ციხეებში წამების ამსახველი ვიდეო არჩევნების წინ ქვეყანაში რყევებს იწვევს

ციხეებში წამების ამსახველი ვიდეო არჩევნების წინ ქვეყანაში რყევებს იწვევს

ვიდეოები, სადაც ასახულია პატიმრებზე ძალადობის ფაქტები საქართველოში, ქუჩის საპროტესტო აქციებისა და მთავრობასა და ოპოზიციას შორის მწვავე ურთიერთბრალდებების მაპროვოცირებელი გახდა საპარლამენტო არჩევნების წინ.

ასობით დემონსტრანტმა გადაკეტა გზა დედაქალაქ თბილისის ცენტრში ღამით, რამდენიმე საათში მას შემდეგ, რაც ორმა ტელეკომპანიამ სამშაბათს გაავრცელა ვიდეომასალა, რომელშიც ციხის მცველები პატიმრებს სასტიკად ეპყრობიან, მათ შორის ერთ-ერთ ვიდეოში მათ აუპატიურებენ პოლიციის ხელკეტებით და ცოცხის ტარებით.

პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, რომლის პარტიაც ოპოზიციის მხრიდან სერიოზული გამოწვევის წინაშეა 1 ოქტომბრის საპარალამენტო არჩევნების წინ, უმალ განაცხადა, რომ ყველა დამნაშავეს დასჯის და ციხის მთელ პერსონალს გადააადგილებს. მინისტრთა კაბინეტის ის ნაწილი, რომელიც პასუხისმგებელია ქვეყნის პენიტენციარულ სისტემაზე, გადადგა, და პროკურორებმა განაცხადეს, რომ აღნიშნულ საქმეზე ციხის 12 თანამშრომელი დააპატიმრეს.

„ყველა, ვინც ეს წაახალისა, ვინც განახორციელა, ყველა ვინც ეს გააკეთა და დაუშვა იმსახურებს უმკაცრესს – ვიმეორებ უმკაცრეს – სასჯელს“, განაცხადა სააკაშვილმა ვიდეო განცხადებაში. მოგვიანებით პრეზიდენტმა ინციდენტი მთავრობის მაღალჩინოსნებთან ერთად განიხილა, თქვა რა, რომ ასობით ციხის მცველს საქართველოს ყველა ციხეში უფლებამოსილება დროებით შეუჩერდება ოფიციალურ მოკვლევამდე და მათ შეცვლიან პოლიციის ოფიცრები. მან განაცხადა, რომ ქვეყნის პენიტენციარულმა სისტემამ „სისტემური მარცხი“ განიცადა.

ოთხშაბათს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ვიდეოში ასახული კადრების დადგმაში სააკაშვილის პოლიტიკური მტრები დაადანაშაულა, ამტკიცებდა რა, რომ ციხის თანამშრომლებს ძალადობის დადგმისა და გადაღებისთვის ფული ოპოზიციის ლიდერთან, ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულმა პატიმარმა გადაუხადა.

სააკაშვილმაც ანალოგიური მინიშნება გააკეთა, აღწერა რა ინციდენტი როგორც „კომპრომატების ომის“ ნაწილი, თუმცა არაფერი დაუკონკრეტებია.

საქართველოს ყველაზე მდიდარმა ადამიანმა და წამყვანი ოპოზიციური პარტიის „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელმა უარყო შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეტენზიები.

სააკაშვილი, რომელიც საქართველოს 2004 წლიდან მართავს, პოპულარული რჩება მისი ეკონომიკური რეფორმების, ანტიკორუფციული ძალისხმევისა და დასავლეთთან დაახლოებისისთვის გადადგმული ნაბიჯების გამო. იმავდროულად, მისი პოზიტიური მაჩვენებლები შეიზღუდა 2008 წელს რუსეთთან დამანგრეველი ომის მმართვის გამო, რომელიც საქართველოს ორი გამოყოფილი რეგიონის ირგვლივ გაჩაღდა. შედეგად თბილისმა ამ რეგიონებზე კონტროლი დაკარგა და ისინი სრულად დაუკავშირდნენ მოსკოვს. ოპოზიცია სააკაშვილს ასევე განსხვავებული აზრისა და დამოუკიდებელი მედიის სისტემატიურ დევნაში ადანაშაულებს.

ივანიშვილი და მისი მხარდამჭერები უამრავ სამართლებრივ ზომებს აწყდებიან ხელისუფლების მხრიდან, რომელიც აშკარად წუხს იმის გამო, რომ ბოლო თვეებში ჩატარებული კვლევების თანახმად ივანიშვილის პარტიის რეიტინგი იზრდება. მულტიმილიარდერმა განაცხადა, რომ ციხის ვიდეო მასალამ მისი დიდი ხნის ეჭვები დაადასტურა. „მე ძალიან კარგად ვიცოდი, რომ ჩვენ ასეთი მოძალადე ხელისუფლება გვყავდა“, განაცხადა მან.

ციხეში არსებული ძალადობის ამსახველი ვიდეომასალა ტელეკომპანიებმა „მაესტრომ“ და „მე-9 არხმა“ გაუშვეს. მათ განაცხადეს, რომ კადრები წელს ციხის ყოფილმა ჩინოვნიკმა გადაიღო, რომელიც ამჟამად უცხოეთში იმყოფება. ეს ჩინოვნიკი ვლადიმერ ბედუკიძეა. მან „მე-9 არხს“, რომელიც ივანიშვილს ეკუთვნის, უთხრა, რომ ციხის მცველები პატიმრებს ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრის პირდაპირი ბრძანებებით აწამებდნენ. ბედუკიძეს მისი განცხადებების დამადასტურებელი არანაირი მტკიცებულება არ წარმოუდგენია.
foreignpress.ge