც პატრიარქმა გააკეთა განცხადება, რომ შესაბამისი კომისია უნდა შეიქმნას და ეს ფაქტები შეისწავლონ, გამოიძიონ...

-ხელისუფლებისთვის საპატრიარქოს მკვეთრი პოზიცია იქნება არა განაჩენი, არამედ უკვე განაჩენის აღსრულებაში მოყვანა. საპატრიარქოს მკვეთრი პოზიცია შემიძლია ვთქვა, რომ დღესვე დაასრულებს ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნას, რაც გაფორმდება პირველ ოქტომბერს. ალბათ ამისი პრევენციისთვის იყვნენ მაღალჩინოსნები საპატრიარქოში, მაგრამ არ მაინტერესბს ამ შემთხვევაში ძალოვნების პოზიცია, მაინტერესებს, სადამდე უნდა იყოს საპატრიარქო ქვიშაში თავჩარგული. მთელი 20 წლის განმავლობაში საპატრიარქო მხოლოდ მისთვის კომფორტულ, უკაცრავად პასუხია, სირაქლემას პოზას ირჩევდა და ქვეყნისა და ხალხისთვის ყველაზე კრიტიკულ მომენტებში, რომლის განეიტრალება თუ არა მინიმალიზება მაინც საპატრიარქოს აქტიურ და ეროვნულ პოზიციას შეეძლო, ნეიტრალური პოზიცია ეჭირა. შემძრა იმან, როდესაც ამ კოშმარული კადრების გამოქვეყნების საღამოს მთელი დღის განმავლობაში ხმა არ ამოიღო საპატრიარქომ, როდესაც ქვეყანაში კოშმარი ტრიალებდა, მათი სულიერი შვილები, არასრულწლოვანები და სრულწლოვანები უპატიურდებოდნენ მთელი საზოგადოების თვალწინ, საპატრიარქომ ლამის 24 საათის განმავლობაში კომენტარი არ გააკეთა და დღეს ამბობს, რომ კომისია უნდა შეიქმნას, რომელიც ამ ყველაფერს გამოიძიებს.

არ მაქვს საუბარი იმაზე, რომ საპატრიარქო ექსტრემისტული ლოზუნგებით გამოვიდეს, ეს არ არის მისი საქმე, მაგრამ როდესაც არჩევანი დგას მორალსა და ამორალობას შორის არ შეიძლება საპატრიარქო ამას არ იმჩნევდეს. ის მაინც გაეკეთებინა საპატრიარქოს, რომ გლდანის ციხეში მისულიყო.

არავინ არ თქვას, რომ დღეს საპატრიარქო პოლიტიკაში არ ერევა, ის არის დღეს ერთ-ერთი უძლიერესი პოლიტიკური იარაღი და თანაც სუბიექტური, მის მორალურ და სწორ პოზიციას შეუძლია, დღეს ქვეყანა კატასტროფისგან იხსნას. კატეგორიულად გამოვრიცხავ, საპატრიარქო ხალხს ქუჩაში გამოსვლისა და ბუნტისკენ მოუწოდებდეს, მაგრამ საპატრიარქო იგივე დიპლომატიურ მისიებთან დღეს უნდა აკეთებდეს პრევენციას იმისა, რაც ამ დარჩენილ 11 დღეში შეიძლება დაემართოს ქვეყანას. რაკი ვრცელდება ინფორმაცია, რომ ციხეში მოსალოდნელია ბუნტი, პატრიარქი ან მისი უახლოესი გარემოცვა უნდა მივიდეს ყველა ციხეში და გახდნენ იმისი გარანტორები, რომ არანაირი ციხის ბუნტი საქართველოში არ მოხდება, მითუმეტეს არჩევნებამდე და არც არჩევნების შემდეგ. საპატრიარქოს შეუძლია ამისი გაკეთება და უნდა გააკეთოს, არ შეიძლება მხოლოდ საკუთარ კომფორტზე, საკუთარ უსაფრთხოებასა და ჩინ-მედლების დაკიდებაზე ფიქრობდეს.

ბიძინა ივანიშვილმა საზოგადოებას სიმშვიდისაკენ მოუწოდა, იმისათვის რომ როგორმე არჩევნებამდე მივაღწიოთ, ალბათ ღირს კიდევ ერთხელ გამეორება რამხელა მნიშვნელობა აქვს ამ ქვეყნისათვის არჩევნებს და ვინ უნდა მიიღოს საამისოდ ზომები, ფაქტია, ხელისუფლებას ერთი სული აქვს, როგორმე საგანგებო მდგომარეობამდე მიიყვანოს საქმე...

-არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს და საქართველოს ისტორიაში ისეთივე გრანდიოზულ და ეპოქალურ მოვლენად შევა, როდესაც იყო თავის დროზე თამარისა და დავითის მმართველობა, იმიტომ, რომ ეს იქნება საქართველოს მომავალი სახელმწიფოებრიობის ყველაზე მყარი გარანტი. პოსტსაბჭოთა სივრცეში ერთხელ მაინც უნდა დაიშვას პრეცენდენტი, რომ არაგაყალბებული და არარევოლუციური გზით იცვლებოდეს ხელისუფლებები. თუ ჩვენ ამას მივაღწიეთ, ჩავთვლი, რომ დღევანდელი პოლიტიკური ელიტაც რომლის სინდისზეც ამდენი ლაქაა და ოპოზიციაც, რომელიც ემზადება ხელისუფლებაში მოსასვლელად, ორივე შეიტანს განუმეორებელ, ისტორიულ წვლილს საქართველოს მომავალ განვითარებაში, თუ ორივეს ეყოფა პასუხისმგებლობა, მორალი, ერთხელ მაინც არჩევნების გზით დაიშვას ხელისუფლების შეცვლა. შევარდნაძის, ისევე როგორც სააკაშვილის ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ რევოლუციით მოსული მიდის რევოლუციით და არ მინდა, კიდევ ერთმა ხელისუფლებამ დაამთავროს ასე. იმიტომ რომ, ეს ქვეყნისთვის კატასტროფული და დამანგრეველია. ამის თავიდან ასარიდებლად მხოლოდ ლოზუნგები არ კმარა. აუცილებელია დიპლომატიურ კორპუსთან ერთად ამ ყველაფრის პრევენცია.

იგივე ჩრდილო კავკასიელებთან, ვფიქრობ საპატრიარქოს მეშვეობით არის შესაძლებელი მოლაპარაკება, რომ მინიმუმ განცხადებები შურისძიებაზე, აღარ გაკეთდეს. პირველ ოქტომბრამდე ქვეყანა მაქსიმალური სიმშვიდით უნდა მივიდეს.

კიდევ ბევრი სცენარი შეიძლება არსებობდეს, რაც თვითგადარჩენის ინსტიქტით აღგზნებულ ტვინში შეიძლება მომწიფდეს და ამ ყველაფერს ვიღაც ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა აანალიზებდეს. ვფიქრობ, რომ ეს პირველი რიგის ამოცანაა.

თუმცა ამ ყველაფერზეც უნდა აგოს პასუხი ამ ხელისუფლებამ საზოგადოება ითხოვს ახალაიების დასჯას, წავა სააკაშვილი ამაზე?...

-რას მოუტანს სააკაშვილს ეს? ეს რომ მისი პოლიტიკური გადარჩენის 20-30%-იან გარანტიას ქმნიდეს, შეიძლებოდა წასულიყო ამ ნაბიჯზე, თუ საზოგადოების მოთხოვნა იქნებოდა. ეს სააკაშვილს ვერაფერს ვერ შემატებს, ასე მგონია. მის პოლიტიკურ გადარჩენაზე საუბარი აღარ არის. თუ არჩევნები ჩაივლის არა ახალაიას მინისტრობის პირობებში, რას შეუცვლის ეს სააკაშვილს, მშვიდობიანად წავა ხელისუფლებიდან? ახალაიას მინისტრობის პირობებშიც შეუძლია მას მშვიდად წასვლა, თუ სათანადო ნება იქნება, სათანადო ზეწოლა დასავლეთიდან და არ იქნება შეცდომები ოპოზიციის მხრიდან.

დარწმუნებული ვარ, რომ ხელისუფლებისთვისაც მნიშვნელოვანია, რომ მისი მხრიდან თავზეხელაღებული ნაბიჯები არ გადაიდგას, საზოგადოებისა და ჩვენი დასავლელი პატრონების განწყობაც ისეთია, რომ არანაირი გარანტია არ არსებობს, ასეთი ნაბიჯები უარესი კატასტროფით არ მოუბრუნდეს მმართველ ძალას.