პატიმრების ცემის, დამცირების, წამების და გაუპატიურების კადრებმა დაადასტურა ის, რაზეც აქამდე ეჭვები არსებობდა ; პატიმრების უფლებების დარღვევას ადგილი ჰქონდა საქართველოს ციხეებში, მიუხედავად იმისა, რომ 2003 წლის "ვარდების რევოლუციის" მამოძრავებელი ძალა "დემოკრატიული დაპირებები" იყო, - ასე ეხმაურება ფრანგული გამოცემა Le Figaro გლდანის მე-8 საპყრობილეში პატიმართა წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტების ამსახველ ვიდეომასალას.
სტატიის ავტორი, რეჟი ჟანტე წერს, რომ ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებს, სახალხო დამცველსა და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს არაერთხელ გაუმახვილებიათ ყურადღება ციხეებში არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე, თუმცა სათანადო მტკიცებულებები არ მოჰყავდათ.
"როდესაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეიტყო, რომ ოპოზიცია ამ ვიდეომასალას გამოაქვეყნებს, დასწრებაზე იმოქმედა და 18 სექტემბერს, დღის მეორე ნახევარში შსს-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზე რამდენიმე ვიდეომასალა გამოქვეყნდა. დააკავეს პენიტენციური სისტემის სამი თანამშრომელი, გლდანის #8 ციხის თხუთმეტამდე ბადრაგი. ასევე შსს-ს ცნობით, ციხის თანამშრომლები მოსყიდულები იყვნენ. თამაზ თამაზაშვილი, ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული პირი, ფიგურირებს, როგორც ამ ვიდეომასალის და მასზე ასახული მოქმედების დამკვეთი", - წერს ჟურნალისტი.
სტატიაში აღნიშნულია, რომ მოგვიანებით ეს საშინელი კადრები ტელეარხებმაც გაავრცელეს.
"სახელისუფლებო არხებმა კადრები გაუშვეს, რადგან დაეჯერებინათ მოსახლეობა, რომ ინიციატივა ხელისუფლების ხელშია; ოპოზიციურ არხებმა კი - იმ მიზნით, რომ ემხილათ ხელისუფლება, რომელიც თავს იკატუნებდა, რომ მწარე რეალობა აღმოაჩინა. გვიან ღამით, პრეზიდენტმა სააკაშვილმა გააკეთა განცხადება - ყველა, ვინც ამის ორგანიზატორია, ყველა, ვინც ამის განმხორციელებელია, ყველა, ვინც ეს ჩაიდინა და ვინც ეს დაუშვა, უმკაცრეს სასჯელს იმსახურებს. დარწმუნებით ვერ ვიტყვით, რომ ქართველები პრეზიდენტის სიტყვებს დაუჯერებენ. ამ ვიდეომასალამ შეიძლება გავლენა იქონიოს არჩევნების შედეგზე, ვინაიდან ამომრჩეველთა ერთ მესამედს ჯერ არ გადაუწყვეტია, ვის მისცეს ხმა - მმართველ პარტიას თუ "ქართულ ოცნებას", - აღნიშნულია Le Figaro-ს სტატიაში.